ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.07.2020 ძალადაკარგული 15.05.2022
ნომერი
№582
სარეგისტრაციო კოდი
070010010.22.027.017076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №582

2020 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45​​3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
ეს ბრძანება  განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) საქმიანობის ადმინისტრირების, მათ შორის,  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზოგიერთ მომსახურებათა/ქმედებათა განხორციელების და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ დროებით წესებს.

 

+
მუხლი 2
1. აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეცეს უფლება, მიიღოს/დაარეგისტრიროს და დაიწყოს სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის დედნის გარეშეც, რომელიც წარდგენილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. სააღსრულებო ფურცლის სიყალბის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი,  ეკისრება მის წარმდგენ პირს.

2. კრედიტორს/განმცხადებელს მიეცეს უფლება, სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტები და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინოს მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან/და info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3. ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის წარდგენისას პირის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მიწოდებულ იქნეს კრედიტორის ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეებზე – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტიც. საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებლის მიერ გადამოწმდება ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორე და კრედიტორისადმი კუთვნილება.

4. მოვალისთვის გაგზავნილ პირველივე შეტყობინებაში მიეთითება, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია კრედიტორის მიერ წარდგენილი ასლის საფუძველზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის ასლი არ შეესაბამება დედანს, აღმასრულებელი ვალდებულია, შეწყვიტოს დაწყებული სააღსრულებო წარმოება და მასალები გადააგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

6.  (ამოღებულია - 25.10.2021, №774).

7. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტებისა და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, აგრეთვე ნებისმიერი წარმოების (მათ შორის, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული წარმოება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სხვ.) ფარგლებში დოკუმენტაციის დედნის სახით მატერიალურად წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს  დაზღვეული ფოსტის გამოყენებითაც. ამ შემთხვევაში პირის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მიწოდებულ იქნეს კრედიტორის/განმცხადებლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (რომლის მეშვეობით განხორციელდება შემდგომი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღება/გაცემა), პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ სააღსრულებო საქმეებსა და გამარტივებული წარმოების საქმეებზე ასევე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში, გადამოწმდება ინფორმაციის სისწორე და კრედიტორისადმი/განმცხადებლისადმი კუთვნილება.

8. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ სააღსრულებო ფურცელს/აღსრულების ქვემდებარე აქტს წარდგენისას არ ახლავს განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი რეკვიზიტები, აღმასრულებელი უფლებამოსილია არ დაიწყოს აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, აღმასრულებელი არ არის ვალდებული, განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღსრულების დაწყების შეუძლებლობის შესახებ. თუ განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია წარდგენილი იქნა ნაწილობრივ, აღმასრულებელი ვალდებულია, მიიღოს ზომები განმცხადებლისთვის ამ საშუალებებით დაკავშირებისთვის და ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

9. ნებისმიერი წარმოების (მათ შორის, სააღსრულებო წარმოება, გამარტივებული წარმოება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და სხვ.) ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საბანკო დაწესებულებებს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდეს ელექტრონულად ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (მოქალაქის პორტალის my.gov.ge ან info@nbe.gov.ge ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №774 - ვებგვერდი, 26.10.2021 წ.
 

+
მუხლი 3
1. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოებას იწყებს მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის სიყალბის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.

2. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით კერძო აღმასრულებელთან ხელშეკრულების დადება, აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტებისა და ამავე კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც, კერძო აღმასრულებლის ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3. სააღსრულებო წარმოების დაწყების მიზნით დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენისას, აუცილებელია მიწოდებულ იქნეს კრედიტორის ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში, კერძო აღმასრულებლის მიერ გადამოწმდება ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორე და კრედიტორისადმი კუთვნილება.

4. კერძო აღმასრულებელსა და სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირს/განმცხადებელს შორის სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა ასევე განხორციელდეს ელექტრონულად, ამავე პირის მიერ მითითებული ელექტრონული მისამართის მიხედვით (კერძო აღმასრულებლის ელექტრონული ფოსტის საშუალებით).

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ სააღსრულებო ფურცელს/აღსრულების ქვემდებარე აქტს წარდგენისას არ ახლავს განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი რეკვიზიტები, კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია არ დაიწყოს აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, კერძო აღმასრულებელი არ არის ვალდებული, განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღსრულების დაწყების შეუძლებლობის შესახებ. თუ განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაცია წარდგენილი იქნა ნაწილობრივ, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია, მიიღოს ზომები განმცხადებლისთვის ამ საშუალებებით დაკავშირებისთვის და ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

6. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის ასლი არ შეესაბამება დედანს, კერძო აღმასრულებელი ვალდებულია შეწყვიტოს დაწყებული სააღსრულებო წარმოება და მასალები გადააგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №774 - ვებგვერდი, 26.10.2021 წ.
 

+
მუხლი 4
1. ამ ბრძანების, აგრეთვე „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის №515 ბრძანების მიხედვით ელექტრონულად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას, კრედიტორი ვალდებულია, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აღმასრულებელს/კერძო აღმასრულებელს წარუდგინოს სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტისა და თანდართული დოკუმენტაციის დედანი. თუ კრედიტორი აღმასრულებლის/კერძო აღმასრულებლის გაფრთხილების მიუხედავად არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, სააღსრულებო წარმოება შეწყდება.

2. კრედიტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისიწინებული ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის, ასევე სააღსრულებო წარმოების აღსრულებით დასრულების შემთხვევაში.

3. ამ ბრძანებით დადგენილი წესით დაწყებულ სააღსრულებო წარმოებებზე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობისას, კრედიტორს დაუბრუნდება მის მიერ ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცელი/აღსრულების ქვემდებარე აქტი.

 

+
მუხლი 5. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №812 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.

 


+
მუხლი 6. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №812 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.

 


+
მუხლი 7. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №812 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.

 


+
მუხლი 8. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №665 - ვებგვერდი, 16.12.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 თებერვლის ბრძანება №684 - ვებგვერდი, 10.02.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 1 მარტის ბრძანება №812 - ვებგვერდი, 01.03.2022 წ.

+
მუხლი 8​1
აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეცეს უფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებისას მოვალის ინფორმირება მოახდინოს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე სააღსრულებო მოქმედებები განხორციელდეს მოვალის ინფორმირებისთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №611 - ვებგვერდი, 17.09.2020 წ.
 

+
მუხლი 9
ეს ბრძანება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მოქმედების ვადით. 

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“, №582, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 070010010.22.027.017076 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4926185-5/