“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.03.2006 ბოლო ცვლილება 18.06.2024
ნომერი
№271
სარეგისტრაციო კოდი
020.090.000.22.034.008.228
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 14/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №271

2006 წლის 1 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 28 ივნისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 29.06.2022წ.

1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 22 ნოემბრის №621 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის შესაბამისად, აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან აღრიცხვის წესს მათი გამოვლენის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის და საქმეზე დადგენილების გამოტანის სტადიიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრისათვის (სამმართველო) (შემდგომ – საინფორმაციო ცენტრი) მიწოდებისთანავე, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებას და სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და/ან საქმის განმხილველი ორგანოები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 2

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის, მონაცემების ცენტრალიზების, ავტომატიზაციის და ერთიან სისტემაში მოყვანის მიზნით, სამინისტროში შექმნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკი (შემდგომ – ერთიანი საინფორმაციო ბანკი). ერთიან საინფორმაციო ბანკში თავმოყრილი მონაცემები, გარდა შესაბამისი სახდელის შეფარდების მიზნებისა, მუშავდება ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, ადამიანური რესურსების მართვის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის განხორციელებისა და სხვა ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად.

2. ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირება ეხმარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამომვლენ და საქმის განმხილველ ორგანოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და პასუხისმგებლობის ზომების კანონიერად და ეფექტურად გამოყენების საქმეში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 3

საინფორმაციო ცენტრი სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ ინსტრუქციით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 4

ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხვას ექვემდებარება ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

თავი II. სააღრიცხვო ფორმები და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინფორმაციის მიღება-გაცემის წესები

    მუხლი 5

1. ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისა და აღრიცხვის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენი და/ან საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემები მიაწოდონ საინფორმაციო ცენტრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინფორმაციის მიწოდება, ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე, ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული შესაბამისი სააღრიცხვო ფორმებით (დანართები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13).

3. დანართი №1 შეიცავს შეტყობინებას ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

4. დანართი №2 შეიცავს შეტყობინებას მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

5. დანართი №3 შეიცავს შეტყობინებას საზოგაოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

6. დანართი №4 შეიცავს შეტყობინებას ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

7. დანართი №5 შეიცავს შეტყობინებას გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

8. დანართი №6 შეიცავს შეტყობინებას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

9. დანართი №7 შეიცავს შეტყობინებას საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევის, აგრეთვე მიგრაციის და პირადობის დადასტურების სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

10. დანართი №8 შეიცავს შეტყობინებას შრომის, ჯანმრთელობის დაცვის, სავალდებულო სოციალური დაზღვევისა და ნარკომანიის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

11. დანართი №9 შეიცავს შეტყობინებას სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

12. დანართი №10 შეიცავს შეტყობინებას მრეწველობის, ელექტრონული და თბოენერგიის გამოყენების დარგში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

13. დანართი №11 შეიცავს შეტყობინებას სოფლის მეურნეობაში და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

14. დანართი №12 შეიცავს შეტყობინებას მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

15. დანართი №13 წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოების მიერ მიღებული დადგენილებების რეესტრს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 6

1. სააღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტები „სამართალდამრღვევის გვარი“, „სახელი“, „მამის სახელი“, „დაბადების თარიღი“, „პირადი ნომერი“, „დაბადების ადგილი“, „მოქალაქეობა“, „მისამართი“ ივსება დამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა) ან პასპორტის შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით.

2. თუ დამრღვევს პირადობის მოწმობა არ გააჩნია, მაშინ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები შეივსება ნებისმიერი სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, „პირადი ნომრის“ გრაფა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში მცხოვრებ უცხოელს უკვე აღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა და მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.

3. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დაბადების თარიღი“ და ყველა დანარჩენი თარიღი ივსება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რიცხვი;

ბ) თვე;

გ) წელი.

4. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დაბადების ადგილი“ საქართველოში დაბადებულთათვის მიეთითება დაბადების შესაბამისი ადგილი, ხოლო უცხოელთათვის – შესაბამისი ქვეყნის დასახელება.

5. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „მისამართი“ მიეთითება დამრღვევი ფიზიკური პირის რეგისტრაციის ადგილის ან იურიდიული პირის სრული იურიდიული მისამართი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ფიზიკური პირის სახელი, გვარი და მისამართი.

6. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „ორგანიზაცია (ფირმა)“ მიეთითება სამართალდამრღვევი ორგანიზაციის(ფირმის) სრული დასახელება. თუ სამართალდამრღვევი მოქალაქეა, გრაფა „ორგანიზაცია (ფირმა)“ არ შეივსება.

7. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დარღვევა ჩადენილია“ მიეთითება ის თარიღი, როდესაც მოხდა სამართალდარღვევა, ხოლო თუ დარღვევა დენადია, მიეთითება შესაბამისი ორგანოების მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის თარიღი.

8. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „კანონი, მუხლი“ მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტის დასახელება და შესაბამისი მუხლი (მუხლები), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის.

9. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „ოქმის რეგისტრაციის ან ქვითრის ნომერი“ და „თარიღი“ მიეთითება უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმის (ან ჟურნალში მისი რეგისტრაციის) ნომერი და თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგა და დამრღვევი დაჯარიმდა ადგილზე – ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ნომერი და თარიღი.

10. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „დარღვევა გამოავლინა“ მიეთითება სამართალდარღვევის გამომვლენი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი.

11. საღრიცხვო ფორმების რეკვიზიტში „მიღებული გადაწყვეტილება“ იმ შემთხვევაში, თუ სახდელის დადება ხდება ადგილზე, იწერება ადმინისტრაციული სახდელის სახე, ხოლო თუ სამართალდარღვევაზე მასალები იგზავნება სასამართლოში ან სხვა საქმის განმხილველ ორგანოში – მიეთითება ის ორგანო, რომელსაც გადაეგზავნა მასალები საქმეზე დადგენილების გამოსატანად. თუ შეტყობინების შევსების დროისათვის უკვე ცნობილია საქმეზე გამოტანილი დადგენილების შესახებ, მიეთითება დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელება და სახდელის სახე.

12. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „გადაწყვეტილების მიღების თარიღი“ მიეთითება ადგილზე სახდელის დადების შესახებ ან სასამართლოში ან სხვა განმხილველ ორგანოში მასალების გადაგზავნის თარიღი.

13. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „სამსახურის დასახელება“, „უფროსი“ და „ხელმოწერა“ მიეთითება სამართალდარღვევის გამომვლენი სამსახურის, დანაყოფის დასახელება, უფროსის გვარი, სახელი და უფროსის ხელმოწერა.

14. საღრიცხვო ფორმებში რეკვიზიტი „გაგზავნის თარიღი“ მიეთითება შეტყობინების საინფორმაციო ცენტრში გაგზავნის თარიღი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 7

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველი ორგანო საქმეზე დადგენილების გამოტანისთანავე ავსებს „საქმის განმხილველ ორგანოში გადაგზავნილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოტანილ დადგენილებათა ნუსხას“ (დანართი №13), რომელსაც დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აგზავნის საინფორმაციო ცენტრში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 8

1. განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ორგანო (სამსახური) ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დამრღვევი პირის მიმართ გადაწყვეტილების მიღებამდე გადაამოწმოს ამ პირზე მონაცემები საინფორმაციო ცენტრში არსებულ ერთიან საინფორმაციო ბანკში, რაც ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმებისათვის სპეციალურად შემუშავებული „მოთხოვნის“ ბარათით (დანართი №14) ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო თუ შეკითხვაზე მიღებული პასუხი დაკავშირებულია სამართალდამრღვევის მიმართ უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებასთან, უნდა შეივსოს „მოთხოვნის“ ბარათი და გაიგზავნოს საინფორმაციო ცენტრში.

