საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.12.2019 ბოლო ცვლილება 01.09.2025
ნომერი
№99
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.034.016924
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №99

2019 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
+
მუხლი 1​1
1. 2024 წელს „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების 2​1 მუხლის საფუძველზე, ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით, სამინისტროს სისტემაში ჩატარდეს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩატარებული კონკურსის ფარგლებში, არ გამოიყენება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 და მე-7 პუნქტებით, აგრეთვე 8​2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ორგანიზებას უწევს დროებითი ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის უფლებამოსილება და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. დროებითი ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პირის სტაჟირების კანდიდატად შერჩევის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოსს ბრძანება №62 - ვებგვერდი, 20.08.2024წ.

+
მუხლი 2
+
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების 1​1 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსებზე და მის შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

1​1. ამ ბრძანების 1​1 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიღებული სტაჟიორისა და პრაქტიკანტის სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი განისაზღვრება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 21 ივლისის №819 ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოსს ბრძანება №62 - ვებგვერდი, 20.08.2024წ.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
+



 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი

 


+
თავი I
ზოგადი დებულებები

+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს.

+
მუხლი 2. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანი
სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

+
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – სამინისტროს სისტემაში ამ წესით რეგულირებული ანაზღაურებადი საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში გადის სტაჟირებას;

გ) სასწავლო პრაქტიკა – სამინისტროს სისტემაში სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ანაზღაურების გარეშე;

დ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე სამინისტროს სისტემაში გადის სასწავლო პრაქტიკას;

ე) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება ან სასწავლო პრაქტიკა სამინისტროს სისტემაში და წარმოდგენილი აქვს სტაჟირების ან  სასწავლო პრაქტიკის გავლის მიზნით ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;

ვ) ხელმძღვანელი – სამინისტროს სისტემის დანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირი, სადაც მიიღება სტაჟიორი ან/და პრაქტიკანტი;

ზ) მენტორი – ხელმძღვანელის მიერ შერჩეული სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობას;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება;

ი) სპეციალური შემოწმება – სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად ინფორმაციის მოძიება ან/და გადამოწმება;

კ) (ამოღებულია - 02.04.2024, №24);

ლ) დანაყოფი – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფი, ტერიტორიული ორგანო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.


+
თავი II
სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლა

+
მუხლი 4. სტაჟირება
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად მიიღება საქართველოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება ან არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დარგის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. სტაჟიორად მიღება ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.


+
მუხლი 5. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
1. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების საფუძველია სამინისტროს დანაყოფის მოთხოვნა კონკურსის გამოცხადების შესახებ.

2. სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ორგანიზებას უწევს სამინისტროს ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სპეციალური საკონკურსო კომისიები.

3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამინისტროს ერთიან სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის, მათ შემადგენლობას განსაზღვრავს და აუქმებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომ − მინისტრი), ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სპეციალურ საკონკურსო კომისიას ქმნის შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ხელმძღვანელი.

4. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) აპლიკაციების მიღება და გადარჩევა;

ბ) ტესტირება;

გ) გასაუბრება.

5. კანდიდატმა სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროს ან/და შესაბამისი დანაყოფის ვებგვერდზე უნდა შეავსოს აპლიკაცია.

6. აპლიკაციების მიღების დასრულებიდან გონივრულ ვადაში, კანდიდატების მიერ შევსებული აპლიკაციები გადაირჩევა მათში მითითებული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შერჩეულ კანდიდატთა სია, რომლებიც საწყის ეტაპზე აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს, მტკიცდება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. აღნიშნულით სრულდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპი და კანდიდატები გადადიან სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი გამოიყენება მხოლოდ იმ დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, სადაც უნდა მოხდეს სტაჟიორის მიღება. ტესტირება, როგორც წესი, იმართება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

8. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპი ცხადდება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოყენებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი.

9. შესაბამისმა კომისიამ გასაუბრების დროს კანდიდატისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია მისი განათლების, უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და სხვა გარემოებების შესახებ, რაც საჭიროა სტაჟიორისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.

10. გასაუბრების ეტაპზე, შესაბამისი კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

11. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის სხდომის მდივანი.

12. გასაუბრების ეტაპზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას სტაჟირების კანდიდატად შერჩევის შესახებ. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

13. გასაუბრების ეტაპზე შესაბამის კომისიას, კანდიდატის თანხმობით, კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლია მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება, კანდიდატის აპლიკაციაში მითითებული დანაყოფის ნაცვლად, სამინისტროს სხვა დანაყოფში სტაჟიორად შერჩევის შესახებ. კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს შეთავაზებული სტაჟირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არსებობს იმ დანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობა, სადაც მიიღება სტაჟიორი.

14. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპისა და სპეციალური შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში პირი მიიღება სტაჟიორად.

15. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის რომელიმე ეტაპის წარუმატებლად გავლის ან სპეციალური შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, პირი არ მიიღება სტაჟიორად. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილება არ გამოიცემა.

16. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი აპლიკაცია ან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა კონკურსის ეტაპები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.


+
მუხლი 6. სტაჟიორის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გასავლელად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) დიპლომის ასლი (ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების/აღიარების გადაწყვეტილება) ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

2. კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შემთხვევაში, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) პირადი ისტორიის კითხვარი;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

გ) 2 (ორი) ფოტოსურათი (3x4).


+
მუხლი 7. პირის სტაჟიორად მიღება
1. სამინისტროს სისტემაში მიღებულ სტაჟიორთან ფორმდება ხელშეკრულება. სტაჟიორს ხელშეკრულებას უფორმებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

2. სტაჟიორთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სტაჟიორის სახელსა და გვარს;

ბ) სტაჟიორის პირად ნომერს;

გ) სამინისტროს დანაყოფის დასახელებას, რომელშიც მიიღება სტაჟიორი;

დ) სტაჟიორის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს;

ე) სტაჟიორის შრომის ანაზღაურებას;

ვ) მონაცემებს სტაჟიორის მენტორისა და ხელმძღვანელის შესახებ;

ზ) სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღებსა და საფუძველს.

3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟიორის მიღების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.


+
მუხლი 8. სტაჟირების ხანგრძლივობა და სამუშაო დრო
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3-დან 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს 1 წლამდე.

1​1. სამინისტროს სისტემის ერთსა და იმავე დანაყოფში სტაჟირების გავლა დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.

2. სტაჟიორთა სამუშაო დრო, რომლის განმავლობაშიც სტაჟიორი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 30 საათს და უნდა თავსდებოდეს 09:00-დან 18:00 საათის ინტერვალში. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.


+
მუხლი 8​1. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება
1. სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟიორს შრომის ანაზღაურება მიეცემა არაუმეტეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი პირველი სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

2. სტაჟიორს არ ეძლევა სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო.

3. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სტაჟიორის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

4. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

5. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.


+
მუხლი 8​2. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა რიცხოვნობა
1. სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს მინისტრი. სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს სამინისტროს სისტემის მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს.

2. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი მიმართავს სამინისტროს შესაბამის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებამდე, მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის, ტერიტორიული ორგანოს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი წერილობით ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და ეკონომიკურ დეპარტამენტებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.


+
მუხლი 9. სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სტაჟიორთან ატარებს გასაუბრებას, ეცნობა მენტორის წერილობით დახასიათებას, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს და აფასებს სტაჟიორს ამ წესით (დანართი №1) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

2. სტაჟირება წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ სტაჟიორი დააგროვებს ამ წესით (დანართი №1) განსაზღვრული შეფასებიდან არანაკლებ 16 ქულას. ამ შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

4. სტაჟიორს მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.

5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, თუ სტაჟიორი აკმაყოფილებს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს დანაყოფში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ შესაბამის კონკურსში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 20.10.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №158 - ვებგვერდი, 10.11.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.

+
მუხლი 10. სასწავლო პრაქტიკა 
1. სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დარგის ბაკალავრიატის ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

2. სამინისტროს დანაყოფებში პირის მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლა ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინების საფუძველზე. წარდგინებას თან უნდა ახლდეს სასწავლო პრაქტიკის გეგმა (თემატიკა და ძირითადი მიმართულებები).

3. პრაქტიკანტად მიღება ხორციელდება სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან გასაუბრების შედეგად. დანაყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია განისაზღვროს კანდიდატების მიერ გასაუბრებამდე გასავლელი ეტაპები, რაც აუცილებლად ეცნობება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და კანდიდატს.

4. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდგომ, პრაქტიკანტი გადის სპეციალურ შემოწმებას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეტაპ(ებ)ის და სპეციალური შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღება სამინისტროს სისტემაში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად.


+
მუხლი 11. პრაქტიკანტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები
სამინისტროს სისტემაში სასწავლო პრაქტიკის გასავლელად კანდიდატმა უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) პირადი ისტორიის კითხვარი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) 2 (ორი) ფოტოსურათი (3x4).


+
მუხლი 12. პრაქტიკანტად მიღება
1. სამინისტროში სასწავლო პრაქტიკის დაწყება, ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე, ფორმდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე დანაყოფების ხელმძღვანელების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2. სამინისტროს სისტემაში პრაქტიკანტის მიღების შესახებ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: პრაქტიკანტის, ასევე მისი ხელმძღვანელის/მენტორის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სამინისტროს დანაყოფის დასახელებას, სასწავლო პრაქტიკის დაწყებისა და დასრულების თარიღს, მიმართულებას და საფუძველს.


