საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.11.2004 ძალადაკარგული 12.09.2011
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.006.810
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 129, 16/11/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.810

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №69

2004 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) (ძალადაკარგულია);

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს დებულება;

გ) (ძალადაკარგულია);

დ) (ძალადაკარგულია).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის  ბრძანება №258-სსმIII,  №52,  14.04. 2006წ., მუხ.644

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის  ბრძანება №259-სსმIII,  №52,  14.04. 2006წ., მუხ.645

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 29 მაისის ბრძანება №410-სსმIII,  №73,  01.06.2006წ., მუხ.919

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ლებანიძე

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №290-სსმIII,  №105,  06.09.2005წ., მუხ.1174

2.  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის  ბრძანება №258-სსმIII,  №52,  14.04. 2006წ., მუხ.644

3.  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის  ბრძანება №259-სსმIII,  №52,  14.04. 2006წ., მუხ.645

4.   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 29 მაისის ბრძანება №410-სსმIII,  №73,  01.06.2006წ., მუხ.919

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-დაკარგული-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის  ბრძანება №259-სსმIII,  №52,  14.04. 2006წ., მუხ.645

   

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ზედამხედველობის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და სამინისტროს დებულების შესაბამისად.

2. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების საფუძველზე, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები

1. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სფეროში ვალდებულებათა შესრულებზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების სფეროში სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:

ა) კონტროლის ორგანიზება, მათ შორის:

ა.ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისადმი;

ა.ბ) გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ნებართვების, ლიცენზიებისა და დამტკიცებული ლიმიტების პირობების შესრულებისადმი;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ განხორციელებული სახელმწიფო საზედამხედველო საქმიანობის კოორდინაცია და ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგების ანალიზი;

გ) სამმართველოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადება;

დ) სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების ორგანიზება;

ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე ინფორმაციის (ანგარიშების) მიღება და მათი ანალიზი;

ვ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთა/აცილება;

ზ) გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთა/აცილება.

2. მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობაზე და საქმიანობაზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანებია:

ა) მშენებლობაზე და საქმიანობაზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება;

ბ) გარემოსდაცვითი მონიტორინგის მონაცემთა ბაზის შექმნა, განვითარება;

გ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების საქმიანობაზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება.

    მუხლი 3. სამმართველოს კომპეტენცია

1. სამმართველოს უფლება აქვს:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო კონტროლის სფეროში განხორციელებულ საქმიანობაზე;   

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მიიღოს ის ინფორმაცია, სტატისტიკური ანგარიშები და სხვა მასალები, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს მიერ სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან.

2. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სფეროში ვალდებულებათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისას სამმართველო უზრუნველყოფს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად.

3. სამმართველოს უფლება აქვს:

ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ შემთხვევებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები და შემოწმების შედეგების მიხედვით შეადგინოს აქტი „გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შემოწმების შესახებ”;

ბ) შემოწმების პროცესში მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, ის ინფორმაციული მასალები (მათ შორის, ცდების, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები), რომლებიც ახასიათებენ შესამოწმებელი პირის განვლილ და მიმდინარე საქმიანობას;

გ) უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე უკანონოდ მოპოვების იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, დადგენილი წესით მოახდინოს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების, ნივთებისა და საგნების დათვალიერება;

დ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალები გადაგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად, რომელთა ქმედება აშკარად სცილდება ადმინისტრაციულ სამართალგადაცდომას და შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს;

ვ) წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს შესაბამის სამსახურს გაცემული ნებართვების/ლიცენზიების მოწმობებისა და დამტკიცებული ლიმიტების გაუქმების ან მათი პირობების შეცვლის შესახებ;

ზ) გარემოს დაბინძურებაში, ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვებაში მხილებულ პირებს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად წარუდგინოს პრეტენზიები, ხოლო მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ამ მოთხოვნით მიმართოს სასამართლო ორგანოებს.

4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას სამმართველოს თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში დადგენილი წესით უფლება აქვს ატარონ და გამოიყენონ საშტატო ტაბელური იარაღი, სპეციალური საშუალებები.

5. მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების საქმიანობაზე მონიტორინგის სფეროში სამმართველოს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს გარემოსდაცვითი საქმიანობის ამსახველი ანგარიში და სხვა დამატებითი ინფორმაცია როგორც მშენებლობის, ასევე მიმდინარე საქმიანობის პროცესში;

ბ) სამინისტროს ხელმღვანელობის წინაშე დასვას საკითხი სხვა სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტები აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების საკონტრაქტო ფორმით მოწვევის შესახებ;

გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენისას მასალები შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგინოს სამმართველოს ხელმძღვანელობას;

დ) მონიტორინგის დამტკიცებული გეგმების შესაბამისად განახორციელოს საველე გასვლები;

ე) კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებულ მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონიტორინგის ჯგუფების მუშაობას.

6. მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების საქმიანობაზე მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სპეციალიზებული მიზნობრივი პროგრამა.

    მუხლი 4. სამმართველოს მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია

1. სამმართველოს შტატები განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დამტკიცებული საშტატო რიცხოვნებისა და შრომის ანაზღაურების ფარგლებში.

2. სამმართველოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

3. სამმართველოს მუშაკებს დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

4. აქტის, ოქმის და მათთან გათანაბრებული დოკუმენტების ფორმებს ამტკიცებს მინისტრი.

5. საზღვაო სივრცის კონვენციური ინსპექტირების დარგში მეთოდურ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციას (ინსტრუქციებს), სახელმწიფო ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმისწარმოების შესახებ ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 5. სამმართველოს სტრუქტურა

სამმართველოს შემადგენლობაში შედის:

ა) ხელმძღვანელობა;

ბ) გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილება;

გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე კონტროლის განყოფილება;

დ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის ჯგუფი;

ე) დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის განყოფილებების კონტროლის ჯგუფი.