2. ტელეფონით ინფორმაციის მიღებისას დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს მიღებული საამისო უფლება, რაც გამოიხატება მისთვის დაშვების კოდისა და პაროლის მინიჭებით. აღნიშნულის მიღება ხდება საინფორმაციო ცენტრში კვარტალში ერთხელ დანაყოფის ან სამსახურის უფროსის მიერ თანამშრომელთა სიის წარდგენით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 9

1. „მოთხოვნის“ ბარათის:

ა) გრაფაში „შემოწმების მიზანი“ მიეთითება, თუ რა მიზნით ხდება შეკითხვის გაგზავნა, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. პირველ შემთხვევაში მიეთითება კონკრეტულად რომელი სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოწმდება პირი, ხოლო მეორე შემთხვევაში მიეთითება სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება ამგვარი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ;

ბ) შემოწმების ინიციატორის მოთხოვნით, პირი შეიძლება შემოწმდეს წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილ ყველა სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. გარდა ამისა, პიროვნება მოწმდება მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე სხვა შემთხვევებშიც (მაგალითად, სანებართვო სამსახურების მიერ, მოქალაქეთა მხრიდან ცეცხლსასროლ იარაღზე შესაბამისი ნებართვის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში);

გ) გრაფაში „შემოწმების შედეგი“ მიეთითება შესამოწმებელ პირზე წლის განმავლობაში გამოვლენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. აგრეთვე პირთან დაკავშირებული ის მონაცემები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმის განმხილველი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. დამატებითი ინფორმაციის მოძიება ხორციელდება რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო ოპერატიული კრებსის მონაცემებში. თუ შესამოწმებელი პირის ან ორგანიზაციის (ფირმის) მიმართ საინფორმაციო ცენტრს არ გააჩნია შეკითხვის ინიციატორისათვის საინტერესო ინფორმაცია, შემოწმების შედეგისათვის განკუთვნილ ადგილას დაისმება სპეციალური ოვალური ფორმის შტამპი (დანართი №15) წარწერით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საინფორმაციო ბანკში არ ირიცხება“;

დ) „მოთხოვნის“ ბარათის დანარჩენი გრაფები ივსება შეტყობინების ბარათების ანალოგიურად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ერთიანი საინფორმაციო ბანკიდან ინფორმაცია ერთ წელზე მეტი ხანდაზმულობის ვადის მქონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შეიძლება გაიცეს მოქალაქის სამართალდამცავ ორგანოებში მიღებასთან დაკავშირე-ბით ან ოპერატიული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 10

საინფორმაციო ცენტრში შემოსული შეტყობინების ბარათებიდან მონაცემების საინფორმაციო ბანკში შეტანის პროცესში გამოვლენილ იმ განმეორებით სამართალდარღვევებზე, რომლებიც იწვევენ სამართალდამრღვევის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, ბარათის შევსების ხარვეზებზე ან რაიმე სახის უზუსტობებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგენს წერილს, სადაც მიუთითებს ყველა გარემოების შესახებ. თუ ბარათები შევსებულია კორექტულად, ხარვეზების გარეშე და წერილში ჩამოთვლილია მხოლოდ წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირები, წერილის მარჯვენა ზედა კუთხეში დაისმება შტამპი წარწერით „აყვანილია აღრიცხვაზე“, ხოლო შენიშვნების არსებობის შემთხვევაში – წარწერით „აყვანილია კონტროლზე“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წერილის ადრესატი ვალდებულია გადაამოწმოს მითითებული შენიშვნები და უმოკლეს ვადაში დაზუსტებული ინფორმაცია წერილობითვე აცნობოს საინფორმაციო ცენტრს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 11

საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული პასუხის საფუძველზე შემოწმების ინიციატორი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევ პირზე მასალები იგზავნება სასამართლოში ან საქმის განმხილველ სხვა ორგანოში, იგი ვალდებულია ამ მასალებს თან დაურთოს საინფორმაციო ცენტრიდან მიღებული პასუხი – შემოწმების შედეგი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 12

