სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.07.2020 ბოლო ცვლილება 12.03.2026
ნომერი
№578
სარეგისტრაციო კოდი
010320030.22.027.017072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №578

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და პენიტენციური კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №979 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.


1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №979 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან, მორიგი უფროსი სპეციალური წოდება მიენიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც მორიგი უფროსი სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშვათ 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე. 
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან, მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭოს სამსახურის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, თუ მათ სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშვათ 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე.

3​​1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა/სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, კომპეტენციის ფარგლებში, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან:

ა) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც, როგორც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება შეუწყდათ 2015 წლის 1 ივლისიდან და 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მსახურობენ სამსახურის სისტემაში;

ბ) შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში ან სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში დაინიშნენ 2015 წლის 1 ივლისის შემდგომ, დანიშვნამდე მათ მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მსახურობენ სამსახურის სისტემაში;

გ) პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში/სამსახურის სისტემაში დაინიშნენ 2015 წლის 1 ივლისის შემდგომ, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მსახურობენ სამსახურის სისტემაში და არ აქვთ მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №979 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

3​​2. ამ ბრძანების 3​​1 პუნქტის მოქმედება ასევე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სამსახურის იმ ყოფილ მოსამსახურეებზე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა), რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში/სამსახურში და სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლებით არ სარგებლობდნენ 2015 წლის 1 ივლისიდან და 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ მუშაობენ სამსახურის სისტემაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, სპეციალური წოდება მიენიჭებათ/გაუთანაბრდებათ მათი მოთხოვნის საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №979 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

3​​3. ამ ბრძანების 3​​1 და 3​​2 პუნქტებით განსაზღვრული მიზნებისთვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად/გასათანაბრებლად სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში ითვლება 2015 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურსა და სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მუშაობის პერიოდი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №979 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

4. სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით და შესაბამისი თარიღიდან, მორიგი უმცროსი ან საშუალო სპეციალური წოდება მიანიჭოს სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც მორიგი უმცროსი ან საშუალო სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშვათ 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე. 
5. ამ ბრძანების მე-2-მე-4 პუნქტების მოქმედება ასევე ვრცელდება პირველადი სპეციალური წოდების მინიჭებისა და სპეციალურ წოდებათა გათანაბრების შემთხვევებზეც. მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით სამსახურის ვადაში ითვლება 2018 წლის 12 ივლისიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე პერიოდი.
6. დაევალოს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ ბრძანების მე-2-მე-5 პუნქტებში მითითებული თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
+




სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომ – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესს.“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №979 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

 

მუხლი 2. სპეციალური წოდებები

1. სამსახურის სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.

2. სამსახურის მოსამსახურის (შემდგომ – მოსამსახურე) სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.

 

მუხლი 3. სპეციალური წოდების მინიჭება

1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება თანამდებობის, ნამსახურები წლებისა და დამსახურების შესაბამისად.

2. მოსამსახურეს სპეციალური წოდება, მისი არქონის შემთხვევაში, მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

3. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას სამსახურიდან გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, ხოლო თუ მას სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიენიჭა წოდება სხვა სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, მოხდება წოდებათა გათანაბრება.

4. მოსამსახურეს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამსახურეს უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი), ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

5. სამსახურის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

5​​1. მოსამსახურეს შესაძლოა ვადამდე მიენიჭოს საშუალო და უფროსი სპეციალური წოდება. მოსამსახურეს სპეციალურ წოდებას ვადამდე ანიჭებს მინისტრი.

6. სამსახურში უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს.

7. მოსამსახურეს თანამდებობაზე დანიშვნისას, სპეციალური წოდება ენიჭება მისთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად. თუ მას აქვს სპეციალური წოდება, ხდება ამ სპეციალურ წოდებასთან გათანაბრება, ხოლო წოდების არქონის შემთხვევაში, მას მიენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება - „იუსტიციის რიგითი“.

8. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ ენიჭება გამოსაცდელი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

9. უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე იმ მოსამსახურეს, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადის გარეშე, მაგრამ არა მოვალეობის შემსრულებლად, საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ ენიჭება თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ მისი თანამდებობისათვის ზღვრულ სპეციალურ სახელმწიფო წოდებად დადგენილია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდება.

10. მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრი/სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება – „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი“ მიანიჭოს გამოსაცდელი ვადისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.

11. ბრძანების (გარდა სამსახურის გენერალური დირექტორისათვის სპეციალური წოდების მინიჭების ბრძანებისა) პროექტებს მოსამსახურეთათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების, მათ შორის, სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების, თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №1) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერებით.

12. წარდგინებას (გარდა სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილისათვის სპეციალური წოდების მინიჭებასთან (მათ შორის, ვადამდე მინიჭებასთან) დაკავშირებული წარდგინებისა) ავსებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო და მინისტრის ბრძანების პროექტის შემთხვევაში ეგზავნება სამინისტროს. სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილისათვის სპეციალური წოდების მინიჭებასთან (მათ შორის, ვადამდე მინიჭებასთან) დაკავშირებით წარდგინებას ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. წარდგინებას ხელს აწერს:

ა) სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ წარდგინება ეგზავნება სამინისტროს;

ბ) სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარსადგენი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს მის საკურატორო ქვედანაყოფში;

გ) სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარსადგენი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დეპარტამენტში/დაწესებულებაში.

13. სამსახურის გენერალური დირექტორისათვის სპეციალური წოდების მინიჭების (მათ შორის, ვადამდე მინიჭების) თაობაზე მინისტრის ბრძანების პროექტს თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – ინფორმაცია (დანართი №2), რომელსაც ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

14. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან/და დისციპლინური წარმოება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან დისციპლინური წარმოების დასრულებამდე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 9 თებერვლის ბრძანება №809 - ვებგვერდი, 10.02.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 25 იანვრის ბრძანება №979 - ვებგვერდი, 26.01.2024წ.

 

მუხლი 4. სპეციალურ წოდებათა მინიჭების თანმიმდევრობა

1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება თანამიმდევრობით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისათვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევებისა.

2. მოსამსახურეს მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭება მისთვის მინიჭებული სპეციალური წოდების, წოდებით სამსახურის ვადისა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია. სამსახურის შეწყვეტის შემდეგ, სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი“ ან „თადარიგის“.

4. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ წესის №3 დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 5. სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადები

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდებით სამსახურის:

ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;

ა.ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;

ა.გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;

ა.დ) კაპიტანი – 3 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდებით სამსახურის:

ბ.ა) მაიორი – 4 წელი;

ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;

ბ.გ) პოლკოვნიკი – 5 წელი.

2. უმცროს და მორიგ უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.

 

მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

მოსამსახურეს წახალისების წესით სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის;

ბ) ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის;

გ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.

 

მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.

 

მუხლი 8. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების წესი

1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, გამოყენების უფლება აქვს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

2. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელიც ჩამოქვეითდა სპეციალურ წოდებაში, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამოქვეითების დღიდან.

 

მუხლი 9. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი

ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სპეციალური წოდებების თანმიმდევრობით და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.

 

მუხლი 10. სოციალური გარანტიები

სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული წოდებრივი სარგო, აგრეთვე, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №578, 09.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.017072 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4921130-4/