+
მუხლი 13. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა და სამუშაო დრო
1. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმებით.

2. სასწავლო პრაქტიკის გავლის დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 20 (ოცი) საათს და უნდა თავსდებოდეს 09:00-დან 18:00 საათის ინტერვალში.


+
მუხლი 14. სასწავლო პრაქტიკის დასრულება
1. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხელმძღვანელი ატარებს პრაქტიკანტთან გასაუბრებას, ეცნობა შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს და აფასებს პრაქტიკანტს ამ წესით (დანართი №2) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

2. კვალიფიკაციის და შეფასების შედეგების შესაბამისად, ხელმძღვანელს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს პრაქტიკანტს სამინისტროს სისტემაში სტაჟირებაზე ან სამსახურში მისაღებ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

3. სასწავლო პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პრაქტიკანტს ეძლევა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.

4. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სასწავლო პრაქტიკის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №145 - ვებგვერდი, 20.10.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.


+
მუხლი 15. შეზღუდვები სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიღებისას
1. სამინისტრო სისტემაში სტაჟიორად/პრაქტიკანტად არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ვერ აკმაყოფილებს ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად დადგენილ მოთხოვნებს;

ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა დაავადების მქონე პირი;

ვ) სპეციალური შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასების/შედეგის მქონე პირი;

ზ) პირი, რომელმაც სამინისტროში მიღების პროცესში განზრახ წარადგინა არასწორი მონაცემები;

თ) პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, ამავე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანხმობით ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების არსებობისას შესაძლებელია პირის სტაჟიორად ან პრაქტიკანტად მიღება.


+
თავი III
უფლება-მოვალეობები

+
მუხლი 16. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს მიღებული დავალების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გაეცნოს სამინისტროს დანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
გ) დავალების შესრულების დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ აცნობოს მენტორს/უშუალო ხელმძღვანელს;
დ) მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის მოვალეობებია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;
ბ) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში აღრიცხოს შესრულებული სამუშაო და  ხელმძღვანელს პერიოდულად წარუდგინოს ანგარიში;
გ) დაიცვას სამინისტროს შინაგანაწესი და ეთიკის ნორმები;
დ) გაეცნოს სამინისტროს სისტემის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას.
3. სტაჟიორს/პრაქტიკანტს არ აქვს უფლება გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. აკრძალულია სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც უკავშირდება ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებების ან ძალის გამოყენებას, გამოძიებას ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებას.

+
მუხლი 17. ხელმძღვანელის და მენტორის უფლება-მოვალეობები
1. ხელმძღვანელი სტაჟიორს/პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და განუსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს ვადებს, კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს სტაჟიორის/პრაქტიკანტის სამსახურში გამოცხადებასა და დისციპლინაზე.

2. მენტორი სტაჟიორს/პრაქტიკანტს აცნობს სამინისტროს ორგანიზაციულ კულტურას, უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მიღებული დავალებების ჯეროვნად და დადგენილ ვადაში შესასრულებლად, აღნიშნულთან დაკავშირებით აწვდის დროულ და საჭირო ინფორმაციას, სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის დასრულების შემდგომ, ამზადებს სტაჟიორის/ პრაქტიკანტის დახასიათებას.

3. მენტორი ვალდებულია თვეში ერთხელ შეაფასოს პრაქტიკანტი და აღნიშნული შეფასება წარუდგინოს ხელმძღვანელს.

4. ხელმძღვანელი უფლებამოსილია  დანაყოფის ხელმძღვანელს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.


+
მუხლი 18. სამინისტროს უფლება-მოვალეობები
1. სამინისტრო ვალდებულია პროფესიული განვითარების უზრუნველყოფისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით სტაჟიორს/პრაქტიკანტს შეუქმნას:

ა) დამოუკიდებელად მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობები;

ბ) სათანადო სამუშაო გარემო, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სხვა შესაბამისი რესურსით;

გ) მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რათა ხელი არ შეეშალოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესში.

2. სამინისტრო უფლებამოსილია, სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის უზრუნველსაყოფად, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გააფორმოს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რითაც განისაზღვრება მხარეთა დამატებითი უფლება-მოვალეობები და სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის  პირობები.


+
თავი IV
სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტა

 


+
მუხლი 19. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტა
1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟიორის/პრაქტიკანტის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 5 (ხუთი)  დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა;

გ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის მხრიდან მოვალეობების ან სასწავლო პრაქტიკის გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა;

დ) პრაქტიკანტის წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნა;

ე) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადის ამოწურვა;

ვ) სამინისტროში დასაქმება;

ზ) ისეთი გარემოების წარმოშობა, რომელიც შეუძლებელს ხდის სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გაგრძელებას.

2. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − შესაბამისი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №24 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №99, 11.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.034.016924 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4728954-4/