მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.08.2019 ბოლო ცვლილება 27.09.2024
ნომერი
№174/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.017797
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №174/ნ

2019 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ​2“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


+
მუხლი 1
დამტკიცდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის თანდართული წესი.
+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
+



დანართი
მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი

თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი და რეგულირების სფერო

1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – სკოლა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მათ შორის, კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომში − კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს  და მასწავლებლის საქმიანობის შეწყვეტის წესსა და პირობებს.

2. წინამდებარე წესი ვრცელდება  იმ პირებზე, რომლებსაც სურთ დასაქმდნენ სკოლაში  მასწავლებლის პოზიციაზე. მათ შორის მოწვეულ ან/და  შემცვლელ მასწავლებლებზე (გარდა, ამ წესით განსაზღვრული კონკურსის პირობებისა). ასევე, იმ  მასწავლებლებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტენ საქმიანობას სკოლაში.

3. სპეციალურ მასწავლებელზე ამ წესით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში.“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

 

თავი II. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება
მუხლი 2. მასწავლებლის მიმართ დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

1. პირი მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე, ხოლო სპეციალური მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) ქმედუნარიან პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს;

გ) 2015 წლამდე მოქმედ მასწავლებელს.

3. მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

4. სკოლას უფლება აქვს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოდგენა მოსთხოვოს როგორც მასწავლებლობის/სპეციალური მასწავლებლობის მსურველ კანდიდატს (შემდგომში – კანდიდატი), ასევე პირს, რომელიც სკოლაში უნდა დასაქმდეს მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 3. კანდიდატისადმი დადგენილი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. სკოლაში დაწყებითი/საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. სკოლაში საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

3. სკოლაში სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

4. დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის ან/და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებლობის კადიდატებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

5. მოწვეულ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

6. შემცვლელ მასწავლებლობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და უნდა აკმაყოფილებდეს მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

7. სკოლაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

8. სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ერთ-ერთ მოთხოვნას და გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 23.09.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

მუხლი 4. კონკურსის გამოცხადება

1.  შიდა და ღია კონკურსი ცხადდება სკოლაში მასწავლებლის  ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში. 

2. ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს,  ხოლო შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამის სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელს.

3. სკოლის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ პოზიციაზე, რომელიც კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული პოზიცია კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.

4. სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში არსებული ვაკანტური  პოზიცია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე.

5. შიდა კონკურსით მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის ვერ შევსების შემთხვევაში, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი.

6. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური პოზიცია შეავსოს შიდა კონკურსის გამოცხადების გარეშე, ღია კონკურსის  მეშვეობით.

7. სკოლაში კონკურსის გამოცხადება ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალურi ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, რომლითაც, ასევე განისაზღვრება კონკურსის ვადები, პირობები, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და სხვა.

8. განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტ სივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე – http://teacherjobs.ge/-ზე, ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯარო სკოლაში ყველა მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

9. ინტერნეტ სივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე – http://teacherjobs.ge/-ზე კონკურსის განთავსების ვადები განისაზღვრება სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

10. სკოლა უფლებამოსილია ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სკოლის ვებგვერდზე, ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.

11. კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შესაბამისი სკოლის დასახელებას;

ბ) ღია კონკურსის წესით შესავსები მასწავლებლის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და საგნის/კლასის მითითებას;

გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ  საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

დ) ინფორმაციას სამუშაო საათების  შესახებ;

ე) ინფორმაციას სავარაუდო შრომის ანაზღაურების შესახებ;

ვ) შესაბამისი  სკოლის საკონტაქტო ინფორმაციას;

ზ) სამუშაოს დაწყების თარიღს;

თ) განცხადების წარდგენის ბოლო ვადას;

ი) სხვა ინფორმაციას სკოლის გადაწყვეტილებით.

12. განცხადებების წარდგენის ვადა განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც არ შეიძლება იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

13. დირექტორი მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლებს სკოლაში ასაქმებს კონკურსის გარეშე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 23.09.2019წ.

მუხლი 5. კომისიის შექმნის წესი

1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სკოლის დირექტორის მიერ იქმნება შესაბამისი კომისია. კომისია უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის მიერ  განსაზღვრულ მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატთა შერჩევას.

2. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა, საჯარო სკოლის შემთხვევაში კი არანაკლებ 5 წევრისა.

3. კანდიდატი ან მისი ახლო ნათესავი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა. ამ წესის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

4. კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.

5. კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას და კომისიის მდივანს, რომელიც ახორციელებს კონკურსთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და სხვა აუცილებელ ღონისძიებებს, სკოლასთან კოორდინირებულად.

6. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი სკოლა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 20 მაისის ბრძანება №61/ნ - ვებგვერდი, 23.05.2022 წ. 

მუხლი 6. კომისიის წევრის აცილება

1. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილი სხვა კანდიდატის შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

მუხლი 7. კომისიის საქმიანობა

1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე.

3. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიულ ცოდნასთან, უნარ-ჩვევებსა და  კვალიფიკაციასთან.

4. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი  კონკურსის ყველა ეტაპზე.

5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, გასაუბრების ან სხვა დავალების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას.

