საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.08.2018 ბოლო ცვლილება 31.12.2024
ნომერი
№195/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №195/04

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52​1 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
+



საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ წესის მიზანია ფინანსური სტაბილურობის და საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის  უზრუნველყოფა.

2. წინამდებარე წესი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობას, მათ შორის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის სესხის გამცემი ორგანიზაციების და ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების მიერ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიწოდების, აღრიცხვის, ინფორმაციის დამუშავების, ხელმისაწვდომობის, პრეტენზიების განხილვის პროცედურას და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

3. ეს წესი არ ვრცელდება „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებით გათვალისწინებული პლატფორმის საქმიანობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1.  ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო (შემდგომში – ბიურო) – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;

ბ)  საკრედიტო ინფორმაცია – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ინფორმაცია სესხის/კრედიტის და გარესაბალანსო ვალდებულებების (საბანკო გარანტია, აკრედიტივი და სხვა) შესახებ;

გ) ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი – ნებისმიერი პირი, გარდა სესხის გამცემი ორგანიზაციისა/სუბიექტისა, რომელიც წინამდებარე წესით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად გადასცემს ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით და საჭიროების შემთხვევაში, იღებს სათანადო ინფორმაციას ბიუროდან ამ წესით დადგენილი პირობებით;

დ) ბიუროს მონაცემთა ბაზა – სტრუქტურიზებულ მონაცემთა სიმრავლე, რომელიც ინახება ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში და რომელშიც გროვდება, მუშავდება, ინახება პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემები;

ე)  სესხის გამცემი ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომლებიც  ბიუროს გადასცემენ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაციას და სხვა რელევანტურ მონაცემებს და საჭიროების შემთხვევაში იღებენ სათანადო ინფორმაციას ბიუროდან ამ წესით დადგენილი პირობებით;

ვ) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;

ზ) პრეტენზია – მომხმარებლის/მონაცემთა სუბიექტის ნებისმიერი განცხადება (ზეპირი ან წერილობითი), საჩივარი, რომლითაც იგი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, დაუთანხმებლობას, ბიუროს ან მისი ნებისმიერი მომსახურების, ასევე, მის შესახებ ბიუროში დაცული მონაცემების მიმართ;

თ) გაუქმებული მოთხოვნა – მოთხოვნა, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით კრედიტორი თავად ამბობს უარს;

ი) ხანდაზმული მოთხოვნა – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, რის საფუძველზეც კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ითვლება ხანდაზმულად;

კ) გადახდისუნარიანობის ანალიზი – მსესხებლის/თანამსესხებლის, ასევე თავდების და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების ანალიზი;

ლ) არასაკრედიტო ინფორმაცია – ფიზიკური ან/და იურიდიული პირის (მათ შორის, ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი;

მ) მონაცემთა სუბიექტი (პირი/მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, ისეთი     ორგანიზაციული   წარმონაქმნი,  რომელიც არ არის იურიდიული პირი), რომლის შესახებ ბიუროში გროვდება, ინახება, მუშავდება საკრედიტო/არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი (მათ შორის, მსესხებელი, თანამსესხებელი, თავდები და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელი);

ნ) მონაცემთა დამუშავება – განიმარტება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ო) ინტერნეტბანკინგი – საბანკო მომსახურების გაწევა ინტერნეტის საშუალებით. მომხმარებელს აქვს წვდომა თავის საბანკო ანგარიშზე და შეუძლია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან;

პ) მობაილბანკინგი – დაფუძნებულია მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიაზე. იგი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი ანგარიშები (საბანკო, ელექტრონული ფული), ასევე განახორციელოს გადახდის ოპერაციები;

ჟ) სამუშაო დღე – დღე შაბათ-კვირის და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა;

რ) არასანქცირებული ვალდებულება – სესხის გამცემი ორგანიზაციის თანხმობის/ნებართვის გარეშე მონაცემთა სუბიექტის ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი;

ს) ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავალი − უცხო ქვეყნიდან განხორციელებული ფულადი გზავნილის სახით მიღებული შემოსავალი;

ტ) სესხის/კრედიტის ვადის უპირობო გახანგრძლივების უფლება – „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1-ის შენიშვნა 2-ში მოცემული შემთხვევა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №201/04 - ვებგვერდი, 04.08.2023 წ.
 

+
მუხლი 3. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება
საქართველოს ეროვნული ბანკი ბიუროს რეგულირების კუთხით:

ა) ზედამხედველობას უწევს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვას;

ბ) საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია, ბიუროს, წინამდებარე წესის მიზნებიდან გამომდინარე, დაუწესოს ნებისმიერი მოთხოვნა ან/და შეზღუდვა (მათ შორის, ფინანსური ან/და საოპერაციო მოთხოვნები), ასევე გასცეს წერილობითი მითითება;

გ) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად შესაბამისი პროცედურების შემუშავება, სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება, ადამიანური რესურსის გამოყოფა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის დანერგვა;

დ) უფლებამოსილია განახორციელოს ბიუროს როგორც ადგილზე, ისე დისტანციური, გეგმური და არაგეგმური შემოწმება;

ე) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს მონაცემთა სუბიექტის ანგარიშებში გამოტანილ მონაცემებში (მათ შორის, დანართი №1 და დანართი №2) ცვლილებების შეტანა, დამატება/ამოღება;

ვ) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის/სესხის გამცემი ორგანიზაციის ბიუროს მომხმარებელთა (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმწოდებლები) სიიდან ამოღება, გათიშვა ან მათთვის წვდომის შეზღუდვა;

ვ​​1) უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს სესხის გამცემი ორგანიზაციის ან/და ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

ზ) განახორციელოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.


