აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.03.2021 ბოლო ცვლილება 31.12.2025
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016338
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15 

2021 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 29 იანვრის №12 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 30/01/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016073).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  2021 წლის 22 მარტიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე
+




აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. სამინისტრო შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს სისტემაში და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტრო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ის მეშვეობით.

4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) წინაშე და ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამინისტროს აქვს დებულება, ანგარიში ხაზინაში და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამინისტრო ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

7. სამინისტროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთაღრიცხვა.

8. სამინისტროს ქონებას შეადგენს მოქმედი წესით მისთვის გადაცემული და საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი ძირითადი საშუალებები და მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აისახება სამინისტროს ბალანსში.

9.  სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, მე-6 სართული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 23 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
 

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ამოცანები და უფლებამოსილებანი

1.სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა:

ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით სათანადო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;

გ) საჭიროებების გამოვლენა, მათი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პროგრამების შემუშავება, სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

დ) მართვის უფლებით გადაცემულ სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებში პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება.

2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში:

ა.ა) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო საქმიანობის წარმართვა;

ა.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ა.გ) ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკის განმსაზღველი ინსტიტუციების მიერ შემუშავებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების შესრულების ხელშეწყობა;

ა.დ) დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის რეგულირება (შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება შემდგომი იმპლემენტაციით);

ა.ე) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა ავადობის განსაზღვრა დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით;

ა.ვ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა;

ა.ზ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ბენეფიციართა ევაკუაციის დაორგანიზება სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით, მათი პროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში რეფერირება  და შემდგომი მონიტორინგი. 

ბ) სოციალური დაცვის სფეროში:

ბ.ა) შესაბამისი კვლევების საფუძველზე საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ.ბ) სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური პროგრამების იმპლემენტაცია და ხელშეწყობა;

ბ.გ) ჯანდაცვითი პროგრამებით სარგებლობის პერიოდში პროგრამებით მოსარგებლე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ბენეფიციართა და მათ თანმხლებ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში ხელშეწყობა;

ბ.დ) განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, მზრუნველობამოკლებული პირების) და ვეტერანების საჭიროებების გამოვლენა და დახმარების გაწევის მიზნით სოციალური პროექტების შემუშავება;

გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.

4. საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს საკითხები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ;

ბ) შეიმუშაოს სამინისტროს  პროგრამების პროექტები და განსახილველად  წარუდგინოს შესაბამის ორგანოს;

გ) ცალკეულ საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები;

დ)  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლი გაუწიოს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას;

დ​1) უზრუნველყოს მართვის უფლებით გადაცემულ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებებში პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება;

ე) წარმართოს სამინისტროს სისტემის საკადრო პოლიტიკა, უზრუნველყოს სამინისტროს საჯარო მოხელეთა შეფასება და არსებულ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარება;

ვ) გამართოს თათბირები, სემინარები და კონფერენციები  თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) უზრუნველყოს  საზოგადოებასთან ურთიერთობა უშუალოდ ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

თ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მოითხოვოს საჭირო დოკუმენტები და ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან;

ი) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და დროულად მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;

კ) გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში;

ლ) პერიოდულად მოახსენოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავისი საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

მ) განახორციელოს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 23 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024  წლის 28 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

 

მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

1. სამინისტროს სისტემას შეადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა კონტროლს და დამფუძნებლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს სამინისტრო.

2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

3. სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის უფლებამოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება წესდებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

4.   სამინისტრო მის სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ა(ა)იპ – აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს მეშვეობით უზრუნველყოფს საბერიოს საექიმო ამბულატორიის, სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ოტობაიას საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. ზემო ბარღების საექიმო ამბულატორიის, ა(ა)იპ – გალის რაიონის სოფ. რეფის საექიმო ამბულატორიისა და ა(ა)იპ – ზემო აფხაზეთის საავადმყოფოს საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ა(ა)იპ – აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 23 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 25.02.2022 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024  წლის 28 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.

 

მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

1. პოლიტიკის დეპარტამენტი:

ა) ჯანმრთელობის საკითხთა სამმართველო;

ბ) სოციალურ საკითხთა სამმართველო;

გ) პროგრამების სამმართველო.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ბ) საქმისწარმოების სამსახური.

3. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი:

ა) საფინანსო სამსახური;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.

4. შიდა აუდიტის სამსახური.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024  წლის 28 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.04.2025 წ.

 

მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;

გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობაზე;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილის კანდიდატურებს;

ე) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ვ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

ზ) მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომების მუშაობაში;

თ) წარმოადგენს სამინისტროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ი) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;

კ) ამტკიცებს სამინისტროში სტაჟირების გავლის წესს;

ლ)  უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;

მ) იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

მ​1) ნიშნავს და ათავისუფლებს სამეწარმეო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, დებს და წყვეტს მათთან ხელშეკრულებებს, ამტკიცებს მათ ანგარიშებს;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;

ო) უფლებამოსილია, თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

პ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) უფლებამოსილია, მინისტრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების განხორციელების უფლება მიანიჭოს სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებს.

