საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2000 ძალადაკარგული 31.12.2001
გამომცემი ორგანო
ნომერი
№471
სარეგისტრაციო კოდი
010240030.05.000.001927
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 31/10/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №471

2000 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ფუნქციებს.

2. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

6. სამინისტროს იურიდიული მისამართია ქ.თბილისი 380046, რუსთაველის გამზირი 30.

მუხლი 2. სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები

სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:

ა) სამართლებრივი რეფორმის კოორდინაცია და იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა;

ბ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;

გ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პროგრამის შემუშავება და შესრულების წარმართვა;

ე) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ვ) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა;

ზ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;

თ) სასამართლო აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ი) მოქალაქეობის, იმიგრაციისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;

კ) კანონმდებლობის საფუძველზე ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;

ლ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაცია;

მ) სამართლებრივი ინფორმატიკისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

ნ) საქართველოს კანონთა წიგნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალური გამოცემების უზრუნველყოფა;

ო) სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება;

პ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში იარაღის ლეგალური ბრუნვის უზრუნველყოფა;

ჟ) საჯაროო რეესტრების წარმოება;

რ) კანონით დადგენილ ფარგლებში ნორმატიული აქტების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნათა საკითხების განხილვა;

ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება, სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნკიური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ტ) სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დადებულ იმ ხელშეკრულებათა ვიზირება, რომლებიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია;

უ) სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება 1 მილიონ ლარს;

უ​1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მოკვლევის განხორციელება;

ფ) კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №307 - სსმ III,  №82, 07.08.2001., მუხ.594

მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია

თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) სამართალშემოქმედების მეთოდიკისა და იურიდიული ტექნიკის ზოგადი პრინციპების შემუშავება;

გ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში მომზადებული ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;

დ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კოდიფიკაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების ფუნქციის განხორციელება;

ე) ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით;

ვ) საჯარო რეესტრების წარმოება;

ზ) საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს, საქართველოს კანონთა წიგნის, ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;

თ) სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების მოთხოვნით ცნობების გაცემა ნორმატიული აქტის მოქმედების შესახებ;

ი) სამართლებრივი პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება;

კ) ევროპული სამართლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;

ლ) ევროსაბჭოს აქტებისა და სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაცია;

– ევროპული სამართლის მოთხოვნებთან საქართველოს სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის შემოწმება და სათანადო დასკვნების წარდგენა;

– თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის გაწეული უცხოური სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;

– ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

– სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზაცია;

მ) ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და ადამიანის უფლებათა უვროპის სასამართლოში წარდგენა, მის პროცედურებში მონაწილეობა, გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზაცია და კონტროლი;

ნ) სასამართლო აქტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების) აქტების აღსრულების განხორციელება;

– საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოების აქტების აღსრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადაციის საკითხთა გადაწყვეტა;

ო) (ამოღებულია - 08.02.2001, №43);

პ) საქართველოს მოქალაქედ მიღების, მოქალაქეობის აღდგენისა და მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ მასალების მომზადება;

– იმიგრაციის, მოქალაქეობის დადგენისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის სფეროში მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობა;

– სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მართვა და კონტროლი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

– საქართველოში გაცემული და უცხო სახელმწიფოში გამოსაყენებლად განკუთვნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთების გამფორმება (ლეგალიზაცია);

ჟ) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;

რ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესით;

ს) იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადების, შეკეთებისა და ვაჭრობის ლიცენზიის გაცემა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ განსაზღვრული კვოტირების ფარგლებში;

ტ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;

უ) ნორმატიული აქტების შეჩერებისათვის (გაუქმებისათვის) უფლებამოსილი ორგანოებისადმი (თანამდებობის პირებისადმი) მიმართვა ნორმატიული აქტების გაუქმების შეჩერების მოთხოვნით;

ფ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველოფა;

– თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის მზადების სტადიაში მისი აცილება, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, გახსნა და მოკვლევა; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა-გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხოროციელება;

ქ) საქართველოს პრეზიდენტისათვის და პარლამენტისათვის ყოველწლიური ცნობის წარდგენა იუსტიციის სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ღ) უცხოელი ადვოკატების განცხადებათა განხილვა საქართველოს სასამართლოებში დამცველად ან მხარეთა წარმომადგენლად დაშვების შესახებ;

ყ) ადვოკატის შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ მოქალაქის დაცვის საფასურისაგან გათავისუფლების შემთხვევაში;

შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;

ჩ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მოხელეთა სწავლების, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სასწავლო ცენტრის ფორმირება და მართვა;

ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ორგანიზება, სამეცნიერო და მეთოდური მუშაობის განხორციელება;

 ძ) სამინისტროს ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლების დამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

წ) კანონით ან კანონის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 8 თებერვლის ბრძანებულება №43 - სსმ III,  №12, 13.02.2001., მუხ.109

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №307 - სსმ III,  №82, 07.08.2001., მუხ.594

მუხლი 4. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები

1. სამინისტროს შემადგენლობაშია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.