    მუხლი 6. სამმართველოს მუშაკთა თანამდებობრივი მოვალეობები

1. სამმართველოს უფროსის მოვალეობებია:

ა) სამმართველოს საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს იმ საჯარო მოსამსახურეთა მუშაობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო გარემოსდაცვით ზედამხედველობასა და კონტროლს;

გ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებზე წარდგენა;

დ) სამინისტროს საკოორდინაციო გეგმის საკითხებზე, მინისტრის ბრძანებებსა და ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებზე კონტროლის განხორციელება სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში.

2. სამმართველოს უფროსის მოადგილის მოვალეობებია:

ა) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობების შესრულება;

ბ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების ხელმძღვანელობა;

გ) სამმართველოს ყოველწლიური საკოორდინაციო გეგმების შემუშავების ხელმძღვანელობა;

დ) სამმართველოს კომპეტენციით განსაზღვრული მეთოდიკებისა და ინსტრუქციების შემუშავების ხელმძღვანელობა;

ე) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის საქმიანობის ზედამხედველობა;

ვ) „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების გარემოსდაცვით ინსპექტორთა ქსელთან თანამშრომ-ლობის უზრუნველყოფა.

3. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების უფროსის მოვალეობებია:

ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობა განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

ბ) გარემოს დაბინძურების სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

გ) გარემოს დაბინძურებაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაწეული მუშაობის ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების განხილვა და დასკვნების მომზადება;

4. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:

ა) შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის საინსპექციო საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის საინსპექციო საქმიანობის კოორდინაცია;

გ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების განხილვა და დასკვნების მომზადება.

დ) „ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების გარემოსდაცვით ინსპექტორთა ქსელისათვის” მასალების მომზადება;

ე) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სრულყოფის მიზნით მოქმედ კანონმდებლობაში დამატებებისა და ცვლილებების პროექტების შემუშავება;

ვ) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სრულყოფის მიზნით შესაბამისი მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ზ) ნახევარწლიური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამუშავება, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა;

თ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით შემოწმების კითხვარების შემუშავების ორგანიზება;

ი) „გარემოს მდგომარეობის შესახებ” ყოველწლიური ეროვნული მოხსენებისათვის მასალების მომზადება.

5. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:

ა) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება;

ბ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციების დამუშავება;

გ) გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა;

დ) გარემოს დაბინძურებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

6. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:

ა) გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება და განხორციელება;

ბ) სახელმწიფო კონტროლის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით;

გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება;

7. გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების სპეციალისტის მოვალეობებია:

ა) გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება;

ბ) სახელმწიფო კონტროლის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა შესაბამისი დარგების მიხედვით;

გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება.

8. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე კონტროლის განყოფილების უფროსის მოვალეობებია:

ა) განყოფილების საქმიანობის ხელმძღვანელობა;

ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების პროექტების მომზადება;

გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლის სფეროში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების განხილვების ორგანიზება.

9. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე კონტროლის განყოფილების სპეციალისტების მოვალეობებია:

ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება და განხორციელება;

ბ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევებზე მიღებული მასალების დამუშავება და ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა გარემოს დაცვის შესაბამისი დარგების მიხედვით;

გ) სამმართველოს ხელმძღვანელობის ცალკეული (ოპერატიული) დავალებების შესრულება.

10. სამმართველოს უფროსის მოადგილის – მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მშენებლობისა და ოპერირების მონიტორინგის ჯგუფის უფროსის მოვალეობებია:

ა) აწარმოებს მონიტორინგის ჯგუფის საერთო საქმიანობის ხელმძღვანელობას;

ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ჯგუფზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს ჯგუფის თანამშრომლების საქმიანობაზე კონტროლს;

დ) ახორციელებს მონიტორინგის რეგიონალური ჯგუფების კოორდინირებას და მათი საქმიანობის ხელმძღვანელობას;

ე) ასრულებს სამმართველოს უფროსის ცალკეულ (ოპერატიულ) დავალებებს.

11. მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტების მოვალეობებია:

ა) მონიტორინგის განხორციელება ბიომრავალფეროვნების ბოტანიკურ და ზოოლოგიურ სფეროში;

ბ) მონიტორინგის განხორციელება ბიომრავალფეროვნების ტყის დაცვის სფეროში;

გ) მონიტორინგის განხორციელება გეოსაშიშროებების სფეროში;

დ) მონიტორინგის განხორციელება წყლის დაცვისა და მდინარეთა გადაკვეთების სფეროში;

ე) მონიტორინგის განხორციელება ავარიულ სიტუაციებსა და პროექტების ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ვ) მონიტორინგის განხორციელება ნარჩენების მართვის სფეროში.

12. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის განყოფილებების კონტროლის ჯგუფის სპეციალისტების მოვალეობებია აფხაზეთის, აჭარის, აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის განყოფილებების საქმიანობის საერთო მეთოდური ხელმძღვანელობა, საქმიანობის კონტროლი და კოორდინაცია, დაცული ტერიტორიების ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ამ დარგში საქმიანობის სრულყოფისა და მისი შემდგომი განვითარების შესახებ წინადადებების მომზადება.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებების შეტანის, სამმართველოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

კლიმატის ცვლილების სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 აპრილის  ბრძანება №258-სსმIII,  №52,  14.04. 2006წ., მუხ.644

     საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და ლიცენზიების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძალადაკარგულია-საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 29 მაისის ბრძანება №410-სსმIII,  №73,  01.06.2006წ., მუხ.919

   

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“, №69, 02.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.810 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58894-4/