+
მუხლი 4. ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, აღრიცხვა და ხელმისაწვდომობა
1. ბიუროს მონაცემებზე თანაბარი წვდომის უფლება (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ამ წესით განსაზღვრულ ფარგლებში) აქვს ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ, ბიუროს სავალდებულო წესით აწვდის ინფორმაციას და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ინფორმაციის მიმღებს/მიმწოდებელს, რომელიც არ არის სესხის გამცემი ორგანიზაცია, მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი თანხმობის საფუძველზე (კანონმდებლობით დადგენილი წესით), მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მიიღოს ბიუროში დაცული საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად, თუ იგი ამავდროულად  ბიუროს აწვდის პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო ან/და სხვა  რელევანტურ ინფორმაციას.

3. სესხის გამცემი ორგანიზაციისა და ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის მიერ ბიუროში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო, თუ სხვა რელევანტური ინფორმაციის მოთხოვნის/გადამოწმების მიზანს უნდა წარმოადგენდეს პირის გადახდისუნარიანობის ანალიზი.

4.  ბიურო ვალდებულია, საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ან/და ამ წესის შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოს დაუყოვნებლივი, პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომით მის ხელთ არსებულ ბაზებზე, მონაცემებსა და სისტემებზე.

5. ბიურო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მის პროდუქტებსა და სერვისებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც ხელმისაწვდომია ბიუროს მომხმარებლებისათვის (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმწოდებლები/მიმღებები), ასევე შიდა პოლიტიკა/პროცედურებზე. აღნიშნული პუნქტის მიზნებისათვის ინფორმაციაში, მათ შორის, იგულისხმება სტატისტიკური, ქცევითი და სხვა შეფასების მოდელები.

6. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო ინფორმაცია ყოველდღიურად მიაწოდოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ყველა ბიუროს ამ წესის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ინფორმაციის მიწოდების განსხვავებული წესი.

6​1. სესხის გამცემი ორგანიზაციებისგან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკრედიტო ინფორმაციის ყოველდღიურად მიღების უზრუნველსაყოფად ბიურო ვალდებულია შესაბამისად გამართოს ელექტრონული საინფორმაციო სისტემა.

7. სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ბიუროს უნდა მიაწოდონ მის ხელთ არსებული, ზუსტი და უტყუარი დეტალური ინფორმაცია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად იმ მონაცემთა სუბიექტის ყველა სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) შესახებ, რომლის მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი გაცემისას მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად არ აღემატება 10,000,000 (ათი მილიონი) ლარს (ტრანშების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველი ტრანშის გაცემისას არსებული კურსი. რევოლვირებადი პროდუქტების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დამტკიცების მომენტში არსებული კურსი).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისათვის სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, თუ სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი აღემატება 10,000,000 (ათი მილიონი) ლარს. იმ ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში, რომლებზეც შეწყვეტილია ინფორმაციის მიწოდება ბიუროსთვის, სესხის გამცემ ორგანიზაციას უფლება აქვს ვალდებულების დაფარვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ბიუროს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია იმ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა), რომლებზეც შეწყდა სესხის გამცემი ორგანიზაციებისაგან ინფორმაციის მიღება, ბიუროს მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტის თარიღისათვის არსებული მონაცემები. ზემოაღნიშნული მიზნებისათვის სესხს/კრედიტს, გარესაბალანსო ვალდებულებებს (გარანტია, აკრედიტივი და სხვა) უნდა მიენიჭოს სტატუსი – „ინფორმაციის მიწოდება შეწყვეტილია“. ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ბიუროში ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. „ინფორმაციის მიწოდება შეწყვეტილია“ სტატუსის მინიჭებიდან ბიურომ ინფორმაცია უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) სათითაოდ. ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ ბიურომ უნდა შეინახოს ფულადი გზავნილის განაღდებიდან 5 (ხუთი) წლის მანძილზე.

10.  თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომის შემდეგ, მონაცემთა სუბიექტის ჯამური ვალდებულებები სესხების/კრედიტების, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) მიხედვით კვლავ შეესაბამება ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს, ბიურო ხელახლა ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას სესხზე/კრედიტზე, გარესაბალანსო ვალდებულებებზე (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ბიუროს მომხმარებელთათვის (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებლები) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომის შემდგომი თარიღებისათვის. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისათვის რევოლვირებადი ტიპის სესხები/კრედიტები (ოვერდრაფტები, საკრედიტო ბარათები და სხვა მსგავსი პროდუქტები) იანგარიშება ჯამური ლიმიტის თანხებით.

10​​1. სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია არ მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის 100 (ასი) ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ჩათვლით ოდენობის (ვალდებულების საწყისი თანხის) არასანქცირებული ვალდებულების შესახებ.

11. თუ საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულების დაფარვის შემდეგ გასულია 5 (ხუთი) წელი, აღნიშნული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირებისათვის მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. დაფარული სესხების/კრედიტების, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა), ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია ბიურომ უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ან სხვა ტიპის ფინანსური ურთიერთობის დამთავრებიდან. ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებებზე სათითაოდ.

