სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.02.2022 ბოლო ცვლილება 29.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.023280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №72

2022 წლის 15 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ

+
მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-14 მუხლისა და 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ დებულება“.
+
მუხლი 2
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2023 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს საინფორმაციო სისტემის შემადგენელი კომპონენტების ამსახველი პროგრამ(ებ)ის შემუშავება, მონაცემთა გაცვლის უზრუნველყოფის მიზნით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ 2023 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქცია.

3. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, 2023 წლის 31 დეკემბრამდე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან კოორდინაციით, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცება. 

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №282 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.

 

+
მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

„სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს:

ა) საინფორმაციო სისტემის მიზანსა და შემადგენლობას;

ბ) საინფორმაციო სისტემის მართვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოებს;

გ) საინფორმაციო სისტემის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მართვის წესს;

დ) ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის საკითხებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  

ა) (ამოღებულია - 07.06.2022, №282).  

ბ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო; 
გ) საინფორმაციო სისტემა − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემა;

დ) სივრცის დაგეგმარების გეგმა − საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში − კოდექსი) შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის ან/და მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმა;

ე) ქალაქთმშენებლობითი გეგმა − კოდექსის შესაბამისად დამტკიცებული გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა ან/და განაშენიანების დეტალური გეგმა.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კოდექსსა და მის საფუძველზე მიღებულ სამართლებრივ აქტებში განმარტებული/გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობები, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში განმარტებული ტერმინებისა.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №282 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.

თავი II. საინფორმაციო სისტემა
მუხლი 3. საინფორმაციო სისტემის მიზანი

1. საინფორმაციო სისტემის მიზანია სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, სისტემატიზაციისა და საჯაროდ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2. საინფორმაციო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება დამოკიდებულია მასში ასახული ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია ყველა საჭირო საბაზისო და საპროექტო ინფორმაციის მქონე უწყებებისგან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოპოვებით.

 

მუხლი 4. საინფორმაციო სისტემის შემადგენლობა

1.  საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ბაზების ერთობლიობას, რომელიც ემსახურება სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის დაგროვებას, დამუშავებას, სისტემატიზაციასა და გამოყენებას.

2. საინფორმაციო სისტემაში საბაზისო ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ფაქტობრივ მდგომარეობას, როგორც სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობით გეგმებში (ინტრეგრირებულ ან/და დამოუკიდებელ გეგმებში), ისე დარგობრივ გეგმებში გათვალისწინებული მონაცემების შესაბამისად.

3. საინფორმაციო სისტემაში უნდა აისახოს:

ა) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საბაზისო მონაცემთა ინდიკატორები;

ბ) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

გ) სივრცის დაგეგმარებასა და ქალაქთმშენებლობით დაგეგმვასთან დაკავშირებული დარგობრივი გეგმები;

დ) მიმდინარე ან/და დაგეგმილი პროექტები (მათ შორის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები);

ე) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ვ) სხვა ინფორმაცია, საჭიროებისამებრ.

4. საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები (ფაქტობრივი მდგომარეობის ცვლილებების, აგრეთვე შესაბამისი პროექტების განხორციელების შემთხვევაში) უნდა გადაიხედოს პერიოდულად და საინფორმაციო სისტემა მაქსიმალურად უნდა ასახავდეს სრულყოფილ და განახლებულ ინფორმაციას.

 

თავი III. საინფორმაციო სისტემის მართვა
მუხლი 5. საინფორმაციო სისტემის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. საინფორმაციო სისტემა იმართება ცენტრალურ და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების დონეებზე, რომლებიც შეიძლება, ემყარებოდეს ამ სფეროში არსებულ სხვადასხვა საინფორმაციო ბაზას.

2. ცენტრალურ დონეზე საინფორმაციო სისტემის მართვის ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო. 

3. ადგილობრივ დონეზე საინფორმაციო სისტემას მართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №282 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.

 

მუხლი 6. საინფორმაციო სისტემის მართვა ცენტრალურ დონეზე

1. სააგენტო ახორციელებს დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს ან/და სხვა ორგანოს მიერ მიწოდებული მონაცემების ან/და საკუთარი ინიციატივით მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას ან/და დამუშავებას.

2. საინფორმაციო სისტემის მართვის, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და დამუშავების ინსტრუქცია რეგულირდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. 

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №282 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.

 

მუხლი 7. საინფორმაციო სისტემის მართვა ადგილობრივ დონეზე

1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მართვის ორგანიზებას თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში და თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის საინფორმაციო სისტემის მართვის ცენტრალური ორგანოსთვის მიწოდებას.

2. მუნიციპალიტეტების დონეზე ინფორმაციის სისტემატიზაციის ან/და დამუშავების ინსტრუქცია განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 8. საინფორმაციო სისტემის ორგანიზება

1. საინფორმაციო სისტემა უნდა მოიცავდეს ამ დადგენილებითა და კანონმდებლობით დადგენილ ყველა შემადგენელ კომპონენტს.

2. საინფორმაციო სისტემაში ინფორმაცია უნდა განთავსდეს გრაფიკული ან/და ტექსტური, მათ შორის, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სახით.

3. საინფორმაციო სისტემაში ასახული სტატისტიკური ინფორმაცია უნდა იძლეოდეს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით, მათ შორის, იერარქიული ფენების მიხედვით. 

 

მუხლი 9. საჯაროობა

საინფორმაციო სისტემაში თავმოყრილი ინფორმაცია უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც განეკუთვნება  საიდუმლო ინფორმაციას.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ“, №72, 15.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.023280 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5384230-1/