სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.06.2019 ბოლო ცვლილება 18.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№260
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.021277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
6 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №260

2019 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

 

სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ

+
მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
+



სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი

თავი I. ზოგადი დებულება
მუხლი 1. მოწესრიგების სფერო

1. ეს წესი აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში –კოდექსი) მოთხოვნებს და განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ეს წესი განსაზღვრავს:

ა) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ინიცირების, დაფინანსებისა და შემუშავების უფლების კერძო სამართლის სუბიექტისთვის გადაცემის წესსა და პირობებს;

ბ) მოსამზადებელი კვლევების ჩატარების საკითხებს, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის შინაარს;

გ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შინაარსს;

დ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების განხილვის, დამტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის წესსა და პირობებს.

3. თუ დასაგეგმარებელი ტერიტორია იმავდროულად შედის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან მასზე ვრცელდება სხვა დარგობრივი გეგმებით დადგენილი რეჟიმები, მაშინ ამ ტერიტორიის დაგეგმვა უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ნორმატიული რეჟიმების მოთხოვნებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში და მასზე თანდართულ დანართებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არაარსებითი ცვლილება – ცვლილება, რომელიც არ ცვლის დაგეგმარების კონცეფციას, კერძოდ, არ ზრდის ჯამურ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს (კ-2), სართულიანობას, საცხოვრებელი ფონდის სიმჭიდროვეს;

ბ) განაშენიანების მართვის რეგლამენტი – ძირითადი დებულებების საფუძველზე შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების ტექსტური ნაწილი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს და/ან აზუსტებს ძირითად დებულებებში მოცემულ შემდეგ პირობებს: უძრავი ქონების გამოყენების ნებადართული სახეობების ძირითად და საგამონაკლისო ჩამონათვალს, განაშენიანების სახეობას, განაშენიანების ძირითად პარამეტრებს და სხვა საკითხებს, ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე;

გ) დაგეგმარების საჭიროება – კოდექსით განსაზღვრული სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროება;

დ) დაცული ტერიტორიები – „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები;

ე) ინიციატორი – სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ინიციატორი;

ვ) ლანდშაფტის დაცვის ღონისძიებები - ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ისტორიული ღირებულების ლანდშაფტის დაცვასა და აღდგენას; ბუნებრივი ლანდშაფტების, რელიეფის შენარჩუნებასა და დაცვას, მათ განვითარებას რეკრეაციული მიზნებისათვის; მცენარეული საფარის დაცვასა და რეგულირებას, გამწვანების ღონისძიებებს; ტყის ბუნებრივი აღდგენის ზონების დადგენას; ლანდშაფტის განთავისუფლებას დისონანსის შემტანი შენობა-ნაგებობებისა და ნანგრევებისაგან; ძველი ნაგავსაყრელების ეკოლოგიზაციას; ტერიტორიის დაცვას დამეწყვრისა და წალეკვისაგან; ხევების, ფერდობების გამაგრებასა და გამწვანებას;

ზ) ნაშენი ტერიტორია – ტერიტორია, რომელზეც უმეტესწილად განლაგებულია შენობა-ნაგებობები, წარმოადგენს განაშენიანებულ სტრუქტურას (მაგ.: კვარტალი, მიკრორაიონი, საცხოვრებელი უბანი, სოფელი) ან მის ნაწილს და უზრუნველყოფილია გზებით/ქუჩებით;

თ) საბჭო – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შექმნილი საბჭო, რომლის მიზანია ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;

ი) სამინისტრო – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

კ) სივრცის დაგეგმარების გეგმა – კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა, ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა და მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა;

ლ) ტოპოგრაფიული რუკა – ტერიტორიის ნაწილის ორთოგონალური პროექციის წვრილმასშტაბიანი (მასშტაბი 1:10000 მეტი) ნახაზი, რომელიც მიწათდაფარულობით დადგენილი თემატიკის გამოყენებით, დედამიწის დონებრივი სიმრუდის გათვალისწინებით ასახავს ფიზიკურ გარემოს;

მ) უშენი ტერიტორია – დასახლების ნაწილი, რომელიც არ მიეკუთვნება ნაშენ ტერიტორიას, უმეტესად მწვანე საფარითაა დაფარული და 300 მეტრის რადიუსში არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა;

ნ) ქალაქთმშენებლობითი გეგმა – კოდექსით განსაზღვრული გენერალური გეგმა და განაშენიანების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა;

ო) ძირითადი დებულებები – „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კოდექსში, „ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებასა და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები, გარდა ამ წესში განმარტებული ტერმინებისა.

