განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.12.2022 ბოლო ცვლილება 21.02.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№556
სარეგისტრაციო კოდი
300350000.10.003.023767
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №556

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა და სიმძლავრის აუქციონის წესები“.

 

+
მუხლი 2
1. ამ დადგენილების  მოქმედება ვრცელდება:

ა)  ენერგეტიკის დარგში არსებულ იმ პროექტებზე, რომლებიც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებს და ასევე იმ პროექტებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებს;

ბ) ელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ეტაპზე არსებულ პროექტებზე;

გ) მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობებით განხორციელებულ ქარისა და მზის სადგურების მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ფაზაზე არსებულ პროექტებზე.

2. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამავე დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ მშენებლობის ფაზაში მყოფ პროექტებზე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №553 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.

+
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე შეჩერდეს  „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მექანიზმის თანახმად საჯარო და კერძო თანამშრომლობის განცხადებების მიღება და განხილვა.
+
მუხლი 4
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში „სიმძლავრის აუქციონის წესების“ დამტკიცება.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა და სიმძლავრის აუქციონის წესები

+
მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის“ (შემდგომში − მხარდაჭერის სქემა) მიზანია განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და წახალისება.

2. ეს მხარდაჭერის სქემა ვრცელდება საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 0.5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურებზე (შემდგომში – ელექტროსადგური).

3. ეს მხარდაჭერის სქემა განსაზღვრავს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მინიჭების წესს.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაინტერესებული პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლება ან წარადგენს განაცხადს ამ უფლების მოპოვების მიზნით;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) სიმძლავრის აუქციონი − აუქციონი, რომელიც ცხადდება განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით;

გ​1) განაცხადი − დაინტერესებული პირის მიერ სიმძლავრის აუქციონის კომისიისთვის ან სამინისტროსთვის წარდგენილი წინადადება, რომლითაც მოითხოვს მისთვის მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მინიჭებას. განაცხადი უნდა ასახავდეს დაინტერესებული პირის ნამდვილ ინტერესს და მზადყოფნას  ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებაზე;

დ) ესკო − სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;

ე) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება − სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/პირდაპირი წესით შერჩეულ პირსა და ესკოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ხორციელდება დღით ადრე ბაზრის ფასსა და შეთავაზებულ ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსური ანგარიშსწორება, შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;

ვ) საბანკო გარანტია – სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებული/პირდაპირი წესით შერჩეული პირის მიერ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით ან განხორციელების ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობის (ბენეფიციარი) მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება;

ზ) განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია − სიმძლავრის აუქციონზე მონაწილეობის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განაცხადით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მითითებული ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება პირდაპირი წესით შერჩევაში მონაწილე დაინტერესებულ პირებზე;

თ) სიმძლავრის აუქციონის კომისია − სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ სიმძლავრის აუქციონში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შორის საუკეთესო განაცხად(ებ)ის შერჩევის მიზნით შექმნილი კომისია;

ი) წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა − ამ მხარდაჭერის სქემის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კვლევების ერთობლიობა;

კ) სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა − დაინტერესებული პირის მიერ მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად მომზადებული და სამინისტროსთვის წარდგენილი დასრულებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ლ) ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება − სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/ პირდაპირი წესით შერჩეულ პირსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის შესახებ;

ლ​1) განხორციელების ხელშეკრულება – სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/პირდაპირი წესით შერჩეულ პირსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ;

მ) მედიანური ტარიფი − ზრდადობის მიხედვით დალაგებული შემოთავაზებული ტარიფების წყებიდან შერჩეული შუა ტარიფი. თუ შემოთავაზებულია ლუწი რაოდენობის ტარიფები, მაშინ შუა ორი ტარიფის საშუალო არითმეტიკული ტარიფი;

ნ) მედიანური ტარიფის პრინციპი − სიმძლავრის გადანაწილება მედიანურ ტარიფზე ან მასზე დაბალ შემოთავაზებულ ტარიფებზე. სიმძლავრის აუქციონზე გამოტანილი სიმძლავრის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, სიმძლავრის გადანაწილების შეთავაზება განხორციელდება მედიანურ ტარიფთან მიახლოებულ მაღალ ტარიფებზე, რიგითობით, თუმცა მედიანური ფასით;

