სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.02.2021 ბოლო ცვლილება 28.04.2023
ნომერი
№01-15/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016843
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-15/ნ

2021 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული სამუშაო დროის აღრიცხვის წესი (დანართი №1) და სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა (დანართი №2).

 

4
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
+




დანართი №1

სამუშაო დროის აღრიცხვის წესი

მუხლი 1

1. სამუშაო დროის აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის (დანართი №2) კომპონენტებს, შევსებისა და წარმოების პროცედურებს.

2. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის დასაქმებულთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს  წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ.

3. სამუშაო დროის აღრიცხვა, ამ წესის შესაბამისად, სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დამსაქმებლებისთვის (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება).

მუხლი 2

1. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით  დადგენილი  სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა უნდა მოიცავდეს არანაკლებ ამ წესით განსაზღვრულ მონაცემებს, თუმცა დამსაქმებელი უფლებამოსილია, მიუთითოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ან აღრიცხოს სამუშაო დრო ნებისმიერი სხვა ფორმით ამ წესით დადგენილი მინიმალური მონაცემების გათვალისწინებით.

2​1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა დაშვება წარმოებს დაშვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულის სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო სივრცის დატოვების ინდივიდუალურ აღრიცხვას და შესაბამისი მონაცემების შენახვას, დამსაქმებელი უფლებამოსილია სამუშაო დროის აღრიცხვა აწარმოოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართისაგან განსხვავებული ფორმით, იმ პირობით რომ მასში სრულად იქნება ასახული ამ წესის მე-5 მუხლით მოთხოვნილი მონაცემები.

3. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთჯერადად, ყოველი თვის ბოლოს ან/და პერიოდულად, მთელი თვის განმავლობაში.

4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის დახურვის თარიღი დგინდება დამსაქმებლის მიერ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 10 რიცხვისა.

5. (ამოღებულია - 08.11.2022, №01-89/ნ).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №01-89/ნ - ვებგვერდი, 08.11.2022წ.

მუხლი 3

1. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.

2. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს  მის მიერ  ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა.

მუხლი 4

1. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, როგორც ყოველთვიური დოკუმენტი, საბოლოო წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შევსებული და ხელმოწერილი 1 წლის განმავლობაში ინახება დამსაქმებელთან ან მის მიერ განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში/პირთან.

2. დამსაქმებელი ვალდებულია, განსაზღვროს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე, შენახვაზე და დასაქმებულებისთვის გაცნობაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი ან სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 5

 1. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება:

ა) გრაფაში „ორგანიზაციის დასახელება“ – ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება;

ბ) გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) გრაფაში „სტრუქტურული ერთეული“ – ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) გრაფაში „შედგენის თარიღი“ – პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღიცხვის ფორმის შედგენის თარიღი;

ე) გრაფაში „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“ – საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები;

ვ) გრაფაში 1 – დასაქმებულის გვარი, სახელი;

ზ) გრაფაში 2 – პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) გრაფაში 3 – თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია);

ი) გრაფაში 4 – საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად;

კ) გრაფაში 5 თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა;

ლ) გრაფაში 6 თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

მ) გრაფაში 7 თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ნ) გრაფაში 8 თვის განმავლობაში ღამით (22:00-დან 6:00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ო) გრაფაში 9 თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

პ) გრაფაში 10 თვის განმავლობაში სხვა 7-9 გრაფებისგან განსხვავებული ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ჟ) გრაფაში „ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი“ – ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი;

რ) გრაფაში „ტაბელის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი“ – დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.

2. იმ შეთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ტაბელის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივე პირია, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის სისწორე დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

3. ერთი და იგივე დასაქმებულის მიერ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ან ამ ორგანიზაციის/დაწესებულების ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში ორ სხვადასხვა თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) დასაქმების შემთხვევაში (შეთავსებით სამუშაო), სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე თითოეულ თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) ნამუშევარი საათების გათვალისწინებით.

4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები (გამოიყენება მე-4 გრაფის შევსებისას):

ა) „X“ – დასვენების და უქმე დღეები;

ბ) „შ“ – ანაზღაურებადი შვებულება;

გ) „უ/შ“ – ანაზღაურების გარეშე შვებულება;

დ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი;

ე) „დ/შ“ – დეკრეტული შვებულება (ანაზღაურებადი);

ვ) „დ“ – დასვენება, უქმე დღე;

ზ) „გ“ – გაცდენა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №01-89/ნ - ვებგვერდი, 08.11.2022წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, №01-15/ნ, 12.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016843 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5099344-1/