კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.01.2020 ბოლო ცვლილება 12.08.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
480570000.10.003.021764
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №54

2020 წლის 23 იანვარი

   ქ. თბილისი

 

კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ
+
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემამცირებელი და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციული ღონისძიებების კოორდინირების მიზნით:

1. შეიქმნას კლიმატის ცვლილების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი −  საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი −  საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი −  საბჭოს წევრი;  

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი −  საბჭოს წევრი;  

ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი −  საბჭოს წევრი;  

ვ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი −  საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი −  საბჭოს წევრი;

თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი.

2.  საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;

გ) მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარეს;

დ) სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

3. საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვის და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბჭოს სამუშაო და საკოორდინაციო ჯგუფების თავმჯდომარეები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

4. დამტკიცდეს თანდართული „კლიმატის ცვლილების საბჭოს დებულება“.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 მაისის დადგენილება №214 – ვებგვერდი, 14.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილება.

2. „საქართველოში „კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის“ „კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №172 დადგენილება.

 

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
+



კლიმატის ცვლილების საბჭოს დებულება

 


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. კლიმატის ცვლილების საბჭო შექმნილია საქართველოში „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაეროს ჩარჩო კონვენციისა (შემდგომში − კონვენცია) (კონვენციის მიზანია ატმოსფეროში კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების კონცენტრაციის სტაბილიზება) და „პარიზის შეთანხმების“ („პარიზის შეთანხმების“ მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისადმი გლობალური რეაგირების გაძლიერება) მოთხოვნების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად. საბჭოს მიზანია, ეროვნულ დონეზე კლიმატის ცვლილების საპასუხო მოქმედებების კოორდინაცია და კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ მედეგობის ზრდის ხელშეწყობა.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა და სტრუქტურა

1. საბჭო შედგება უშუალოდ საბჭოსგან, საკოორდინაციო ჯგუფებისგან, მათ შორის, მერების შეთანხმების (მერების შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის ფართომასშტაბიან ინიციატივას კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტებისთვის) ხელმომწერი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფისა (შემდგომში − მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფი) და სამუშაო ჯგუფებისგან.

2. საბჭო შედგება საბჭოს წევრი საქართველოს მთავრობის წევრების − მინისტრების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისაგან.

3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

4. საკოორდინაციო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემების, პროექტებისა და სხვა საკითხების კოორდინაციის მაღალი საჭიროებისა და დონის მიზნით იქმნება. დებულებით განსაზღვრული საკოორდინაციო ჯგუფის გარდა, საკოორდინაციო ჯგუფს ქმნის და მის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო.

5. სამუშაო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო ეკონომიკურ და სოციალურ დარგებში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, რომელიც შედგება საჯარო მოხელეებისგან, ექსპერტებისგან, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა  და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფს ქმნის და მის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო.

6. მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფი არის საბჭოს მრჩეველი ორგანო კლიმატის ცვლილების სფეროში სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებზე, რომელიც შედგება მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერებისგან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილისა და სახელმწიფო რწმუნებულებისგან.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები და მუშაობის წესი  

1. საბჭო:

ა) წარმართავს ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს;

ბ) განიხილავს „პარიზის შეთანხმებით“ დადგენილი მიზნების მისაღწევად ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულების განმსაზღვრელი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის მომზადების, განახლების, განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხებს;

გ) განიხილავს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დასრულებულ დოკუმენტს და, მოწონების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით ამ დოკუმენტების დამტკიცებისა და კონვენციის სამდივნოში წარდგენის თაობაზე; 

დ) განიხილავს საქართველოში „პარიზის შეთანხმების“ განხორციელებისთვის „გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩოს“ ფარგლებში გაზომვების, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის უწყებათაშორის ეროვნულ სისტემას და, მოწონების შემთხვევაში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას. „გაძლიერებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ წარმოადგენს კლიმატის ცვლილების ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციის მართვის საერთაშორისო მექანიზმს; 

ე) განიხილავს კონვენციისადმი საქართველოს ეროვნულ შეტყობინებებს, ორწლიურ განახლებულ ან გამჭვირვალობის ანგარიშებს, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესრულებისა და სხვა ანგარიშებს;