ო) შემოთავაზებული ტარიფი − დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ შემოთავაზებული ტარიფი;

ო​1) ფიქსირებული ტარიფი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზედა ზღვარი, რომლის შესაბამისად დაინტერესებული პირი წარადგენს განაცხადს – მის მიერ შეთავაზებული ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებულ ტარიფს;

პ) საპროექტო არეალი − ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების პოტენციური X და Y კოორდინატები;

ჟ) საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის, საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს უნდა ჰქონდეს რეზერვუარი, რომელიც მაქსიმალური შევსების პირობებში უზრუნველყოფს სადგურის სრული დადგმული სიმძლავრით ოპერირებას დღე-ღამეში 1 საათიდან 4 საათამდე, წყლის ბუნებრივი შემოდინების გარეშე;

რ) დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის, დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს უნდა ჰქონდეს რეზერვუარი, რომელიც მაქსიმალური შევსების პირობებში უზრუნველყოფს სადგურის სრული დადგმული სიმძლავრით ოპერირებას დღე-ღამეში 4 საათიდან 8 საათამდე, წყლის ბუნებრივი შემოდინების გარეშე;

ს) დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის, დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგურს უნდა ჰქონდეს რეზერვუარი, რომელიც მაქსიმალური შევსების პირობებში უზრუნველყოფს სადგურის სრული დადგმული სიმძლავრით ოპერირებას დღე-ღამეში 8 საათით და მეტით, წყლის ბუნებრივი შემოდინების გარეშე;

ტ) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა – ამ დადგენილების მიზნებისთვის, ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ 1 საათიდან 4 საათამდე, 4 საათიდან 8 საათამდე, ან 8 საათითა და მეტით რეგულირების ფუნქცია და გამოყენებულ უნდა იქნეს ქარის ან მზის ელექტროსადგურებთან ერთად;

უ) სასარგებლო წყლის მოცულობა – სხვაობა ნომინალური შეტბორვის დონესა და მინიმალურ საექსპლუატაციო ნიშნულს შორის;

ფ) მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური – ამ დადგენილების მიზნებისთვის მარეგულირებელ ჰიდროელექტროსადგურად მიიჩნევა საათობრივი, დღიური ან დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური.

2. მხარდაჭერის  სქემაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №51 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №553 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №354 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 3. მხარდაჭერის  სქემა

1. მხარდაჭერის სქემა მოიცავს მხარდაჭერის პერიოდს ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის, ყოველი წლის შემდეგ თვეებზე:  

ა) ჰიდროელექტროსადგურისთვის − 8 თვე  (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი);

ბ) ქარის ელექტროსადგურისთვის − 9 თვე  (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი);

გ) მზის ელექტროსადგურისთვის  − 12 თვე (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი);

დ) სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურისთვის − 12 თვე (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი).

2. მხარდაჭერის სქემა ხორციელდება ესკოს მიერ. ამ მიზნით, ესკოსა და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპების“  შესაბამისად.

მუხლი 4. ფასთა სხვაობის გადახდის პირობები

1. ესკოს მიერ ფასთა სხვაობა გადაიხდება, როგორც დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებულ ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებული ფასი ნაკლებია ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.

2. დაინტერესებული პირის მიერ ესკოსთვის ფასთა სხვაობის გადახდა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაფიქსირებული ფასი მეტია ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.

3. ფასთა სხვაობა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხდება შესაბამის საათში ელექტროსადგურის მიერ სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიის მოცულობაზე.

4. ამ დადგენილების საფუძველზე, ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ფასთა სხვაობის ანაზღაურება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, იმ პირობით, რომ ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და აღიარება ხდება დღიურად, საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ყოველი დღის საათობრივი მონაცემების მიხედვით, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისი დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის ფასთა სხვაობის შესაბამისი ჯამური თანხის ანაზღაურება განხორციელდება ყოველი თვის დასრულების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №51 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.
მუხლი 4​1. მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების შერჩევისა და ტარიფის განსაზღვრის წესი

1. ამ დადგენილების მიზნებისთვის, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეები შეირჩევიან:

ა) სიმძლავრის აუქციონის მეშვეობით;

ბ) პირდაპირი წესით.

