ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.08.2020 ბოლო ცვლილება 01.08.2025
ნომერი
№2-775
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.023.016647
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-775

2020 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის   №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :


+
მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული ,,ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი".

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
+



ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების  ელექტრონული რეესტრის

წარმოების წესი


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით   მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და   „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (ბატარეების და აკუმულატორების) მწარმოებლების (შემდგომში „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს.

2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“).  


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის  მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ  შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი  – ბატარეები და აკუმულატორები (დანართი 5);

ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2022 წლის 1 ივნისის შემდეგ.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და  „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.


+
მუხლი 3. მგვ რეესტრის ადმინისტრირება
1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.

3. მგვ რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.


+
მუხლი 4. მგვ რეესტრის  მონაცემების საჯაროობა
1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება  შემდეგი მონაცემები:

ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;

ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.

2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების  შესახებ არ არის საჯარო.


+
მუხლი 5. მგვ რეესტრში რეგისტრაცია
1.  ყველა მწარმოებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.

2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.

3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია, ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში.

4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება  ვებგვერდზე https://waste.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით.

5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 1-ს.

6. მგვ ორგანიზაცია, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 2-ს.

7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. მწარმოებლის რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება შესაბამისი ამონაწერით (დანართი 6).

8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.


+
მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმება
1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას.

2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

 


+
მუხლი 7. ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ
1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილი უნდა იქნეს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება.

3. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია, დანართი 3-ის შესაბამისად, წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში.

4. იმ შემთხვევაში, თუ  თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.


+
მუხლი 8. მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის  ცვლილება /განახლება
1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია.

2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება.

3. (ამოღებულია - 31.05.2022, №2-384).

4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის თარიღი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №2-775, 31.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.023.016647 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4978838-2/