თავი II. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქია, შემუშავების ინიცირება, დაფინანსება და შემუშავების უფლების კერძო სამართლის სუბიექტისთვის გადაცემა
მუხლი 3. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემა, მათი იერარქია და ბუნება

1. კოდექსის შესაბამისად, საქართველოში მოქმედებს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემდეგი იერარქია:

ა) სივრცის დაგეგმარების გეგმები. მათ მიეკუთვნება:

ა.ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა;

ა.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმა;

ა.გ) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა;

ბ) ქალაქთმშენებლობითი გეგმები. მათ მიეკუთვნება:

ბ.ა) გენერალური გეგმა;

ბ.ბ) განაშენიანების გეგმა;

ბ.გ) განაშენიანების დეტალური გეგმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გეგმები არის ზედა ტაქსონომიური დონე, რომლითაც ხორციელდება ტერიტორიების სივრცითი განვითარება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გეგმები არის ქვედა ტაქსონომიური დონე, რომლითაც ხორციელდება განაშენიანების მართვა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გეგმა არის განაშენიანების მართვის მოსამზადებელი, ხოლო „ბ.ბ“-„ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გეგმა – განაშენიანების მართვის სავალდებულო ხასიათის დოკუმენტი.

4. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მულტიმუნიციპალურ სივრცის დაგეგმარების გეგმას.

5. იერარქიულად ზემდგომი გეგმის ან მისი ცალკეული ნაწილის არარსებობა არ აფერხებს იერარქიულად ქვემდგომი გეგმის შემუშავებას. უშენ ტერიტორიებზე, განაშენიანების დეტალური გეგმა მუშავდება მხოლოდ ზემდგომი გეგმებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

6. თუ განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის მიზანია დასახლებული ტერიტორიის ინტენსიური განვითარება (შესაბამისი დადგენილი/ჩამოყალიბებული ზონის/ქვეზონის თავისებურების ცვლილების გარეშე), მის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოიფარგლება განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის განხილვითა და დამტკიცებით.

მუხლი 4. სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავების ინიცირების უფლება/ვალდებულება

1. დაგეგმარების საჭიროების შემთხვევაში, სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავების ინიცირება სავალდებულოა. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს კოდექსის 141-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადა.

2. სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავების ინიცირებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული გეგმარებითი ერთეულის (რეგიონის) გეგმის შემთხვევაში – სამინისტრო;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის დაგეგმარების უფლებამოსილების მქონე ორგანო/სამინისტრო;

გ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;

დ) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №523 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 5. ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ინიცირების უფლება/ვალდებულება

1. დაგეგმარების საჭიროების შემთხვევაში, გენერალური გეგმის ან/და განაშენიანების გეგმის შემუშავების ინიცირება სავალდებულოა.

2. განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირება სავალდებულოა, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოება მაინც:

ა) მიწის ნაკვეთებისათვის ძირითადი დებულებებით განსაზღვრული კვლევის საფუძველზე შეუძლებელია განაშენიანების რეგლამენტების დადგენა.

ბ) ხორციელდება უშენი ტერიტორიის განაშენიანება;

გ) კოდექსის 67-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, როცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება იწვევს საერთო ქალაქგეგმარებითი ხასიათის ცვლილებებს (მათ შორის, ინფრასტრუქტურული მოწყობის, განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობის, ტერიტორიის/ზონის ფუნქციური გამოყენების ჩამოყალიბებული/დაგეგმილი ბალანსის და განაშენიანების სხვა მსგავსი მახასიათებლების ცვლილებას);

დ) გენერალური გეგმით/განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში.

3. ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ინიცირებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

ა) გენერალური გეგმის ან/და განაშენიანების გეგმის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ;

ბ) განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანო , საკუთარი ან/და ნებისმიერი დაინტერესებულ პირის ინიციატივის საფუძველზე;

გ) კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში – სამინისტრო.

4. თუ ტერიტორიისთვის გენერალური გეგმა არ არსებობს, განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების თაობაზე შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №523 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 6. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ინიცირების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველი და შინაარსი

1. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ინიცირების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საწყის მონაცემებს, რომელშიც იგულისხმება დაგეგმვის საჭიროების აღწერა და დაგეგმილი ცვლილების მიზანი და სავარაუდო გეგმარებითი ერთეული.