2. მხარდაჭერის სქემის შეთავაზების შესახებ სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას ვებგვერდზე, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების შესარჩევად გამოყენებული წესი;

ბ) განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღები; 

გ) ფიქსირებული ტარიფი (პირდაპირი წესით შერჩევის შემთხვევაში).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირებისთვის ტარიფი განისაზღვრება სიმძლავრის აუქციონზე, მედიანური ტარიფის პრინციპის გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) ფიქსირებული ტარიფი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს პირდაპირი წესით შერჩევის დაწყებამდე ჩატარებულ უკანასკნელ სიმძლავრის აუქციონზე შესაბამისი კატეგორი(ებ)ისთვის განსაზღვრულ მედიანურ ტარიფ(ებ)ს;

ბ) დაინტერესებული პირის მიერ შეთავაზებული ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებულ ტარიფს.

5. სამინისტრო  უფლებამოსილია ფიქსირებული ტარიფით მხარდაჭერის სქემის შეთავაზება გააკეთოს ერთხელ ან რამდენჯერმე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად  განცხადების გამოქვეყნებით.

6. სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ პირს არ აქვს უფლება, მისთვის განსაზღვრული ტარიფის გაუმჯობესების მიზნით, მონაწილეობა მიიღოს  პირდაპირი წესით შერჩევაში.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ან/და მე-6 პუნქტის დარღვევით წარდგენილი განაცხადები არ ექვემდებარება განხილვას.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.
მუხლი 5. სიმძლავრის აუქციონის კომისია

1. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სიმძლავრის აუქციონში საუკეთესო განაცხად(ებ)ის შერჩევას და სამინისტროსთვის წარდგენას უზრუნველყოფს სიმძლავრის აუქციონის კომისია.

2. სიმძლავრის აუქციონის კომისიის შემადგენლობაშია:

ა) სამინისტრო;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

გ) სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო;

დ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

3. განაცხადების შეფასების დროს შესაძლებელია ასევე სიმძლავრის აუქციონის კომისიის წევრად მოწვეულ იქნენ სპეციფიკური ცოდნის ექსპერტ(ებ)ი/სპეციალისტ(ებ)ი, სიმძლავრის აუქციონის კომისიაში ხმის უფლებით ან მის გარეშე.

4. აუქციონის საქმიანობის წესი და აუქციონის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 6. განაცხადების განხილვა

1. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადის ამ დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს:

ა) სიმძლავრის აუქციონის კომისია, სიმძლავრის აუქციონის ჩატარების შემთხვევაში; ან

ბ) სამინისტრო, პირდაპირი წესით შერჩევის შემთხვევაში.

2. სიმძლავრის აუქციონის შემთხვევაში, სიმძლავრის აუქციონის კომისია განაცხად(ებ)ს განიხილავს განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) თვით, რის შესახებაც სიმძლავრის აუქციონის კომისია ატყობინებს შესაბამის დაინტერესებულ პირ(ებ)ს.

2​1. პირდაპირი წესით შერჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია განაცხად(ებ)ის განხილვა დაიწყოს მისი/მათი მიღებისთანავე. სამინისტრომ მიღებული განაცხად(ებ)ის განხილვა უნდა დაასრულოს განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 (სამი) თვით, რის შესახებაც სამინისტრო  ატყობინებს შესაბამის დაინტერესებულ პირ(ებ)ს.

3. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი შეესაბამება ამ დადგენილების მოთხოვნებს:

ა) სიმძლავრის აუქციონის კომისია ითვალისწინებს მას მედიანური ტარიფის დადგენისას და სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს ანიჭებს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლებას; ან

ბ) სამინისტრო დაინტერესებულ პირს ანიჭებს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლებას.

4. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი არ შეესაბამება ამ დადგენილების მოთხოვნებს, სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) განუხილველად დატოვოს განაცხადი;

ბ) შეწყვიტოს განაცხადის განხილვა; ან

გ) დაინტერესებულ პირს განუსაზღვროს ვადა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხარვეზ(ებ)ის გამოსასწორებლად.

5. სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო უფლებამოსილია შეწყვიტოს განაცხად(ებ)ის განხილვა და დაინტერესებულ პირ(ებ)ს დაუბრუნოს განაცხად(ებ)ი და სიმძლავრის აუქციონზე მონაწილეობის შემთხვევაში, ასევე – განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია/განაცხადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №51 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №354 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 6​1. განაცხადების შერჩევა

1. სიმძლავრის აუქციონზე შეთავაზებული დადგმული სიმძლავრე დაინტერესებულ პირ(ებ)ზე გადანაწილდება მედიანური ტარიფის პრინციპის შესაბამისად.

2. ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შეთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი. თუკი ასეთ შემთხვევაში ტარიფები იდენტურია, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლის ენერგეტიკული მოდელით შეთავაზებული სავარაუდო გამომუშავება იქნება უფრო მაღალი. თუკი ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადის არსებობისას შეთავაზებული ტარიფები და ენერგეტიკული მოდელით შეთავაზებული სავარაუდო გამომუშავებები იდენტურია, სამინისტრო ვალდებულია, ჩანიშნოს სიმძლავრის აუქციონი/განმეორებითი სიმძლავრის აუქციონი, „სიმძლავრის აუქციონის წესების“ შესაბამისად. სიმძლავრის აუქციონში/განმეორებით სიმძლავრის აუქციონში უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შეთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი.

3. თუ განაცხადების მიღების დაწყების შემდეგ სამინისტროს მიმართავს დაინტერესებული პირი „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების შესაბამისად, ისეთ საპროექტო არეალზე, რომელზეც იმავდროულად სხვა დაინტერესებული პირიც წარადგენს განაცხადს ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, მისი მოთხოვნა განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად მოქმედი დაინტერესებული პირი ვერ მოიპოვებს მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლებას ან მასთან რაიმე სხვა მიზეზით არ გაფორმდება ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.

მუხლი 7. ხელშეკრულების გაფორმება

1. სამინისტრო, ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონის კომისიის/სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მხარდაჭერის სქემის მოთხოვნებს, წინადადების მომზადებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.

2. წარმოდგენილი წინადადების საქართველოს მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, საქართველოს მთავრობასა და სიმძლავრის აუქციონზე გამარჯვებულ/პირდაპირი წესით შერჩეულ პირს შორის იდება ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებას. თუ მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მინიჭებამდე, ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად განაცხადების მიღების დაწყებამდე, გაფორმებული იყო ხელშეკრულება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილების ან/და „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდება აღნიშნული პროექტის განვითარების საჯარო და კერძო თანამშრომლობის ეტაპი და დაინტერესებული პირის მიერ მომზადებული და სამინისტროსთვის წარდგენილი კვლევები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება შესრულებულად.

3. (ამოღებულია - 17.06.2024, №198).

4. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებიდან და შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში დაინტერესებულ პირს განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია დაუბრუნდება სრულად.

4​1. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებდობის ხელშეკრულებითა და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა პროექტის განმახორციელებელ პირთან აფორმებს განხორციელების ხელშეკრულებას.

5. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება უნდა დაიდოს საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო აქტის (განკარგულება) მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ და საქართველოს მთავრობა სრულად გამოითხოვს შესაბამის საბანკო გარანტიას.

6. ფასთა სხვაობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია, ივაჭროს საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გავა მხარდაჭერის სქემიდან.

7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ელექტროსადგურის მიერ ოპერირების დაწყებიდან ყოველი 5 (ხუთი) წლის გასვლის შემდეგ უარი თქვას ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუ ამის შესახებ იგი სამინისტროს წერილობით შეატყობინებს ყოველი 5 (ხუთი) წლის გასვლამდე 6 (ექვსი) თვით ადრე. სხვა შემთხვევაში დაინტერესებული პირი კარგავს ფასთა სხვაობის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №51 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №553 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.
მუხლი 8. განაცხადი. მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად წარსადგენი ინფორმაცია

1. დაინტერესებული პირი, მხარდაჭერის სქემით სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, წარადგენს განაცხადს წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განმცხადებლის შესახებ სრულ ინფორმაციას (კომპანიის დასახელებას; ამონაწერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შესაბამისი იურიდიული პირის არსებობა, მისი სარეგისტრაციო მონაცემები, ინფორმაცია პარტნიორების/დამფუძნებლებისა და დირექტორების შესახებ და რომელიც შესაბამისად დადასტურებული უნდა იყოს აპოსტილით ან უნდა იყოს ლეგალიზებული; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; საკონტაქტო ინფორმაციას);

ბ) პოტენციური ელექტროსადგურის პროექტის შესახებ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას;

გ) შეთავაზებულ ტარიფს;

დ) პროექტის განხორციელების სავარაუდო გეგმა-გრაფიკს;

ე) სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში – განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 10 000 (ათი ათასი) ლარზე გამრავლებით. ამასთანავე, მისი მოქმედების ვადა  განაცხადების მიღების დასრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვით;

ვ) „სიმძლავრის აუქციონის წესებით“ მოთხოვნილ სხვა დოკუმენტაციას.