12. ვადაგადაცილებულ საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულებებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისას, რის საფუძველზეც მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა -  მიენიჭება სტატუსი - „ხანდაზმული მოთხოვნა“. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით  თავად ამბობს უარს მოთხოვნაზე, სტატუსად განისაზღვრება - „გაუქმებული მოთხოვნა“. წინამდებარე მიზნებისათვის სესხის გამცემი ორგანიზაცია, ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბიუროს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს სესხის/კრედიტის/გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულების შემდგომი დამუშავება, ხოლო ბიურო ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მიანიჭებს კრედიტს/სესხს/გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებას შესაბამის სტატუსს.   

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებიდან მონაცემთა სუბიექტის ინფორმაცია მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ბიუროს მომხმარებელთათვის (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებლები) ხელმისაწვდომია 5 (ხუთი) წლის განმავლობაში. „ხანდაზმული მოთხოვნა“ და „გაუქმებული მოთხოვნა“ სტატუსების მინიჭებიდან, ინფორმაცია ბიურომ უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე. ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებებზე სათითაოდ.

14. ამ მუხლის მიზნებისათვის სხვა რელევანტური ინფორმაცია ბიუროში მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ხელმისაწვდომია  5 წლის მანძილზე. 5-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ ინფორმაცია ბიურომ უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე. ვადები აითვლება ინდივიდუალურ მონაცემზე სათითაოდ.

15. პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის შენახვა უნდა ხორციელდებოდეს შესაბამისი უსაფრთხოების პირობების დაცვით, რაც გამორიცხავს მონაცემთა შემთხვევით ან/და არასანქცირებულ წვდომას, შემთხვევით ან/და უკანონო შეცვლას ან/და განადგურებას.

16. ბიუროსთან ცალმხრივად, განსხვავებული ფორმატით ინფორმაციის მიმოცვლა (მიწოდება/მიღება) დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით.
17. ბიურო უფლებამოსილია იყოს სახელმწიფო უწყებებსა და სესხის გამცემ ორგანიზაციებს შორის შუამავალი იმ ტიპის ინფორმაციის გაზიარებისთვის, რომელიც საჭიროა პირის გადახდისუნარიანობის ანალიზისათვის. ინფორმაცია მათ შორის შეიძლება მოიცავდეს სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით დადგენილი წესით მისაღებ  ინფორმაციას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №163/04 - ვებგვერდი, 17.11.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №201/04 - ვებგვერდი, 04.08.2023 წ.
 

+
მუხლი 5. ბიუროს ვალდებულებები
1. ბიურო ვალდებულია:

ა) გააჩნდეს შესაბამისი პოლიტიკა-პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის სათანადო დამუშავებას (მათ შორის, მიღება/გაცემა/დაბლოკვა). ასევე, იქონიოს ადეკვატური და გამართული შიდა პოლიტიკა/პროცედურები, რომლითაც განისაზღვრება სესხის გამცემ ორგანიზაციებთან და ინფორმაციის მიმღებებთან/მიმწოდებლებთან  ურთიერთობის, მათ შორის, ბიუროს სერვისებზე/ბაზაზე წვდომის დაშვებისა და შეწყვეტის პირობები;

ა​​1) მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება დაამუშაონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია, რათა თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება;

ბ) მოითხოვოს სესხის გამცემი ორგანიზაციისაგან და ინფორმაციის მიმღებისაგან/მიმწოდებლებისგან მონაცემთა სუბიექტზე  სანდო, უტყუარი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

გ) 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაციის მიმღებთან/მიმწოდებელთან ან/და სესხის გამცემ ორგანიზაციასთან სახელშეკრულებო ურთიერთობების დაწყების შესახებ

დ) სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდან  მონაცემების მიღება აწარმოოს მინიმუმ 3-თვიან და მაქსიმუმ 6-თვიან სატესტო რეჟიმში; 

ე)  სატესტო რეჟიმის პერიოდში ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის და სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ ბიუროსათვის მიწოდებული ინფორმაცია არ გახადოს ხელმისაწვდომი ბიუროს არსებული მომხმარებლებისთვის, ვიდრე ბიურო საკუთარი ან აუთსორსინგული მომსახურების საფუძველზე არ დარწმუნდება, რომ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატურია, არ შეიცავს შეცდომებს და შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებს;

ვ) სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებამდე შეამოწმოს ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის და სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა საოპერაციო პროცესები და მათი გამართულობა, რომელიც მოიცავს მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მიღებას როგორც ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მიწოდებაზე (უნდა არსებობდეს შესაბამისი მიზანი და გადამოწმების საფუძველი);

ზ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილი ვალდებულებების ფარგლებში უზრუნველყოს  პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის სიზუსტე;

თ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით დადგენილი პირობებით განახორციელოს ინფორმაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა, დროული განახლება და შენახვა, პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის  დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგებების გაცემა;

ი) გასცეს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია უფლებამოსილ პირზე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა  და ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

კ) აწარმოოს პირის (მონაცემთა სუბიექტი) შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციაზე მოთხოვნისა და მისი გაცემის აღრიცხვა/სისტემატიზაცია;

