“საქრთველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.11.2000 ძალადაკარგული 12.06.2012
ნომერი
№203/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.140.000.11.119.004.507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 112, 30/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.11.119.004.507

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №203/ნ

2000 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოში შექმნილმა რთულმა სოციალურ-ეკონომიურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ მნიშვნელოვნი გავლენა იქონია ქალთა და ბავშვთა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რამდენიმე ათეული წელია მცირდება შობადობა, უარესდება დედათა და ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი; მცირდება ბუნებრივი ნამატი. გამოიკვეთა დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში ახალი ტენდენციები: მატულობს გართულებულ მშობიარობათა რიცხვი, ნაადრევი მშობიარობები, მკვდრადშობადობა. აღირიცხა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევები ექსტრაგენიტალური პათოლოგიების გამო. ბავშვთა ავადობისა და გარდაცვალების მიზეზებში დომინირებს ახალშობილობის პერიოდის პათოლოგიები; ამ ფონზე აუცილებელი გახდა დედათა და ბავშვთა ავადობისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებისა და სტრუქტურის ღრმად შესწავლა და ანალიზი როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე მის ცალკეულ მხარეებსა და რაიონებში.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გაუმჯობესების, „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის” სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის გასაფართოებლად დასაბუთებული წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევების ღრმა და საფუძვლიანი განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. შეიქმნას საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისია და დამტკიცდეს მისი შემადგენლობა დანართი №1-ის მიხედვით.

2. დამტკიცდეს საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის დებულება დანართი №2-ის მიხედვით.

3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მ. ღუდუშაურს, უზრუნველყოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის კომისიის მუშაობის ანალიზის მომზადება, წელიწადში ერთხელ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 იანვრის ბრძანება №14/ნ - სსმ III, 05.02.2004, №13, მუხ.116

4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს აღნიშნულ საკითხზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ახალი ბრძანების გამოცემამდე.

5. ბრძანება გავრცელდეს ქსელში და გამოქვეყნდეს გაზეთ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

6. კონტროლს, ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.

ა. ჯორბენაძე

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 მარტის ბრძანება №75/ნ - სსმ III, 05. 04.2002, №32 , მუხ.290

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 იანვრის ბრძანება №14/ნ - სსმ III, 05. 02.2004, №13 , მუხ.116

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 10 იანვრის ბრძანება №2/ნ - სსმ III, 13. 01.2005, №3 , მუხ.38

დანართი №1

საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შემადგენლობა

1. ლ. ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (თავმჯდომარე)

2. ვ. მოსიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

3. ნ. ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

4. თ. დემურიშვილი – ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ.შ.

5. ზ. ბოხუა – ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ.შ. (პასუხისმგებელი მდივანი)

6. თ. მანჯავიძე – ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა სამმართველოს უფროსის მ.შ.

7. ც. ხიტალიშვილი – ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მ.შ. (აღმასრულებელი მდივანი)

8. ვ. ბაზიარი – ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მ.შ.

9. თ. ასათიანი – საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

10. ნ. კინტრაია – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის №1 სამეანო გინეკოლოგიის კათედრის დოცენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

11. ა. ხომასურიძე – შპს ,,ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქტოლოგიის ს/კ ინსტიტუტის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი.

12. ლ. მამალაძე – სს ,,მამალაძე და კომპანიის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

13. ჯ. უნგიაძე – ქ. ბათუმის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე

14. გ. ჯავახიშვილი – სს ,,წმ. იოაკიმესა და ანნას სახ. სამშობიარო სახლის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცის მეცნირებათა კანდიდატი

15. მ. ხერხეულიძე – თსსუ პედიატრიის კათედრის ასისტენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

16. გ. მეცხვარიშვილი – სს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის’’ ნეონატოლოგიური ცენტრის მთავარი ნეონატოლოგი.

17. კ. ჩიხრაძე – სს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის’’ კატასტროფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

18. გ. დიდავა – თსსუ პათანატომიის კათედრის დოცენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი

19. კ. ოჩიგავა – იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ.შ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 მარტის ბრძანება №75/ნ - სსმ III, 05.04.2002, №32, მუხ.290

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 იანვრის ბრძანება №14/ნ - სსმ III, 05.02.2004, №13, მუხ.116

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 10 იანვრის ბრძანება №2/ნ - სსმ III, 13.01.2005, №3, მუხ.38

დანართი №2

საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის დებულება

I. ზოგადი ნაწილი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისია (შემდგომში – კომისია) წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან არსებულ სათათბირო ორგანოს, რომელი ც თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოში მოქმედი კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებით, კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, სამინისტროს დებულებით, დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტის დებულებით, აგრეთვე სამინისტროს სხვა ნორმატიული დოკუმენტებით.

