საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.05.2023 ბოლო ცვლილება 20.08.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.024010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 1
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2023 წლის 15 მაისი

   ქ. თბილისი

 

საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 84​1 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი“.
+
მუხლი 2
1. იმ სტაჟიორებზე, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის გადიან სტაჟირებას ან დაასრულეს სტაჟირება საჯარო დაწესებულებებში, 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების ვადა ჩაეთვალოთ სამსახურის სტაჟში.

2. ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული სტაჟირება დასრულდეს ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

+
მუხლი 3
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილება.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.  

1​1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ვრცელდება ამ წესის მოქმედება, გარდა ამავე წესის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, III​2 თავისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე – აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №508 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.
მუხლი 2. სტაჟირების მიზანი

სტაჟირების მიზანია:

ა) სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა;

ბ) სტაჟიორის მიერ  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;

გ) კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;

დ) საჯარო დაწესებულებაში არსებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების გაზიარება სტაჟიორისთვის;

ე) მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადების გზით, საჯარო დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერა დამატებითი ადამიანური რესურსით.

ვ) პროფესიული გამოცდილების შეძენის გზით სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟიორი − პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში ასრულებს სამუშაოს შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ა​1) სტაჟირება − საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შესრულება შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;

ბ) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა;

გ) სტაჟიორის კონკურსი − საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად, სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი;

დ) სტაჟირების მსურველი პირი − პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა ამ წესის შესაბამისად და წარდგენილი აქვს განცხადება საჯარო დაწესებულებაში, სტაჟირების გავლის მიზნით;

ე) ცნობა − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საჯარო დაწესებულების მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე; 

ვ) სტაჟიორის მენტორი − საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;

ზ) საჯარო მოსამსახურე − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, ამ წესის მიზნებისთვის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირი;

თ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სტაჟიორი იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

თავი II. სტაჟიორის მიღების წესი
მუხლი 4. სტაჟიორისათვის დადგენილი მოთხოვნები

1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ  (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.

2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.

3. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სტაჟიორისათვის დადგინდეს სხვა მოთხოვნები.

მუხლი 5. სტაჟიორის მიღება

პირი სტაჟიორად მიიღება კონკურსის წესით, რაც გულისხმობს სტაჟირების მსურველი პირებისგან საუკეთესოს შერჩევას განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციების, ცოდნისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.

მუხლი 6. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადება

1. სტაჟიორის კონკურსი ცხადდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საჯარო დაწესებულება სტაჟიორის შესარჩევ კონკურსს აცხადებს სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.

3. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს საჯარო დაწესებულების ან/და სხვა ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში.

მუხლი 7. სტაჟიორის კონკურსის პრინციპები

სტაჟიორის შესარჩევი კონკურსი ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობის, ღიაობისა და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ სხვა პრინციპებს.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

მუხლი 8. სტაჟიორის კონკურსის ეტაპები

სტაჟიორის კონკურსის ეტაპებია:

ა) სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ბ) სტაჟირების მსურველი პირის შეფასება;

გ)  შედეგების გამოცხადება.

მუხლი 9. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება

1. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას;

ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც კონკურსი ცხადდება;

გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ  მოთხოვნებს;

დ) სტაჟიორისთვის განსაზღვრულ ფუნქციებს;

ე) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას;

ვ) საჯარო დაწესებულების მისამართს;

ზ) კონკურსის ეტაპებს;

თ) ინფორმაცია შრომის ანაზღაურების შესახებ.

2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.

3. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება.

4. სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ სტაჟიორის ახალი კონკურსის გამოცხადებას.

5. სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და სტაჟიორის კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

მუხლი 10. სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენა

1. სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობისათვის, სტაჟირების მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

2. სტაჟირების მსურველი პირი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.

3. სტაჟირების მსურველ პირს სტაჟირების კონკურსებში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 3, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

4. სტაჟირების მსურველი პირი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადების წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 11. სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა

სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რაც წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილ კომისიას/პირს.

მუხლი 12. სტაჟირების მსურველი პირის შეფასება

1. სტაჟირების მსურველი პირი, რომლის მიერ წარდგენილი განაცხადი განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისია, ექვემდებარება შეფასებას.

2. სტაჟირების მსურველი პირის შეფასება ხდება გასაუბრების საფუძველზე.

3. საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შეფასებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს წერითი ან/და ზეპირი დავალება.

4. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდნენ ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი და იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა კომისიის წევრებად მოწვევა სავალდებულოა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, განსაზღვროს კომისიის სხვა წევრები, ასევე კომისიის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.

6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟირების მსურველი პირის შეფასება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის ნაცვლად, დაავალოს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელს ან იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი.

მუხლი 13. სტაჟიორის კონკურსის შედეგები

1. სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი.

2. შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს.

3. სტაჟიორის კონკურსის შედეგები აისახება ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში, მისი დასრულებიდან (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის განმავლობაში.

