ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.02.2020 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№17/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.016433
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №17/04

2020 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №38/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
 

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №38/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.
 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №38/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
+



 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი

 

 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №38/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია  ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ გამოიყენოს სხვადასხვა სახის სანქცია, მათ შორის, დააკისროს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალმა:

ა) დაარღვია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ან/და არ შეასრულა წერილობითი მითითებები ან/და მოთხოვნები;

ბ) დაარღვია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, წერილობითი მითითებებით და შემოწმების შედეგად განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომში – ფინანსური მონიტორინგის სამსახური) მითითებები.

3.  ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

4. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისათვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

5. ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

6. ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

8. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმება პირს არ ათავისუფლებს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან.


+
მუხლი 2. ფულადი ჯარიმების ოდენობები
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  შემთხვევებში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოიყენოს ფულადი ჯარიმები შემდეგი ოდენობებით:

ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება 2,000 (ორი ათასი) ლარით, თუ პუნქტის/ფილიალის მიერ დაირღვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული შემდეგი მოთხოვნები და ვალდებულებები:

ა.ა) მე-3 მუხლით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობები;

ა.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და 7​1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომხმარებელთა ინფორმირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

ა.გ) მე-8 მუხლით განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებები;

ა.დ) წესით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

ბ) ეროვნული ბანკის მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“ ან/და „ა.დ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოთხოვნების/ვალდებულებების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მრავალჯერადად დარღვევის შემთხვევაში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის  მიერ კვარტალური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი ფორმით წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით;

დ) ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების/მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის თითოეულ შემთხვევაში – 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით. ვალუტის გადამცვლელ პუნქტთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული  ნებისმიერი სახის დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დადგენილ ვადებში ეროვნულ ბანკში განმეორებით წარუდგენლობის ან/და არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის ან/და წერილობითი მითითების/მოთხოვნის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის  ოდენობით.

2. (ამოღებულია - 19.03.21 №38/04).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №38/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.


+
მუხლი 3. ფულადი ჯარიმები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, წერილობითი მითითებების, შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობისათვის
1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების, ეროვნული ბანკის შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად განსაზღვრული მოთხოვნების, წერილობითი მითითებების, ან/და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შეუსრულებლობით გამოწვეული დარღვევები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) განსაკუთრებით მძიმე დარღვევები;

ბ) მძიმე დარღვევები;

გ) ნაკლებად მძიმე დარღვევები.

2. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) დადგენილ ვადებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ (შემდეგში – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ ყადაღასთან მიმართებაში;

ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის  მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენას და პირების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ ან/და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში) არქონის ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების  შემთხვევაში  – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების პროცესში, ეროვნული ბანკისთვის მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების ვადის დასრულებამდე წარუდგენლობა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის;

ზ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

თ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

ი) ადგილზე შემოწმების შედეგად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის ფაქტზე;

კ) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობა – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ლ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების  ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაუცემლობა გამოიწვევს დაჯარიმებას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3. მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ბ) პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის კლიენტს არ აქვს რისკი მინიჭებული – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

დ) რისკის შესაბამისად, აგრეთვე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში,  კლიენტის/ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან მიმართებაში) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ვ) კლიენტისათვის რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ზ) კლიენტთან მიმართებაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი არ ახორციელებს, კანონმდებლობის შესაბამისად, გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

თ) კლიენტის საქმიანობის არსის ან/და საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის დაუდგენლობა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

ი) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს არ აქვს შემუშავებული შიდა კონტროლთან დაკავშირებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ან მის მიერ შემუშავებული/დანერგილი პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს  – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

კ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ლ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის,  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის  მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

მ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტითა ან/და მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გაგზავნისას  ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად  წარდგენა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ არასწორად წარდგენილ ანგარიშგებასთან მიმართებაში;

ნ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული  დოკუმენტების/ინფორმაციის არასწორად წარდგენის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა მხარეთა შორის შემოწმების პერიოდში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული  ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადის გადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში;

პ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესით  გათვალისწინებული ანგარიშგების ერთი ფორმით ორი ან მეტი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების (გარდა საეჭვო ოპერაციების/გარიგებების) შესახებ ინფორმაციის წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ანგარიშგებას დაქვემდებარებულ თითოეულ ოპერაციაზე (გარიგებაზე);

ჟ) დირექტორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს  ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შესაბამისობის კონტროლის სისტემის დანერგვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, დაჯარიმდება – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ნაკლებად მძიმე დარღვევებს მიეკუთვნება შემდეგი დარღვევები და იწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა)  ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების  დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ა.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ა.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) პირების (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის, იდენტიფიკაციისა ან/და ვერიფიკაციის, მის მიერ განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღრიცხვისათვის ან/და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი)  ლარის  ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი ვადის დაუცველად წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

გ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ე) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარმოდგენის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების (გარდა, შემოწმების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა) არასწორად ან/და არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 

5. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევებს ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭება სისტემატური დარღვევის სტატუსი და გამოიწვევს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაჯარიმებას შემდეგი ოდენობით:

ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების  ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარმოუდგენლობა, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით  წარმოუდგენელ ანგარიშგებაზე;

ბ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის 30 დღემდე დაგვიანებით წარმოდგენა, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ დაგვიანებით წარმოდგენილ ანგარიშგებაზე;

გ) დისტანციური შემოწმების/ზედამხედველობის შედეგად წერილობით განსაზღვრული  მოთხოვნების  დადგენილ ვადაში განმეორებით შეუსრულებლობა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

დ) ადგილზე შემოწმების შედეგად ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში განმეორებით შეუსრულებლობა – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეული შეუსრულებელი მოთხოვნის გამოვლენის ფაქტზე;

ე) კლიენტის ან/და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის აღურიცხაობის ფაქტის განმეორება, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უკვე იყო დაჯარიმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ვ) კლიენტის მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე განმეორებით იმავე პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ზ) განმეორებით იმავე კლიენტის (ან/და კლიენტის სახელით მოქმედი პირის)  იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის შემთხვევაში, თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ამ პირთან მიმართებაში უკვე დაჯარიმებული იყო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

6. თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანქცია, ან/და გარკვეული დარღვევა/დარღვევები ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმოს – 100 000 (ასი ათასი) ლარის  ოდენობით ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 19 მარტის ბრძანება №38/04 - ვებგვერდი, 22.03.2021წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“, №17/04, 05.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016433 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4790348-1/