2. კომისია თავის შემადგენლობაში აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, 19 წევრის შემადგენლობით. კომისია წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და მის გადაწყვეტილებებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. კომისიის გადაწყვეტილებები მოქმედებაში მოდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

II. კომისიის მიზნები და ამოცანები

3. კომისიის ძირითად ამოცანას შეადგენს:

ა) განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემდგომი შემცირებისათვის;

ბ) დედათა და ბავშვთა საკითხების დეპარტამენტს აღმოუჩინოს კონსულტაციური დახმარება დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების საკითხებში;

გ) შეისწავლოს საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობა, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის შესახებ ყველა სახის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებიდან, განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

დ) საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის ანალიზის საშუალებით გამოავლინოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის უხშირესი მიზეზები, შეადგინოს სტრუქტურა და გამოიყვანოს ძირითადი მაჩვენებლები;

ე) დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს რეკომენდაციები სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული სამსახურის სრულყოფის შესახებ;

ვ) მოამზადოს წინადადებანი „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის” სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის გაფართოების თაობაზე, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარებას და შეამცირებს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობას;

ზ) დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ღრმა ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს მეთოდური რეკომენდაციები და რჩევები პრაქტიკოს ექიმთათვის, ჯანდაცვის ორგანიზატორთათვის, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა;

თ) შეიმუშაოს პროგრამა და სასწავლო სემინარის ჩატარების გეგმა-გრაფიკი საქართველოს იმ რეგიონებისათვის, სადაც მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა;

ი) შექმნას მაღალკვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთა ბრიგადა და მიავლინოს დედათა და ბავშვთა პროფილაქტიკური გასინჯვების ჩასატარებლად საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა.

III. კომისიის უფლება-მოვალეობანი

4. კომისიის უფლება-მოვალეობებია:

ა) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის შესახებ ყველა სახის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებებიდან, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;

ბ) განიხილოს საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობა, მოამზადოს ანალიზი სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების, სტრუქტურისა და შესაბამისი მაჩვენებლების აღნიშვნით;

გ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად;

დ) განიხილოს და გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ანალიზისა და მაჩვენებლების გამოყვანის თაობაზე, უზრუნველყოს მათი დაყვანა სამეანო-გინეკოლოგიურ და პედიატრიულ დაწესებულებებამდე;

ე) დასვას საკითხი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე საგანგებო სხდომის მოწვევისა და განსაკუთრებით მწვავე საკითხების განხილვის შესახებ;

ვ) დასვას საკითხი დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ფუნქციონირების დროებით შეჩერების, დახურვის ან პროფილის შეცვლის შესახებ;

ზ) დასვას საკითხი სამეანო-გინეკოლოგიური და პედიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელების, განყოფილების გამგეების ან რიგითი ექიმების დაკავებულ თანამდებობაზე შესაბამისობის შესახებ;

თ) მოითხოვოს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად კურსებზე მივლინება ან მათი რიგგარეშე ატესტაციაზე გატარება;

ი) შეიმუშაოს რეკომენდაციები მეან-გინეკოლოგთა და პედიატრთა სასწავლო პროგრამებში და საატესტაციო ტესტებში იმ დაავადებების ღრმად გაშუქების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დედათა და ბავშვთა გარდაცვალების უხშირეს მიზეზს წარმოადგენს;

კ) კომისიას უფლება აქვს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მდგომარეობის შესწავლის დროს მოიწვიოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მიიღოს მათგან კონსულტაციები;

ლ) კომისიას უფლება აქვს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელის მქონე რეგიონში მიავლინოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან სპეციალისტთა ბრიგადა, რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით;

მ) კომისიას უფლება აქვს შეიკრიბოს თვეში ერთხელ, ყოველი თვის პირველ პარასკევს;

ნ) კომისიას უფლება აქვს მოიწვიოს საგანგებო რიგგარეშე სხდომა განსახილველი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე;

ო) კომისიის სხდომა ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილებას ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი;

პ) კომისიის გადაწყვეტილებები მოქმედებაში მოდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

IV. კომისიის შექმნა და ლიკვიდაცია

ა) კომისია იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით;

ბ) კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

გ) კომისია უქმდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქრთველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის კომისიის შექმნის შესახებ”, №203/ნ, 14.11.2000, სარეგისტრაციო კოდი 470.140.000.11.119.004.507 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51610-3/