საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.04.2018 ბოლო ცვლილება 29.01.2026
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.016745
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №53

2018 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია




დანართი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება

 თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

1. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

3. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით.

4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით.

5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

მუხლი 3

დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით.

 თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები

მუხლი 4

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

მუხლი 5

დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახდენს დანაშაულის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენას, აღკვეთასა და თავიდან აცილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულების ღონისძიებების გამოყენებას, აგრეთვე, დანაშაულის გამოძიებასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, აგრეთვე, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობას;

გ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე, პირთა განცხადებებსა და საჩივრებსდა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს;

დ) სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით იყენებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ/ განთავსებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემას, არასტაციონალურ (მოძრავ) სიჩქარის მზომ და ნომრის ამომცნობ საშუალებებს;

დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას და ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში უზრუნველყოფს უცხოელების დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას;

ვ) აწესრიგებს საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით უზრუნველყოფს გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის ორგანიზებას;

ზ) ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და სხვა ნორმატიული აქტების თაობაზე წინადადებების შემუშავებას, მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს;

თ) მონაწილეობს საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევისა და აღნიშნულის შედეგად დაშავებული პირების, საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ერთიან სახელმწიფო აღრიცხვაში;

ი) ახორციელებს სახელმწიფო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას;

კ) ახდენს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრისა და საზღვრის რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კონტროლს, უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 12.11.2021წ.

 თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

მუხლი 6

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო სამმართველო;

ბ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

გ) სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო;

დ) ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო);

ე) საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო;

ვ) მონიტორინგის სამმართველო;

ზ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;

თ) მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;

ი) ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო;

კ) შიდა ქართლის მთავარი სამმართველო;

ლ) სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო;

მ) კახეთის მთავარი სამმართველო;

ნ) იმერეთის მთავარი სამმართველო;

ო) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო;

პ) აჭარის მთავარი სამმართველო;

ჟ) გურიის მთავარი სამმართველო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენს დეპარტამენტის რეგიონულ დანაყოფებს.

3. დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოსა და რეგიონული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №70 - ვებგვერდი, 13.08.2019წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 22 აპრილის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 22.04.2020წ.

მუხლი 7

1. საორგანიზაციო სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საგზაო მოძრაობის ზედამხედველობის განყოფილება;

გ) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება;

დ) ანალიტიკური განყოფილება.

2. საორგანიზაციო სამმართველო:

ა) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს და მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში;

ე) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;

ვ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან კოორდინაციით უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ზ) ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას დეპარტამენტის მოსამსახურეთა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;

თ) საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებზე, რკინიგზის გადასასვლელების, ნებისმიერი სამუშაოების შესრულებისას ახორციელებს ზედამხედველობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვაზე.

ი) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს და წერილობით რეკომენდაციას (შეთანხმება) გასცემს საავტომობილო გზებსა და ქუჩებში, საგზაო ნაგებობებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე ან/და გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც გზის გარკვეულ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას;

კ) ითანხმებს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გზაზე მოძრაობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს (პირობებს);

ლ) ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქების, ასევე სპეციალური სიგნალებისა და სპეციალური შეფერილობების დაყენება-გამოყენების საკითხის განხილვას და გასცემს შესაბამის თანხმობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) შეისწავლის საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ასევე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შესახებ შექმნილ ვითარებასა და მათი გამომწვევი მიზეზების ლიკვიდაციისა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს საგზაო მოძრაობის პირობებს/წინადადებებს;

ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მივლინების, მოკლევადიანი შვებულების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების შესახებ დოკუმენტების მომზადებას და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას;

ო) ამუშავებს დეპარტამენტში მიღებულ მოქალაქეთა განცხადებებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კურსების გავლის შესახებ და შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;

პ) მონაწილეობს დეპარტამენტში შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები პირების, აგრეთვე, აკადემიაში კურსებზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევაში;

ჟ) აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ სახელმწიფო სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვასა და ანალიზს;

რ) ახორციელებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოვლენილი და განხილული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაგზავნას;

ს) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და განხილვის ორგანიზებას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს შესაბამის მასალებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით;

უ) უზრუნველყოს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დაზღვევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენას;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 8

1. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ფინანსური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;

დ) ტრანსპორტის მომსახურების განყოფილება;

ე) შენობათა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლოატაციის განყოფილება;

ვ) კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული მომსახურების განყოფილება.

