ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
1. „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სელექციონერის მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე ერთგვაროვნებაზე, სტაბილურობასა და განსხვავებულობაზე ჩასატარებელ გამოცდასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომელიც დაკავებულია სელექციური პროცესებით, ახორციელებს ახალი ჯიშის რეგისტრაციას, რათა დაიცვას სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები.
3. ეს წესი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.
ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზანია, საველე გამოცდის შედეგად დადგინდეს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დასკვნა − საგამოცდო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ან არ ადასტურებს მცენარის/ცხოველის ჯიშის განსხვავებულობას, ერთგვაროვნებას, სტაბილურობას;
ბ) DUS ტესტი − ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგები.
მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი.
გამოცდის ორგანოში მცენარის/ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის პროცესი იწყება სელექციონერის მიერ განაცხადის წარდგენით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) სელექციონერისგან ან სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისგან − „საქპატენტისგან“ (შემდგომში − საქპატენტი) სელექციონერის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება;
ბ) დოკუმენტაციის განხილვა;
გ) მცენარის ჯიშის გამოსაცდელი მასალის ნიმუშების ან ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის მიღება სელეციონერისგან;
დ) DUS ტესტის ჩატარება;
ე) DUS ტესტის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
1. საგამოცდო ორგანოში გამოცდის ჩატარებისათვის გაგზავნილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მცენარის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ა.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ა.ბ) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფისის ადმინისტრაციული საბჭოს (CPVO) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ოქმების, დანართი №2-ისა და მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ჩატარების სახელმძღვანელოს მე-10 ნაწილის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია;
ა.გ) ჯიშის შემოთავაზებული დასახელება;
ა.დ) ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ჯიში რეგისტრირებული სხვა ქვეყანაში, ან სხვა ქვეყანაში არის თუ არა განაცხადი ჯიშის ასეთი რეგისტრაციის შესახებ;
ა.ე) განმცხადებელს შეუძლია, განაცხადთან ერთად წარადგინოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია;
ბ) ცხოველის ახალი ჯიშის შემთხვევაში:
ბ.ა) სელექციონერის სახელი, გვარი და მისამართი;
ბ.ბ) სელექციონერის მიერ ცხოველის ახალი ჯიშის შეთავაზებული დასახელება;
ბ.გ) ცხოველის ახალი ჯიშის აღწერილობა, ძირითადი ზოოლოგიური, კონსტიტუციურ-ექსტერიერული ნიშან-თვისებები და სამეურნეო დახასიათება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის განხილვა ტარდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №494 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საგამოცდო ორგანოს სელექციონერის მიერ მცენარის/ცხოველის ჯიშის საგამოცდო ნიმუშები მიეწოდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
1. მცენარის/ცხოველის გამოცდა ტარდება საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით, ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
2. საგამოცდო ორგანო უფლებამოსილია, შექმნას საგამოცდო ჯგუფი, მიიწვიოს სპეციალისტები მცენარის/ცხოველის კონკრეტული სახეობის/ჯიშის მიხედვით, რომელიც პასუხისმგებელია მცენარის/ცხოველის ჯიშის DUS-ის (განსხვავებულობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა) ტესტის ჩატარებაზე.
3. მცენარის ჯიშად რეგისტრაციის შესახებ საგამოცდო ორგანოში წარდგენილ განაცხადზე, ჯიშის აღწერილობაზე უნდა ჩატარდეს ჯიშის ექსპერტიზა ამ წესის მე-4 მუხლისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
4. ჯიშის გამოცდა უნდა ჩატარდეს გამოცდის გეგმის, ჯიშის მოვლა-მოყვანისა და ჯიშობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომელმაც უნდა მოიცვას, სულ მცირე:
ა) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის ოფისის ადმინისტრაციული საბჭოს (CPVO) „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ოქმების შესაბამისი მოთხოვნები;
ბ) ევროკავშირის მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირის (UPOV) მცენარის „განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის“ გამოცდის ჩატარების ინსტრუქციების შესაბამისი მოთხოვნები;
გ) საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №494 - ვებგვერდი, 19.12.2023წ.
1. საქართველოში ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე საგამოცდო ორგანო გადასცემს დასკვნას საქპატენტს, ჯიშის განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის შესახებ.
2. ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საგამოცდო ორგანო, სელექციონერთან ერთად, ადგენს ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის აღწერილობას, რომელსაც დასკვნასთან ერთად გადასცემს საქპატენტს.
3. ამ დადგენილების ამოქმედებამდე საგამოცდო ორგანოს მიერ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით ჩატარებული ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული ან/და დაწყებული გამოცდის შედეგებით მიღებული დასკვნები სარგებლობს ისეთივე უფლებამოსილებით, როგორც დადგენილების ამოქმედების შემდეგ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე მიღებული დასკვნები.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, №587, 23.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.023798 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5662778-1/