საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.06.2019 ძალადაკარგული 22.07.2025
ნომერი
№110/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017734
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №110/ნ

2019 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულება.
+
მუხლი 2
1.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №05/12 ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 11 მარტის №05/26 ბრძანება.

+
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ივნისიდან.
+
მუხლი 4
ამ ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 პუნქტის (გენერალურ დირექტორთან მიმართებაში) მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 22 ივნისამდე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 20 ივნისის ბრძანება №05/31 - ვებგვერდი, 20.06.2023 წ.


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
+




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდგომში – ეროვნული მუზეუმი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ უფლებამონაცვლეს.

2. ეროვნული მუზეუმი არის მუზეუმთა გაერთიანება (შემდგომში – მუზეუმთა გაერთიანება) და ის შექმნილია: შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს აღნიშნული მუზეუმების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფლებამონაცვლეს.

2​​1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის ბოლნისის მუზეუმი და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი.

2​​2. ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი მდებარეობს საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟის კომუნაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ კუთვნილ ტერიტორიაზე და მოიცავს ლევილის მამულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სამუზეუმო-სახელოვნებო  კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.

3. ეროვნული მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. ეროვნული მუზეუმის სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

5. ეროვნული მუზეუმი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

6. ეროვნული მუზეუმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები სახელმწიფო ხაზინასა და კომერციულ ბანკებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

7. ეროვნული მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 13 მარტის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 13.03.2020 წ. 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №05/01 - ვებგვერდი, 19.04.2021 წ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 8 მარტის ბრძანება №05/25 - ვებგვერდი, 09.03.2023 წ.
მუხლი 2. ეროვნული მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.

2. ეროვნულ მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.

3. ეროვნული მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებითა და „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ეროვნული მუზეუმის ძირითადი ამოცანებია:

ა) ეროვნული საგანძურის მოძიება, აღრიცხვა, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვერტარიზაცია და პოპულარიზაცია;

ბ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა);

გ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება შემდგომში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სივრცეში მათი დანერგვის მიზნით;

დ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით;

ე) სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარება უმაღლეს, სპეციალურ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან, პედაგოგთა პროფესიული მომზადების ცენტრებთან კოორდინირებული მუშაობის გზით;

ვ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მუზეუმის ფონდებში მუშაობისა და სამუზეუმო ლექციების გზით;

თ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით.

ი) ეროვნული მუზეუმის ინტეგრირება სასწავლო და საგანმანათლებლო სფეროში – თანამშრომლობა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიასთან, ქ. თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში სამუზეუმო ლექციებისა და გაკვეთილების დასანერგად. 

5. ეროვნულ მუზეუმს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) განახორციელოს ყველა სახის კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, კვლევითი და/ან საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, ექსპედიციები, და სხვა კულტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

დ) უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის სერვისების განხორციელება, მათ შორის უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს;

ე) „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, ასევე მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვა ყველა სახის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ვ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიტიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად;

თ) აწარმოოს კანონით აუკრძალავი ყველა საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს ეროვნული მუზეუმის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოახმაროს ეროვნული მუზეუმის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას.

ი) გააფორმოს მემორანდუმი სამინისტროსთან შეთანხმებით.

6. გარდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით გათვალისწინებული წესისა, ეროვნულ მუზეუმში სტაჟიორების მიღება და ამ მიზნით სამინისტროსთან შესაბამისი ურთიერთობა ასევე ხორციელდება მინისტრის 2022 წლის 1 მარტის №05/04 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ (შემდგომში - სტაჟირების გავლის წესი) შესაბამისად.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №05/01 - ვებგვერდი, 19.04.2021წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის ბრძანება №05/05 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

მუხლი 3. ეროვნული მუზეუმის მართვა და სტრუქტურა

1. ეროვნული მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი), რომელსაც ხელმძღვანელობს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი).

2.  გენერალურ დირექტორს ხმათა უმრავლესობით, ორი წლის  ვადით, ირჩევენ დირექტორატის წევრები ღია კენჭისყრით. გენერალური დირექტორი იმავდროულად მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ერთ-ერთი მუზეუმის ან მუზეუმთა ჯგუფის დირექტორია. (გენერალურ დირექტორთან მიმართებაში) მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 22 ივნისამდე).