2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოფს მისთვის გამოყოფილი სახსრების მართვასა და მიზნობრივ გამოყენებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) უზრუნველყოფს ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადებას და დადგენილ ვადებში სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისათვის წარდგენას;

გ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროცედურების დაცვით, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მონიტორინგს, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღებას;

დ) უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას და ანგარიშგებას; ახორციელებს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების გაცემას;

ე) კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ინვენტარიზაციების ჩატარებას;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს წინადადებებს და შესაბამის დოკუმენტაციას გამოუსადეგარი (ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი), გამოუყენებელი ან დაკარგული ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით;

ზ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ და კომუნალურ მომსახურებას, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაპროექტებას, მშენებლობას, მიმდინარე ანდა კაპიტალურ შეკეთებასა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს და მათ ტექნიკურ ზედამხედველობას, ასევე სატრანსპორტო, ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებების შეკეთებას, მათ გამართულ მუშაობას;

ზ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №66 - ვებგვერდი, 12.11.2021წ.

მუხლი 9

1. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) I სამორიგეო განყოფილება (ქ. თბილისი);

ბ) II სამორიგეო განყოფილება (რეგიონული);

გ) შეიარაღების განყოფილება.

2. სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საგანგებო სიტუაციების, გზების მდგომარეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, რეგისტრაციას, დამუშავებას, მათზე რეაგირებას და შესაბამისი სამსახურებისთვის დროულ მიწოდებას;

ბ) დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს დეპარტამენტის სადღეღამისო კრებსს, ასევე მონაწილეობს სამინისტროს რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო კრებსის შედგენაში;

გ) უზრუნველყოფს გატაცებული, მოპარული, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული, სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე დანაშაულში ან სამართალდარღვევაში შესაძლო მონაწილე, გატაცებული და დაკარგული პირების მონაცემების დადგენილი წესით მიღება-გადაცემას და სამინისტროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას, აგრეთვე მითითებული პირების/სატრანსპორტო საშუალებების დაკავების/ძებნის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზიდან მოხსნის ორგანიზებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხავს, ინახავს და დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებზე გასცემს დეპარტამენტზე რიცხულ შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და სპეციალურ საშუალებებს/აღჭურვილობას. ასევე, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრების მიზნით ამზადებს დოკუმენტაციას;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობაზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მიმაგრებას, მიღება-გაცემას, მოვლა-შენახვას,  სამხრე კამერების მიმაგრებას, მიღება-გაცემას, მუდმივ დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვას და ჩაწერილი ინფორმაციის სპეციალური მოწყობილობის საშუალებით გადაწერას, დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) მოსამსახურეებზე სამსახურებრივი-საშტატო იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის  მიმაგრებას;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ამოღებული ცეცხლსასროლი, ცივი და პნევმატური იარაღის დროებით შენახვას;

ზ) შეიმუშავებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული შეტყობინებისა და შეკრების გეგმებს, ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილ გეგმებზე მეთოდურ დახმარებას და პირადი შემადგენლობის განგაშის სქემით გამოძახების ორგანიზებას;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის რეგიონული მთავარი სამმართველოების სამორიგეო განყოფილებებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას და საქმიანობის კოორდინაციას;

ი) დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ამოწმებს პიროვნებებისა და სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივ მდგომარეობას;

კ) უზრუნველყოფს ნაპოვნი სახელმწიფო სანომრე ნიშნების მიღებას, აღრიცხვას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაგზავნას;

ლ) ახორციელებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე დაფიქსირებული ბირთვულ-რადიაქტიული რეალური განგაშის შესახებ ინფორმაციის მიღებას და შესაბამის ორგანოებზე გაცემას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახავს ინფორმაციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შესახებ;

ნ) უფლებამოსილი მოსამსახურის მოთხოვნით, გადაუდებელ შემთხვევაში, მათ შორის კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში დაუყოვნებლივ ასახავს დანაშაულის ან სამართალდარღვევის შესაძლო მონაწილე, ძებნაზე დასაყენებელ ან/და სავიზო რეჟიმის დამრღვევ პირებს, მათი შესაძლო მიმალვის ან/და საზღვრის კვეთის თავიდან აცილების მიზნით;

