„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
290160000.60.072.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №63

2024 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 17 მარტის №02 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016010) დამტკიცებულ თანდართულ „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ (დანართი №1) (შემდგომ – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სსიპ –საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომ – ფინანსური მონიტორინგის სამსახური)/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველი ან/და მისი ადმინისტრატორი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში  2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/ განუხორციელებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) მფლობელობის და კონტროლის (მმართველობის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე ან/და კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის წესის დაუცველად კლიენტთან (ასევე მისი სახელით მოქმედ პირთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

დ) სიცოცხლის დაზღვევით (საინვესტიციო ხასიათის) მოსარგებლის/სავარაუდო მოსარგებლეთა წრის (მათ შორის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ე) მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ვ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ზ) გარიგების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

კ) მზღვეველის ადგილზე შემოწმების დაწყების თარიღისთვის კლიენტს არ აქვს მინიჭებული რისკის დონე – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ლ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ლ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ლ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) მზღვეველის ადგილზე შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტების სამსახურისათვის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად გაცემული წერილობითი მითითების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

პ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვისა და/ან შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის არქონის, შიდა კონტროლის არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის ან/და შესაბამისი პროცედურებისა და წესების მიღების ან/და დაცვის ვალდებულების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

რ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემის არქონის შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი