საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2020 ბოლო ცვლილება 31.07.2025
ნომერი
№01-119/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016810
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-119/ნ

2020 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

 


+
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის თანდართული დებულება.

2. სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.

3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2021 წლის 1 მაისამდე დაწესდეს გარდამავალი პერიოდი (შემდგომში − გარდამავალი პერიოდი). სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურს მიეცეს უფლება, გარდამავალ პერიოდში, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე, ისარგებლოს სამინიტროს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა. ასევე, სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური მარაგის ამოწურვამდე უფლებამოსილია გამოიყენოს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სააღსრულებო ფურცელი, სათანადო ფორმით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 14 იანვრის ბრძანება №01-6/ნ - ვებგვერდი, 15.01.2021წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 16 აპრილის ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 19.04.2021წ.

3​​1. სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურს მიეცეს უფლება თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, ისარგებლოს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდით, ვიდრე არ ექნება საკუთარი ვებგვერდით სარგებლობის შესაძლებლობა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-71/ნ - ვებგვერდი, 11.08.2021წ.

4. ბრძანება, გარდა ბრძანების მე-2 პუნქტისა და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების მე-2 პუნქტი და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
+




საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) არის „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახურს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა, - საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სამსახურის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, შესაძლოა ჰქონდეს ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0186, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 4 მაისის ბრძანება №01-37/ნ - ვებგვერდი, 05.05.2022წ.

 

მუხლი 2. სამსახურის მიზნები და  პრინციპები

1. სამსახურის მიზანია შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, რის მისაღწევადაც იგი იყენებს  შემდეგ მექანიზმებს:

ა) შრომითი ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, ახდენს დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებას შრომითი კანონმდებლობის შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ) საინფორმაციო კამპანიებისა და სხვა ქმედითი ღონისძიებების განხორციელებით ზრუნავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე;

გ) იღებს და იხილავს შრომითი ნორმების შესაძლო დარღვევასთან, ასევე სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებთან დაკავშირებულ საჩივრებს;

დ) ახორციელებს ინსპექტირებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს შრომის კანონმდებლობის დახვეწისა და მისი ეფექტიანად გამოყენების მიზნით.

2. სამსახური, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ბ) კანონიერება;

გ) პროფესიონალიზმი;

დ) კონფიდენციალურობის დაცვა.

 

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები

სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) მის კომპეტენციებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების  განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ბ) შრომითი ნორმების სრულყოფის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება;

დ) სამუშაო ადგილებზე იძულებითი შრომის პრევენციის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;

ე) ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომითი ნორმების დაცვის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ  დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით,  შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) შრომის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) შრომითი ნორმების შემუშავებასთან დაკავშირებით, შესაბამისი  აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო წინადადებებისა და საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი აქტის პროექტების მომზადება;

ი) შრომითი ნორმების შესრულების შემოწმების საფუძველზე მოპოვებული მონაცემების შეგროვება და სტატისტიკის წარმოება/ანალიზი, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროსთვის წარდგენა;

კ) შრომითი ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტრენინგის ჩატარების ორგანიზება/ხელშეწყობა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, შრომის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი და მონიტორინგი;

ნ) შრომითი ნორმების შესრულების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, მემორანდუმების/ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და გაფორმება, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღება შესაბამის ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, შრომის საკითხებთან დაკავშირებული სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულება.

 

მუხლი 4. სამსახურის მართვა, ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).   

2. მთავარ შრომის ინსპექტორს ჰყავს არანაკლებ 2 მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი არის პირველი მოადგილე.

3. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეს/მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი შრომის ინსპექტორი.

4. მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის შრომის უფლებების მიმართულება, ხოლო სხვა საკურატორო სფეროები, როგორც პირველი მოადგილის, ასევე სხვა მოადგილეების შემთხვევაში განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.

5. მთავარი შრომის ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში მთავარი შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილე.

 

მუხლი 5. სამსახურის  სტრუქტურა და ადმინისტრაციული მოწყობის წესი

1.  სამსახური შედგება ცენტრალური აპარატისა და რეგიონული წარმომადგენლობებისგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის  დეპარტამენტი:

ა.ა) სამშენებლო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.ბ) სამთომოპოვებით და მძიმე მრეწველობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.ბ.ა) მძიმე მრეწველობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ა.გ) მსუბუქ  მრეწველობასა და მომსახურების სექტორზე ზედამხედველობის სამმართველო;

ა.გ.ა) მომსახურების სექტორზე ზედამხედველობის განყოფილება;

ა.დ) შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის აჭარის რეგიონული სამმართველო;

ა.ე) შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის იმერეთის რეგიონული სამმართველო.

ბ) შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტი:

ბ.ა) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.ა.ა)  იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის (ტრეფიკინგის) ზედამხედველობის განყოფილება.

ბ.ბ)  სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის  საკითხებზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ.გ) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის აჭარის რეგიონული სამმართველო;

ბ.დ) შრომით უფლებებზე ზედამხედველობის იმერეთის რეგიონული სამმართველო.

გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი:

გ.ა) ოპერატიული ინფორმაციის მოძიების, მონიტორინგისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სამმართველო.

დ) ადმინისტრაციული  დეპარტამენტი:

დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

დ.ბ) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტატისტიკისა და  ანალიტიკის სამმართველო;

დ.გ) საქმისწარმოების სამმართველო;

დ.დ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის ცენტრი (სამმართველო).

ე) იურიდიული დეპარტამენტი:

ე.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ე.ბ) ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო;

ე.ბ.ა) საჩივრების განხილვის განყოფილება.

