“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.09.2004 ბოლო ცვლილება 21.01.2005
ნომერი
№1101
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.11.106.006.662
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 10/09/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.12.106.006.662

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1101

2004 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ

“სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ეს დებულება შემუშავებულია `სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

2. დებულება განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის (შემდგომში – გამოცდა) მიზანია მაღალკვა-ლიფიციურ მუშაკთა შერჩევა ეროვნულ სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

    მუხლი 3. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური და/ან გასაუბრების ფორმით.

2. საკვალიფიკაციო გამოცდას ტესტური ფორმით აბარებენ ეროვნული სააგენტოსა და თბილისის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის კადასტრის, რეგისტრაციისა და იურიდიული სამსახურის უფროსების, სპეციალისტებისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსების, სპეციალისტების ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირები.

3. საკვალიფიკაციო გამოცდას გასაუბრების ფორმით აბარებენ ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფების ვაკანტურ ადგილზე დასანიშნი პირები და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაჩაბარებული პირები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №1399 - სსმ III, №131, 15.11.2004 წ., მუხ.1158 

    მუხლი 4. საკვალიფიკაციო გამოცდის გამოცხადება

საკვალიფიკაციო გამოცდა ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოცდის ჩატარებამდე სამი კვირით ადრე.

    მუხლი 5. მოთხოვნები საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილე პირთათვის

  საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

თავი II

საგამოცდო კომისია

    მუხლი 6. საგამოცდო კომისია

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგამოცდო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის შემადგენლობას – კომისიის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.

4. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.

5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №1399 - სსმ III, №131, 15.11.2004 წ., მუხ.1158

    მუხლი 7. კომისიის მუშაობის წესი

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამისილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო შემადგენლობიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.

5. საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვის ვადაა სამი წელი.

6. კომისიის მუშაობის პროცედურულ საკითხებს, რომლებიც ამ დებულებით არ არის განსაზღვრული, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით წყვეტს კომისია.

    მუხლი 8. კომისიის სამდივნო

1. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იქმნება საგამოცდო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.

2. სამდივნოს უფროსსა და წევრებს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

3. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) დადგენილ ვადებში საკვალიფიკაციო გამოცდასა და კონკურსში მონაწილეთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღებას;

ბ) კანდიდატთა რეგისტრაციასა და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;

გ) საჭირო დოკუმენტაციის ფორმების (სარეგისტრაციო ბარათი, შეფასების ფორმა და ა.შ.) შემუშავებას;

დ) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და შევსებას;

ე) საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილე კანდიდატთა იდენტიფიცირებასა და რეგისტრირებას მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბარათისა და პირადობის მოწმობის მეშვეობით;

ვ) საგამოცდო დარბაზში მონაწილე კანდიდატებისათვის ადგილების მიკუთვნებას;

ზ) ტესტების დარიგებასა და მის ჩაბარებას;

თ) კანდიდატთა ტესტური გამოცდის შედეგების შესახებ მონაცემთა შეტანას საერთო ბაზაში;

ი) ტესტირების ჩატარებიდან სამი დღის ვადაში აცნობოს ყველა კონკურსანტს შედეგების შესახებ. საკვალიფიკაციო გამოცდის დასრულების შემდგომ კი ყველა კონკურსანტს ორი კვირის განმავლობაში აცნობოს საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების შესახებ;

კ) გაწეული საქმიანობის შესახებ კომისიისათვის ანგარიშის წარდგენას;

ლ) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებას.

4. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის სისწორეზე.

5. საკვლიფიკაციო გამოცდის დასრულების შემდეგ საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების შედეგად სამდივნო წყვეტს არსებობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1512 - სსმ III, №140, 02.12.2004 წ, მუხ.1255
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №1523 - სსმ III, № 43, 07.12.2004 წ, მუხ.1288

თავი III

საკვალიფიკაციო გამოცდა

    მუხლი 9. საკვალიფიკაციო გამოცდისას წარსადგენი საბუთები

საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) განათლების დამადასტურებელი მოწმობა;

დ) შრომის წიგნაკი;

ე) ორი ფოტოსურათი (3X4);

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 10. ტესტირება

1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკასა და პროგრამას სპეციფიკის გათვალისწინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

2. ტესტირება ტარდება სწორ პასუხებთან ერთად წინასწარ გამოქვეყნებული 500 ტესტიდან 100 ტესტის შერჩევის გზით, რომლებიც აირჩევა უშუალოდ საკვალიფიკაციო გამოცდის დაწყების წინ.

3. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან ამოირჩიოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.

4. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამოსაცდელმა უნდა აღნიშნოს მხოლოდ ერთი პასუხი. თუ აღნიშნულია ერთზე მეტი პასუხი, შესაბამისი ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არც ერთი პასუხი არ არის აღნიშნული – ასეთი ამოხსნაც შეფასდება 0-ით. შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.

    მუხლი 11. ტესტის საკითხების შეფასება

1. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.

2. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100.

    მუხლი 12. გამსვლელი ქულა

გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ითვლება ეროვნული სააგენტოს მუშაკთა საკვალიფიკაციო ტესტირებაჩაბარებულად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №1399 - სსმ III, №131, 15.11.2004 წ., მუხ.1158

    მუხლი 13. საგამოცდო დრო

1. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა 4 ასტრონომიური საათი. დროის გადაცილების შემდეგ კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ შეფასდება და გამოსადელს დაეწერება 0.

2. გამოსაცდელებს კომისიის თავმჯდომარე გააფრთხილებს საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე.

3. არავის აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი საგამოცდო ტესტის ჩაბარების გარეშე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №1399 - სსმ III, №131, 15.11.2004 წ., მუხ.1158

    მუხლი 14. საგამოცდო ტესტების დარიგების წესი

1. ტესტური გამოცდის დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული საგამოცდო ტესტი.

2. საგამოცდო დარბაზში უნდა დარიგდეს ზუსტად იმდენი საგამოცდო ტესტი, რამდენი გამოსაცდელიც იქნება დაშვებული გამოცდაზე.

3. ტესტების გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალდებულია შეამოწმოს ლუქის მთლიანობა. გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს თავისი პრეტენზია. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.

    მუხლი 15. სავალდებულო ინსტრუქტაჟი

ტესტური გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე სამდივნოს წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტირების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შეფასების წესი და სხვა საკითხები, რაც აუცილებელია საკვალიფიკაციო გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.

    მუხლი 16. ტესტური გამოცდის შედეგების შემოწმება

1. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება კომისიის მიერ.

2. გასწორების დროს დაცული უნდა იყოს როგორც გამოსაცდელის, ისე გამომცდელების ანონიმურობა.

    მუხლი 17. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები

კომისია ტესტური გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს სამი დღისა ოფიციალურად აქვეყნებს გამოცდის შედეგებს.

    მუხლი 18. გასაუბრება

1. გასაუბრება ტარდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.

2. გასაუბრებისას კომისია აფასებს კანდიდატის პროფესიული მომზადების დონეს, განათლებისა და სხვა მონაცემების მიხედვით.

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1512 - სსმ III, №140, 02.12.2004წ., მუხ.1255

    მუხლი 20. კომისიის მიერ კანდიდატების განხილვა

  კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ კომისია თავის სხდომაზე კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კანდიდატურის შერჩევის საკითხს.

    მუხლი 21. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია ატარებს თავის სხდომაზე ღია კენჭისყრას.

2. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე გასაუბრებაში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. გამარჯვებულ კანდიდატებზე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.

5. საკვალიფიკაციო გამოცდის დასრულების შემდგომ ყველა კონკურსანტს ორი კვირის განმავლობაში ეცნობება საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების შესახებ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1512 - სსმ III, №140, 02.12.2004წ., მუხ.1255

თავი IV

საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე

    მუხლი 22. გამოცდაზე გამოცხადების დრო

1. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება კომისიის მიერ წინასწარ გამოცხადებულ დროსა და ადგილზე.

2. საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე. გამოსაცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საგამოცდო ფურცელი.

3. გამოცდის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას ახორციელებენ კომისიის წევრები.

    მუხლი 23. საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგები

საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება.

    მუხლი 24. საპრეტენზიო კომისია

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისაგან.

2. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ გამოცდების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ როგორც საგამოცდო კომისიას, ისე განმცხადებელს.

3. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრვლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1512 - სსმ III, №140, 02.12.2004წ., მუხ.1255

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ”, №1101, 10.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.662 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58480-3/