2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ინიცირების თაობაზე გადაწყვეტილება ასევე უნდა მოიცავდეს გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით დავალებას, შემდეგ საკითხებზე:

ა) გეგმარებითი ერთეულის კვლევა;

ბ) გეგმარებითი ერთეული;

გ) განვითარების ხედვა;

დ) განვითარების სტრატეგია;

ე) სიცოცხლისუნარიანობის შეფასება;

ვ) გეგმის კონცეფციის/პროექტის შემადგენლობა და მათი შემუშავების გეგმა-გრაფიკი;

ზ) სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, გეგმარებითი ერთეულის კვლევა არის ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საბაზისო მონაცემების ერთობლიობა და მათი გრაფიკული შედეგი (საბაზისო რუკა), რომლის საფუძველზეც მუშავდება გეგმის კონცეფცია/პროექტი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, გეგმარებითი ერთეული შეიძლება იყოს: ქვეყანა, ავტონომიური რესპუბლიკა, ისტორიულ-კულტურული ან/და ეკონომიკური რეგიონი, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია ან/და ზონა, დასახლება, დასახლების ნაწილი (რაიონი, კვარტალი, უბანი და მსგავსი). გეგმარებითი ერთეულის გამოყოფის წესი შესაძლებელია განისაზღვროს №5 დანართის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განვითარების ხედვა გულისხმობს გეგმარებითი ერთეულის სასურველ (წარმოსახვით) მდგომარეობას სამომავლო პერსპექტივაში. ხედვა უნდა იყოს კონკრეტული, რეალისტური და ამავე დროს, გამოწვევითი. ხედვა უნდა ქმნიდეს გეგმარებითი ერთეულის იდენტობის სურათს და ითავსებდეს გეგმარებითი ერთეულის ძირითად მახასიათებლებს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სტრატეგია ზედა ტაქსონომიურ დონეზე მოიცავს მიზნებს, ამოცანებს, პერიოდს და ფინანსებს, ხოლო ქვედა ტაქსონომიურ დონეზე – პრიორიტეტებს და რიგითობას.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სიცოცხლისუნარიანობის შეფასება გულისხმობს, შემოთავაზებული ხედვისა ან/და სტრატეგიის ალტერნატივების განხილვასა და ოპტიმალურის შერჩევას.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, გეგმების შემადგენლობა განისაზღვრება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროების მიხედვით, კოდექსის შესაბამისად.

9. განაშენიანების გეგმის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში, რომელიც არ წყვეტს იერარქიულად ზემდგომი გეგმების საკითხებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავალება ამავე პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასპექტებს არ მოიცავს.

მუხლი 7. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ფინანსური უზრუნველყოფა

1. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ფინანსური უზრუნველყოფა, როგორც წესი, ხორციელდება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან.

2. თუ განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება ხორციელდება კერძო ინციატივის საფუძველზე, მაშინ მის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი დაინტერესებული პირი.

მუხლი 8. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავება

1. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება შესაძლებელია დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია, მისი შემუშავება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე დაევალოს კერძო სამართლის სუბიექტს. გეგმარებითი ერთეულის კვლევის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია, განხორციელდეს დამოუკიდებლად.

2. სახელმწიფო შესყიდვა, როგორც წესი, ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

3. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით.

4. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანო უფლებამოსილია, მესამე პირის ფინანსური უზრუნველყოფით მომზადებული სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმის/განაშენიანების გეგმის ან მისი ნაწილის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების პროექტები მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში, არ ვრცელდება გეგმის ინიციირებასთან დაკავშირებით ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ მიიღება ინიციირების თაობაზე გადაწყვეტილება.

5. ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განაშენიანების დეტალური გეგმის ან მისი ნაწილის შემუშავება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება, დაევალოს კერძო სამართლის სუბიექტს, სახელმწიფო შესყიდვის გარეშე.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო სამართლის სუბიექტთან ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ამ წესის მე-6 მუხლში განაზღვრული გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინიციირების თაობაზე გადაწყვეტილება კარგავს ძალას.

 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ხელშეკრულების საგანს, შესამუშავებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ძირითად ეტაპებსა და მათი განხორციელების ვადებს, ხელშეკრულების შესრულების ადგილსა და ვადას, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს, ფორსმაჟორული შემთხვევების რეგულირებას, დავების გადაწყვეტის მექანიზმს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №523 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

თავი III. მოსამზადებელი კვლევა, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის შემუშავება
მუხლი 9. საბაზისო მონაცემები და მათ გამოყენებადობა (კვლევა)

1. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, ორივე ტაქსონომიური დონის გეგმების კონცეფციის შემუშავებისათვის ტარდება გეგმარებითი ერთეულის მოსამზადებელი კვლევა, რომელიც გულისხმობს საბაზისო მონაცემების შეგროვებას, ცალკეულ შემთხვევებში მათ ანალიზს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და შედეგების ტექსტურ და გრაფიკულ ასახვას (კვლევა).

2. საბაზისო მონაცემები ტექსტურად აისახება მონაცემთა (ინდიკატორთა) მატრიცაში (№6 დანართი (სარეკომენდაციო)), ხოლო გრაფიკულად - საბაზისო რუკაში, რომლის მასშტაბი უნდა შეესაბამებოდეს გეგმის შემუშავების მასშტაბს (№3 დანართი (სარეკომენდაციო)).

3. საბაზისო მონაცემები უნდა შეგროვდეს ფიზიკური და უფლებრივი გარემოს კონტექსტში, გეგმის ტაქსონომიური დონის გათვალისწინებით. მონაცემები უნდა იყოს სანდო (გადამოწმებადი), მათი სიზუსტე უნდა პასუხობდეს გეგმის შემუშავების მიზნებს და მასშტაბს, ამ წესით დადგენილი მინიმალური მახასიათებლების გათვალისწინებით (№7 დანართი (სარეკომენდაციო)).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, მონამცეთა ანალიზი უნდა შესრულდეს ყველა იმ შემთხვევაში, თუ ცალკე აღებული მონაცემი არ იძლევა საკმარის საფუძველს სივრცითი დაგეგმვის განსახორციელებლად. ასეთ შემთხევაში ანალიზი წარმოებს კომპლექსურად, სხვა მონაცემებთან ურთიერთკავშირში, მრავალფაქტორული ანალიზის რომელიმე მეთოდის გამოყენებით (მაგ. ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები).

5. მოსამზადებელი კვლევა არ ტარდება, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა მოიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. არასრული ინფორმაციის შემთხვევაში ტარდება მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო კვლევა. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ანალიზის წარდგენა სავალდებულოა.

6. ზედა ტაქსონომიური დონის გეგმებისა და გენერალური გეგმისთვის, კონცეფციის განხილვის ეტაპზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაძლებელია გაიცეს იმ მონაცემების შეგროვების დავალება, რაც დამატებით აუცილებელია კონცეფციაში მოცემული გადაწყვეტების ეფექტიანობის შესაფასებლად, მათ შორის, გეგმარებითი ერთეულის მოსაზღვრე ტერიტორიებზე.

მუხლი 10. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფცია

1. გეგმარებითი ერთეულის კვლევის საფუძველზე ხდება სივრცის დაგეგმარების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის შემუშავება, რომელიც შედგება გრაფიკული (პირობითი აღნიშვნების გამოყენებით) და ტექსტური ნაწილებისგან (ანოტაცია).

2. ორივე ტაქსონომიური დონის გეგმის (გარდა განაშენიანების დეტალური გეგმისა, თუ ის არ წყვეტს იერარქიულად ზემდგომი გეგმების საკითხებს) კონცეფცია უნდა მოიცავდეს:

ა) საბაზისო რუკაზე დამუშავებულ ტერიტორიათა განვითარების/გამოყენების გრაფიკულ მონახაზს და მის ტექსტურ ანოტაციას, არსებობის შემთხვევაში მოქმედ გამოყენებაში დაგეგმილ ცვლილებაზე მითითებით;

ბ) ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებს (საჭიროების შემთხვევაში);

გ) საბაზისო მონაცემთა მატრიცას, საჭიროების შემთხვევაში მათ ანალიზს და შემოთავაზებული გადაწყვეტ(ებ)ის ეფექტიანობის შეფასებას;

3. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია უნდა მოიცავდეს საბაზისო რუკაზე დამუშავებულ განაშენიანების რეგულირების გრაფიკულ მონახაზს და ტექსტურ ანოტაციას.

4. გეგმის კონცეფცია სრულდება სტანდარტული ფორმატის (A0-A3 შუალედი) ერთ პლანშტზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია რამდენიმე პლანშეტის ან/და არასტანდარტული ფორმატის გამოყენება, იმ პირობით, რომ დოკუმენტის გარჩევადობა თანხვედრაში იქნება მისი დამუშავების მასშტაბთან.