2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:

ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;

ბ) საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივები.

3. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი;

ბ) (ამოღებულია - 08.02.2011, №43);

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;

დ) საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს რედაქცია;

ე) იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურები;

ბ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ადგილობრივი განყოფილებები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილებები;

გ) სააღსრულებო ბიუროები.

5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მინისტრის კაბინეტი;

ბ) პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტი;

გ) სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

დ) ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტი;

ე) საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი;

ვ) მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტი;

ზ) სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი;

თ) პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ი) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

კ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი;

ლ) მთავარი კანცელარია;

მ) სალიცენზიო სამმართველო;

ნ) სამედიცინო დეპარტამენტი

ო) უსაფრთხოების დეპარტამენტი;

პ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის სამსახური;

ჟ) სააღსრულებო დეპარტამენტი;

რ) ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტი.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №530 - სსმ III,  №122, 27.12.2000., მუხ.981

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 8 თებერვლის ბრძანებულება №43 - სსმ III,  №12, 13.02.2001., მუხ.109

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 მაისის ბრძანებულება №209 - სსმ III,  №55, 29.05.2001., მუხ.409

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №307 - სსმ III,  №82, 07.08.2001., მუხ.594

მუხლი 5. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობით. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის წარდგინებით.

მუხლი 6. მინისტრი

1. მინისტრი:

ა) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;

გ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს და თანაშემწეებს, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფროსებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებსა და მათ მოადგილეებს, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო სათათბირო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;

ვ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;

თ) იღებს გადაწყვეტილებას იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების შესახებ;

ი) იღებს გადაწყვეტილებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის ნებართვის გაცემის ან უარის თქმის შესახებ;

კ) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზიების გაცემის თაობაზე;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის ორგანოების მოხელეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს;

მ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამოჩენილ მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;

ნ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა შექმნის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ადგენს სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

პ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;

ჟ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტერიტორიულ ორგანოებს, აგრეთვე სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;

რ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;

ს) აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;

– ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს ცნობას სამინისტროში შესულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით;

ტ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

უ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებასა და მიზანშეწონილობისათვის;

ფ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;

ქ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;

ღ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეთა მიერ გაცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;

ყ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

შ) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ჩ) უფლებამოსილია სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს;

ც) (ამოღებულია - 20.12.2000, №530);

ძ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

2. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №530 - სსმ III,  №122, 27.12.2000., მუხ.981

მუხლი 7. მინისტრის მოადგილეები

1. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

3. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით წარმოადგენს სახელმწიფოს საერთაშორისო ან საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში, აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით.

მუხლი 8. სამინისტროს თანამდებობის პირები

1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები;

ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

2. სამინისტროს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

მუხლი 9. სამინისტროს სხვა მოხელეები

1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;

გ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) მდივან-სპეციალისტები;

დ) სამინისტროს მრჩევლები ;

ე) სამინისტროს სპეციალისტები.

2. მინისტრის მრჩევლები, თანაშემწეები და მდივან-სპეციალისტები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი, თანაშემწე და მდივან-სპეციალისტი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

3. სამინისტროს მრჩევლებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით.

4. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს და მდივან-სპეციალისტს მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ისინი უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე და მდივან-სპეციალისტი თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

5. სამინისტროს მრჩევლებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 10. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოხელეები.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანები, ხელმძღვანელობა, მის შემადგენლობაში არსებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები, თანამდებობათა ჩამონათვალი, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.

4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხე-ლეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, წარუდგენს დასკვნებს;

ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

5. დეპარტამენტი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად, სექტორებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

მუხლი 11. მინისტრის კაბინეტი

მინისტრის კაბინეტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის სახელით სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების მაკოორდინირებელი ფუნქციების განხორციელება, მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრის (სამინისტროს) ურთიერთობის ორგანიზება; მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება, მისი ორგანიზაციული, საინფორმაციო და სამართლებრივი მომსახურება; სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება და დამუშავება.

