“საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებუელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.703
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-208
2005 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
“ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ს” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების თანდართული ფორმა №1-ა და ფორმა №2-ა.
2. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ა და ფორმა №2-ა გაცემის თანდართული წესი.
3. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. სარჯველაძეს.
მ. სვიმონიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 11 აგვისტოს №2-156-სსმIII,№109, 16.08.2006წ., მუხ.1507
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქციის გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების გაცემის წესი
მუხლი 1
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარი სპეციალისტებისათვის.
მუხლი 2
1. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, სხვა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ა და №2-ა თანხლებით, რომელთაც გასცემენ სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საქალაქო და რაიონული სამმართველოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების ვეტერინარი სპეციალისტები. ვეტერინარულ მოწმობაზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამცემი სამსახურის ვეტერინარი სპეციალისტის ხელმოწერა და სამსახურის ბეჭდის ანაბეჭდი, რომლითაც მოწმდება ვეტერინარული მოწმობა.
2. ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1-ა იბეჭდება ცენტარალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, დატანილია წითელი ფერის ორნამენტები, რომლებიც ქმნიან საერთო წითელ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ყველა სახის შინაურ ცხოველებზე, მათ შორის ფრინველზე, ბეწვიან ცხოველებზე, ლაბორატორიულ ზოოპარკისა და ზღვის ცხოველებზე, ფუტკარზე, ცოცხალ თევზზე და სხვა ჰიდრობიონტებზე, ცხოველების ემბრიონებზე და სპერმაზე, განაყოფიერებულ ქვირითზე, საინკუბაციო კვერცხზე.
3. ვეტერინარული ფორმა №2-ა იბეჭდება ცენტრალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, მასზე დატანილია ცისფერი ორნამენტები ბადის სახით, რომელიც ქმნის საერთო ცისფერ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ხორცზე (ტანხორცები, ნახევარფაბრიკატები, მეოთხედები, ხორცის ბლოკები, მიღებული ყველა სახის შინაური და გარეული ცხოველისაგან, ნახევარტანხორცები), სუბპროდუქტებზე შპიკზე, ნედლ და გადამდნარ ცხიმზე, გამშრალ და დაკონსერვებულ სისხლზე, ხორცპროდუქტებზე (უმად შებოლილი, გამოყვანილი, დამარილებული, მოხარშული, მოხარშულ-შებოლილი, ნახევრად შებოლილი ძეხვეულის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები), ხორცის კონსერვებზე, საკვებ ალბუმინსა და ჟელატინზე; რძესა და რძის პროდუქტებზე (უმი რძე და ნაღები, მშრალი რძის პროდუქტები, კაზეინი, ყველი, ცხოველური კარაქი, რძის კონსერვები); თევზზე (ახალი, გაგრილებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი); სასურსათო კვერცხზე, მეფუტკრეობის პროდუქტებზე; მეცხოველეობის ნედლეულზე (ტყავი, მატყლი, ბეწვი, ფრთა-ბუმბული, ენდოკრინული და ნაწლავის ნედლეული, სისხლი, ძვალი, სხვა სახის ნედლეული – არასასურსათო სუბპროდუქტები, რქა – ჩლიქის ნედლეული, ჯაგარი, ანავარცხნი, ტყავის ჩამონაჭერი, ტექნიკური ალბუმინი; კაზეინი და ჟელატინი; ნაღველი; ნედლეული ბიოლოგიური მრეწველობისათვის; ნანადირევი ტროფეები); ცხოველთა საკვებზე (ცხოველური წარმოშობის საკვები; პრემიქსები, საკვებდანამატები, საკვები დანიშნულების მიკრობიოლოგიური სინთეზის პროდუქტები, სხვა საკვები, მათ შორის მცენარეული წარმოშობის); საკვები მიზნით გამოსაყენებელ ფრინველის სკინტლზე (ნაკელზე).
4. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ა და ფორმა №2-ა იბეჭდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დაკვეთით და გაიცემა რაიონულ და საქალაქო სამმართველოებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებზე მკაცრი საბუღალტრო აღრიცხვით. ისინი ივსება ორ ეგზემპლარად. შევსებული მეორე პირები (ყუები) სამი წლის განმავლობაში ინახება საქალაქო და რაიონის სამმართველოებში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებში.
5. სხვადასხვა მელნით, სხვადასხვა ხელით, შესწორებებით, გაურკვევლად, უბეჭდოდ, ხელმოუწერლად, თანამდებობის სრული დასახელების გარეშე შევსებული ვეტერინარული მოწმობები ითვლება არასრულყოფილად და ანულირდება.
6. კონტროლს ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ა და ფორმა №2-ა აღრიცხვასა და სწორად გაცემაზე აწესებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 11 აგვისტოს №2-156-სსმIII,№109, 16.08.2006წ., მუხ.1507
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებუელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, №2-208, 07.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.703 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61432-1/