ვ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდისთვის (GCF) საქართველოს ეროვნულ პროგრამას, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს ფონდიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით და, მოწონების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს შესაბამისი რეკომენდაციით;

ზ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდში დასაფინანსებლად წარსადგენ პროექტებს და, მოწონების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის მხარდაჭერის რეკომენდაციით;

თ) განიხილავს კლიმატის მწვანე ფონდში (GCF) აკრედიტაციის მიღების მიზნით ეროვნული ორგანიზაცი(ებ)ის წარდგენის საკითხს და, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით;

ი) „პარიზის შეთანხმების“ მე-6 მუხლით განსაზღვრული ემისიებით ვაჭრობაში ჩართვის მოთხოვნით წარდგენილი პროექტებისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრავს, რამდენად უწყობს ხელს წარდგენილი პროექტი ქვეყნის მდგრად განვითარებას, შესაბამისობაშია თუ არა ეროვნულ და/ან სექტორულ პოლიტიკასთან და, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს პროექტის მხარდაჭერის რეკომენდაციით;

კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით განიხილავს ინფორმაციას კლიმატის ცვლილების სფეროში პროექტების მიმდინარეობის შესახებ;

ლ) განიხილავს კლიმატის ცვლილების სფეროში მომზადებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებს, მათ შორის, სტრატეგიებს, გეგმებს და, მოწონების შემთხვევაში, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას;

მ) ქმნის და ამტკიცებს სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი სექტორებისა თუ საკითხისათვის, საჭიროების მიხედვით. ასევე ითანხმებს სამუშაო ჯგუფების მიზნებს, საქმიანობებს, მუშაობის განრიგსა და ვადებს;

ნ) ქმნის და ამტკიცებს საკოორდინაციო ჯგუფებს შესაბამისი თემების კოორდინაციისთვის. ასევე ითანხმებს საკოორდინაციო ჯგუფების მიზნებს, საქმიანობებს, მუშაობის განრიგსა და ვადებს;

ო) განიხილავს კლიმატის ცვლილების კოორდინაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;

პ) განიხილავს სამუშაო ჯგუფების ანგარიშებს და, შენიშვნების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფებს აძლევს ვადას ანგარიშების საბჭოსთვის ხელახლა წარსადგენად;

ჟ) სამუშაო ჯგუფების ანგარიშებისა და საკოორდინაციო ჯგუფების წინადადებების საფუძველზე, გასცემს შესაბამის რეკომენდაციას.

2. საბჭოს თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

ბ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე ან დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

3. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

3​1. გადაწყვეტილების დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში. გადაწყვეტილება ეცნობება საბჭოს ყველა წევრს.

4. საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომაზე დასწრება და ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით.

5. საბჭოს სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრი.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 5. საბჭოს ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა

1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის კლიმატის ცვლილების სამმართველო.

3. საბჭოს სამდივნო:

ა) უზრუნველყოფს საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია საბჭოს, საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრების მასალების, ოქმების მომზადებაზე, შეხვედრების მასალების შენახვასა და დაცვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 გ) უზრუნველყოფს სათანადო პირებისათვის მასალების/ გადაწყვეტილებების დროულად მიწოდებასა და სხვა სახის კომუნიკაციის განხორციელებას, დადასტურების პროცედურის სრულად და ეფექტიანად ორგანიზების მიზნით;

დ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის სხდომის დღის წესრიგისა და მასალების გაგზავნას საბჭოს სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ე) საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრისათვის, შესაბამისი უწყებებიდან/მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს;

ვ) საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფების განახლებულ შემადგენლობას;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის თემატიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საბჭოს არაწევრი პირების დასწრებას საბჭოს სხდომაზე,  საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით;

თ) საკოორდინაციო ჯგუფის მოთხოვნით, უზრუნველყოფს ჯგუფის არაწევრი პირების დასწრებას საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

ი) სამუშაო ჯგუფის მოთხოვნით უზრუნველყოფს ჯგუფის არაწევრი პირების დასწრებას სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

კ) ამზადებს და წარუდგენს საბჭოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

ლ) ახორციელებს სამდივნოს ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 6. საბჭოს სხდომების ორგანიზება

1. საბჭოს სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით.