2.  დაინტერესებული პირის განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობა და ძირითადი პარამეტრები;

ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკა (მასშტაბი – 1:25000);

გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიური მონაცემები, გეოლოგიური რუკა (მათ შორის, ფონდურ მასალებზე დაყრდნობით);

დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმური მონაცემები, სეისმური რუკა;

ე) ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემები (საშუალო თვიური მაჩვენებლები), ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში – ქარის დაკვირვების მონაცემები, ხოლო მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში – მზის დაკვირვების მონაცემები (მათ შორის, ფონდურ მასალებზე დაყრდნობით);

ვ) ენერგეტიკული მოდელი (სავარაუდო გამომუშავების შესახებ);

ზ) პირველადი მონაცემები გარემოზე ზემოქმედების შესახებ;

თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემა და ქსელის შესაძლებლობა, მიიღოს გამომუშავებული ელექტროენერგია;

ი) ინფორმაცია ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებული და მშენებარე გზები დატანილი უნდა იყოს ტოპო-რუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით);

კ) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა;

ლ) ეკონომიკური ანგარიში (პროექტის ეკონომიკური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის მოცულობას, ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს);

მ) ფინანსური მოდელი როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით;

ნ) ცნობა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ან/და უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ:

ნ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში, კუთვნილ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული;

ნ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, კუთვნილ ქონებაზე ან ამავე იურიდიული პირის წილებზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა არ არის რეგისტრირებული (თარგმანის შემთხვევაში, დამოწმებული აპოსტილით ან ნოტარიულად);

ო) ცნობა მოვალეთა ან/და უცხო ქვეყნის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე (თარგმანის შემთხვევაში, დამოწმებული აპოსტილით ან ნოტარიულად);

პ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ცნობა სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის ლიკვიდაცია;

ჟ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ცნობა შესაბამისი განსჯადობის საქალაქო სასამართლოდან ან/და უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის/რეაბილიტაციის საქმის წარმოება;

რ) ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ტექნიკური შესაბამისობის დასადასტურებლად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტრო-სისტემიდან“ წარმოადგინოს შესაბამისი წერილი.

2​1. ამ მხარდაჭერის სქემის 4​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი განაცხადს წარუდგენს სიმძლავრის აუქციონის კომისიას, ხოლო 4​1 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამინისტროს.

3. ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვერსია განთავსებული უნდა იყოს CD დისკზე ან ფლეშმეხსიერების ბარათზე).

4. სიმძლავრის აუქციონის კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა ინფორმაცია.

5. განცხადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება 4​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით.

6. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სიმძლავრის აუქციონის კომისია/სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი განაცხადის (ინფორმაციის ან/და დოკუმენტების) კონფიდენციალურობა, გარდა პროექტის სიმძლავრისა და შეთავაზებული ტარიფისა, რაც შესაძლებელია, გასაჯაროვდეს სამინისტროს მიერ.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №51 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №553 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №354 - ვებგვერდი, 22.10.2024წ.
მუხლი 9. საბანკო გარანტია

1. პროექტის განმახორციელებელი პირი, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებითა და განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის (ბენეფიციარი) სასარგებლოდ წარადგენს შემდეგი სახის საბანკო გარანტიებს:

ა) წინასამშენებლო გარანტია – ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება;

ბ) სამშენებლო გარანტია – განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.

2. საბანკო გარანტია პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს მთავრობას უნდა წარედგინოს  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 10 (ათი) თვით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადას. 

3. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმავე ბანკის სააქციო კაპიტალის 15 (თხუთმეტი) პროცენტს. 

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 20  000 (ოცი ათასი) აშშ დოლარზე/მის ეკვივალენტ ევროზე (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო გარანტიის გაცემისას დადგენილი კურსით) გამრავლებით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის (მეგავატი) 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარზე/მის ეკვივალენტ ევროზე (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო გარანტიის გაცემისას დადგენილი კურსით) გამრავლებით.

6. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს განახლებული საბანკო გარანტია, საჭიროებისამებრ გაზრდილი მოქმედების ვადითა და ოდენობით, სამინისტროსგან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ამ მხარდაჭერის სქემისა და შესაბამისი ხელშეკრულების მოთხოვნების გათვალისწინებით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) განისაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულებ(ებ)ის შესასრულებლად, 10​1 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად; ან/და

ბ) განხორციელდა საბანკო გარანტიის გამოთხოვა პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, 10​1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.

მუხლი 10. პროექტის მონიტორინგი

1. სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, წარუდგინოს მას ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, მათ შორის, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით, განხორციელების ხელშეკრულებით, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ. პროექტის განმახორციელებელმა პირმა სამინისტროს ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გონივრულ ვადაში, თუმცა მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 2 თვეში.

2. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროს შეფასების შემდგომ, წარმოედგინება საქართველოს მთავრობას.

მუხლი 10​1. ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო

1. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით განსაზ-ღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, პროექტის განმახორციელებელ პირს დარღვევის გამოსასწორებლად განუსაზღვროს  გონივრული ვადა.

2. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევისთვის პროექტის განმახორციელებელ პირს ეკისრება პირგასამტეხლო.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, სამინისტრო პროექტის განმახორციელებელ პირს ატყობინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, განუმარტავს დარღვევის არსს და განუსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ვადას.

4. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება წინასამშენებლო გარანტიით/სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0.5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გამრავლებით.

5. თუ პროექტის განმახორციელებელი პირი არ გადაიხდის პირგასამტეხლოს ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, გამოითხოვოს საბანკო გარანტია, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობით. ასეთ შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელმა პირმა უნდა წარადგინოს განახლებული საბანკო გარანტია, შესაბამისად გაზრდილი (შევსებული) ოდენობით, საბანკო გარანტიის გამოთხოვიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.

მუხლი  10​2. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება შესაძლებელია, შეწყდეს ცალმხრივად ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შესაბამისი ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების  შესაბამისად.

2. თუ პროექტის განმახორციელებელ პირზე დაკისრებული პირგასამტეხლო(ები) ჯამურად აღემატება წინასამშენებლო გარანტიით/სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს  ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა სრულად გამოითხოვს საბანკო გარანტიას, ხოლო პროექტი და შესაბამისი ქონება (მათ შორის, პროექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება) უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს.

3. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება/განხორციელების ხელშეკრულება წყდება ავტომატურად, რის თაობაზეც საქართველოს მთავრობა წერილობით აცნობებს პროექტის განმახორციელებელ პირს და სრულად გამოითხოვს შესაბამისი საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას, თუ პროექტის განმახორციელებელი პირი:

ა) არ გამოასწორებს დარღვევას 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ დამატებით ვადაში;

ბ) არ წარადგენს საბანკო გარანტიას ან/და არ უზრუნველყოფს საბანკო გარანტიის განახლებას ამ მხარდაჭერის სქემით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.

მუხლი  10​3. პროექტის განხორციელების უფლების დატვირთვა და გასხვისება

1. პროექტის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, პროექტის განხორციელების უფლება, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს ან ნებისმიერი ფორმით დატვირთოს. ამასთანავე, ის პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში აშენებული ელექტროსადგურის ექსპლუატაციაზე, მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   

2. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების/განხორციელების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროექტის განხორციელების უფლების გასხვისების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, პროექტის განხორციელების უფლება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობასთან დადებული ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორცი-ელებადობის ხელშეკრულებით/განხორციელების ხელშეკრულებით.

3. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების/განხორციელების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ პროექტის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე, პროექტის განმახორციელებელ პირთან ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.

მუხლი 11. აუქციონზე წარდგენილ განაცხადსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შორის სხვაობა

1. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 10%-ით.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 30%-ით.  

3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის ნეგატიური სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს, შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება 100%-ით.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი პოზიტიურ სხვაობაზე  შეუმცირდება 10%-ით.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი პოზიტიურ სხვაობაზე შეუმცირდება 30%-ით.    

6. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის პოზიტიური სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება პოზიტიურ სხვაობაზე 100%-ით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №51 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.

