ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.07.2022 ბოლო ცვლილება 01.12.2025
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016550
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2022 წლის 19 ივლისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი, თანახმად დანართისა.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე
+



დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული შენობების ლიკვიდაციის და მათ ნაცვლად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლების, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების ხელშეწყობის, ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების პირობებს, ასევე ამ მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს  (შემდგომში - საბჭო) საქმიანობის წესს.

2. ამ წესის ამოცანებია:

ა) შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის და მათ ნაცვლად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლების, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების ხელშეწყობა, ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ხელშეწყობა;

გ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნა;

დ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესება;

ე) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

ვ) მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდის შევსება.


+
მუხლი 2. დროებითი ხელშემწყობი და საკომპენსაციო ღონისძიებები
1. ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა, ასევე დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი (გარდა განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტისა და გამწვანების კოეფიციენტისა)) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილებების შეტანა. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ ის კომპენსირდება შესაბამისი ღონისძიებით, ამავდროულად, არ დაუპირისპირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს, საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქალაქგეგმარებით ესთეტიკურ პარამეტრებს და უნდა ითვალისწინებდეს არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობებს. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ:

ა) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე;

ბ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში;

გ) ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით;

დ) იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს მხოლოდ  საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენებაზე უარის შესახებ, ეს გადაწყვეტილება აღარ საჭიროებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების  გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა (ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით საკრებულოს გადაწყვეტილებით) სასარგებლო ფართობის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებული უნდა იქნეს სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის. ეს ფართობი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე.


+
მუხლი 3. 2027 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მრავალბინიანი ან/და მრავალფუნქციური ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები
1. თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მრავალბინიანი ან/და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლები ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება, რაც დადასტურებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, რომლის თანახმად, ამ სახლების არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ასეთი სახლები ექვემდებარება დემონტაჟს, ხოლო მათ ნაცვლად სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში,  სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი ან/და მრავალფუნქციური სახლების მშენებლობის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით (შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესი, ავტოსადგომების რაოდენობა და სხვა მოთხოვნები, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა) გათვალისწინებულისგან განსხვავებული პირობებით დამტკიცდეს სამშენებლო დოკუმენტაცია ან მასში ცვლილებები იქნეს შეტანილი. ამასთანავე, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების კომპენსირებისთვის შესაძლებელია სხვა ღონისძიებების გამოყენება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ქალაქგეგმარებითი ესთეტიკური პარამეტრები და არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობები.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში.


+
მუხლი 4. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების წინაპირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობის დასრულების მიზნით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ობიექტების დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ, რომლებზეც არსებობს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნეულ პირვანდელ საპროექტო ობიექტზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებზე, ასევე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყოფილ ან გამოყენებულ სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).

4. დაინტერესებული პირი, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება;

ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

გ) ფოტოსურათები;

დ) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში);

ე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა (განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების არსებობის შემთხვევაში);

ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;

ზ) ინფორმაცია მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ, თუ დაინტერესებული პირი მიიჩნევს, რომ ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

თ) სხვა დოკუმეტაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოითხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.

5. ამ წესით დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის ავარიულ სახლად მიიჩნევა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 05.07.2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020588) ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის ერთ ან რამოდენიმე საკადასტრო კოდზე არსებული ერთიანი კონსტრუქციული სქემის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განმარტების შესაბამისად) ან/და მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი, რომელშიც საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ერთ ჭერქვეშ არსებობს სამი და მეტი დამოუკიდებელი საკუთრების საგანი – რამდენიმე საცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი ფართი და კომერციული დანიშნულების  ფართი ან/და საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ერთ ჭერქვეშ არსებობს 3 და მეტ წილად  დაყოფილი საკუთრების საგანი, რომელშიც წილობრივი მონაცემების შესაბამისად აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარეობით მდებარეობს ბინა ერთეულების მსგავსად დაყოფილი დამოუკიდებელი სახით არსებული  3 და მეტი  ფართი,  რამოდენიმე საცხოვრებელი ბინა და კომერციული დანიშნულების ფართი), რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V, IV  და  III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან/და მისი აღდგენა-გამაგრება  არარენტაბელურია, აგრეთვე, აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნით დადასტურებული საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. „ბარაკები“.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები გამოიყენება ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, ავარიულ შენობა-ნაგებობად მიჩნეულ შენობა-ნაგებობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, ასევე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყოფილ ან/და გამოყენებულ/გამოსაყენებელ  სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).