თავი IV. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შინაარსი
მუხლი 11. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის შინაარსი

1. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტი გამოისახება ტექსტური და გრაფიკული ფორმით, კონცეფციისთვის დადგენილი წესით.

2. ზედა ტაქსონომიური დონის გეგმებისთვის ტექსტური ნაწილი არის ძირითადი და გრაფიკული ნაწილი – მისი დამხმარე, ხოლო ქვედა ტაქსონომიური დონის გეგმებისთვის გრაფიკული ნაწილი არის ძირითადი და ტექსტური ნაწილი – მისი დამხმარე.

3. ტექსტური ნაწილი სივრცითი დაგეგმარების ზედა ტაქსონომიური დონის დოკუმენტებისთვის აყალიბებს განვითარების პოლიტიკას, ხოლო ქვედა ტაქსონომიური დონეზე ადგენს განაშენიანების მართვის რეგლამენტს.

4. გრაფიკული ნაწილი სივრცითი განვითარების ზედა ტაქსონომიური დონის დოკუმენტებისთვის არის სქემატური, ხოლო ქვედა ტაქსონომიური დონისთვის - კონკრეტული. გრაფიკული ნაწილი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კარტოგრაფიულ ნორმებს, მასშტაბებს, პირობით აღნიშვნებს და ფორმებს.

5. გრაფიკული ნაწილის მასშტაბები შესაძლებელია განისაზღვროს ამ წესის №3 დანართის შესაბამისად, ხოლო პირობითი აღნიშვნები შესაძლებელია განისაზღვროს ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №523 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 12. სივრცის დაგეგმარების გეგმების შემადგენლობა

1. საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკების, მულტიმუნიციპალური და მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმები უნდა მოიცავდეს კოდექსის მე-16, 24-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრულ თემატიკას.

2. ცალკეული გეგმის კონკრეტული შემადგენლობის განსაზღვრისას, საჭიროების შესაბამისად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული თემები.

მუხლი 13. გენერალური გეგმის შემადგელობა

1. გენერალური გეგმის შემადგენლობა განისაზღვრება კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად.

2.გენერალური გეგმით ცალკეული გეგმარებითი ერთეულისთვის შეიძლება დაზუსტდეს განაშენიანების გეგმის კონკრეტული შემადგენლობა.

3. გენერალურ გეგმაში ფუნქციური ქვეზონების მითითება შერეული, სპეციალური და ინდუსტრიული ზონებისთვის სავალდებულოა, ხოლო სხვა შემთხვევაში საჭიროების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა შესაძლებელია დაზუსტდეს ამ წესის №2 დანართის სისტემური მიდგომისა და გრაფიკული აღნიშვნების შესაბამისად.

5. გენერალურ გეგმაში შესაძლებელია გამოიყოს საბალანსო ერთეულები ამ წესის №8 დანართის (სარეკომენდაციო) გათვალისწინებით.

მუხლი 14. განაშენიანების გეგმის შემადგელობა

1. განაშენიანების გეგმის შემადგენლობა განისაზღვრება კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად.

2. განაშენიანების გეგმა ასევე უნდა მოიცავდეს სოციალურ, სატრანსპორტო, გამწვანებულ და სხვა მსგავს ტერიტორიებს.

3. გენერალური გეგმით ცალკეული გეგმარებითი ერთეულისთვის შეიძლება დაზუსტდეს განაშენიანების გეგმის კონკრეტული შემადგენლობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა შესაძლებელია დაზუსტდეს ამ წესის №2 დანართის სისტემური მიდგომისა და გრაფიკული აღნიშვნების შესაბამისად.

5. განაშენიანების გეგმაში შესაძლებელია გამოიყოს საბალანსო ერთეულები ამ წესის №8 დანართის (სარეკომენდაციო) გათვალისწინებით.

მუხლი 15. განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგელობა

1. განაშენიანების დეტალური გეგმის შემადგენლობა განისაზღვრება კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა შესაძლებელია დაზუსტდეს ამ წესის №2 დანართის სისტემური მიდგომისა და გრაფიკული აღნიშვნების შესაბამისად.

3. განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას (მათ შორის, კოდექსით დადგენილ შემთხვევაში პარამეტრების გადამეტებისას) დაცული უნდა იქნეს საბალანსო ერთეულის მიმართ დადგენილი მოთხოვნები №8 დანართის (სარეკომენდაციო) წესის შესაბამისად.