მუხლი 14. სტაჟირების მსურველი პირის მიერ სტაჟიორად მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი

თუ სტაჟირების მსურველი პირი, რომელიც შეირჩა კონკურსის შედეგად, უარს განაცხადებს სტაჟიორად მიღებაზე, ამ წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კომისია ან ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია, იმსჯელოს სტაჟირების მსურველი სხვა პირის სტაჟიორად მიღების საკითხზე ან მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ფორმდება ოქმი.

მუხლი 15. სტაჟიორის კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება და შეწყვეტა

1. სტაჟიორის კონკურსი ჩაშლილად ცხადდება, თუ:

ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილ არ იქნა განაცხადი;

ბ) შეფასების შედეგად ვერ შეირჩა სტაჟიორი;

გ) სტაჟირების მსურველმა პირმა უარი განაცხადა სტაჟიორად მიღებაზე და უფლებამოსილი კომისიის/პირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების  შესახებ.

2. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შეწყვიტოს სტაჟიორის გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, სტაჟირების მსურველი პირისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს სტაჟირების მსურველ პირებსა და ბიუროს.

თავი III. სტაჟირების მსურველი პირისა და სტაჟიორის

უფლებება-მოვალეობები

მუხლი 16. სტაჟირების მსურველი პირის უფლება-მოვალეობები

სტაჟირების მსურველი პირის უფლება-მოვალეობებია:

ა) გაეცნოს სტაჟიორის კონკურსის შესაბამის შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციას/მოთხოვნებს და, კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;

გ) დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) გაასაჩივროს სტაჟირების კონკურსის შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

მუხლი 17. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

1. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით.

2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟიორის მენტორის თანხმობით:

ა) გაეცნოს შესაბამისი საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად, საჯარო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;

ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

3. სტაჟიორი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს უსაფრთხო გარემოსა და სათანადო პირობების შექმნა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;

ბ) შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით;

გ) პირადი განცხადების საფუძველზე, მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

4. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟიორის მენტორის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საჯარო დაწესებულების დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით  გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;

ბ) დაიცვას საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

გ) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპები;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

თავი III​1

სტაჟიორის შრომის ანაზღაურება

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

მუხლი 17​1. სტაჟიორის შრომის ანაზღაურების წესი

1. საჯარო დაწესებულებაში მიღებულ სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება, იყოს სტაჟიორის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

4. შრომის ანაზღაურება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

მუხლი 17​2. სტაჟიორის სახელფასო დანამატი 

სტაჟიორს სახელფასო დანამატი არ ეძლევა.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

მუხლი 17​3. სტაჟიორის ფულადი ჯილდო  

სტაჟიორს ფულადი ჯილდო არ ეძლევა.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

III​2  თავი. სტაჟიორის მივლინება

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.

მუხლი 17​4. სტაჟიორის მივლინება

1. სტაჟიორი შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამუშაოს განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს მივლინებით.

2. სტაჟიორის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.

მუხლი 17​5.  სტაჟიორის მივლინების ხარჯების ანაზღაურება

1. სტაჟიორს აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.

2. სტაჟიორს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.

თავი IV. საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისა და სტაჟიორის მენტორის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 18. საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობები

საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობებია:

ა) შეუქმნას სტაჟიორს უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;

ბ)  განუსაზღვროს სტაჟიორს სტაჟიორის მენტორი;

გ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ სტაჟიორის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული ხარვეზის შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით;

დ) სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით, დაუდგინოს სტაჟირების სპეციალური გრაფიკი;

ე) დაადგინოს სტაჟიორის სხვა მოთხოვნები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

მუხლი 19. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულის უფლება-მოვალეობები

საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულის უფლება-მოვალეობებია:

ა) გამოაცხადოს სტაჟიორის კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ბ) დაადგინოს სტაჟირების მსურველი პირების მიერ წარდგენილი განაცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

გ) განსაზღვროს წარმომადგენელი, სტაჟირების მსურველი პირის ამ წესის შესაბამისად შეფასების მიზნით;

დ) ასახოს სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;

ე) უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებისა და საჯარო დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმირება სტაჟირების მნიშვნელობისა და ამ პროცესში თითოეული მათგანის ფუნქციის შესახებ;

ვ) უზრუნველყოს სტაჟიორის ადაპტაციის პროცესი და საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის მარეგულირებელი სავალდებულო დოკუმენტების გაცნობა;

ზ) გაეცნოს რეკომენდაციებს სტაჟირების პროცესის განვითარებასთან, გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს ბიუროსთან საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების ერთიანი პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

მუხლი 20. სტაჟიორის მენტორის უფლება-მოვალეობები

სტაჟიორის მენტორის უფლება-მოვალეობებია:

ა) გაუწიოს კოორდინაცია სტაჟიორს/სტაჟიორთა ჯგუფს;

ბ) გაუნაწილოს/განუსაზღვროს სტაჟიორს დავალებები, გააცნოს აღნიშნული დავალებების შესრულების სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები;