ლ) განახორციელოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის და მათ მიერ გამოხატული თანხმობების შემთხვევითობის პრინციპით შემოწმება/გადამოწმება სესხის გამცემ ორგანიზაციებთან და ინფორმაციის მიმღებებთან/მიმწოდებლებთან გონივრული პერიოდულობით (რისკ ფაქტორების შესაბამისად) სახელშეკრულებო დათქმებიდან გამომდინარე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბიუროს მოსთხოვოს კონკრეტული სესხის გამცემი ორგანიზაციის/ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის სპეციალური ინსპექტირება;

მ) საქართველოს ეროვნულ ბანკს წინასწარ შეუთანხმოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ნუსხა (გარდა დანართ №1-სა და №2-ში წარმოდგენილი ინფორმაციისა), რომელსაც იგი იღებს/გასცემს (მათ შორის, მიღების, გაცემის სიხშირე, ფორმატი და შენახვის ვადა) სესხის გამცემი ორგანიზაციისაგან ან ინფორმაციის მიმღებისაგან/მიმწოდებლისგან. რელევანტური ინფორმაცია პირდაპირ ან/და არაპირდაპირ დაკავშირებული უნდა იყოს პირის გადახდისუნარიანობის ანალიზთან და მის დამატებას უნდა გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი;

ნ) სესხის გამცემ ორგანიზაციებთან და ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელ პირებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში მიუთითოს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით;

ო) ამ წესის 7​​1 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, განაღდებული ფულადი გზავნილების შესახებ ასახოს საკრედიტო ან სხვა ტიპის ანგარიშისაგან დამოუკიდებელ ანგარიშგებაში, რომელზეც წვდომა ექნებათ მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებს.

2. თუ მონაცემთა სუბიექტს მოთხოვნილი ჰქონდა ბიუროსთვის მის შესახებ არსებული ინფორმაციის კორექტირება/დაბლოკვა/შესწორება, ბიურო ვალდებულია შესაბამისი გადაწყვეტილება აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტის განახლებული ინფორმაცია უფასოდ მიაწოდოს მას განახლებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. გადაწყვეტილების მისაღებად, ბიურო ახორციელებს შესაბამის კონსულტაციებს ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელთან და სესხის გამცემ ორგანიზაციასთან.

3. ბიუროს მიერ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის  მიწოდება/მიღებაზე დაწესებული საფასური უნდა შეესაბამებოდეს ბიზნესსაჭიროებას და რეალობას.

4. სესხის გამცემ ორგანიზაციასთან და ინფორმაციის მიმღებთან/მიმწოდებელთან გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულება უნდა იძლეოდეს რეგრესის უფლებას იმ შემთხვევაში, თუ სესხის გამცემი ორგანიზაციისა თუ ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების ბრალეული ქმედებით ბიუროს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ან წარმოეშვა რაიმე სახის ფულადი ვალდებულება მესამე მხარეების მიმართ.

5. ბიურო ვალდებულია სახელშეკრულებო დათქმებიდან გამომდინარე, დაავალდებულოს ნებისმიერი სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი განახორციელოს მონაცემთა სუბიექტზე ინფორმაციის სათანადო მიწოდება/მიღება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულის შეუსრულებლობა გახადოს დაჯარიმების საფუძველი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.
 

+
მუხლი 6. სესხის გამცემი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები
1. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა-პროცედურები პირის შესახებ საკრედიტო (მათ შორის, დანართი №1-ით გათვალისწინებული) და სხვა რელევანტური ინფორმაციის ბიუროდან მიღებისა თუ ბიუროსათვის მიწოდების მიმართულებით.

2. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება დაამუშაონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნით და თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ან სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება.

3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროსთან აწყობილი ჰქონდეს ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი ტექნიკური საშუალება, რომელიც იძლევა ინფორმაციის მაქსიმალურად დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიებს და უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვას.

4. სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ბიუროს არ უნდა მიაწოდოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტის სესხი/კრედიტი, გარესაბალანსო ვალდებულებები (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) სრულად უზრუნველყოფილია დეპოზიტით (იმ შემთხვევაში, როდესაც დეპოზიტის და სესხის ვალუტა განსხვავებულია, გაითვალისწინება უზრუნველყოფის კოეფიციენტი სესხის გაცემისას). ამ პუნქტის მიზნებისათვის, სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვადა არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის ხელშეკრულებით დადგენილ ვადას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სესხი/კრედიტი, გარესაბალანსო ვალდებულებები (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დეპოზიტით უზრუნველყოფილია ნაწილობრივ, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, ბიუროს მიაწოდოს ინფორმაცია მხოლოდ სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) არაუზრუნველყოფილ ნაწილზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დეპოზიტით არაუზრუნველყოფილ ნაწილზე სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა ბიუროს ასევე უნდა მიაწოდონ დანართ №1-ში განსაზღვრული ინფორმაცია. ნაწილობრივ დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხებს/კრედიტებს, გარესაბალანსო ვალდებულებებს (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) უნდა მიენიჭოს სტატუსი „დეპოზიტით ნაწილობრივ უზრუნველყოფილი სესხი.

4​​1. სესხის გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია არ მიაწოდოს ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელ ფიზიკურ პირზე გაიცემა 3 000 (სამი ათასი) ლარამდე მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი და ამავდროულად, სესხის გამცემი სუბიექტის მოთხოვნა მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციით ან/და დასაკუთრებით) განხორციელებით.