2. საბჭოს სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნითა და წინადადებით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

4. საბჭოს სხდომის ჩატარება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურ ფორმატში.

 5. ურთიერთობა საბჭოს წევრებს შორის, ასევე საბჭოსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის ხორციელდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის, ფოსტის, ტელეფონის, ტელეფაქსის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სამდივნოს მონაწილეობით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 7. საკოორდინაციო ჯგუფი

1. საკოორდინაციო ჯგუფი:

ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის პრიორიტეტებს;

ბ) განიხილავს კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამზადებს რეკომენდაციებს და შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს შესაბამის პროექტებს ან საპროექტო კონცეფციებს;

გ) ახორციელებს კოორდინაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს.

2. მერების შეთანხმების საკოორდინაციო ჯგუფი:

ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის პრიორიტეტებს; 

ბ) ამზადებს რეკომენდაციას „მერების შეთანხმების“ სტრატეგიული მიმართულების შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისათვის;

გ) ითვალისწინებს მცირე ზომის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტულ საკითხებს და განიხილავს კონკრეტული საპროექტო წინადადების ფარგლებში;

დ) განიხილავს და შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს მუნიციპალიტეტების პოტენციური პროექტების პორტფელს;

ე) წელიწადში ერთხელ იწვევს გაფართოებულ სხდომას საბჭოსთან შეთანხმებული საპროექტო წინადადებების წარსადგენად დონორებისთვის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისთვის;

ვ) საჭიროებისამებრ, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის, მიმართავს საბჭოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ;

ზ) წარადგენს წევრებს საბჭოს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში;

თ) ავალებს ჯგუფის წევრებს, 6 თვეში ერთხელ წარადგინონ ინფორმაცია თავიანთ მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატის ცვლილების პროექტების შესახებ, საკოორდინაციო ჯგუფის მიერ დადგენილი წესისა და ფორმატის შესაბამისად.

3. საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა ერთი წლის ვადით, საკოორდინაციო ჯგუფის დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით.

4. საკოორდინაციო ჯგუფის თავმჯდომარე:

ა) განსაზღვრავს საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობის წესს;

ბ) იწვევს და წარმართავს საკოორდინაციო ჯგუფის სხდომებს;

გ) წარუდგენს ანგარიშებს საბჭოს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 8. სამუშაო ჯგუფი

1. სამუშაო ჯგუფი:

ა) ამზადებს შესაბამის სამუშაო გეგმებს ამ დებულებით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე;

ბ) სამუშაო ჯგუფისთვის განსაზღვრული შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური დარგების მიხედვით ამუშავებს საკითხს და სამოქმედო გეგმას  საბჭოს დავალებით;

გ) მიმართავს საბჭოს სამდივნოს დავალებით, შესაბამისი სფეროს ექსპერტებისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლების მიწვევასთან დაკავშირებით, კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად;

დ) ამზადებს ანგარიშებს საბჭოსთვის წარსადგენად.

2. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, საკუთარი ანგარიში საბჭოსთვის წარსადგენად შეიმუშაოს საბჭოს მიერ დავალების გაცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს საბჭოს და განსაზღვროს ანგარიშის წარდგენისთვის საჭირო ვადა.

3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა სამუშაო ჯგუფის დამსწრეთა უმრავლესობით.

4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე:

ა) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესს;

ბ) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;

გ) წარუდგენს ანგარიშებს საბჭოს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

მუხლი 9. საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზება

1. საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრას იწვევს შესაბამისი ჯგუფის თავმჯდომარე.

2. სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება 6 თვეში ერთხელ ან საბჭოს მიერ მიცემული დავალების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე.

3. საკოორდინაციო და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს მიმართ წინადადებით.

4. საკოორდინაციო ჯგუფისა და სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შეხვედრების ჩატარება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ისე ვირტუალურ ფორმატში.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „კლიმატის ცვლილების საბჭოს შექმნის შესახებ“, №54, 23.01.2020, სარეგისტრაციო კოდი 480570000.10.003.021764 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4780380-2/