გ) გაუწიოს მონიტორინგი სტაჟიორის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესს; უფლებამოსილია, შეფასების წესის ან დასაბუთებული წერილობითი არგუმენტაციის საფუძველზე, შეაფასოს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაო;

დ) გაუზიაროს რეკომენდაციები/ინსტრუქციები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე, საჭიროებისამებრ, ასევე მიაწოდოს თეორიული მასალა;

ე) შეუქმნას სტაჟიორს შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

თავი V. ბიუროს უფლებები და მოვალეობები
მუხლი 21. ბიუროს უფლება-მოვალეობები

ბიუროს უფლება-მოვალეობებია:

ა) უზრუნველყოს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში საჯარო დაწესებულების მიერ სტაჟირების კონკურსის ჩატარების შესახებ ასახული ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი;

ბ) გააანალიზოს საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების მიმდინარეობის პროცესი და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები, ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;

გ) გაუწიოს მეთოდური დახმარება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებს, სტაჟიორების მენტორინგის პროცესის გაძლიერებისა და სტაჟირების პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.

თავი VI. სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა და სტაჟირების ვადა
მუხლი 22. სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა

1. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.

2. საჯარო დაწესებულებაში, სადაც მთლიანი საშტატო რიცხოვნობა 10 ერთეულზე ნაკლებია, სტაჟიორის რაოდენობა განისაზღვრება 1 ერთეულით.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილება №221 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.
მუხლი 23. სტაჟირების ვადა და  სტაჟირების გამოცხადების პერიოდი

1. ამ წესის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება ცხადდება წელიწადში ერთხელ მაინც.

2. პირის მიერ ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ 1 და არაუმეტეს 12 თვისა, რაც მას ხელს არ უშლის, შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი.

3. სტაჟიორს უფლება აქვს, ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

4. სტაჟიორისა და საჯარო დაწესებულების შეთანხმებით, შესაძლებელია სტაჟირების გაგრძელება, თუმცა სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

თავი VII. სტაჟირების შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
მუხლი 24. სტაჟირების შეჩერება

1. საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სტაჟირების ვადის შეჩერება. 

2. სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით, თუმცა არაუმეტეს სტაჟირების საერთო 12-თვიანი ვადისა.

მუხლი 25. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები

1. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების საფუძველზე;

ვ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ზ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საფუძველზე;

თ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძველზე, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;

ი) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე დანიშვნის საფუძველზე;

კ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურებისას, გარდა მოხელის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდებისას;

ლ) გარდაცვალების საფუძველზე.

2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება გასცემს  ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟში.

3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების პერიოდი და ჩაითვლება საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 124-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურის სტაჟისა.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 23.01.2024წ.

მუხლი 26. სტაჟირების დასრულება

1. სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ საჯარო დაწესებულება გასცემს ცნობას პირის მიერ სტაჟირების გავლის თაობაზე. სტაჟირების სპეციალური წესით სტაჟირების გავლის შემთხვევაში ცნობაში მიეთითება შესაბამისი პროგრამის დასახელება.

2. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია, სტაჟირება აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

თავი VIII. სტაჟირების სპეციალური წესი
მუხლი 27. სტაჟირების გავლის სპეციალური წესი

1. ამ თავით გათვალისწინებული წესით საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც არის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტი/კურსდამთავრებული.

2. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის (შემდგომში − აპარატი) მიმართვის საფუძველზე, საჯარო დაწესებულებამ ამ წესის 22-ე მუხლში მითითებული სავალდებულო კვოტის ფარგლებში უნდა განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორთა რაოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჯარო დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ს შეადგენს ერთი დასაქმებული.

3. აპარატი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორთა კვოტის შესაბამისად, აქვეყნებს სტაჟიორის კონკურსს, ყოველი წლის შემოდგომის ან/და გაზაფხულის პერიოდში, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).  

4. საჯარო დაწესებულებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟიორად პირი მიიღება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) განთავსებულ სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის რეგისტრაციისა და სტაჟირების უწყებათაშორის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების მეშვეობით.

5. განაცხადების გადარჩევას ახორციელებს აპარატი, ხოლო გასაუბრების ეტაპს წარმართავს სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შედის იმ საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, სადაც სტაჟირება უნდა გაიაროს შერჩეულმა კანდიდატმა.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების მსურველ პირებთან გასაუბრებაზე მიწვეულნი იქნებიან ის პირები, რომელთაც სრულყოფილად ექნებათ წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილი/გათვალისწინებული დოკუმენტაცია და რომელთა სამოტივაციო წერილებში ნათლად და არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული სტაჟირების გავლის მოტივაცია კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორების განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხდება სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სტაჟირების კონკურსის გამოცხადებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.

7. საკონკურსო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს ბიუროსა და შესაბამის საჯარო დაწესებულებებს.

8. სტაჟირების უწყებათაშორისი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთან სტაჟირების ხელშეკრულებას აფორმებს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.

9. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაჟირებასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ წესით დადგენილი სხვა ნორმები.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“, №177, 15.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024010 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5802120-3/