,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.02.2009 ძალადაკარგული 28.12.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 20/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №26

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილება.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება №26 - სსმ III, №14, 05.02.2010წ., მუხ.157

2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №166 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1085

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება.

2. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მისი შესრულების კონტროლს.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

5. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში საქართველოს ხაზინაში, ემბლემა და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: 0159, ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6.

    მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს მმართველობის სფეროა აგროსასურსათო, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის, კომპეტენციის ფარგლებში მცენარეთა დაცვის, მეცხოველეობის, აგროსაინჟინრო და ვეტერინარიის დარგები.

2. სამინისტროს ამოცანებია:

ა) ქვეყანაში აგრარული რეფორმების განხორციელება ეროვნული ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;

ბ) ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოებისათვის ხელშეწყობა;

გ) აგროსასურსათო სექტორში (შემდგომში – სექტორი) შემოსავლების ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;

დ) მწარმოებელთა და მომხმარებელთა ინტერესების ჰარმონიზაციისათვის ხელშეწყობა;

ე) სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა და ბიოაგროწარმოებისათვის ხელშეწყობა;

ვ) საექსპორტო პოტენციალის გამოყენების, საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების მოპოვებისა და განმტკიცებისათვის ხელშეწყობა;

ზ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციაში საერთაშორისო გამოცდილების გავრცელებისათვის ხელშეწყობა;

თ) სექტორის სტრატეგიის შემუშავება;

ი) სექტორის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ლ) სექტორში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა;

მ) ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ნ) სექტორში საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობა, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო პროგრამების მართვა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა და სანებართვო-სალიცენზიო პირობების შესრულების ზედამხედველობა;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაზრო ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის ხელშეწყობა;

ჟ) სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;

რ) ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შეფასების სამუშაოთა კოორდინაცია და მონიტორინგი;

ს) დარგების მიხედვით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ტ) სექტორში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

უ) პესტიციდების, აგროქიმიკატების, მცენარეთა და ცხოველთა ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრაცია;

ფ) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ობიექტების შემოღწევისაგან;

ქ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო ზედამხედველობა და აღრიცხვა;

ღ) სამელიორაციო ასოციაციების ჩამოყალიბება და მათი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;

ყ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საჭიროების პროგნოზირება და მათი გამოყენებისათვის ხელშეწყობა;

შ) მეცხოველეობის საქმიანობის კოორდინაცია;

 ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 3. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი

სამინისტროს უფლება-მოვალეობანია:

ა) კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამინისტროებისა და უწყებებისაგან ქვეყნის აგრარული და სასურსათო მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების შესახებ;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, ნორმატიული აქტების, სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშაოს და გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები;

დ) დადგენილი წესით, დაკისრებული ამოცანების გადასაწყვეტად შექმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და სხვადასხვა სახის კომისიები;

ე) გამართოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და სიმპოზიუმები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ვ) დადგენილი წესით მიავლინოს საზღვარგარეთ სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესასწავლად, კონფერენციებსა და სხვა სახის შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

თ) უხელმძღვანელოს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;

ი) საქართველოს მთავრობას პერიოდულად მოახსენოს მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

კ) უზრუნველყოს ურთიერთობა მოსახლეობასთან უშუალოდ ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ლ) უზრუნველყოს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;

ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 4. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი, რომელთაც მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი და კომპეტენციის სფერო განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. მინისტრის დავალებით მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

5. მინისტრის არყოფნისას სამინისტროს საქმიანობას ხელმძღვანელობს მინისტრის პირველი მოადგილე.

    მუხლი 5. მინისტრის უფლება-მოვალეობანი

1. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროს მიკუთვნებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

თ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს;

ი) წარმოადგენს სამინისტროს ან ანიჭებს სამინისტროს თანამშრომლებს საქართველოს სასამართლოებში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;

კ) განსაზღვრავს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობას სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა მართვის სფეროში;

ლ) დადგენილი წესით წარადგენს სამინისტროს მოსამსახურეებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;

მ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია;

ნ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემაში შემავალ მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ო) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;

პ) პასუხს აგებს სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის;

ჟ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარების რაოდენობას;

რ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

ს) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

ტ) ითანხმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის დანიშვნას;

უ) მინისტრი სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

2. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

3. მინისტრი პასუხისმგებელია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №166 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1085

    მუხლი 6. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემაში შედიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ერთიანობა ქმნის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს;

ბ) (ამოღებულია – 23.06.2010, №166 );

გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №166 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1085

    მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკონსულტაციო უზრუნველყოფის ხელშეწყობა; მეცხოველეობის, თევზის მეურნეობის, მემცენარეობის, მეთესლეობის, აგროქიმიის, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და მელიორაციის სფეროებში განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი; სამინისტროს მიერ ნაკისრ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზი და მონიტორინგი; მიწის კონსოლიდაციის, ნიადაგის ხარისხობრივი შეფასების (ნიადაგის ატლასები) და მათი მდგომარეობის თაობაზე ერთიანი ბანკის შექმნა, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ორგანიზება;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა დონორებისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ სექტორში განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; აგრარული სექტორის განვითარების მიზნით შესაბამისი სახსრების მოზიდვა;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას, სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულებას, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენასა და შესრულების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიებისა და საბჭოების სხდომების მომზადებასა და ოქმების შედგენას. დეპარტამენტი ახორციელებს, აგრეთვე, სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავებას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობას, სამეურნეო საქმიანობას, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვებისა და სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებას;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროსათვის ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვაში; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესახებ დასკვნების მომზადება;

ე) იურიდიული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და პარლამენტთან ურთიერთობების კოორდინაცია, იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა, სამინისტროში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამინისტროში კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის წარმართვის უზრუნველყოფა;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;

ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების კონტროლი, საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის მომზადება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და სხვა ორგანიზაციათა წინაშე სავალდებულო ანგარიშგება, სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების ერთიანი მეთოდოლოგიური საფუძვლების უზრუნველყოფა;

თ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი; სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასება და ანალიზი, კრიზისული მდგომარეობის მართვის სისტემის ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 თებერვლის დადგენილება №26 - სსმ III, №14, 05.02.2010წ., მუხ.157

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №166 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1085

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის დადგენილება №166 - სსმ III, №74, 23.06.2010წ., მუხ.1085

    მუხლი 9. სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება

1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს გამგებლობაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.

2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

6. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების რეგისტრაციას საქართველოს მთავრობა ახორციელებს სპეციალურ რეესტრში.

7. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

8. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

9. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

10. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

11. სამინისტროს გამგებლობაშია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.

    მუხლი 10. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;

გ) მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი.

    მუხლი 11. სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ““, №26, 18.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4948-2/