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი:

ვ.ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ვ.ბ) ფინანსური რესურსების მართვისა და აღრიცხვის სამმართველო;

ვ.გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

3. (ამოღებულია - 12.08.2022 , №01-75/ნ).

4.  მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილეების საკურატორო მიმართულებები და უფლებამოსილებანი, ასევე მთავარი შრომის ინსპექტორის მრჩევლის, დეპარტამენტების, სამმართველოებისა და განყოფილებების ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარი შრომის ინსპექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №01-136/ნ- ვებგვერდი, 31.12.2020წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №01-71/ნ - ვებგვერდი, 11.08.2021წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №01-75/ნ - ვებგვერდი, 12.08.2022 წ.

 

მუხლი 6. მთავარი შრომის ინსპექტორი

მთავარი შრომის ინსპექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა  უფლებამოსილებებს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების ფარგლებში, შრომის ინსპექტორთა თანამდებობების კლასიფიცირებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შრომის ინსპექტორებს და სამსახურის სხვა თანამშრომლებს;

ე) მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოქმედებს შეიდებლად და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე;

ვ) უძღვება სამსახურის საქმიანობას, ახორციელებს მის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფის კუთხით, ახორციელებს სამსახურის საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;

ზ) განკარგავს სამსახურის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სამსახურის საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;

თ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში ან/და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;

ი) სამსახურის დებულებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას;

კ) აუქმებს ან ცვლის თავისი მოადგილეების ან სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების/თანამშრომლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებს, სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

მ) ზრუნავს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ნ) უფლებამოსილია სამსახურის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს შრომის ინსპექტორთა ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალურ პირობებს;

პ) წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, მრჩეველთა საბჭოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ;

ჟ) სამინისტროში წარადგენს სამსახურის ბიუჯეტის პროექტს;

რ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, განსაზღვრავს სამსახურის ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ს) სამსახურის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები და საბჭოები) და სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ტ) იხილავს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე შემოსულ საჩივრებთან დაკავშირებით;

უ) საჭიროების შემთხვევაში სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს საჩივრის განმხილველი კომისიის სტრუქტურას და საქმიანობის წესს;

ფ) ახდენს სამსახურის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების სსიპ-ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, აგრეთვე, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ბეჭდვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ქ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების სრულყოფის მიზნით ამტკიცებს შესაბამის ინსტრუქციებს/წესებს;

ღ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 6​1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მისი ხელმძღვანელის უფლებამოსილებები

1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფი:

ა) ახდენს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის გეგმის, სტრატეგიის შემუშავებას და  საქმიანობის შესახებ ანგარიშის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის პრიორიტეტების პერიოდულად გადახედვას, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას ცვლილებების შესახებ და დადგენილი წესით ინიცირებას;

გ) ახდენს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობაში არსებული პრობლემების, საფრთხეების ან/და გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ იდეებისა და მოსაზრებების ხელმძღვანელობისთვის მიწოდებას;

დ) უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;

ე) მონაწილეობს სამსახურში შექმნილ დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;

ვ) ამზადებს გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებთან მიმართებაში;

ზ) წარადგენს შენიშვნებს, რეკომენდაციებს ან/და წინადადებებს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე;

თ) შრომითი ნორმებით გათვალისწინებულ საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ატარებს შესაბამისი ღონისძიებებს, ასევე ახდენს დაინტერესებულ პირთა კონსულტირებას მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებზე;

ი) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, აწარმოებს საქმიან ურთიერთობებს და თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;

კ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა  და სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს მთავარი შრომის ინსპექტორი, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი შრომის ინსპექტორის წინაშე.

4. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება მთავარ შრომის ინსპექტორს, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა მიერ შესასრულებელ სამუშაოს;

გ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) აბარებს მთავარ შრომის ინსპექტორს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ვ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას;

ზ) წარუდგენს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მთავარი შრომის ინსპექტორის,  მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა, საჭიროების შემთხვევაში შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობისა და შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ისევე როგორც ამავე დეპარტამენტების  სამმართველოებისა და განყოფილების ხელმძღვანელები, მოქმედებენ ისე, როგორც შრომის ინსპექტორები და ასრულებენ შრომის ინსპექტორისათვის გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.   

7. გარდა ამ მუხლით განსაზღვრულისა, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისა და მასში დასაქმებულ თანამშრომელთა დარგობრივი უფლებამოსილებები/კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №01-75/ნ - ვებგვერდი, 12.08.2022 წ.

 

მუხლი 7. მრჩეველთა საბჭო

1. მთავარ შრომის ინსპექტორთან იქმნება საკონსულტაციო ორგანო, მრჩეველთა საბჭო, რომელიც სამსახურისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამსახურის სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ.

2. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესი განისაზღვრება „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო საქმიანობის წესი მტკიცდება მრჩეველთა საბჭოს მიერ.

 

მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები

1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მინისტრი, რომელიც ზედამხედველობს სამსახურის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობას, აგრეთვე მის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.

2. მინისტრი უფლებამოსილია შრომის სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად შეაჩეროს ან გააუქმოს მთავარი შრომის ინსპექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

 

მუხლი 9. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები

1. სამსახურს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. სამსახურის დაფინანსების წყარო შესაძლოა იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საკუთარი შემოსავლები;

გ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. სამსახურმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებსა და ფუნქციების განხორციელებას.

7. სამსახური კანონმდებლობით, დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

 

მუხლი 10. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

მუხლი 11. დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №01-119/ნ, 26.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016810 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5038127-6/