მუხლი 12. პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.

მუხლის 13. პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტი

პარლამენტთან ურთიერთობის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის და კანონმდებლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კანონშემოქმედებით სფეროში კოორდინაციის გაწევა და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა. კანონშემოქედებითი საქმიანობა, კანონპროექტების ექსპერტიზა, ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და სახელმწიფო რეესტრის წარმოება, სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; სამართალშემოქმედებითი და სამართალდაცვითი პროცესის ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა, ინფორმატიზაციის სისტემის შექმნა, კოორდინაცია და კონტროლი.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 მაისის ბრძანებულება №209 - სსმ III,  №55, 29.05.2001., მუხ.409

მუხლი 14. საერთაშორისო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი

სახელმწიფო წარმომადგენლობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა უფლებამოსილი თანამდებობის პირებისა და ორგანოების მიერ სამინისტროსათვის გამოგზავნილ შეკითხვებსა და მასალებზე შესაბამისი პასუხების მომზადება; სახელმწიფო ორგანოთა ან იმ საწარმოთა მიერ, რომლებშიც სახელმწიფო ფლობს აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს, დადებულ იმ ხელშეკრულებათა ვიზირებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება, რომლებიც საქართველოში არსებული ან საერთაშორისო კერძო არბიტრაჟების განსჯადია; სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და საქართველოში არსებულ კერძო არბიტრაჟებში, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, რომელთა სარჩელის ფასი აღემატება 1 მილიონ ლარს.

მუხლი 15. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტი

საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების მომზადების, დადებისა და შესრულების ორგანიზება, ქართული სამართლის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან, სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფოთა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო აქტებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება; მსჯავრდებულთა გადაცემისა და მიღების, აგრეთვე დადგენილი წესით ექსტრადაციის საკითხებზე მინისტრის გადაწყვეტილებათა მომზადება.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №530 - სსმ III,  №122, 27.12.2000., მუხ.981

მუხლი 16. ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარატმენტი

ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი; „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამინისტროს უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფა.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 მაისის ბრძანებულება №209 - სსმ III,  №55, 29.05.2001., მუხ.409

მუხლი 17. მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა, იმიგრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი

მოქალაქეობის, სამოქალაქო საკითხთა, იმიგრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ცალკეულ დაინტერესებულ პირთა მიმართ საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დადგენა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეთა მოქალაქეობიდან გასვლის ან მათ მიერ მოქალაქეობის დაკარგვის, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოში იმიგრანტის სტატუსის მინიჭების, გაუქმების და იმიგრანტთა საქართველოდან გაძევების მასალების წინასწარ განსახილველად მომზადება, მოქალაქეობისა და იმიგრაციის საინფორმაციო ბანკის შექმნა; კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტა, ორგანიზება და კოორდინაცია; სამოქალაქო მდგომარეობის საკითხთა ბანკის შექმნა; ნოტარიატის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მინისტრის უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნოტარიატის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საქართველოს ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებისათვის ხელის შეწყობა; სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული საზღვარგარეთ წარსადგენი დოკუმენტების ლეგალიზაცია.

მუხლი 18. საკადრო საკითხთა დეპარტამენტი

საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება, სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება, მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი, სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება.

მუხლი 19. საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი

საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზხრუნველყოფა, სამინისტროს სისტემის ცენტრალიზებული მომარაგება, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაგეგმა-განხორციელება. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 8 თებერვლის ბრძანებულება №43 - სსმ III,  №12, 13.02.2001., მუხ.109

მუხლი 20. მთავარი კანცელარია

მთავარი კანცელარიის ძირითადი ამოცანაა საქმისწარმოების ორგანიზაცია, სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის ორგანიზაცია, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების მომზადება და ოქმის გაფორმება, საიდუმლოების რეჟიმისა და კონსპირაციის დაცვა, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მუხლი 21. სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი

სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების რეგისტრაცია; რეგისტრირებული იურიდიული პირების საქმიანობის თავიანთ წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი დადგენილი წესით; საჯარო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა.

მუხლი 22. სალიცენზიო სამმართველო

სალიცენზიო სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროსათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიების გაცემის მომზადება და გაცემული ლიცენზიების აღრიცხვა.

