ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.06.2022 ბოლო ცვლილება 06.03.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№337
სარეგისტრაციო კოდი
430040000.10.003.023548
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2022 წლის 24 ივნისი

   ქ. თბილისი

 

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი“.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებისა (შემდგომში − დაწესებულება) ან ინდივიდუალური მეწარმის, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (შემდგომში − რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა) წარმოების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, ინფორმაციის შეტანის, შენახვის, შეცვლის, გამოყენების წესებსა და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის ასახვაზე, დამუშავებასა და გამოყენებაზე.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ ვებაპლიკაციას, რომელშიც მხოლოდ ამ ვებაპლიკაციის ავტორიზებული მომხმარებლების მიერ აისახება ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელება, ვალდებულია, 2022 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

3​1. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს  ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  დაწესებულების სტატუსის მოპოვება.

3​2. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია, 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.

4. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

5. მართვის სისტემა უფლებამოსილია, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირების/დადგენის და გადამოწმების მიზნით, მიიღოს და დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 თებერვლის დადგენილება №62 – ვებგვერდი, 13.02.2023წ.

მუხლი 2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტები/ მომხმარებლები და ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის უფლებები

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ აღნიშნული სისტემის სუბიექტებს/მომხმარებლებს.

2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტები არიან:

ა) მართვის სისტემა;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები;

გ) დაწესებულება;

გ​1) ინდივიდუალური მეწარმე;

დ) მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების მიზნით დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს დაწესებულებებს (შემდგომში − გაერთიანება);

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში − ცენტრი);

ვ) სამინისტრო.

3. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა მოიცავს ინფორმაციაზე/ მონაცემზე წვდომის შემდეგი სახის უფლებებს:

ა) ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება;

ბ) ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება და ასახვა/რედაქტირება.

4. ინფორმაციის/მონაცემის ხედვის, ამოღებისა და დამუშავების უფლება გულისხმობს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემების დათვალიერების, ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობას.

5. ინფორმაციის/მონაცემების ხედვის, ამოღების, დამუშავებისა და ასახვის/რედაქტირების უფლება გულისხმობს რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მომხმარებლის მიერ ინფორმაციის/მონაცემების დათვალიერების,  ამოღების, დამუშავების, ასახვის, შეცვლისა და წაშლის შესაძლებლობას.

6. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შემდეგ მომხმარებლებს გააჩნიათ ინფორმაციაზე/მონაცემზე წვდომის შემდეგი სახის უფლებები:

ა) მართვის სისტემას − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება;

ბ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება და დამუშავება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებების შესახებ;

გ) დაწესებულებას − ინფორმაციის/მონაცემების ასახვა, ხედვა, ამოღება, დამუშავება და რედაქტირება;

„გ​1) ინდივიდუალურ მეწარმეს − ინფორმაციის/მონაცემების ასახვა, ხედვა, ამოღება, დამუშავება და რედაქტირება;“.

დ) გაერთიანებას − ინფორმაციის/მონაცემების ასახვა, ხედვა, ამოღება, დამუშავება და რედაქტირება მის მართვაში არსებული დაწესებულებების შესახებ;

ე) ცენტრს − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება, დამუშავება;

ვ) სამინისტროს − ინფორმაციის/მონაცემების ხედვა, ამოღება და დამუშავება.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 თებერვლის დადგენილება №62 – ვებგვერდი, 13.02.2023წ.

მუხლი 3. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლად რეგისტრაცია

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ​1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაზე წვდომისათვის უნდა გაიარონ მომხმარებლის რეგისტრაცია.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტის უფლებამოსილი პირის ავტორიზებულ მომხმარებლად რეგისტრაცია ხორციელდება უშუალოდ სუბიექტის მიერ.

3. მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ​1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა თავდაპირველად უნდა მონიშნოს ველი: დაწესებულებაა (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია თუ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი), გაერთიანებაა თუ ინდივიდუალური მეწარმეა. აღნიშნული ველის მონიშვნის შემდეგ დაწესებულებამ და გაერთიანებამ უნდა შეავსონ  საიდენტიფიკაციო კოდის ველი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო კოდის ასახვის შემდეგ, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა უნდა დააჭიროს გადამოწმების ღილაკს, რის შემდეგაც სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გაერთიანების შემთხვევაში, ავტომატურად შეივსება შემდეგი ველები:

ა) იურიდიული დასახელება;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) ხელმძღვანელის პირადი ნომერი;

ე) ხელმძღვანელის სახელი და გვარი;

ვ) მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა.

5. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში სუბიექტმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გაერთიანების შემთხვევაში, უნდა შეავსოს შემდეგი ველები:

ა) დაწესებულების ხელმძღვანელის მობილურის ნომერი;

ბ) საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

დ) საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

ე) პაროლი;

ვ) პაროლის გამეორება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო კოდის ასახვის შემდეგ, რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა უნდა დააჭიროს გადამოწმების ღილაკს, რის შემდეგაც სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი მონაცემთა ბაზიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, ავტომატურად შეივსება შემდეგი ველები:

ა) იურიდიული დასახელება;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) იურიდიული მისამართი;

დ) ხელმძღვანელის პირადი ნომერი;

ე) ხელმძღვანელის სახელი და გვარი.

7. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში სუბიექტმა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, უნდა შეავსოს შემდეგი ველები:

ა) დაწესებულების ხელმძღვანელის მობილურის ნომერი;

ბ) საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

დ) საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

ე) მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა;

ვ) პაროლი;

ზ) პაროლის გამეორება.

7​1. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში სუბიექტმა, ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, უნდა შეავსოს შემდეგი ველები:

ა) ინდივიდუალური მეწარმის პირადი ნომერი;

ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელი და გვარი;

გ) ინდივიდუალური მეწარმის მობილურის ნომერი;

დ) მომხმარებლის ელექტრონული ფოსტა;

ე) საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

ვ) საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

ზ) საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

თ) პაროლი;

ი) პაროლის გამეორება.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 7​1 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ველი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი.

9. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში აღინიშნება ის ველები, რომელთა შევსებაც სავალდებულოა.

10. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და გაერთიანების შემთხვევაში, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში არსებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, მის მიერ ასახულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს აქტივაციის კოდს, რომელიც უნდა ასახოს შესაბამის ველში და დაასრულოს რეგისტრაცია.

11. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლა სუბიექტისთვის მხოლოდ ერთხელ არის საჭირო. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ყოველი შემდგომი შესვლის მიზნით, იგი გაივლის მხოლოდ ავტორიზაციას.

12. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით, წერილობით უნდა მიმართონ მართვის სისტემას.

13. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სუბიექტებს, გარდა  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირისა, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისათვის აუცილებელია,  სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში მითითებული ჰქონდეთ ელექტრონული ფოსტა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 თებერვლის დადგენილება №62 – ვებგვერდი, 13.02.2023წ.

მუხლი 4. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაცია

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტის მხრიდან სისტემაზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტმა, ავტორიზაციის მიზნით, მომხმარებლის ველში უნდა შეიყვანოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.

მუხლი 5. დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია/ასახვა

1. გაერთიანების მართვაში შემავალ ყველა დაწესებულებას რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში არეგისტრირებს/ასახავს გაერთიანება, ხოლო ის დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ასევე ინდივიდუალური მეწარმე, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას/ასახვას ახორციელებს თავად.

2.  დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის შესახებ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უნდა შეივსოს შემდეგი ველები:

ა) დაწესებულების დასახელება/ინდივიდუალური მეწარმის საფირმო სახელწოდება;

ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის პირადი ნომერი;

გ) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის  სახელი, გვარი;

დ) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის ტელეფონის ნომერი;

ე) დაწესებულების ხელმძღვანელის/ინდივიდუალური მეწარმის  ელექტრონული ფოსტა;

ვ) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის პირადი ნომერი;

ზ) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;

თ) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის მობილურის ნომერი;

ი) დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის საკონტაქტო პირის ელექტრონული ფოსტა;

კ) მუნიციპალიტეტი, სადაც მდებარეობს დაწესებულება ან სადაც ინდივიდუალური მეწარმე ახორციელებს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების  ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას;

ლ) საქმიანობის განხორციელების მისამართი;

მ) პერსონალის საერთო რაოდენობა;

ნ) აღსაზრდელების საერთო რაოდენობა;

ო) ინფორმაცია კვებითი მომსახურების ორგანიზების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ველი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ მეწარმეს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პირადი ნომერი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ველში უნდა მიეთითოს ინდივიდუალური მეწარმის პასპორტის ნომერი.

5. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში აღინიშნება ის ველები, რომელთა შევსებაც სავალდებულოა.

6. დაწესებულებამ, გაერთიანებამ ან ინდივიდუალურმა მეწარმემ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსების შემდეგ უნდა დააჭიროს „შენახვა-წარდგენის“ ღილაკს, რის შემდეგაც განხორციელდება დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია/ასახვა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს რეგისტრირებული/ასახული მონაცემების ცვლილება დაწესებულებისა და გაერთიანების მიერ შესაძლებელია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ​1“ ქვეპუნქტით პირველადი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში.

8. ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების  მიზნით დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციად განიხილება, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, დაწესებულების/ინდივიდუალური მეწარმის შესახებ მონაცემების რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 თებერვლის დადგენილება №62 – ვებგვერდი, 13.02.2023წ.

მუხლი 6. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის/მონაცემების კონფიდენციალურობა და შენახვის ვადა

1. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული ზოგიერთი ინფორმაცია წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემს.

2. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული პერსონალური მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

3. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გააჩნიათ:

ა) რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სუბიექტების თანამშრომლებს, რომელთაც, საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულების მიზნით, ესაჭიროებათ ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომა და გააჩნიათ სისტემაში ინფორმაციაზე/მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;

ბ) მართვის სისტემის თანამშრომლებს, რომლებიც მონაწილეობენ რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნაში (დეველოპერი), დახვეწაში ან/და მართვაში.

4. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასახული ინფორმაცია ინახება 2024 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება.

მუხლი 7. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის უსაფრთხოება

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის ვებაპლიკაცია განთავსებულია მართვის სისტემის სერვერებზე, რომლის უსაფრთხოებასა და მაღალტექნოლოგიურობას უზრუნველყოფს მართვის სისტემა.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემისა და მონაცემთა ბაზების რეზერვირება ხორციელდება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი სარეზერვო ასლებისა და ჩანაწერების შენახვის წესის შესაბამისად.

3. ავტორიზებული მომხმარებლის სესიის ხანგრძლივობა, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უმოქმედობის შემთხვევაში, განისაზღვრება 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად ხდება რეგისტრაციის ელექტრონული სისტემიდან გამოსვლა (Log out) და სესიის გასუფთავება.

მუხლი 8. რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში განხორციელებული ოპერაციების შენახვა (ლოგირება)

1. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფილია ე. წ. აუდიტლოგირების საშუალებებით. მომხმარებლის სამუშაო გარემოდან განხორციელებული წარმატებული და წარუმატებელი ოპერაციებისა და მცდელობების 100% (წაკითხვა, დამატება, რედაქტირება და წაშლა-CRUD) ინახება (ლოგირება), წაკითხვის შემთხვევაში, განხორციელდება მხოლოდ იმ გვერდების ლოგირება, სადაც ფიქსირდება პერსონალური მონაცემი.

2. რეგისტრაციის ელექტრონული სისტემისგან დამოუკიდებლად განხორციელდება მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის მომხმარებლის მიერ განხორციელებული ქმედებების (CRUD) ლოგირება.

3. ავტორიზებული მომხმარებლის ქმედების ლოგირება:

ა) ქმედების ტიპი – CRUD;

ბ) ქმედების ობიექტი;

გ) ქმედების დრო;

დ) მომხმარებლის სახელი;

ე) IP მისამართი.

4. შეცდომის ლოგირება:

ა) შეცდომის ტიპი;

ბ) შეცდომის დაშვების დრო;

გ) ქმედების ობიექტი;

დ) IP მისამართი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №337, 24.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 430040000.10.003.023548 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5505459-1/