3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.

4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და  მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში  –  მინისტრის მოადგილე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024  წლის 28 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 09.10.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 01.09.2025 წ.
 
მუხლი 6. სამინისტროს თანამდებობის პირები და სხვა მოსამსახურეები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;

ბ) სამინისტროს მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

2. სამინისტროს სხვა მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;

გ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ვ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

 

მუხლი 8. პოლიტიკის დეპარტამენტი

1. პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:  

ა) ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:

ა.ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სათანადო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ა.ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ა.გ) ჯანმრთელობის დაცვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში შესაბამისი პროგრამების  შემუშავება და მართვა;

ა.დ) დემოგრაფიული ინდიკატორების შესწავლა და ვითარების გაუმჯობესების მიზნით  წინადადებების ინიცირება;

ა.ე) ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ა.ვ) ქვეყანაში არსებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინების) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში და მათი პერიოდული სრულყოფა;

ა.ზ) აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერიოდული მოხსენებისა და ჯანმრთელობის დაცვის ანგარიშის მომზადება;

ა.თ) სამინისტროს დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებებისგან სამედიცინო-სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი, შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;

ა.ი) ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომ განათლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და განვითარება;

ა.კ) დევნილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;

ა.ლ) არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების განსაზღვრა დევნილ მოსახლეობაში;

ა.მ) მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ამოცანების, რეალიზაციის ხელშეწყობა, გარე კაპიტალის მოზიდვა, მართვის ეფექტურობის ამაღლების უზრუნველყოფა;

ა.ნ) მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვის უზრუნველყოფა;

ა.ო) მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ბიზნესგეგმების შესრულების, ფაქტობრივად მიღებული მოგების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფა.

ბ) სოციალური დაცვის მიმართულებით დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ბ.ა) სოციალური დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმების შემუშავება;

ბ.ბ) ვეტერანთა, არასრულწლოვან და შშმ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური დაცვის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ.გ) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიზნობრივი  პროექტების/პროგრამების შემუშავება; 

ბ.დ) სახელმწიფო და სამინისტროს ჯანდაცვითი პროგრამებით მოსარგებლე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ ბენეფიციართა და მათ თანმხლებ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაში ხელშეწყობა;

ბ.ე) დევნილთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

გ) პროგრამების მიმართულებით:

გ.ა) სამინისტროს პროგრამების დაგეგმვის მიზნით სათანადო წინადადებების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

გ.ბ) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;

გ.გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.04.2025 წ.

 

მუხლი 9. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;

გ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ორგანიზება;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;

ზ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის/დაკისრების), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებების და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

თ) საჯარო ინფორმაციის გაცემა;

ი) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

კ) საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

მ) კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა; 

ნ) სამინისტროში სტაჟირებისა და სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება;

ო) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;

პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ჟ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, მგზავრობის, დაბინავებისა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

რ) სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ტ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების, პროექტების, გეგმების, რეფორმების შესახებ  საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა;

უ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა, დაბეჭდვა და გავრცელების უზრუნველყოფა;

ფ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების – ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;

ქ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ღ) სამინისტროს პროგრამების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო და სხვა დახმარების გაწევის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საორგანიზაციო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 9​1.  საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, სამინისტროს კოორდინაცია და მართვა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა:

ა) საფინანსო მიმართულებით:

ა.ა) სამინისტროს სისტემის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ა.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისთვის/უზრუნველყოფისათვის სამინისტროს პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანალიზი;

ა.გ) ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვის უზრუნველყოფა;

ა.დ)  საბუღალტრო აღრიცხვის სათანადო ორგანიზაციის უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ბალანსების შედგენა/ ანგარიშგება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.ე) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

ა.ვ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და შესაბამისი ხარჯთანუსხის შედგენა.

ბ) შესყიდვების მიმართულებით:

ბ.ა) შესყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა;

ბ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტების მომზადება და დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა;

ბ.დ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ.ე) სამინისტროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ჰუმანიტარული  ტვირთის მიღებისა და დასაწყობების ორგანიზება;

ბ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი;

ბ.ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.04.2025 წ.

 

მუხლი 10. შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს ფინანსური  მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება;

დ) შიდა აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;

ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

 

მუხლი 10​1. (ამოღებულია)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024  წლის 28 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 16.04.2025 წ.

 

მუხლი 11. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

 

მუხლი 12. დასკვნითი დებულება

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 13. (ამოღებულია)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024  წლის 28 მარტის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 01.04.2024 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №15, 22.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016338 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5129966-5/