6​1. ამ  წესის მე-3 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის იმავე ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის ავარიული სახლის ადგილად მიიჩნევა ავარიულ სახლზე დამაგრებული არანაკლებ 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან/და ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს  ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს და რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან, რა დროსაც მაკომპესირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის.

6​2.  ამ  წესის მე-3 მუხლის შესაბამისად მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის იმავე ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამად და ავარიული სახლის ადგილად მიიჩნევა (რა დროსაც მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის) ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ასევე ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან/და ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს  ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან, იმ პირობით თუ მშენებლობის ნებართვის აღებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ავარიული სახლის დემონტაჟი,  ასევე მოხდება ავარიულ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების წინასწარი და სრული დაკმაყოფილება (სანაცვლო ქონების საკუთრებაში გადაცემა ან/და ნასყიდობის საფასურის გადახდა) ან/და მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი იქნება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ  გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (საბანკო გარანტის ფორმა განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ) ავარიული სახლის ადგილას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შეთანხმებული მშენებლობის პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულების (დადასტურებული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნით)  არანაკლებ  20% ოდენობის თანხაზე. იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყოფს მშენებლობის დასრულებას და ექსპლუატაციაში მიღებას, საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ. საბანკო გარანტიასთან ერთად მშენებლობის ნებართვის მფლობელი დეველოპერი მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფის მიზნით, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავს (მათ შორის, იპოთეკით დატვირთული უძრვი ქონების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე გასხვისების აკრძალვის პირობით) მშენებარე ობიექტში თავის საკუთრებაში რეგისტირებული სასარგებლო ფართების (ბინების) საერთო ჯამის  არანაკლებ 10 %-ს.

 6​3. დაუშვებელია ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლების ჩანაცვლების საფუძვლით ერთდროულად ავარიული სახლის ადგილას და სხვა ტერიტორიაზე ამ წესით დადგენილი შეღავათების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება ხდება ერთდროულად ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე და ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან.

 6​4.  ამ  წესის მე-3 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის იმავე ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილებას ამ წესის მე-4 მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ღებულობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამთავრობო კომისიისა და ამ წესის შესაბამისად შექმნილი სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში.

 6​5. ამ  წესის მე-3 მუხლის შესაბამისად მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის იმავე ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების გადაწყვეტილებას ამ წესის მე-4 მუხლის 6​2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ღებულობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ამ წესის შესაბამისად შექმნილი სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში.

 6​6. ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ  შემთხვევებში გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად შექმნილი სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით საკრებულოს მიერ.   

 6​7. ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-4 მუხლის 6​4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისათვის დაინტერესებული პირი ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და დოკუმენტაციას (ელექტრონული სახით) წარუდგენს ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილ შესაბამის სამთავრობო კომისიას. სამთავრობო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას, განაცხადს და თანდართულ  საბოლოო სრულყოფილ დოკუმენტაციას  წარუდგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ამ წესის შესაბამისად შექმნილი სათათბირო საბჭოს  განხილვისა და შემდგომი ღონისძიების  გასატარებლად. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტეის მერიის სათათბრო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს.

 6​8. ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-4 მუხლის 6​5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისათვის დაინტერესებული პირი ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და დოკუმენტაციას (ელექტრონული სახით) წარუდგენს  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. წარდგენილ განაცხადს განიხილავს ამ წესის შესაბამისად შექმნილი სათათბირო საბჭო. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბრო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად წარუდგენს შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტს.