6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის  სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

მუხლი 8. კონკურსის ეტაპები

1. კონკურსის ეტაპებია:

ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;

ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

გ) კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

2. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია კანდიდატის შეფასებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კონკურსის ეტაპებთან ერთად განსაზღვროს დამატებითი ეტაპი.

3. კომისია მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად სკოლის დირექტორს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

4. კომისია გადაწყვეტილების მიღებიდან ათი კალენდარული დღის ვადაში, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

5. კონკურსის ეტაპების დასრულებისას დგება შესაბამისი ოქმი.

მუხლი 9. კონკურსის ჩაშლის/შეწყვეტის საფუძვლები

1. კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი  განაცხადი;

ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

2. ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

მუხლი 10. საპრეტენზიო კომისია

1. შესაბამისი კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, სკოლის დირექტორის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.

3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, შესაძლოა იყოს მოწვეული პირები).

4. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში.

5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები.

9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

10. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და ეცნობება კანდიდატს.

12. კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. შრომითი ხელშეკრულების დადება

1. სკოლის დირექტორი აფორმებს შრომითი ხელშეკრულებას შერჩეულ საუკეთესო  კანდიდატთან „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანების შესაბამისად.

2. შრომითი ურთიერთობა სკოლასა და მასწავლებელს შორის წარმოიშობა მასწავლებლის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

4. სკოლის დირექტორი ვალდებულია მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი, რასაც დასაქმებული ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.

მუხლი 11​1. შრომითი ხელშეკრულების კატეგორიები

1. სკოლაში დასაქმების შემთხვევაში მასწავლებელთან შესაძლებელია გაფორმდეს შემდეგი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

ა) უფროსი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

ბ) წამყვანი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

გ) მენტორი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

2. სკოლაში დასაქმების შემთხვევაში სპეციალურ მასწავლებელთან შესაძლებელია გაფორმდეს შემდეგი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

3. სტატუსების მიხედვით შრომითი ხელშეკრულების დაყოფა მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის და სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციური დატვირთვისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ვალდებულების დაკისრებას და შესაბამისი შრომის ანაზღაურების გაცემას.

4. სკოლა უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს მასწავლებლობის მაძიებელთან ან მოწვეულ მასწავლებელთან, ან შემცვლელ მასწავლებელთან.

5.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ), ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთან/სპეციალურ მასწავლებელთან გაფორმდეს შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

6. სკოლის დირექტორი ან/და ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის  ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება თითოეული სტატუსის მასწავლებლის საქმიანობას სასწავლო წლის განმავლობაში და პერიოდულად აძლევს უკუკავშირს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შესახებ, წლის ბოლოს კი აფასებს მას.

7. წამყვანი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ფუნქცია:

ა) კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, დახმარება მათი საჭიროებების განსაზღვრაში; ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, ან/და მათთვის რეკომენდაციების გაცემა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობა;

ე) მოსწავლეთა საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით გამოყენება;

ვ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება;

ზ) სოციალური აქტივობების ინიცირება და სასკოლო/სკოლათშორისი/სათემო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

8. მენტორი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) კოლეგა მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და  სხვათა/სასკოლო საზოგადოების ჩართვა ამ აქტივობებში;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობისთვის პროფორიენტაციის, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების და კვალიფიციური კადრების იდენტიფიცირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

ე) სკოლის საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სკოლის განვითარების მიზნით გამოყენება;

ვ) ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეების და პროფესიულ ლიტერატურის  გაცნობა და კოლეგებთან გაზიარება;

ზ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად საერთაშორისო საგანამანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და ერთობლივიპროექტების განხორციელება;

თ) სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნვესაყოფად შესაბამისი რესურსების მოზიდვა;

ი) რესურსების შექმნა და მასწავლებლებისთვის გაზიარება.

9. წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში;

ბ) სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/სხვა კანონიერი წამომადგენელისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება ან/და ინტერვიუს წარმოება;

გ) სასწავლო გარემოს შეფასება;

დ) დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების პროცესში;

ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;

ვ) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, შეფასება და დასკვნის გაკეთება;

ზ) მოსწავლის საჭიროების იდენტიფიცირება და საჭირო სპეციალისტების ინტერვენციის დასკვნა;

თ) ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების კოორდინირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარების მიზნით;

ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი განვითარების და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისათვის;

კ) საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ლ) პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიო მასალები პროფესიულ განვითარებაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანება №69/ნ - ვებგვერდი, 01.07.2020წ.

თავი III. მასწავლებლის საქმიანობის შეწყვეტა
მუხლი 12. მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა

1. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთან, თუ მასწავლებელს გამოყენებული აქვს საქართველოს შრომის კოდექსით  განსაზღვრული შვებულება.

2. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

ა) მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;

ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. მასწავლებლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია სკოლას აღნიშნულის შესახებ აცნობოს წერილობით 30 კალენდარული დღით ადრე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

 

თავი V. გარდამავალი დებულებები
მუხლი 13. გამონაკლისი ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით

1. 2023 წლის ბოლომდე, მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც:

ა) მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

ბ) მასწავლებლად მუშაობის დაწყებამდე ჩააბარა საგნის გამოცდა და გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.            

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი სკოლაში საქმდება მასწავლებლად, როგორც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 23.09.2019წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“, №174/ნ, 20.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017797 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4638766-3/