მუხლი 11​1. რეგულირების ფუნქციის სავალდებულო შენარჩუნება

1. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირი ვალდებულია, რომ პროექტი ითვალისწინებდეს რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობის შენარჩუნებას ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

2. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სადგურის  რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10%-ით.

3. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სადგურის  რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30%-ით.

4. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში,  სადგურის  რეზერვუარის სასარგებლო წყლის მოცულობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100%-ით.

5. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირი ვალდებულია, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობებით განხორციელებული ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ სისტემის რეგულირების ფუნქცია და გამართული ფუნქციონირება შენარჩუნებული იყოს ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

6. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 10%-ზე მეტით, მაგრამ 15%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 10%-ით.

7. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის  ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 15%-ზე მეტით, მაგრამ 30%-ზე ნაკლებით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 30%-ით.

8. იმ შემთხვევაში, თუ სადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის  ნომინალური სიმძლავრე და ნომინალური ტევადობა შემცირდება 30%-ზე მეტით, დაინტერესებულ პირს შეუმცირდება შეთავაზებული ტარიფი 100%-ით.

9. ამ დადგენილების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირობები ასევე ვრცელდება საათობრივი, დღიური, დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობით განხორციელებული მზისა და ქარის ელექტროსადგურებზე პროექტებზე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №553 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.

მუხლი 12. პროექტის ვადა და ვადის ცვლილება

1. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვებამდე ვადა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ჰიდროელექტროსადგურებისთვის − 5 (ხუთ) წელს;

ბ) ქარის ელექტროსადგურებისთვის − 4 (ოთხ) წელს;

გ) მზის ელექტროსადგურებისთვის − 3 (სამ) წელს;

დ) სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის − 5 (ხუთ) წელს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადები შესაძლოა, გაგრძელდეს/გახანგრძლივდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით, თუკი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება ფერხდება დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების გამო, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი უწყების მიერ, წერილობითი ფორმით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №51 – ვებგვერდი, 07.02.2023წ.

მუხლი 13.  გარდამავალი დებულებები

1. პროექტები, რომელთა განვითარება დაწყებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და მიმდინარეობს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილების საფუძველზე, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილების თანახმად განსაზღვრული მხარდაჭერის სქემის შესაბამისად.

2. ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილე ყველა ის დაინტერესებული პირი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში ან რომელთანაც არ გაფორმდება ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება, უფლებამოსილია, პროექტი განავითაროს იმ სამართლებრივი აქტის შესაბამისად, რომლის  საფუძველზეც მოპოვებული ჰქონდა პროექტის განვითარების უფლება.

3. დაინტერესებული პირის მიერ შეთავაზებული პროექტის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ კატეგორიაში გამოცხადებული სიმძლავრის 70%-ს, გარდა მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობით განხორციელებული პროექტებისა.

4. 2024 წლის  1 ივლისამდე ჩატარებულ სიმძლავრის აუქციონებში გამარჯვებული პირების მიერ წარსადგენი ან განახლებული საბანკო გარანტიების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სიმძლავრის აუქციონის გამოცხადების მომენტში მოქმედი წესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №553 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ივნისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 18.06.2024წ.
მუხლი 14.  ფასთა სხვაობის გადახდის პირობები გარდამავალ პერიოდში

1. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, სიმძლავრის აუქციონში შერჩეული მწარმოებლის მიერ მხარდაჭერის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.

2. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“  მიერ სიმძლავრის აუქციონში შერეული მწარმოებლისათვის ფასთა სხვაობის შესაბამისი თანხა გადაიხდება, როგორც საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია სიმძლავრის აუქციონში შეთავაზებულ ტარიფზე.

3. სიმძლავრის აუქციონში შერეული მწარმოებლის მიერ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისთვის“ ფასთა სხვაობის შესაბამისი თანხის გადახდა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მეტია სიმძლავრის აუქციონში შეთავაზებულ ტარიფზე.

4. ფასთა სხვაობა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხდება შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროსადგურის მიერ სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის მოცულობაზე.

5. ამ დადგენილების საფუძველზე, ფასთა სხვაობის ანაზღაურება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის ფასთა სხვაობის შესაბამისი თანხის ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 28  კალენდარული დღისა.

6. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ მწარმოებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“  შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №553 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“, №556, 07.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.023767 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5636966-4/