6​9. ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის სხვა ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება დასაშვებია იმ პირობით, თუ მშენებლობის ნებართვის აღებამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ავარიული სახლის დემონტაჟი,  ასევე მოხდება ავარიულ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების წინასწარი და სრული დაკმაყოფილება ან/და წარმოდგენილი იქნება ავარიული სახლის ყველა მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მათსა და იურიდიულ პირს (დეველოპერულ კომპანიას) შორის დადებულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დეველოპერული კომპანია პასუხისმგებელი ავარიული სახლის ჩანაცვლებასა და ავარიული სახლის მესაკუთრეების სრულად დაკმაყოფილებაზე, ავარიული სახლის მესაკუთრეები თავიანთ თავზე იღებენ აღნიშნული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს  და თანახმა არიან დეველოპერული კომპანიამ ისარგებლოს ამ წესით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებით და რომ არც თანხმობის გაცემის მომენტში და არც მომავალში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმე სახით პრეტენზია ან/და მოთხოვნა არ ექნებათ. თუ ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის №22 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 03/10/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016595) ძალაში შესვლამდე და ხორციელდება ავარიულ  სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთზე მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის ან/და ნაკვეთების მიმატება (გაერთიანება), რომელთა კვადრატულობა ჯამში აღემატება  ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს, აღნიშნულის განხილვა დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი წესით, რა დროსაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე/ნაკვეთებზე (რომელთა მიმატება უნდა მოხდეს ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთან) საცხოვრებელი სახლის/სახლების (მათ შორის ავარულის) არსებობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის აღებამდე უნდა განხორციელდეს ავარიულ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების წინასწარი და სრული დაკმაყოფილება ან/და წარმოდგენილი იქნება ავარიული სახლის ყველა მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მათსა და იურიდიულ პირს (დეველოპერულ კომპანიას) შორის დადებულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დეველოპერული კომპანია პასუხისმგებელია ავარიული სახლის ჩანაცვლებასა და  ავარიული სახლის მესაკუთრეების სრულად დაკმაყოფილებაზე, ავარიული სახლის მესაკუთრეები თავიანთ თავზე იღებენ აღნიშნული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს  და თანახმა არიან დეველოპერულმა კომპანიამ ისარგებლოს ამ წესით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებით და რომ არც თანხმობის გაცემის მომენტში და არც მომავალში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახით პრეტენზია ან/და მოთხოვნა არ ექნებათ.

 6​10. ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მიზნებისათვის, ასევე ამ წესის მე-4 მუხლის 6​6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებისათვის დაინტერესებული პირი ამ წესით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას  (ელექტრონული სახით) წარუდგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას. წარდგენილ განაცხადს და დოკუმენტაციას სათათბირო საბჭოზე განხილვისათვის ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური. სათათბირო საბჭოს მიერ საბოლოოდ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს ქალაქ ბათუმის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს და წარუდგენს მერს ხელმოსაწერად, ხოლო სათათბირო საბჭოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (განმარტებითი ბარათი, თანდართულ დოკუმენტაცია)  პროექტს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გაგზავნის მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად წარუდგენს შესაბამისი წერილის პროექტს.

 6​11. იმ შემთხევაში თუ ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე ხდება მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის ან/და ნაკვეთების გაერთიანება, რომელთა კვადრატულობა ჯამში აღემატება ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს, საკითხის განხილვა დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი წესით.

6​​12. 6​​1 და 6​​2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს ემიჯნება ორი ან მეტი ავარიული სახლი, ავარიული სახლების ადგილად მიიჩნევა ასეთ ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები, ასევე, ამ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან/და ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს  ავარიულ სახლებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების ჯამის ერთ მეორედს, რომელთა გაერთიანებაც ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელების მიზნისათვის უნდა მოხდეს ავარიულ სახლებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებთან.