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული ორგანო (უფლებამოსილი პირი), რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა, მასალების სასამართლოში ან საქმის განმხილველ სხვა ორგანოში გადაგზავნისას საინფორმაციო ცენტრში აგზავნის შეტყობინებას, რომელშიც მიღებული გადაწყვეტილების პუნქტში მიეთითება ფრაზა „გადაიგზავნა სასამართლოში“, ხოლო გრაფაში „გადაწყვეტილების მიღების თარიღი“ – მიეთითება მასალების გადაგზავნის თარიღი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

    მუხლი 13

საინფორმაციო ცენტრი სატელეფონო ხაზით მიღებულ შეკითხვაზე გასცემს პასუხს იმავე დღეს, ხოლო მოთხოვნის ბარათზე და ელექტრონული ფოსტით მოსულ შეკითხვაზე პასუხს გასცემს შეკითხვის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ელექტრონული ფოსტის მომხმარებლებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ამ სახით ინფორმაციის მიღების სურვილზე წერილობითი განაცხადის გაგზავნას საინფორმაციო ცენტრის უფროსის სახელზე. წერილში მითითებულ უნდა იქნეს აბონენტის ელექტრონული ფოსტის მისამართი.“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

თავი III. ერთიანი საინფორმაციო ბანკის დამუშავება, ანალიტიკური და სტატისტიკური სამუშაოები

    მუხლი 14

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო ცენტრში შემოსული შეტყობინებებიდან ინფორმაცია გროვდება ელექტრონულ ფორმატში (კომპიუტერული ბაზის სახით), რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთიანი საინფორმაციო ბანკი გამოყენებულ იქნეს არამარტო სააღრიცხვო, არამედ სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობისათვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

 

თავი IV. ინფორმაციის შენახვის წესები

    მუხლი 15

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების შენახვის ვადები განისაზღვრება:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 55-ე, 86-ე, 893, 1001,1002, 116-ე, 1161, 1163, 121-ე, 1211, 123-ე, 150-ე, 1533, 1536, 1552, 156-ე, 157-ე, 166-ე, 1661, 167-ე, 171-ე, 1713, 172-ე, 173-ე, 17315, 1741, 17415, 1752, 177-ე, 1771, 178-ე, 180-ე, 181-ე, 1811, 1812, 182-ე, 183-ე, 1821, 1971, 1972, 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები აქტიური სახით ინახება 8 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 8 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით;

ბ) გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევებისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აქტიური სახით ინახება 4 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 4 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება მინიმუმ 10 წლის ვადით. ამასთან, აღნიშნული მონაცემების დაარქივებული სახით შენახვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 წელს;

გ) გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები ინახება დეპერსონალიზებული ფორმით.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაარქივებული სახით შენახვის 10-წლიანი მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა სუბიექტი/მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს აღნიშნული მონაცემის დეპერსონალიზაციის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით.

1​2. ამ მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა სუბიექტის/მისი წარმომადგენლის მოთხოვნას სამინისტრო განიხილავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება პირის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ქმედების ჩადენის ხერხი, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები.

2. შეტყობინების ბარათი საინფორმაციო ცენტრში შემოსვლის და ელექტრონულ ფორმატში გადატანის შემდეგ თავსდება კარტოთეკაში, სადაც ინახება ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ ბარათი ამოღებულ უნდა იქნეს კარტოთეკიდან და გადატანილ იქნეს საინფორმაციო ცენტრის საარქივო ინფორმაციის საცავში, სადაც ინახება ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი ნადგურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017  წლის  9 თებერვლის გადაწყვეტილება №1/2/622   – ვებგვერდი, 14.02.2017წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 06.11.2020წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 12 მარტის ბრძანება №10  - ვებგვერდი, 13.03.2024წ.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", №271, 01.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.034.008.228 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63316-4/