მუხლი 23. სამედიცინო დეპარტამენტი

სამედიცინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა და კონტროლი. მათი საქმიანობის ორგანიზება, სანიტარული ზედამხედველობის, ეპიდემიასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება; სასჯელაღსრულების ორგანოთა და სამინისტროს სისტემის სხვა მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ტუბერკულოზთან და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა და კონტროლი; ნარკოლოგიური და ფსიქონევროლოგიური კომისიების მუშაობის ხელმძღვანელობა და კონტროლი; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდომოლოგიური მდგომარეობის შემოწმება; კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა. სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტაიისტიკური, საანგარიშო და სხვა სამუშაო ფორმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიყვანისას პირთა წინასწარი სამედიცინო შემოწმების ორგანიზება და კონტროლი; ავადმყოფთა დროული ჰოსიტალიზაციის, აგრავაციის პროფილაქტიკის, გამოჯანმრთელებულთა საავადმყოფოდან დროული გაწერის ორგანიზაცია; სასჯელაღსრულების მსჯავრდებულთა საერთო, გაძლიერებულდიეტური და სამკურნალო კვების რაციონის დაცვის ორგანიზება და სისტემატური კონტროლი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური კონტიგენტის გაგზავნის, მკურნალობისა და გაწერის ორგანიზაცია და კონტროლი; ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხების მომზადება.

მუხლი 24. უსაფრთხოების დეპარტამენტი

უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მოკვლევის განხორციელება, სამინისტროს სისტემის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და მოკვლევის განმა-ხორციელებელი ორგანოების მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი, აღრიცხვა და კოორდინაცია.

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტის გამო სამსახურებრივი მოკვლევა, ამ ფაქტების შესახებ შემოსული განცხადებებისა და ინფორმაციების შემოწმება და რეა-გირება, სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნა და მინისტრთან დასამტკიცებლად წარდგენა.

გ) მინისტრის დავალებით სასჯელაღსრულების სისტემის ორგა-ნოების ინსპექტირება, პროკურატურის, სასამართლო ორგანოების ან სხვა უწყებიდან შემოსულ წერილებსა და წარდგინებებზე სათანადო რეაგირების მოხდენა.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №530 - სსმ III,  №122, 27.12.2000., მუხ.981

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №307 - სსმ III,  №82, 07.08.2001., მუხ.594

მუხლი 24​1. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის სამსახური

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს გენერალური წარმომადგენლის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზაცია და დამუშავება, სახელმწიფოს სახელით წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტების (დასკვნების) პროექტების მომზადება; დასახელებული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა შესრულებისა და კონტროლის ორგანიზება

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება №530 - სსმ III,  №122, 27.12.2000., მუხ.981

მუხლი 24​2. სააღსრულებო დეპარტამენტი

1. სააღსრულებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სასამართლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორ-განიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი, სასამართლო აღმასრულებლების კადრების შერჩევა, მათი სწავლება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

2. სააღსრულებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 8 თებერვლის ბრძანებულება №43 - სსმ III,  №12, 13.02.2001., მუხ.109

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №140 - სსმ III,  №39, 23.04.2001., მუხ.300

მუხლი 24​3. ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტი

ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგა-დოებრივი აზრის შესწავლა და მის საფუძველზე შესაბამისი რეკომენ-დაციებისა და წინადადებების შემუშავება, სასჯელაღსრულების სის-ტემის ორგანოებში რეფორმის ერთიანი პოლიტიკისათვის ინფორ-მაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება. სამინის-ტროს სისტემაში სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება, მისი აღრიცხვა, ანალიზი და მონიტორინგი. სამინისტროს საფინანსო საქმიანობის კონტროლის უზრუნველყოფა.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №307 - სსმ III,  №82, 07.08.2001., მუხ.594

მუხლი 25. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდგომში _ სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილების გამოტანის უფლება, თუ ეს უშუალოდ კანონიდან გამომდინარეობს.

3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.

4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.

5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.

8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მისი შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს.

მუხლი 26. სამინისტროს სიმბოლიკა

1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მილიმეტრიანი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ და შესაბამისი თარგმანი ინგლისურ და რუსულ ენებზე.

2. სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელის აბრებზე.

4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 მაისის ბრძანებულება №209 - სსმ III,  №55, 29.05.2001., მუხ.409

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“, №471, 30.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 010240030.05.000.001927 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6160970-5/