საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.01.2005 ძალადაკარგული 19.03.2015
ნომერი
№3/4
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.007.014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 17/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.014

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/4

+

2005 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“

+

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 30 დეკემბრის 2004 წლის №626 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება №3/134-სსმ III, №48, 07.04.2006წ.; მუხ.611

2 . საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №3/162-სსმ III, №84, 23.06.2006წ.; მუხ.1127

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმ III, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის ბრძანება №3/158-სსმ III, №99, 14.07.2008წ.; მუხ.1096

5. საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.163 8

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულება

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ (შემდგომში – მუზეუმი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის №626 ბრძანებულებით. მუზეუმი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

2. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

3. მუზეუმი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

4. მუზეუმის სახელწოდებაა “საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“.

5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ო. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტის, სახელმწიფო მუზეუმი – საქართველოს ეროვნული გალერიეს, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება №3/134-სსმIII, №48, 07.04.2006წ.; მუხ.611

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №3/162-სსმIII, №84, 23.06.2006წ.; მუხ.1127

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის ბრძანება №3/158-სსმIII, №99, 14.07.2008წ.; მუხ.1096

    მუხლი 2. ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი და მისამართი

+

1. მუზეუმი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „მუზეუმების შესახებ“ და „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

2. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

3. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №3.

    მუხლი 3. მუზეუმის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

+

1. მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.

2. მუზეუმის საქმიანობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავს ყველა კანონით აუკრძალავ საქმიანობას, რომელიც პასუხობს მუზეუმის მიზნებსა და ამოცანებს.

3. მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:

ა) ეროვნული საგანძურის მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექცების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვერტარიზაცია და პოპულარიზაცია;

ბ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა);

გ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება საქართველოს სამუზეუმო სივრცეში მათი დანერგვის მიზნით;

დ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით;

ე) სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარება უმაღლეს, სპეციალურ და ზოგადსანმანათლებლო სკოლებთან, პედაგოგთა პროფესიული მომზადების ცენტრებთან კოორდინირებული მუშაობის გზით;

ვ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნა. საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მუზეუმის ფონდებში მუშაობისა და სამუზეუმო ლექციების გზით;

თ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით ;

ი) მუზეუმის ინტეგრირება სასწავლო და საგანმანათლებლო სფეროში – თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიასთან, ქ. თბილისის საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში სამუზეუმო ლექციებისა და გაკვეთილების დასანერგად;

კ) კულტურულ ფასეულობათა ექსპერტიზის უზრუნველყოფა.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1638

    მუხლი 4. ურთიერთობა მესამე პირებთან, უფლება-მოვალეობები

+

1. მუზეუმს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) განახორციელოს ყველა სახის კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, კვლევით და/ან საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, ექსპედიციები, და სხვა კულტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

დ) „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, ასევე მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვა ყველა სახის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ე) აწარმოოს საქმიანობა, რომელიც თვისობრივად პასუხობს მუზეუმის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები მოახმაროს მუზეუმის ძირითად მიზნებს, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებასა და თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას;

ვ) აწარმოოს კანონით აუკრძალავი ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც შეესაბამება მუზეუმის მიზნებს;

ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ აქტებთან დაკავშირებით მოამზადოს არქეოლოგიური საექსპერტო დასკვნები. საკუთარი ინიცატივით ან მესამე პირთა დაკვეთით აწარმოოს არქეოლოგიური სამუშაოები (კვლევითი და საველე).

2. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ ) სესხის აღება;

გ ) თავდებობა;

დ ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1638

    მუხლი 5. მუზეუმის სტრუქტურა და მართვის ორგანოები

+

1. მუზეუმის მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

2. მუზეუმის საკონსულტაციო ორგანოა სამეცნიერო საბჭო.

3. გენერალური დირექტორის მიერ მუზეუმის მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება შეიქმნას მუზეუმის მზრუნველთა საბჭო.

4. მუზეუმის შემადგენლობაში არსებობს საგანმანათლებლო ცენტრი და სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულები.

5. მუზეუმის სტრუქტურული ქვედანაყოფები მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების საფუძველზე, დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის გზით.

6. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

    მუხლი 6. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

+

1. მუზეუმის მართვას და მის წარმომადგენლობას ახორციელებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

2. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები. მათი რაოდენობის, ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრა, თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

4. მუზეუმის გენერალური დირექტორის უფლება მოსილება არ არის შეზღუდული რაიმე სახის საქმიანობით. იგი უფლებამოსილია ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს მუზეუმის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება №3/134-სსმIII, №48, 07.04.2006წ.; მუხ.611

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1638

    მუხლი 7. სამეცნიერო საბჭო

+

1. სამეცნიერო საბჭო წარმოადგენს მუზეუმის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც განსაზღვრავს მუზეუმის სამეცნიერო და საექსპოზიციო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს გენერალური დირექტორის მიერ დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ. სამეცნიერო საბჭო შედგება მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.

3. სამეცნიერო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. სამეცნიერო საბჭოს წევრები ინიშნებიან 4 (ოთხი) წლის ვადით. გენერალურ დირექტორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო საბჭოს წევრთათვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე.

4. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ უნდა გაიმართოს ფარული კენჭისყრა. წევრთა შორის ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარედ დაინიშნება მათ შორის უხუცესი.

5. საბჭო განიხილავს:

ა) მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ბ) სამეცნიერო კვლევით და საექსპოზიციო სამუშაოთა, სამეცნიერო კადრების მომზადების, სამეცნიერო ნაშრომთა გამოცემის პროექტებს;

გ) მუზეუმის სამეცნიერო და საექსპოზიციო საქმიანობის მიმდინარეობას და აძლევს შეფასებას მიღწეულ სამეცნიერო შედეგებს;

დ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან შემოქმედებითი თანამშრომლობის საკითხებს. ერთობლივ საკვლევაძიებო და სამეცნიერო სამუშაოთა დაგეგმვასა და მათ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

6. მუზეუმის თემატური საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მუზეუმის სამეცნიერო საბჭო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობის და კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე.

7. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კი _ საბჭოს მიერ არჩეული სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა გადაყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი.

8. სამეცნიერო საბჭოს მორიგი სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს იწვევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო საბჭოს წევრს, გენერალურ დირექტორს შეუძლიათ მოითხოვონ საბჭოსაგან რიგგარეშე სხდომის გამართვა. გადაწყვეტილება საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე და სხდომის დღის წესრიგი საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოს სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს  3 დღით ადრე.

9. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით.

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1638

    მუხლი 8. ამოღებულია

+

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

    მუხლი 9. ამოღებულია

+

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 მაისის ბრძანება №3/100-სსმIII, №61, 01.05.2007წ.; მუხ.698

    მუხლი 10. მუზეუმის სხვა სტუქტურული ქვედანაყოფები

+

1. მუზეუმის ქვედანაყოფების აღწერილობა, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება გენერალური დირექტორის მიერ.

2. გენერალური დირექტორი ამტკიცებს მუზეუმის და მისი ფილიალების შიდა ინსტრუქციებსა და შინაგანაწესს, რომელიც იმპერატიული ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულოა მუზეუმის ყველა თანამშრომლისათვის.

3. გენერალური დირექტორი ამტკიცებს შრომით აღწერილობებს თითოეული საშტატო ერთეულისათვის.

4. გადაწყვეტილებას თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და საკადრო გადაადგილებების შესახებ იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

    მუხლი 11. სამუზეუმო ფონდი და მუზეუმის ქონება

+

1. სამუზეუმო ფონდი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმში არსებული ყველა სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობას.

2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა მოძრაობას, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იღებს მუზეუმის გენერალური დირექტორი.

3. მუზეუმი საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემული ქონებით, უფლებამოსილია დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მის გამგებლობაში შემავალი ყველა სხვა საკითხი.

5. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუზეუმს აქვს უფლება მოითხოვოს სამუზეუმო კოლექციებში დაცული ფასეულობის სარეკლამო თუ სხვა მიზნებისათვის სათანადო თანხმობის გარეშე გამოყენების აღკვეთა.

6. მუზეუმი ახორციელებს სამუზეუმო კოლექციებში დაცულ ფასეულობებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას.

7. მუზეუმის ქონებად ითვლება, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.

    მუხლი 12. მუზეუმის ფინანსური წყაროები

+

1. მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საწევროები და შენატანები;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) მუზეუმის მიერ ბილეთების, ბუკლეტებისა და სხვა თვალსაჩინო მასალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ეროვნული მუზეუმის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია.

    მუხლი 13. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება

+

მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1638

    მუხლი 14. სახელმწიფო კონტროლი

+

1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ .

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1638

    მუხლი 15. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

+

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/176-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1638

    მუხლი 16. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

+

მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“, №3/4, 13.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.014 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59338-5/