ო) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით პერიოდულად ატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებს საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებაში, ასევე სალექციო კურსს ძალის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;

პ) აწარმოებს ყოველდღიურ სტატისტიკას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გამოვლენილი დანაშაულის ან სამართალდარღვევის ნიშნების შემცველი შემთხვევების შესახებ;

ჟ) დაუყოვნებლივ აგზავნის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შედგენილ შემაკავებელ ორდერებს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოებსა და ქ. თბილისის პროკურატურაში, ასევე, საჭიროების  შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სოციალური მომსახურების სააგენტოში;

რ) უზრუნველყოფს დეპარტამენტსა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „112“-ს (შემდგომში – „112“) შორის კოორდინირებულ მუშაობას. კომპეტენციის ფარგლებში, „112“-ის ერთიანი ინფორმაციული სისტემის მეშვეობით მიღებული შეტყობინებების დამუშავებას და დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რეაგირების ეფექტიანობის კონტროლს;

ს) ახორციელებს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ოპერატიული სანომრე ნიშნების აღრიცხვას, შენახვას, გაცემა-მიღებას, ასევე დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე ოპერატიული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა შემთხვევაში მონაწილეობისას შესაბამისი ცნობების მიღებას და დამუშავებას;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მოსამსახურეთათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 20.11.2019წ.

მუხლი 10

1. ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) შემადგენლობაშია:

ა) მომსახურების განყოფილება;

ბ) შიდა ოპერაციების განყოფილება.

2. ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო):

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტების, განცხადების/საჩივრის მიღებას და მათ რეგისტრაციას, კლასიფიკაციას და განაწილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ან/და შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად მიღებას და აღრიცხვას;

გ) ახორციელებს მოსამსახურეთათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მოსამსახურეთა მიერ შესრულებული კორესპონდენციის შესაბამის ადრესატთან გაგზავნას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალების დაარქივებას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას;

ე) უზრუნველყოფს დოკუმენტბრუნვის სისტემაში შექმნილი და დაცული დოკუმენტების ასლების დამოწმებას და გაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების პირველად კონსულტაციას საპატრულო პოლიციის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით ან/და ახდენს მათ გადამისამართებას შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში;

ზ) ახორციელებს საინფორმაციო მომსახურებას-სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებებით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

თ) გასცემს თანხმობას დაკავებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საჯარიმო სადგომიდან გაყვანაზე;

ი) ახორციელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოებას, განხილვას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასა და სამართლებრივი აქტის გამოცემას, აგრეთვე ინფორმაციის სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში ასახვას/კორექტირებას;

კ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გამოცემული ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საქმისწარმოების მასალების მიღებას;

ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის ასახვას, აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მასში შესწორებების შეტანას;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცემს ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ;

მ1) უზრუნველყოფს რეგიონებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესრულებას;

ნ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) და რეგიონული მთავარი სამმართველოების ერთიანი მომსახურების ცენტრის (განყოფილების) კოორდინირებულ მუშაობას, ზედამხედველობს მათ მიერ მომსახურების გაწევას ერთიანი სტანდარტის, ხარისხის მართვისა და მეთოდოლოოგიის საკითხებში;

ო) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სარეკომენდაციო ხასიათის წერილს, რომელსაც წარუდგენს დეპარტამენტის რეგიონული მთავარი სამმართველოების კურატორ მოადგილეს, რომლის ვიზირების შემდგომ დოკუმენტი ხდება შესასრულებლად სავალდებულო.

3. ერთიანი მომსახურების ცენტრისა (სამმართველო, განყოფილება) და დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულის იმ მოსამსახურეების სტანდარტული სამოქმედო პროცედურები, რომლებიც ასრულებენ ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო, განყოფილება) ფუნქცია-მოვალეობებს, განისაზღვრება მოსამსახურეთა სახელმძღვანელო და ხარისხის სტანდარტის დოკუმენტით, რომელსაც გამოსცემს მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №68 - ვებგვერდი, 09.08.2019წ.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №53, 25.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016745 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4163379-9/