6​​13. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ  ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთების მომიჯნავე მიწის ნაკვეთებად ითვლება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 05.07.2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020588) ამოქმედებამდე ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთები.

6​​14. ამ  წესის მე-3 მუხლის შესაბამისად ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის იმავე ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის ამ წესის მე-4 მუხლის 6​​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილე ან/და მონაწილეობის მსურველი დეველოპერი უფლებამოსილია ნებაყოფლობის საფუძველზე აირჩიოს და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის №159 დადგენილებით დამტკიცებულ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“, რა დროსაც გადაწყვეტილებები მიიღება ამ წესის მე-4 მუხლის 6​​​4 პუნქტის შესაბამისად ან/და ისარგებლოს ამ წესის მე-4 მუხლის 6​​2 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციებით, რა დროსაც გადაწყვეტილებები მიიღება ამ წესის მე-4 მუხლის 6​​5  პუნქტის შესაბამისად.

6​​15. ამ მუხლის 6​​2 პუნქტით გათვალისწინებული სრული საინვესტიციო ღირებულების დადგენა უნდა განხორციელდეს შეთანხმებული მშენებლობის პროექტის მიხედვით ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანისათვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დაინტერესებული პირი/პირები, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრე(ებ)ს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება/შეთანხემება;

ბ) ავარიული სახლის ყველა მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე. ამასთან, თუ ავარიული სახლის მესაკუთრე პირთაგან რომელიმე სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტია, მათი თანხმობა სავალდებულო არ არის;

გ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

დ) ფოტოსურათები;

ე) შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი არის III, IV ან V კატეგორიის. ამასთან, ეს დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ;

ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;

ზ) სხვა დოკუმეტაცია/ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოთხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.

8. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყეტილებით გამოყოფილია/გადაცემულია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებისათვის.

9. დაინტერესებული პირი, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა;

ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

გ) ფოტოსურათები;

დ) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში);

ე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა (განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების არსებობის შემთხვევაში);

ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი.

10. განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მიიჩნევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

11. დაინტერესებული პირი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა;

ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;

გ) ფოტოსურათები;

დ) განმარტებითი ბარათი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის დასაბუთების შესახებ;

ე) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;

ვ) სხვა დოკუმეტაცია/ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოთხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 03.10.2023წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 მარტის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 27.03.2024წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის დადგენილება №37 - ვებგვერდი, 16.07.2024წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 01.11.2024წ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 31.01.2025წ.

+
მუხლი 5. სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი
1. ამ წესით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით იქმნება სათათბირო საბჭო.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს შემადგენლობას.

3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ  განსაზღვრული თანამდებობის პირი. 

4.  სათათბირო საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

5. სათათბირო საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი (საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს  ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი), რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.

6. სათათბირო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების საკითხის განსახილველად.

7. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე საბჭოს წევრი.

8. სათათბირო  საბჭო უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან;

ბ) იმსჯელოს და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

გ) გამოითხოვოს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებისაგან განსხვავებით დამატებითი მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც აუცილებელია საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის.

9. სათათბირო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი  მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.

10. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხების განხილვა ხდება მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი ადმინისტრაციული  წარმოების წესების დაცვით, ადმინსიტრაციული წარმოების  ფარგლებში საბჭოზე განხილვისათვის ამ წესით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებას უზრუნველყოფს მშენებლობის ნებრათვის გაცემის პროცედურების წარმართვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

11.  სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი საკითხთან დაკავშირებით სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრას სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღს და იწვევს სხდომას. სათათბირო საბჭოს სხდომა ტარდება კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში.  სხდომის თარიღისა და მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება დაუყონებლივ ეცნობება საბჭოს ყველა წევრს.

12. სათათბირო საბჭო განხილულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ღებულობს ღია კენჭისყრის საფუძველზე ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.

13. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული, მატერიალურ და ტენიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“, №15, 19.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016550 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5524172-5/