სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
დებულება
ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, აგრეთვე ამ პროცესში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაცხოვრებელი ფართობი – შენობის ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად;
ბ) დევნილი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დევნილის სტატუსის მქონე პირი;
გ) დევნილი ოჯახი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახი;
დ) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ვ) იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი – საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, რომლითაც სარგებლობა არ არის დამოკიდებული სხვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით სარგებლობაზე;
ზ) მრავალბინიანი სახლი – სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან);
თ) საბინაო ფონდი – ფართობების ერთობლიობა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს სამსახურებრივი სარგებლობის ფართობის სტატუსი;
ი) საცხოვრებელი ფართობი – შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად;
კ) ფლობა (მფლობელობა) – საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე ფაქტობრივი ბატონობა.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
ამ დებულებით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემას ექვემდებარება:
ა) მრავალბინიან სახლში არსებული იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, რომელიც არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში;
ბ) იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (მის მიერ დაკავებული შენობის გაშენების ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად), რომელიც არ წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ნაწილს და არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
1. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს:
ა) საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), რომელიც მას ფაქტობრივად ფლობს (სარგებლობს);
ბ) ფიზიკურ პირს (მათ შორის, დევნილს/დევნილ ოჯახს), თუ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება მასთან გაფორმებული კონტრაქტის ან სხვა სამართლებრივ საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საკუთრებაში არ გადაეცემა ამ დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), თუ:
ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში ერთხელ მაინც გადაეცა უსასყიდლოდ ან/და სიმბოლურ ფასად (1000 ლარამდე);
ბ) როგორც დევნილი/დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით;
გ) საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართი.
3. ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში არ გადაეცემა:
ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს;
ბ) თუ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სამხედრო დანიშნულებით ან/და მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.
4. ამ დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) შესაბამისი პირისათვის (მათ შორის, დევნილისათვის/დევნილი ოჯახისათვის) საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს სახელმწიფოს ან/და სამინისტროს მიერ მის მიმართ აღებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების (მათ შორის, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის) შესრულებას. შესაბამისად, ამ პირის (მათ შორის, დევნილის/დევნილი ოჯახის) მიმართ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
1. სამინისტრო საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადასცემს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (გარდა დევნილისა/დევნილი ოჯახისა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (გარდა დევნილისა/დევნილი ოჯახისა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან დაერთვება დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.
2. თუ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა ერთზე მეტ პირს, სამინისტროს წარედგინება განცხადება, რომელშიც გამოხატული უნდა იქნეს შესაბამისი საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიღების მსურველი ყველა პირის ნება ამ ფართობის თანასაკუთრებაში მიღებაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი წერილობით განცხადებასთან ერთად სამინისტროს წარუდგენს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ბ) მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლს, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას) საფუძველზე;
გ) მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) ან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი კანონიერად ფლობს (სარგებლობს) საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) არანაკლებ სამი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობა (სარგებლობა);
ე) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე სანივთო უფლების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ;
ვ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს, თუ ეს ფართობი მდებარეობს იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;
ზ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს და იმ შენობა-ნაგებობის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, სადაც ეს ფართობი მდებარეობს, თუ ეს შენობა-ნაგებობა რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში;
თ) საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, თუ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობთან ერთად გადასაცემი შესაბამისი მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში.
4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ შენობაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემა დაიშვება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, პირს შეიძლება გადაეცეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემზღუდველი პირობების გაუთვალისწინებლად.
6. საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადებას განიხილავს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. კომისია უფლებამოსილია:
ა) საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მიიწვიოს დაინტერესებული პირი;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც სამინისტროში არ აქვს წარდგენილი განცხადება საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) თანასაკუთრებაში მიღებაზე, განუსაზღვროს ვადა ამ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) მისთვის თანასაკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით განცხადების სამინისტროში წარდგენის მიზნით.
8. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) უფლებამოსილი პირისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუ ამ პირის მიერ სრულყოფილად არის წარდგენილი ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია; საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას ამ დადგენილების მიხედვით; არ მიმდინარეობს დავა ამ ფართობზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტში არ არის მითითებული ამ ფართობზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია;
ბ) განმცხადებლისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ ვერ კმაყოფილდება საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
1. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი 1).
2. საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
3. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების უფლებას არეგისტრირებს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიმღები პირის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს თანხმობით, საკუთრებაში გადასცემს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს – დევნილს/დევნილ ოჯახს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
1. მრავალბინიანი სახლის საერთო ქონებაზე, რომელიც არ განეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ იზოლირებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, საკუთრების უფლების მოპოვება რეგულირდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, გასცეს თანხმობა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების განკარგვაზე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მარტის დადგენილება №125 – ვებგვერდი, 29.03.2021წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“, №445, 17.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 040110040.10.003.022162 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4929053-1/