საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2002 ძალადაკარგული 14.11.2012
ნომერი
№01/01-01/113
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.104.005.461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 20/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.104.005.461

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ბრძანება №01/01-01/113

2002 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

1. საქართველოს კანონის       „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულება.

2. ეთხოვოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების გადაცემის მიზნით.

გ. გაჩეჩილაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის  2003 წლის 21 მაისის ბრძანება №01/01-01/49-სსმIII, №53, 04.06.2003წ.; მუხ.462

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 20 იანვრის ბრძანება №1-1/46-სსმIII, №9, 24.01.2006წ.; მუხ.94

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1239-სსმIII, №146, 25.10.2006წ.; მუხ.2025

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2007 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №1-1/1216-სსმIII, №115, 15.08.2007წ.; მუხ.1273

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის ბრძანება №1-1/1475-სსმIII, №140, 09.10.2007წ.; მუხ.1557

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №1-1/1993-სსმIII, №186, 28.12.2007წ.; მუხ.2085

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტო შექმნილია სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად, „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო ფლობს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელ ყველა იმ უფლება-მოვალეობას, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. იგი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებსა და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

4. სააგენტოს აქვს ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით, შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, ასევე საბანკო ანგარიშები.

5. სააგენტოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, კ. ხეთაგუროვის №6.

6. სააგენტოს საქმიანობის ვადა განუსაზღვრელია.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1239-სსმIII, №146, 25.10.2006წ.; მუხ.2025

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №1-1/1993-სსმIII, №186, 28.12.2007წ.; მუხ.2085

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის   საგანი

1. სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული მიზნების მიღწევისა და ინვესტიციების მოზიდვის გზით, რათა მიღწეულ იქნეს ეკონომიკის სტაბილური აღმავალი განვითარება, მოსახლეობის დასაქმება და ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ამაღლება.

2. სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობის სფეროა:

ა) საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდის სახსრების რაციონალური მართვა და განაწილება თავდებობის, სუბვენციისა და სუბსიდიის სახით საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების ან მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად;

ბ) პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო და ექსპორტის ზრდის პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით;

გ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშების საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების მომზადება;

დ) იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მისაღებად;

ე) საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, კონკურსის საფუძველზე საინვესტიციო პროექტების შერჩევა, რომელთა საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდის სახსრებით;

ვ) საინვესტიციო გარემოს, ექსპორტის ზრდისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება;

ზ) „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მოქმედებისათვის საჭირო სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება, გამოცემა და მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;

თ) სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, საინვესტიციო ურთიერთობებში მონაწილე პირთათვის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისა და მასმედიის წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება;

ი) განხორციელებული საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

კ) საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების წარმომდგენი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავის მიერ გაწეული საქმიანობის საჯარო განხილვების მოწყობა, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება, სპეციალური პერიოდული ბიულეტენის დაარსება.

3. სააგენტო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით:

ა) განსაზღვრავს საწარმოო-საინვესტიციო პროექტებისათვის განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების სახეობას, შინაარსსა და მიმართულებას;

ბ) ადგენს პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მქონე საწარმოთა კონკრეტულ მახასიათებლებს;

გ) განსაზღვრას პროგრამების მიხედვით გასანაწილებელი თანხების მოცულობას, საპროცენტო განაკვეთებსა და ვადებს.

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის  2003 წლის 21 მაისის ბრძანება №01/01-01/49-სსმIII, №53, 04.06.2003წ.; მუხ.462

    მუხლი 3. სააგენტოს ფინანსური სახსრები

სააგენტოს ფინანსური სახსრების წყაროა:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

გ) კერძო ინვესტორთა და საინვესტიციო ინსტიტუტების სახსრები, რომელთა მოზიდვა ხდება სახელმწიფო გარანტიებით, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში;

დ) საერთაშორისო დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ, ბიზნესის განვითარების მიზნით, გამოყოფილი გრანტები და დახმარებები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 4. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს ქონება იქმნება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონებისა და სხვა შემოსავლებისაგან, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. სააგენტოს შემოსავალი წარიმართება დებულებითა და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად.

    მუხლი 5. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა სააგენტოს ქონებასა და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის გამო.

2. სააგენტოს დირექტორი:

ა) თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სააგენტოს ადმინისტრაციის მეშვეობით;

ბ) ხელმძღვანელობს სააგენტოს და აწესრიგებს სააგენტოს სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს გამგებლობას განეკუთვნება;

დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოს მოსამსახურეების გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე, საქართველოს კანონით “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” და ამ დებულებით განსაზღვრული წესით;

ე) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს საშტატო განრიგს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) საკონტრაქტო წესით თანამდებობაზე ნიშნავს სააგენტოს თანამშრომლებს;

ზ) წარმართავს და აკონტროლებს ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის რეგიონალური პროგრამების რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრული ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში;

თ) პასუხს აგებს სააგენტოს საფინანსო საქმიანობაზე;

ი) დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

კ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ლ) წარმოადგენს სააგენტოს სხვადასხვა დაწესებულებებში და მოქმედებს მისი სახელით ერთპიროვნულად;

მ) შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;

ნ) გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;

ო) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ;

პ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

ჟ) ყოველწლიურად ადგენს თავდებობის, სუბსიდირებისა და სუბვენციის პროგრამების პროექტებს სააგენტოს გამგებლობის ქვეშ არსებული სახსრების ფარგლებში და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს;

რ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

3. სააგენტოს დირექტორი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მეშვეობით.

4. სააგენტოს დირექტორი პასუხს აგებს მის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილება წყდება:

ა) საკუთარი ინიციატივის საფუძველზე;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) თუ თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის აქტის საფუძველზე;

დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

6. ამოღებულია .

7. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს დირექტორი. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მისი ბრძანებით განსაზღვრული მოადგილე.

8. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს დირექტორი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

9. ამოღებულია .

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 20 იანვრის ბრძანება №1-1/46-სსმIII, №9, 24.01.2006წ.; მუხ.94

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1239-სსმIII, №146, 25.10.2006წ.; მუხ.2025

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2007 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №1-1/1216-სსმIII, №115, 15.08.2007წ.; მუხ.1273

    მუხლი 6. ამოღებულია

საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის  2003 წლის 21 მაისის ბრძანება №01/01-01/49-სსმIII, №53, 04.06.2003წ.; მუხ.462

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 20 იანვრის ბრძანება №1-1/46-სსმIII, №9, 24.01.2006წ.; მუხ.94

    მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობის მიმართულებები

1. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

ა) წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების თავდებობა;

ბ) სუბვენცია;

გ) საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება.

    მუხლი 8. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციებისა და მასალების წარმოდგენა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1239-სსმIII, №146, 25.10.2006წ.; მუხ.2025

    მუხლი 9. სააგენტოს საქმიანობის აღიცხვა და ანგარიშგება

1. სააგენტო ახორციელებს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვასა და ანგარიშგებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს პირველი საფინანსო წელი იწყება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ძალაში შესვლის დღიდან და მთავრდება იმავე წლის 31 დეკემბერს. შემდეგი საფინანსო წლები ემთხვევა კალენდარულს.

3. სააგენტოს საფინანსო საქმიანობა ფასდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე.

4. სააგენტოს საფინანსო საქმიანობის ანგარიში ყოველწლიურად წარედგინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1239-სსმIII, №146, 25.10.2006წ.; მუხ.2025

    მუხლი 10. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 11. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  2006 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება №1-1/1239-სსმIII, №146, 25.10.2006წ.; მუხ.2025

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №01/01-01/113, 16.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.104.005.461 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54262-6/