თავი V. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების განხილვა, დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა
მუხლი 16. სივრცის დაგეგმარებისადა ქალაქთმშენებლობითი გეგმის განხილვისა და დამტკიცების ძირითადი სტადიები, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

1. სივრცის დაგეგმარების გეგმების/ ქალაქთმშენებლობითი გეგმების განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად:

ა) I სტადია − სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმების კონცეფციის განხილვა და დამტკიცება - არაუმეტეს 90 სამუშაო დღე, ხოლო განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება - არაუმეტეს 40 სამუშაო დღე;

ბ) II სტადია − სივრცის დაგეგმარებისა და გენერალური გეგმების გეგმების პროექტის განხილვა და გეგმის დამტკიცება - არაუმეტეს 90 სამუშაო დღე, ხოლო განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა და დამტკიცება - არაუმეტეს 40 სამუშაო დღე.

2. მხოლოდ სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების პირველ სტადიაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების შემდეგ არის შესაძლებელი II სტადიაზე გადასვლა.

3. ამ მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ადმინისტრაციული წარმოების ორივე სტადიას წარმართავს ინიციატორი.

4. თუ სივრცის დაგეგმარების გეგმები/ქალაქთმშენებლობითი გეგმები ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას (შემდეგში: სგშ), მაშინ შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია მტკიცდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემული სკოპინგის დასკვნის შემდეგ.

5. სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის საფუძველზე მზადდება შესაბამისი გეგმის პროექტი. ამ უკანასკნელზე სკოპინგის დასკვნის საფუძველზე მზადდება სგშ-ის ანგარიში, რომელიც ეგზავნება შესაბამის ორგანოებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებენ რეკომენდაციებს სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით.

6. ამ მუხლის მე-4-მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, სივრცის დაგეგმარების გეგმები ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმები შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ს ანგარიშთან და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შემდეგ.

7. სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების განხილვის ცალკეულ სტადიაზე დაცული უნდა იქნეს კოდექსის, ამ წესის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესი.

8. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან სხვა საფუძვლის არსებობისას აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრულზე მეტი ვადა, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ამ ვადის გასვლამდე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №523 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 17. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტის განხილვა

1. გენერალური გეგმის ან/და განაშენიანების გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე ინფორმაცია (მათ შორის, გეგმარებითი არეალის ზუსტი საზღვრების შესახებ ინფორმაცია) ინიციატორმა უნდა გამოაქვეყნოს კონცეფციის განხილვა/დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, ხოლო განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში ინფორმაცია საინფორმაციო დაფაზე დაინტერესებულმა პირმა უნდა განათავსოს გეგმარებითი ერთეულის მიმდებარედ, საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა.

2. მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ იწყება ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

3. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის შემუშავებასა და განხილვაში საზოგადოების მონაწილეობას და ამ მიზნით, საზოგადოების ინფორმირებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საჯარო განხილვების გამართვას უზრუნველყოფს ინიციატორი.

4. ინიციატორი, სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ვალდებულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია შესაბამისი გეგმის კონცეფციის/პროექტის შესახებ (გეგმის კონცეფცია/პროექტთან და მოსაზრებების/შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციასთან ერთად).

5. სივრცის დაგეგმარების გეგმის/ქალაქთმშენებლობითი გეგმის (გარდა განაშენიანების დეტალური გეგმის) კონცეფციის/პროექტის განხილვის ეტაპზე საჯარო განხილვის ჩატარება სავალდებულოა. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ინიციატორის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვამდე არანაკლებ 30 სამუშაო დღით ადრე. აღნიშნული ინფორმაცია მინიმუმ უნდა მოიცავდეს:

ა) უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს;

ბ) ინფორმაციას გეგმარებითი ერთეულის საზღვრების შესახებ;

გ) გეგმის კონცეფციის/პროექტის რეზიუმეს;

დ) საჯარო განხილვის ჩატარების დროსა და მისამართს;

ე) დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებების შესახებ ინფორმაციას;

ვ) საჯარო განხილვაზე დასწრების და მოსაზრებების/შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციას.

6. განაშენიანების დეტალურ გეგმასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების თითოეულ სტადიაზე გეგმარებით ერთეულში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში საზოგადოებისათვის თვალსაჩინო ადგილას (საჯარო გზის მხარეს) დამატებით უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, რომელზედაც, სულ მცირე, უნდა განთავსდეს ინფორმაცია დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრების, დაინტერესებული პირებისაგან მოსაზრებებისა და შეფასებების მიღების პერიოდისა და გეგმის დამტკიცების სავარაუდო ვადების შესახებ.

7. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის განხილვის პროცესში ორგანიზებულ საჯარო განხილვებში, რომელიც იმართება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 40 დღისა.

8. საჯარო განხილვას ხელმძღვანელობს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. საჯარო განხილვის პროცესი უნდა აისახოს შესაბამის ოქმში.

9. საჯარო განხილვის დასრულებიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება ინიციატორს წერილობით წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები სივრცის დაგეგმარების გეგმის/ ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციასთან/პროექტთან დაკავშირებით. განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში, ასეთი შენიშვნები და მოსაზრებები წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

10. ინიციატორი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეიტანოს შესწორებები სივრცის დაგეგმარების გეგმის/ ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციაში/პროექტში.

11. სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის განხილვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ინიციატორი უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალისტ(ებ)ის (ექსპერტ(ებ)ის) მოწვევას. არსებობის შემთხვევაში, სივრცის დაგეგმარების გეგმებს/ ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციას/პროექტს განიხილავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საბჭო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციებს მათში შესწორებების შეტანის თაობაზე.

12. კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სივრცის დაგეგმარების გეგმების/ქალაქთმშენებლობითი გეგმებისთვის ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულოა, რომელსაც ატარებს შესაბამისი ექსპერტი, გეგმის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის წარსადგენად.

მუხლი 18. სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვა ადმინისტრაციულ წარმოებაში

1. სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის/პროექტის განხილვაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვას უზრუნველყოფს ინიციატორი ან/და სამინისტრო. ამ თვალსაზრისით, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

ა.ა) უკავშირდება ენერგეტიკულ სისტემას ან/და ელექტროენერგიის წარმოებას;

ა.ბ) ითვალისწინებს მაგისტრალური ნავთობსადენისათვის, მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზსადენისათვის, ფუნიკულიორისათვის, საჰაერო-საბაგირო გზისა და იმ შენობა-ნაგებობის განთავსებას, რომელიც საშიში საწარმოო პროცესის მიმდინარეობის ან კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნივთიერებების შენახვა-გამოყენების გამო საჭიროებს უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებულ პირობებს;

ა.გ) ითვალისწინებს აეროდრომების, სანავიგაციო ობიექტების განთავსებას ან/და მათ გარშემო დაცვის არეს განსაზღვრას;

ა.დ) კანონმდებლობით გათვალსწინებულ სხვა შემთხვევაში.

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

ბ.ა) საჭიროებს სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას;

ბ.ბ) მოიცავს დაცულ ტერიტორიებს, სატყეო ტერიტორიებს, წყლის ობიექტებს, ნარჩენების განთავსების ტერიტორიებს და სხვა;

ბ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს:

გ.ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონას/ზონებს ან/და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;

გ.ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

დ.ა) მოიცავს სასაზღვრო ზოლს ან/და სასაზღვრო ზონას;

დ.ბ) დაკავშირებულია სამოქალაქო უსაფრთხოების, მათ შორის, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან და სხვა;

დ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თუ სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი:

ე.ა) მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიებს;

ე.ბ.) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო -კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ზ)აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო, თუ სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

თ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, თუ სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობის გეგმების კონცეფცია/პროექტი მოიცავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს ან/და დაგეგმვა ხორციელდება მის მომიჯნავედ;

ი) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.

2. განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტი ეგზავნება სამინისტროს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტებისა).

3. ამ წესით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ინიციატორი, ვალდებულია სივრცის დაგეგმარების გეგმების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის/პროექტის განხილვის პროცესში ჩართოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ები).

4. ინიციატორი ვალდებულია სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის/პროექტის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 6 სამუშაო დღისა, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადაუგზავნოს ამ გეგმების კონცეფცია/პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სივრცის დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციასთან/პროექტთან დაკავშირებით დასკვნა ინიციატორს წარუდგინოს 15 სამუშაო დღის ვადაში.

5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შემთხვევაში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ წესის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესი.

6. ინიციატორი განიხილავს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნას და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ.

მუხლი 19. სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის კონცეფციის/გეგმის დამტკიცება

1. საჯარო განხილვის და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობის შედეგად, შემუშავებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის საბოლოო კონცეფცია/პროექტი, რომელიც, ინიციატორის წარდგენის საფუძველზე (კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის საექსპერტო დასკვნასთან ერთად), მტკიცდება კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ.

2. სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის საბოლოო კონცეფცია მტკიცდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმის საბოლოო პროექტი მტკიცდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 20. ცვლილება/კორექტირება სივრცის დაგეგმარების გეგმასა და ქალაქთმშენებლობით გეგმაში

1. სივრცის დაგეგმარების გეგმებში ცვლილების შეტანის ინიცირების უფლება აქვს შესაბამის ინიციატორს. მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემთხვევაში ცვლილების შეტანის ინიცირების უფლება ასევე აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან სხვა ნებისმიერ პირს, შესაბამისი დასაბუთების წარდგენის საფუძველზე.

2. გენერალურ გეგმაში/განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილების შეტანის ინიცირების უფლება აქვს შესაბამის ინიციატორს, ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან სხვა ნებისმიერ პირს, შესაბამისი დასაბუთების წარდგენის საფუძველზე.

3. ქალაქთმშენებლობით გეგმებში არაარსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ამ მუხლით განსაზღვრული I სტადია არ ტარდება. ამ შემთხვევაში, ინიციატორი სკრინინგის პროცედურის თაობაზე მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს. თუ სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგინდება სგშ-ის ვალდებულება, მაშინ სგშ-ის პროცედურა ტარდება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

4. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებში არსებითი სახის ცვლილება შეიტანება ახალი გეგმების შემუშავებისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.

5. იერარქიულად ქვემდგომი გეგმით იერარქიულად ზემდგომი გეგმის მოთხოვნებისგან არსებითად განსხვავებული მოთხოვნების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ იერარქიულად ზემდგომ გეგმაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ან მასთან ერთდროულად (პარალელურად). თუ ზემდგომ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება ქვემდგომი გეგმის მომზადების პროცესში და ზემდგომი გეგმის მიღება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსლებაა, მაშინ მისი დამტკიცება წინ უნდა უსწრებდეს ქვემდგომი გეგმის მიღებას, ხოლო თუ ორგანო ერთია, მაშინ მათი მიღება შესაძლებელია ერთდროულად.

6. იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი გეგმებით მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის მოთხოვნებისგან არსებითად განსხვავებული მოთხოვნების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ამ მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ.

7. გენერალურ გეგმაში ან განაშენიანების დეტალურ გეგმაში დამუშავების დავალებით განსაზღვრული მასშტაბის შესაბამისად, დასაშვებია მასში იმგვარი დაზუსტებების შეტანა, რაც აღმოფხვრის მასში არსებულ ფაქტობრივ ცდომილებებს. ასეთ შემთხვევაში, დასაბუთების საფუძველზე ფუნქციურ ზონირებაში შესაძლებელია კორექტირებები, რაც არ განიხილება ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანად და არ იწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გავლას. აღნიშნული სახის კორექტირება მტკიცდება ინიციატორის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირის წარდგენის საფუძველზე დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიზნებისთვის დასაბუთება მოიცავს ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას, ფოტოსურათებს, ფაქტობრივი ცდომილების ამსახველ ნახაზს, მიმდებარე ტერიტორიაზე ზონირების შედარებით ანალიზს, კორექტირების ნახაზს (გეოინფორმაციული სისტემის ფორმატში).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №523 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

მუხლი 21. ამ წესის ძალაში შესვლამდე დაწყებული ქალათმშენებლობითი ან/და სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებული რეგულირება

თუ სივრცის დაგეგმარების გეგმის ან/და დასახლებისთვის განკუთვნილი ქალაქთმშენებლობითი გეგმების მომზადების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები დაწყებულია 2019 წლის 3 ივნისამდე, მაგრამ არ დამდგარა ამავე პუნქტით განსაზღვრული კოდექსის 141-ე მუხლის მე-10, მე-12 ან/და მე-16 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, მათი შემუშავება უნდა დასრულდეს ამ დადგენილებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ ინიციირების ეტაპს ანაცვლებს დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, შესაბამისი გეგმის შემმუშავებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების არსებობა, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაყენებული შუამდგომლობა ასეთი გეგმ(ებ)ის მომზადების შესახებ, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გეგმ(ებ)ის ან მისი ნაწილის განხილვის პროცედურების განხორციელება, დაგეგმვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისი გეგმ(ებ)ის ან მისი ნაწილის განმხილველი კომისიის წევრობა და სხვ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №523 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“, №260, 03.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021277 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4579368-1/