3. დირექტორატი შედგება გენერალური დირექტორისა და ოთხი დირექტორისაგან. დირექტორატის დებულებას და საქმიანობის წესს ამტკიცებს დირექტორატი. დირექტორატის საქმიანობის ტექნიკურ ხელშეწყობას ახორციელებს დირექტორატის მდივანი. 

4. დირექტორატის წევრები არიან მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორები:

ა) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებს, გარდა ამ პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული მუზეუმებისა;

ბ) შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის დირექტორი;

გ) გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორი;

დ)  ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორი;

ე) სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი.

5. დირექტორატის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი,  დირექტორატის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გენერალური დირექტორის ხმა.

6. დირექტორატი:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს  მუზეუმთა გაერთიანებისა და მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფებისთვის პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრული საფინანსო სახსრების განაწილების თაობაზე და ახორციელებს მონიტორინგს ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანხმებს მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დებულებებს, შინაგანაწესს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების საფასურს;

ბ​​1) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის სტრუქტურას;

გ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმთა გაერთიანების, მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;

გ​1) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის დანიშვნის შესახებ;

გ​2) მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე;

გ​3) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ;

გ​4) ამტკიცებს ამ მუხლის 14​1 პუნქტში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ;

დ) კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუზეუმთა გაერთიანების მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ქონების გამოყენების თაობაზე;

ე) იღებს გადაწყვეტილებას მუზეუმთა გაერთიანებისა და მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის მიერ მინდობილობის გაცემისა და გარიგებების დადების თაობაზე;

ვ) იხილავს სხვა საკითხებს, რომელიც განისაზღვრება დირექტორატის დებულებით.

7. დირექტორატის სხდომას არანაკლებ თვეში ერთხელ იწვევს გენერალური დირექტორი. საჭიროებისამებრ, სხდომის მოწვევის დასაბუთებული თხოვნით გენერალური დირექტორისადმი მიმართვის უფლება აქვს დირექტორატის ნებისმიერ წევრს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

8. დირექტორატის წევრებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სამინისტროსათვის წარდგენილი სამწლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამის) საფუძველზე. ერთი და იმავე პირის დირექტორატის წევრად დანიშვნა შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.(გენერალურ დირექტორთან მიმართებაში) მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 22 ივნისამდე).

9. გენერალური დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორატის ერთ-ერთი წევრი.

10. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, მინისტრი უფლებამოსილია, დანიშნოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.

11. გენერალური დირექტორი/დირექტორი ვალდებულია დირექტორატს წარუდგინოს ყოველკვარტალური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (მათ შორის, ფინანსური ანგარიშგება).

12. გენერალური დირექტორი:

ა)  ხელმძღვანელობს დირექტორატს და უზრუნველყოფს მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების საქმიანობის კოორდინაციას;

ბ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და სტრუქტურული ერთეულების ქონებას, საფინანსო სახსრებს და პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს;

ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და სტრუქტურული ერთეულების პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრულ საფინანსო სახსრებს; 

ზ) დირექტორატთან შეთანხმებით, ამტკიცებს  მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და სტრუქტურული ერთეულების დებულებას, შინაგანაწესს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს და გასაწევი მომსახურების საფასურს;

თ) ახორციელებს სხვა ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული მუზეუმის საქმიანობასთან და დირექტორატის თანხმობას არ საჭიროებს.

12​​​1. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ამავდროულად, არის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კურირებს/ზედამხედველობას უწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, ასრულებს დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს და ამით ხელს უწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.

13. დირექტორატის წევრი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი:

ა) მონაწილეობს დირექტორატის მიერ ეროვნული მუზეუმის მართვაში;

ბ) პასუხისმგებელია მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ქონებას, საფინანსო სახსრებს და პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს;

ვ) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად განაგებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის და პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრულ საფინანსო სახსრებს;

ზ) დირექტორატთან შეთანხმებით, ამტკიცებს მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის დებულებას, შინაგანაწესს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს;

თ)  შეიმუშავებს და დირექტორატს დასამტკიცებლად წარუდგენს მის დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;

ი) დირექტორატის თანხმობით, უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მისაღებად;

კ) ნიშნავს და ათავისუფლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმში/მუზეუმთა ჯგუფში მისაღებ სტაჟიორებს, სტაჟირების გავლის წესისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად.

14. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურა შედგება ეროვნული მუზეუმის ცენტრალური აპარატისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფებისაგან. ცენტრალური აპარატი და მუზეუმ(ებ)ი/მუზეუმთა ჯგუფ(ებ)ი, თავის მხრივ, შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

14​1. ეროვნული მუზეუმის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციის დეპარტამენტი;

ბ) სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

გ) მონიტორინგის დეპარტამენტი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ე) ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტი.

14​2. ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორატი ან დირექტორატის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

15. ეროვნული მუზეუმის რომელიმე სტრუქტურულ ერთეულში შექმნილი ისეთი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც სახიფათოა რომელიმე კოლექციის ან ცალკეული სამუზეუმო ექსპონატისათვის, მინისტრი უფლებამოსილია, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მოცემულ სტრუქტურულ ერთეულში განსაზღვრული ვადით მიავლინოს სამინისტროს რწმუნებული/რწმუნებულები, რომლის/რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №05/01 - ვებგვერდი, 19.04.2021წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №05/26 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანება №05/02 - ვებგვერდი, 02.02.2022წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის ბრძანება №05/05 - ვებგვერდი, 04.03.2022წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 აპრილის ბრძანება №05/06 - ვებგვერდი, 01.04.2022წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 8 მარტის ბრძანება №05/25 - ვებგვერდი, 09.03.2023 წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 20 ივნისის ბრძანება №05/31 - ვებგვერდი, 20.06.2023 წ.

მუხლი 4. ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო

1. ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის ეროვნული მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას ადგენს და ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის დირექტორატი.

3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს ეროვნული მუზეუმის სწავლული მდივანი, რომელსაც ირჩევს საბჭო თავისი წევრებიდან.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №05/01 - ვებგვერდი, 19.04.2021 წ.

მუხლი 5. სამუზეუმო ფონდი და ეროვნული მუზეუმის ქონება

1. სამუზეუმო ფონდი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული ყველა სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობას.

2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას ეროვნული მუზეუმის ფარგლებში, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იღებს დირექტორატი.

3. ეროვნული მუზეუმი საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონებით, უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის გამგებლობაში შემავალი ყველა სხვა საკითხი.

4. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეროვნულ მუზეუმს აქვს უფლება მოითხოვოს სამუზეუმო კოლექციებში დაცული ფასეულობის სარეკლამო თუ სხვა მიზნებისათვის სათანადო თანხმობის გარეშე გამოყენების აღკვეთა.

5. ეროვნული მუზეუმი ახორციელებს სამუზეუმო კოლექციებში დაცულ ფასეულობებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას.

6. ეროვნული მუზეუმის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.

7. მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №05/01 - ვებგვერდი, 19.04.2021წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანება №05/02 - ვებგვერდი, 02.02.2022წ.

მუხლი 6. ეროვნული მუზეუმის დაფინანსების წყაროები

1. ეროვნული მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საწევროები და შენატანები;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;

ე) ეროვნული მუზეუმის მიერ ბილეთების, სასუვენირო და ნაბეჭდი პროდუქციის, სამუზეუმო კაფეს და მაღაზიების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ეროვნული მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ეროვნული მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 7. ეროვნული მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი

1. ეროვნული მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. ეროვნული მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. ეროვნული მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

მუხლი 8. ეროვნული მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი

1. ეროვნული მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის     კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ეროვნული მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ეროვნული მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №05/01 - ვებგვერდი, 19.04.2021 წ.

მუხლი 9. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. ეროვნულ მუზეუმს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ეროვნული მუზეუმის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა, სახელფასო ფონდი, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრები, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.

4. არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა, მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები/მუზეუმთა ჯგუფები, სამინისტროს თანხმობით, განსაზღვრავენ მომდევნო საბიუჯეტო წლისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრულ ოდენობას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის სამინისტროში თანხმობის მისაღებად წარდგენამდე, მომდევნო საბიუჯეტო წლის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დირექტორატი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრისთვის, დირექტორატის წინაშე საკითხის ინიცირებას ახორციელებენ  მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი შესაბამისი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად, მუზეუმთა გაერთიანება ან მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები/მუზეუმთა ჯგუფები სამინისტროს მიმართავენ არაუგვიანეს ყოველი წლის 5 დეკემბრისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება №05/01 - ვებგვერდი, 19.04.2021წ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №05/06 - ვებგვერდი, 29.11.2021წ.

მუხლი 10. ეროვნული მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ეროვნული მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“, №110/ნ, 18.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017734 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4591799-9/