დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საჯარო გადაწყვეტილება №194
2025 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების დღგ-ით დაბეგვრის თაობაზე
1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო
საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების დღგ-ით დაბეგვრის საკითხებს, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების პირობებსა და აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრის წესს.
2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები
სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას მიეკუთვნება დღგ-ით დასაბეგრი პირის (შემდგომ – დასაბეგრი პირი) მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ზოგადი წესის მიხედვით, საქონლის მიწოდება დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება, თუ იგი ანაზღაურების სანაცვლოდაა განხორციელებული. ამავდროულად, სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდება ანაზღაურების სანაცვლოდ განხორციელებულად განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ანაზღაურების გადახდას ადგილი არ აქვს.
სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების – შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში. აღნიშნული ქვეპუნქტის შენიშვნის მიხედვით, საკუთარ წარმოებად განიხილება დასაბეგრი პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობის/ნაგებობის მშენებლობა საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით.
ამდენად, სსკ-ის ზემოხსენებული რეგულაცია ითვალისწინებს ე.წ. „თვითმიწოდების“ ფიქციას, რა დროსაც ითვლება, რომ დასაბეგრი პირი მის მიერ შექმნილ საქონელს - შენობას/ ნაგებობას საკუთარ თავს აწვდის ანაზღაურების სანაცვლოდ. ეს ფიქცია იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ აშენებული შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული დასაბეგრი პირი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას.
სსკ-ის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება დასაბეგრი პირის მიერ მისი წარმოებული შენობის/ნაგებობის (ძირითადი საშუალების) ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაწყების მომენტში (მომენტში, როდესაც დასაბეგრი პირი ფაქტობრივად იწყებს საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას, მისი დანიშნულების შესაბამისად).
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდება შემთხვევებზე, როდესაც სახეზეა სამივე შემდეგი პირობა:
ა) შენობა/ნაგებობა წარმოებული უნდა იყოს დასაბეგრი პირის მიერ. ამასთან, შენობა/ნაგებობა დასაბეგრი პირის მიერ წარმოებულად მიიჩნევა, თუ იგი აშენებულია დასაბეგრი პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით;
ბ) დასაბეგრმა პირმა ფაქტობრივად დაიწყო საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, მისი დანიშნულების შესაბამისად;
გ) დასაბეგრი პირი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას შენობის/ნაგებობის სხვა დასაბეგრი პირისგან შეძენის შემთხვევაში. შესაბამისად, განსახილველ დასაბეგრ ოპერაციას მაშინ ექნება ადგილი, როდესაც შენობა/ნაგებობა გამოიყენება ისეთ ოპერაციებში, რომელთა განხორციელების მიზნით გაწეულ ხარჯებზე გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება დასაბეგრ პირს არ წარმოეშობა.
სსკ-ის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენებისას, დღგ-ით დასაბეგრ თანხაში მხოლოდ იმ საქონლის/მომსახურების ღირებულება უნდა იქნეს შეტანილი, რომელიც უშუალოდ მიეკუთვნება მშენებლობის ხარჯებს. ხოლო, მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელზეც ხორციელდება მშენებლობა, დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ მონაწილეობს, რადგან სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე და არ წარმოადგენს ისეთი სახის ხარჯს, რომელიც უშუალოდ შედის წარმოებული შენობა/ნაგებობის ღირებულებაში.
3. გადაწყვეტილება
1. სსკ-ის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც სახეზეა სამივე შემდეგი პირობა:
ა) შენობა/ნაგებობა წარმოებული უნდა იყოს დასაბეგრი პირის მიერ. ამასთან, შენობა/ნაგებობა დასაბეგრი პირის მიერ წარმოებულად განიხილება, თუ იგი აშენებულია დასაბეგრი პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთარი ძალებით ან/და სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების შეძენის გზით;
ბ) დასაბეგრმა პირმა ფაქტობრივად დაიწყო საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, მისი დანიშნულების შესაბამისად;
გ) დასაბეგრი პირი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას შენობის/ნაგებობის სხვა დასაბეგრი პირისგან შეძენის შემთხვევაში.
2. დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენებისას, დღგ-ით დასაბეგრ თანხაში მხოლოდ იმ საქონლის/მომსახურების ღირებულება უნდა იქნეს შეტანილი, რომელიც უშუალოდ მიეკუთვნება მშენებლობის ხარჯებს. ამასთანავე, მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელზეც ხორციელდება მშენებლობა, დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ მონაწილეობს.
მინისტრი ლაშა ხუციშვილი