საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.02.2020 ბოლო ცვლილება 16.12.2020
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016302
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2020 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ

+
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის, მე-18 მუხლის 1​​1 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე  მუხლების შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“ და მის ბაზაზე დაფუძნდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი“ (შემდგომში ა(ა)იპ – „საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი“).

2. დამტკიცდეს ა(ა)იპ – „საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ წესდება თანდართული რედაქციით.

3. ა(ა)იპ – ,,საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი“ ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ უფლებამონაცვლედ.

4. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მიზნებისათვის:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორმა (ა. დავითაია)  2020 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ   ა(ა)იპ  „საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ წესდების შესაბამისად უზრუნველყოს ა(ა)იპ „საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის არჩევა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირება.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადაეცეს ა(ა)იპ – ,,საინფორმაციო - ანალიტიკურ ცენტრს“.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილება.

7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

8. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

+
მუხლი 2
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6   პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 აპრილიდან.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე
+




არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“  წესდება

 მუხლი 1. ცენტრის  წესდების რეგულირების სფერო

ეს წესდება განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“  სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და უფლება-მოვალეობებს და ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მუხლი 2. ცენტრის სტატუსი

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი).

2. ცენტრის სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

3. ცენტრის დამფუძნებელია სახელმწიფო, რომელსაც  წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში - მთავრობა).

4. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით და ამ წესდებით.

5. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მიხეილ თამარაშვილის ქ. № 15ა.

7. ცენტრს აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები, ოფიციალური ვებგვერდი და ოფიციალური ელექტრონული ფოსტა: http://aiscentr@hotmail.com.

 

მუხლი 3. ცენტრის მიზანი

ცენტრის მიზანია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნების პროცესში ჩართულობა და ხელშეწყობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების საინფორმაციო უზრუნველყოფა;

გ) აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციის სისტემატიზაცია, არსებული და შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა.

 

მუხლი 4. ცენტრის ფუნქციები

ცენტრის ფუნქციებია:

ა) აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მომუშავე კონფლიქტოლოგთა, პოლიტიკურ მიმომხილველთა, ექსპერტთა მონაწილეობითა და საზოგადოების ჩართულობით საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების ორგანიზება ან/და ჩატარება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის განვითარების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და,  სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებების შემუშავება. საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ იურიდიულ პირებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ტელე-რადიო და ელექტრონული ინფორმაციების მოპოვება, დამუშავება, შექმნა და გავრცელება ინტერნეტით, სოციალური ქსელებით ან/და მედიის (მასმედიის) საშუალებებში;

გ) აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით მასმედიით გავრცელებული და ცენტრის საკომუნიკაციო არხებით მიღებული ინფორმაციის აკუმულირება,  კვლევა, ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ტენდენციების და/ან პრობლემური თემების გამოკვეთა, შესწავლა, შეფასება, პროგნოზირება, მათზე რეკომენდაციების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება ცენტრის მიზნების მიღწევას.

 

მუხლი 5. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობა.

2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მის მიერ უფლებამოსილი პირი.

 

მუხლი 6. ცენტრის უმაღლესი მმართველობის ორგანო

1. ცენტრის უმაღლესი მმართველობის ორგანოა მთავრობა, რომელიც ასრულებს ცენტრის მაკონტროლებლის ფუნქციას.

2. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო (შემდეგში – სამეთვალყურეო საბჭო), რომლის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც, იმავდროულად, არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

3. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მუდმივი და არამუდმივი წევრებით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არაუმეტეს 7 (შვიდი) წევრისაგან.

4. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების როტაცია ხდება ორ წელიწადში ერთხელ.

5. სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრების შემადგენლობაში, გარდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა, შედიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

6. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების შემადგენლობაში შედის არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული  არაუმეტეს 4 (ოთხი) წარმომადგენელი,  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

7. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრები შეირჩევიან არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პირებისაგან. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები, კანდიდატის წერილობითი თანხმობა. ზემოთ აღნიშნული  ორგანიზაციების საქმიანობის  ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა, დევნილთა უფლებების დაცვა,  ჟურნალისტიკური ან/და ანალიტიკური საქმიანობა. დოკუმენტები მთავრობის აპარატში წარდგენილ უნდა იქნეს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. იმ კანდიდატთა სია, რომლებიც წარდგენილი არიან ამ პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამავე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად, მთავრობის აპარატის მიერ წარედგინება მთავრობას განსახილველად. მთავრობა უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს მთავრობისათვის ცენტრის განვითარების კონცეფციის წარდგენა. მთავრობა უფლებამოსილია, მისთვის კანდიდატთა სიისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან, მთავრობის პირველივე სხდომაზე შექმნას სამეთვალყურეო საბჭო. თუ სამეთვალყურეო საბჭო ვერ იქნა შექმნილი ხმების თანაბრად გაყოფის გამო, მაშინ გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს მთავრობის თავმჯდომარე. თუ სამეთვალყურეო საბჭო  ვერ შეიქმნა, მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს 10 დღის ვადაში მთავრობის სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატების ხელახალ წარდგენას ამ პუნქტით დადგენილი წესით.

8. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, ან გარდაცვლილად გამოაცხადებს, ან თუ 1 კალენდარული წლის განმავლობაში ის ზედიზედ 2-ჯერ არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და არ განახორციელებს თავის უფლებამოსილებას, ან თუ მისი ქმედება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტს ამ დებულებით დადგენილი ნორმების მიმართ, ან თუ მას სამეთვალყურეო საბჭოს 2/3 გამოუცხადებს უნდობლობას, ან თუ ის საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ან თუ გარდაიცვლება, მთავრობა პირველსავე სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის დაყენების უფლება აგრეთვე აქვთ სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის მიმართ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატორმა შესაბამისი მტკიცებულებით უნდა დაასაბუთოს მის მიერ წარდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი. ერთი ფაქტის საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.

9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

10. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა იმართება საჭიროებისდა მიხედვით, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ.

11. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ან  სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ინიციატივით.

12. სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. სამეთვალ;ყურეო საბჭოს სხდომის დროს იწარმოება სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და მას ხელს აწერენ სხდომის მონაწილე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

13. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან რიგ საკითხებზე სამსჯელოდ მოიწვიონ სხვა ორგანიზაციების/დაწესებულების წარმომადგენლები, დამსწრეების სტატუსით, მათთვის კენჭისყრის პროცესში ხმის მიცემის უფლების გარეშე.

14. სამეთვალყურეო საბჭო მთავრობასთან შეთანხმებით:

ა) განსაზღვრავს ცენტრის ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ბ) ამტკიცებს ცენტრის სამოქმედო გეგმებს;

გ) ისმენს ფინანსური და სხვა სახის ანგარიშებს;

დ) უფლებამოსილია მოითხოვოს გეგმური და სპეციალური გარე აუდიტი ან შეფასება ცენტრის საქმიანობის თაობაზე;

ე) იხილავს ბიუჯეტის ათვისებისა და საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 9 მარტის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 11.03.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 27 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 30.03.2020 წ.
 
მუხლი 7. დირექტორი

დირექტორი:

ა) წარმოადგენს ცენტრს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და დავალებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ცენტრის საქმიანობას ეხება;

გ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და ახორციელებს ცენტრის საერთო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას;

დ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ე) შეიმუშავებს ცენტრის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობას;

ვ) ახორციელებს ცენტრის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;

ზ) ხსნის და ხურავს ცენტრის საბანკო ანგარიშებს;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებებს, ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;

ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;

კ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; 

ლ) ცენტრის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და პასუხისმგებლობის ზომებს;

მ) მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ნ) ასრულებს ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 8. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს:

ა.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ტელე-რადიო და ელექტრონული ინფორმაციების მოპოვება, დამუშავება, შექმნა და გავრცელება ინტერნეტით, სოციალური ქსელებით ან/და მედიის (მასმედიის) საშუალებებში;

ა.ბ) მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მიწოდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული მედიის საშუალებებისთვის;

ა.გ) საქართველოსა და უცხოეთის მედიის საშუალებებისათვის აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ხელშეწყობა;

ბ) ანალიტიკური უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს:  

ბ.ა) აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით მასმედიით გავრცელებული და ცენტრის საკომუნიკაციო არხებით მიღებული ინფორმაციის აკუმულირება,  კვლევა, ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ტენდენციების და/ან პრობლემური თემების გამოკვეთა, შესწავლა, შეფასება, პროგნოზირება, მათზე რეკომენდაციების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა;

ბ.ბ) კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და,  სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებების შემუშავება;

გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს:

გ.ა) აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მომუშავე კონფლიქტოლოგთა, პოლიტიკურ მიმომხილველთა, ექსპერტთა მონაწილეობითა და საზოგადოების ჩართულობით საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების ორგანიზება ან/და ჩატარება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის განვითარების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა;

გ.ბ) საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ იურიდიულ პირებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

2. ცენტრის საშტატო რიცხოვნებას განსაზღვრავს დირექტორი, მთავრობასთან შეთანხმებით.

3. ცენტრის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

 

მუხლი 9. ცენტრის ბიუჯეტი

1. ცენტრის ბიუჯეტს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

2. დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია მთავრობის თანხმობა.

 

მუხლი 10. ცენტრის დაფინანსება

ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი;

ბ) გრანტების, ნებაყოფლობითი დონაციების/შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

 

მუხლი 11. ცენტრის ქონება

ცენტრის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

 

მუხლი 12. ცენტრის ქონების განკარგვა

1. ცენტრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

2. ცენტრის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დატვირთვა ან დროებით სარგებლობაში გაცემა საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

 

მუხლი 13. ცენტრის ფინანსური ანგარიშგება

ცენტრის ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

 

მუხლი 14. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

2. ცენტრის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი.

 

მუხლი 15. ცენტრის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფლებამოსილება

ცენტრის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ ლიკვიდაციისა და მის ბაზაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის“ დაფუძნების შესახებ“, №6, 27.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016302 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4809643-2/