5.  თუ მსესხებელს/თანამსესხებელს აქვს საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებები სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს  ამ პირის (მსესხებელი/თანამსესხებლის) საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში მონაცემთა სუბიექტის დამატებითი თანხმობის გარეშე, მონაცემთა სუბიექტის არსებული ვალდებულების მონიტორინგის ან/და ახალი საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულების გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.

5​1. საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, პირის მონაცემების ბიუროში გადამოწმებებისას, სესხის გამცემი ორგანიზაცია არ საჭიროებს თანხმობას მონაცემთა სუბიექტისგან. ასეთ შემთხვევაში, სესხის გამცემ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს წარმოადგინოს, კონკრეტული პირების გადამოწმებაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება.

6.  თუ მომხმარებლის მიერ ფიქსირდება პრეტენზია, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მიმართვისთანავე, ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, მიაწოდოს ბიუროს მოთხოვნილი ინფორმაცია და იმოქმედოს ბიუროსა და სესხის გამცემ ორგანიზაციას შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ვერ განახორციელა პრეტენზიის სრულყოფილად შესწავლა, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მიაწოდოს მიმდინარე დეტალების შესახებ ინფორმაცია და უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, გამოიყენოს დამატებით არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე პრეტენზიასთან დაკავშირებული საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და განხილვის დასასრულებლად.

7.  სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის შესახებ საკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ბიუროსათვის მიწოდებისათვის არ არის სავალდებულო მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობის არსებობა, მაგრამ უნდა მოხდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროში გაგზავნის თაობაზე (დანართი №6 და დანართი №8). მტკიცების ტვირთი, რომ მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი ინფორმირებული იყო, ეკისრება სესხის გამცემ ორგანიზაციას.

8. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე ამ წესის დანართი №5-ის ან/და დანართი №5.1-ის შესაბამისად. ამ წესის დანართი №5.1-ის მიხედვით, თანხმობის აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის რეგისტრირებული მომხმარებელი და თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის საშუალებით და თანხმობის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მითითებულია თვალსაჩინო ადგილას და, ასევე, მონაცემთა სუბიექტისთვის/მომხმარებლისთვის გასაგებად არის ფორმულირებული. მონაცემების ბიუროში გადამოწმებისას ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 (სამოცი) სამუშაო დღეზე მეტი – იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო ამ წესის დანართი №5.1-ის შესაბამისად თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომლებიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან მონაცემთა სუბიექტმა/მომხმარებელმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია უცვლელად გამოიყენოს ამ წესის დანართი №5, დანართი №5.1 და დამოუკიდებელი ფორმით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ მისი ხელმოწერა/დადასტურება.

8​​​​​1. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში აუცილებელია პირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის ან  საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. სესხის გამცემი ორგანიზაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია ბიუროს ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა ამ წესის დანართი №5-ის ან/და დანართი №5.1-ის შესაბამისად, ასევე იდენტიფიკაციის მეთოდი, სისტემური ე.წ. ლოგფაილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და ინტერნეტპროტოკოლის (იპ) მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საიდანაც მოხდა თანხმობის მიღება. ელექტრონული ლოგფაილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; ონლაინრეგისტრაციის/იდენტიფიკაციის თარიღი და დრო; მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაციის თარიღი და დრო (გარდა ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის); რა ფორმით განხორციელდა მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაცია; თანხმობის ტექსტი (სრულად), რომელსაც დაეთანხმა მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი; როდის და რა ფორმით დაეთანხმა მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი აღნიშნულ ტექსტს. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია თანხმობის მოდიფიცირებული ტექსტით აღება/მოპოვება, თუ თანხმობის შინაარსი სრულად არის გადმოცემული და მოდიფიცირებული ტექსტი შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

8​​2. თანხმობის დისტანციურად აღებისას, პირის ავთენტიფიკაციის განხორციელებისათვის,  სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მიზანშეწონილია დაიცვას „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის II თავის მოთხოვნები.

9. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

10.  იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაცია არასწორია ან უკანონოდაა დამუშავებული, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამისად გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები.

11. შემოწმების ფარგლებში ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

12. სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ ამ წესის №5, №5.1., №7 და №9 დანართების შესაბამისად აღებული თანხმობების შენახვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმუმ 1 (ერთი) წლის ვადით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ბიუროს მიაწოდოს ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია ამ წესის 7​​1 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №273/04 - ვებგვერდი,17.12.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №151/04 - ვებგვერდი,20.08.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.
 

+
მუხლი 7. ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებთა/მიმწოდებელთა ურთიერთობის პრინციპები
1. ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებებს/მიმწოდებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს და ითვალისწინებდეს იმ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით.

2.  ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა-პროცედურები პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო  და სხვა რელევანტური ინფორმაციის როგორც ბიუროდან მიღების, ასევე ბიუროსათვის მიწოდების მიმართულებით. აღნიშნული რწმუნება ბიურომ უნდა მიიღოს ინფორმაციის მიმღებთან/მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებისას და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

3. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროს მონაცემთა ბაზაზე წვდომა მიანიჭოს მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივად აქვთ უფლებამოსილება და საჭიროება დაამუშავონ პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნით და თავიდან აირიდოს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის არამიზნობრივი დამუშავება, გაცემა, გამჟღავნება.

4. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროსთან აწყობილი ჰქონდეს  ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი ტექნიკური საშუალება, რომელიც იძლევა ინფორმაციის მაქსიმალურად დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიებს და უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვას.

5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ფიქსირდება პრეტენზია, ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროს მიმართვისთანავე, ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიაწოდოს ბიუროს მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელოს შესაბამისი ქმედებები ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებს/მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

6. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

7.  ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის მიერ მონაცემების ბიუროსათვის მიწოდების მომენტში უნდა  არსებობდეს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (დანართი №6.1).

8. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად. მონაცემების ბიუროში გადამოწმებისას, ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად თანხმობის აღებიდან არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 (სამოცი) სამუშაო დღეზე მეტი – იურიდიული პირების შემთხვევაში. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომლებიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია უცვლელად გამოიყენოს ამ წესის დანართი №5 და დამოუკიდებელი ფორმით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი ხელმოწერა/დადასტურება.

9. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში აუცილებელია პირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია წარადგინოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად, ასევე იდენტიფიკაციის მეთოდი, ლოგფაილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  და ინტერნეტპროტოკოლის (იპ) მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საიდანაც მოხდა თანხმობის მიღება. ელექტრონული ლოგფაილი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი; ონლაინრეგისტრაციის/იდენტიფიკაციის თარიღი და დრო; მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაციის თარიღი და დრო (გარდა ინტერნეტბანკინგის/მობაილბანკინგის); რა ფორმით განხორციელდა მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის იდენტიფიკაცია; თანხმობის ტექსტი (სრულად), რომელსაც დაეთანხმა მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი; როდის და რა ფორმით დაეთანხმა მომხმარებელი აღნიშნულ ტექსტს; მონაცემთა სუბიექტმა/მომხმარებელმა როდის და რა ფორმით განაცხადა თანხმობა ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე.

10. შემოწმების ფარგლებში ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია ბიუროს მაქსიმალურად ოპერატიულად, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
11. ამ წესის №5 და №6.1 დანართების შესაბამისად აღებული თანხმობები შენახული უნდა იქნეს არანაკლებ 1 (ერთი) წლისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანება №151/04 - ვებგვერდი,20.08.2019წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.
 

მუხლი 7​​1. ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ანგარიშგება

1. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ანგარიშგებაში ასახოს მასთან განაღდებული ფულადი გზავნილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) ქვეყანა, საიდანაც მოხდა გადმორიცხვა;

ბ) გადმორიცხვის თარიღი (თუ ფულადი გზავნილის ტიპი იძლევა ამ ინფორმაციის მოძიების საშუალებას);

გ) განაღდების თარიღი;

დ) მიმღების პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი);

ე) მიმღების მოქალაქეობა;

ვ) თანხის ოდენობა;

ზ) ვალუტა.

2. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ბიუროს მიაწოდოს ყოველდღიურად, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის ბიუროში გადამოწმებაზე, ამ წესის დანართი №7-ის შესაბამისად. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია უცვლელად გამოიყენოს ამ წესის დანართი №7 და დამოუკიდებელი ფორმით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მიერ მისი ხელმოწერა/დადასტურება. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში (დანართი №7) გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლის 8​​1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსათვის მიწოდებისათვის არ არის სავალდებულო მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობის არსებობა, მაგრამ უნდა მოხდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროსთვის მიწოდების თაობაზე (დანართი №8). თუ მონაცემთა სუბიექტი/მომხმარებელი ინფორმირების მომენტში არ იქნება თანახმა ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდებაზე, სესხის გამცემ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს აღნიშნულის თაობაზე მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უარი (დანართი №9). მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის უარის დისტანციურად აღების შემთხვევაში (დანართი №9) გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის 8​1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.

5. მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ბიუროს მონაცემთა ბაზაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

6. ბიურო ვალდებულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, რომელიც ბიუროს მიაწვდის ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას, თუმცა თავად არ გამოითხოვს მსგავსი ტიპის ინფორმაციას, აუნაზღაუროს გონივრული ღირებულება, რაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აღნიშნული სერვისის გამართულად ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №201/04 - ვებგვერდი, 04.08.2023 წ.
 

+
მუხლი 8. მომხმარებლის   უფლებების დაცვა
1.    მომხმარებელს (მონაცემთა სუბიექტს) უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა მის შესახებ ბიუროში დაცულ ინფორმაციაზე. კერძოდ, მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მასზე ბიუროში დაცული ინფორმაცია ბიუროს მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, ხოლო წელიწადში სამჯერ – უფასოდ, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის ამონაწერი გაცემული უნდა იქნეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა. პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით მიწოდებისას, სავალდებულოა ხორციელდებოდეს პირის იდენტიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მონაცემები უნდა მოიცავდეს მომხმარებლის შესახებ ბიუროში დაცულ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის, კრედიტორებისა და პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მომთხოვნი/მაძიებელი პირების და  მათ მიერ განხორციელებული ძიებების რაოდენობის დეტალური მითითებით.

2.  მომხმარებელს უფლება აქვს, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრეტენზია, მათ შორის, ბიუროს მონაცემთა ბაზებში მის შესახებ არსებულ ჩანაწერებთან, ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვის დროსთან, მონაცემთა სიზუსტესთან, ინფორმაციის კანონიერი საფუძვლის გარეშე დამუშავებასთან მიმართებაში, დააფიქსიროს უშუალოდ ბიუროში და/ან საქართველოს ეროვნულ ბანკში ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში და მოითხოვოს მონაცემთა შესაბამისი ცვლილება/დაბლოკვა/წაშლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

3. ბიუროს საქმიანობის, ასევე ბიუროს მონაცემთა ბაზებში მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის და/ან ინფორმაციის ცვლილების ასახვისა და მონაცემთა სიზუსტის შესახებ მომხმარებლის პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და ეროვნული ბანკი. მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის ან სესხის გამცემი ორგანიზაციის  მხრიდან ინფორმირების წესის (დანართი №6) დარღვევის, ინფორმაციის დამუშავების (მათ შორის, მიწოდება) კანონიერი საფუძვლის, მათ შორის, მომხმარებლის თანხმობის გარეშე დამუშავების შესახებ პრეტენზიებს განიხილავს ბიურო ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის ფორმდება შესაბამისი მემორანდუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.

4​​1. მომხმარებლებში სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარების ხელშეწყობის მიზნით, ბიურო ვალდებულია მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებით.

5. მომხმარებელს უფლება აქვს მონაცემთა დამმუშავებელს (ბიურო, სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.

+
მუხლი 9. ბიუროს ვალდებულებები მომხმარებლის   პრეტენზიასთან დაკავშირებით
1. ბიუროს უნდა ჰქონდეს პრეტენზიების წერილობითი და ელექტრონული ფორმით მიღებისა და განხილვის სტანდარტული პროცედურა, რომელიც უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

2. ბიურო ვალდებულია მიიღოს პრეტენზიები მომხმარებლისგან ზეპირი, სტანდარტული წერილობითი (დანართი №3) ან ელექტრონული ფორმებით და მომხმარებლის პრეტენზია შეისწავლოს დეტალურად.

3. მომხმარებლის  მიერ პრეტენზიის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია, მომხმარებელს შესთავაზოს პრეტენზიის დაფიქსირების სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. იმ შემთხვევაში, როდესაც ბიურო იღებს  პრეტენზიას ზეპირი ფორმით, იგი ვალდებულია, მომხმარებელს  შესთავაზოს მისი ალტერნატივა პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გამოხატვის სახით.

4. ბიურო ვალდებულია პრეტენზიის მიღებისას, გარდა ზეპირი ფორმით დაფიქსირების შემთხვევებისა, პრეტენზიის წარმდგენს წერილობით/ელექტრონულად დაუდასტუროს/აცნობოს პრეტენზიის მიღება არაუგვიანეს მიმართვიდან 1 (ერთი) სამუშაო დღისა.

4​1. ბიურო ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს/მომხმარებელს მიაწოდოს მის ხელთ არსებული, ზუსტი და უტყუარი დეტალური ინფორმაცია პრეტენზიის განხილვის პროცესში.

5. ბიურო ვალდებულია განიხილოს მომხმარებლის პრეტენზია, მათ შორის, სადაც საჭიროა, სესხის გამცემ ორგანიზაციასთან, ასევე ინფორმაციის შესაბამის მიმღებთან/მიმწოდებელთან კონსულტაციით და პრეტენზიის შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის მიმართვიდან და იდენტიფიკაციიდან 10 (ათი) სამუშაო დღისა, პრეტენზიის წარმდგენს, გარდა ზეპირი ფორმით დაფიქსირების შემთხვევებისა, დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად) აცნობოს მას საკითხის შესწავლის შედეგები და, შესაძლებლობის არსებობისას შესთავაზოს პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები. თუ პრეტენზიის შესწავლა არ არის დასრულებული ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ბიუროსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ბიურო ვალდებულია მომხმარებლის მიმართვიდან და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა აცნობოს მომხმარებელს საკითხის შესახებ მიმდინარე, მის მიერ მოკვლეული ინფორმაცია და საკითხის განხილვის დასრულების სავარაუდო ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეს. ბიურო ვალდებულია საკითხის განხილვის დასრულებისთანავე მომხმარებელს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საკითხის შესწავლის შედეგების შესახებ, წერილობით ან ელექტრონულად.

6. ბიურო, მომხმარებლის მონაცემთა გასწორების/ცვლილების/წაშლის მოთხოვნის ლეგიტიმურობის დადგენის შემთხვევაში, ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. ბიურო ვალდებულია მუდმივად ჰქონდეს მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: პრეტენზიის წარმდგენი პირის მონაცემები, პრეტენზიის ხასიათი, ბიუროს პასუხის შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი. მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული ჩანაწერები უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

8. ბიურო ვალდებულია, აწარმოოს მომხმარებლის პრეტენზიების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება წინამდებარე წესის დანართ №4-ში მოცემული ფორმის მიხედვით და ყოველთვიურად მიაწოდოს აღნიშნული მონაცემები საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულ ფოსტაზე cp@nbg.gov.ge, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. მიწოდებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა, ასევე, წინა საანგარიშო თვეს მოწოდებულ ანგარიშგებაში დაუსრულებელი სტატუსით აღრიცხული.

9.  ამ მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ბიუროზე იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე მომხმარებლის იგივე პრეტენზია და ბიუროს მიერ დგინდება, რომ დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს ადგილი არ აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

10. ბიურო ვალდებულია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის, მოთხოვნილი ელექტრონული არხებით, მიაწოდოს მას არაუგვიანეს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოწვეულია ბიუროსგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ის ვალდებულია ერთი კვირის ვადაში მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შეფერხების მიზეზი და ინფორმაციის მოწოდების სავარაუდო ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, ან საჭიროებს დაზუსტებას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მოთხოვნილი შემავსებელი/დამაზუსტებელი ინფორმაცია მოწოდებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში.

11. ბიურო ვალდებულია შექმნას ვებგვერდი, რომელზეც განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სამართლებრივი აქტები, რომლებიც აწესრიგებს ბიუროს საქმიანობას;

ბ) შიდა წესები, რომლებიც ეხება ბიუროს მიერ შემოთავაზებულ მომსახურებებს და აწესრიგებს ბიუროს მხრიდან პრეტენზიების მართვისა და დავების გადაჭრის საკითხებს;

გ) ინფორმაცია მომსახურებების შესახებ, რომლებსაც ბიურო სთავაზობს მესამე პირებს;

დ) მონაცემთა სუბიექტისათვის განსაზღვრული ბიუროს მომსახურებებთან დაკავშირებული  ტარიფები;

ე) ინფორმაციის მიმღებების/მიმწოდებლების სია და რეკვიზიტები.

12. ბიუროს მიერ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი/მართებული და უნდა განახლდეს რაიმე ცვლილების შესვლიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №201/04 - ვებგვერდი, 04.08.2023 წ.
 

+
მუხლი 10. სანქციები
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევებისათვის განსაზღვრულ სანქციებს კონკრეტულ შემთხვევაში აკისრებს საქართველოს ეროვნული ბანკი. მხარეს, რომლის მიმართაც სანქცია გამოიყენება, აქვს მისი სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბიუროს მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა მარეგულირებელი ნორმების, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების, ასევე წერილობითი მითითებების დარღვევისათვის, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული, თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად  გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

ა) ბიუროს გაუგზავნოს, მისცეს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები ან/და აუკრძალოს დივიდენდის განაწილება ან დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები;

გ) ბიუროს შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს ადმინისტრატორისათვის ხელმოწერის უფლების შეჩერება;

დ) გაუუქმოს რეგისტრაცია;

ე) დააკისროს შემდეგი სახის ფულადი ჯარიმა:

ე.ა) ბიუროს მონაცემთა ბაზაში მონაცემთა სუბიექტის შესახებ საკრედიტო ინფორმაციის დროულად აღურიცხველობის, არასწორად აღრიცხვის, ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა თითოეულ შემთხვევაში სასესხო/საკრედიტო პროდუქტის ჭრილში – გამოიწვევს ბიუროს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე.ბ)  ამ წესითა ან/და „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით დადგენილი სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ბიუროს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ შემთხვევაში;

ე.გ) საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა  – გამოიწვევს ბიუროს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ასეთი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3.  ბიუროს მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, ამავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიურო დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

4. სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობას ან/და ბიუროს აქტივებისათვის მიყენებულ ზარალს ან/და შესაძლო საფრთხეს.

5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. ბიუროსათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

7. ბიუროსათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბიუროსათვის გაცნობისთანავე. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №121/04 - ვებგვერდი, 14.09.2022 წ.

+
მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
1. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროს საქმიანობის განხორციელების მსურველი პირი საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას ვერ აკმაყოფილებს ამ წესითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია რეგისტრაციისათვის წარსადგენ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან ერთად, წარადგინოს წინამდებარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გონივრული გეგმა. საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს შესაბამისობაში მოყვანის გეგმას და თანხმობას უცხადებს ან უარს ეუბნება პირს ბიუროდ რეგისტრაციაზე. შესაბამისობაში მოყვანის გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებს.

2.  ბიურო ვალდებულია განახორციელოს ნებისმიერ მომხმარებელთან (სესხის გამცემი ორგანიზაცია/ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) დადებული ხელშეკრულებების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებში მითითებულ ვადებში.

3.  კომერციული ბანკი ვალდებულია დააკმაყოფილოს წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები, 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს კომერციულ ბანკებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2,მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს/არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს – საკრედიტო კავშირებსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიმღებ/მიმწოდებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ამ წესის ამოქმედებიდან 4 (ოთხი) თვეში. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს ბიუროსა და ინფორმაციის მიმღებს/მიმწოდებელს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.  სესხის გამცემი სუბიექტები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნები 2019 წლის პირველ მარტამდე, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-2,მე-6-მე-10 პუნქტებისა. ამ პერიოდის განმავლობაში პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდეს სესხის გამცემ სუბიექტსა და ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. კომერციულ ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირები და სესხის გამცემი სუბიექტები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ წინამდებარე წესის მე-6 მუხლის მე-2, მე-6-მე-10 პუნქტები 2019 წლის პირველი იანვრიდან.

8. ამ წესის მე-6 მუხლის 4​1 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №288/04 - ვებგვერდი,28.12.2018წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 09 მარტის ბრძანება №33/04 - ვებგვერდი,11.03.2020წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“, №195/04, 27.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4312592-7/