“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.08.2006 ბოლო ცვლილება 06.07.2021
ნომერი
№225/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.080.020.22.035.009.135
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 112, 24/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №225/ნ

2006 წლის 22 აგვისტო

 ქ. თბილისი

მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №150/ნ - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.910
1. დამტკიცდეს „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესი (დანართი №1).
2. სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ბ) სოციალური დახმარებების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №297/ნ - სსმ III, №187, 31.12.2008წ., მუხ.1971
3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 31 ივლისიდან.

ლ. ჭიპაშვილი


დანართი №1
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ბრძანება №150/ნ - სსმ III, №61, 31.05.2010წ., მუხ.910


მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი
    თავი I. ზოგადი დებულებები


    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი შემუშავებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
2. ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 3. სოციალური დახმარება
1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში – „საარსებო შემწეობა“), რომელიც დაკავშირებულია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებასთან და/ან მის პრევენციასთან.
2. საარსებო შემწეობა წარმოადგენს ოჯახისათვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებას.

    მუხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება
1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) და მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – „ღატაკი ოჯახი“).
2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).
3. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თავიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.
4. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება ოჯახის განმეორებითი შეფასების პერიოდში. გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე ოჯახს უგრძელდება (აღუდგება) ან უწყდება საარსებო შემწეობა. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე, მაშინ ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა აღუდგება შეჩერების თვიდან.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს), დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ.

   მუხლი 4​1. 16 წლამდე ასაკის პირისათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის მიღების ფორმები და „ბავშვის კვების ბარათის“ ადმინისტრირების ღონისძიებები
1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობა – 50 ლარი საქართველოს მასშტაბით გაიცემა საერთო ფორმით (თანხის ნაღდი ფულის სახით განაღდების უფლებით), ხოლო 2019 წლის 1 მარტიდან მუნიციპალიტეტების ნაწილში 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი გაიცემა „ბავშვის კვების ბარათით“ (თანხის ნაღდი ფულის სახით განაღდების უფლების გარეშე), როგორც საარსებო შემწეობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. „ბავშვის კვების ბარათი“ წარმოადგენს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სურსათის (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა) (შემდგომში – სურსათი) შესაძენად გამოსაყენებელ, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემულ, სპეციალურ ბარათს.
4. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება სურსათის შესაძენად შესაძლებელია იმ მეწარმე სუბიექტებში, რომლებიც ამ მუხლის შესაბამისად, სააგენტოს წარუდგენენ განაცხადს, სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად და დარეგისტრირდებიან სააგენტოში მიმწოდებლად.
5. სააგენტო:
ა)  უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის მიმწოდებლად რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით;
ბ) უფლებამოსილია, მეწარმე სუბიექტის მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
გ) განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლად მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ, რაც დასტურდება სააგენტოს და მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით;
დ) უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი საქონლის მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების ან/და მონიტორინგის/ზედამხედველობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში.
6. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეწარმე სუბიექტები რეგისტრირებულები არიან მიმწოდებლებად.
7. „ბავშვის კვების ბარათის“ ადმინისტრირებისა და ყველა საჭირო ქმედების განხორციელების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.

    მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა
1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.
2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სარეიტინგო ქულა, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრ(ებ)ს შეუწყდება (გაუუქმდება) დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვევაში, ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება  სააგენტოში განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.
3. იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ან ოჯახის რომელიმე წევრი, ოჯახისთვის საარსებო შემწეობის შეჩერების პერიოდში მიიღებს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შემწეობას და ოჯახი განმეორებითი გადამოწმების (შეფასების) შედეგად კვლავ ინარჩუნებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, წერილობითი მომართვის შემთხვევაში ოჯახს აღუდგება საარსებო შემწეობის თანხა შეჩერების პერიოდიდან, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა ან ოჯახის წევრმა მიიღო დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შემწეობის სახით, შეჩერების პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ.


    მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა და მისი გაანგარიშება
 საარსებო შემწეობის ოდენობა ეფუძნება ოჯახის წევრთა რაოდენობასა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდეს. საარსებო შემწეობის ოდენობა და გაანგარიშების პრინციპები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №193/ნ - სსმ III, №76, 30.06.2010წ., მუხ.1114
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.


მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას) და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.


    თავი II. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი ოჯახებისა და სააგენტოს უფლება-მოვალეობები


    მუხლი 8. სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები
1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას) აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;
ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას;
გ) სტატისტიკის წარმოებას.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) გადაამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა ცვლილებების გამოსავლენად);
ბ) შეაჩეროს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების და/ან ზედმეტად ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ;
დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა  საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობები
1. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს ან/და მის წევრს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;
ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სოციალური პაკეტი, სახელმწიფო პენსია/კომპენსაცია, სხვა ინდივიდუალური სოციალური დახმარება ან/და სხვა სახელმწიფო გასაცემელი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები;
ბ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ.


    თავი III. საარსებო შემწეობის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა და განახლება


    მუხლი 10. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი
საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველია ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა, რომლიც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე“ და ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

    მუხლი 11. სოციალური დახმარების დასანიშნად მიმართვა
1. საარსებო შემწეობის დასანიშნად მიმართვა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
2. საარსებო შემწეობის დასანიშნად ოჯახის სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა (შემდგომში – ოჯახის წარმომადგენელი) საჭიროა განცხადებით მიმართოს სააგენტოს.
3. განცხადების შევსება შეიძლება განხორციელდეს როგორც სააგენტოში, ისე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას.
4. განცხადების შევსებისას ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში დროებითი ბინადრობის მოწმობა) ან შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი;
ბ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის;
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი ინახება სააგენტოში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ.

    მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა
1. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შევსებიდან ორი კვირის ვადაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარსებო შემწეობის დანიშვნა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტისას შესაბამისი ფორმის დოკუმენტის შევსებით, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი.
3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადება და დანიშვნის ფორმის შევსება შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას.
4. თუ ოჯახმა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასების შედეგად მოიპოვა საარსებო შემწეობის დანიშვნის ან შეჩერებული საარსებო შემწეობის აღდგენის უფლება და განხორციელდა დანიშვნის პროცედურა, რის შემდეგაც ოჯახის დეკლარაციაში სააგენტოს მიერ განხორციელდა მონაცემების კორექტირება, კორექტირების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე საარსებო შემწეობის დანიშვნის განმეორებითი პროცედურა განხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის გარეშე.
5. თუ ოჯახს, დადგენილ ვადაში (90 დღე) მონაცემთა კორექტირე(ბე)ბის შედეგად მიენიჭება საარსებო შემწეობის მისაღებად განსაზღვრული ქულათა ოდენობა, საარსებო შემწეობა გაიცემა ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, დასაკორექტირებელ ქულამდე არსებული ქულისა და/ან საარსებო შემწეობის მიღების უფლების წარმოშობის პერიოდის  გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ შემთხვევაში, როდესაც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის დაკორექტირების შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, სააგენტო, სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე შეჩერებული საარსებო შემწეობის თვიდან, კორექტირების შემდეგ არსებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 დეკემბრის ბრძანება №01-68/ნ - ვებგვერდი, 12.12.2017წ.


     მუხლი 12​1 საარსებო შემწეობის დანიშვნის დამატებითი პირობები  
1. „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახ(ებ)ში, სადაც არის 16 წლამდე ასაკის წევრ(ებ)ი  ივსება განცხადება ,,65 000 დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის შესაბამისად განსაზღვრული სოციალური დახმარების დანიშვნის/დანიშვნაზე უარის“ შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, ივსება ოჯახის დეკლარაციის შევსების ან ოჯახის დეკლარაციაში სარეიტინგო ქულაზე დამოკიდებული მონაცემების კორექტირების დროს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურა ხორციელდება ცენტრალიზებულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახში ვიზიტისა და საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების გარეშე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის ბრძანება №01- 34/ნ - ვებგვერდი, 30.05.2017 წ.

     მუხლი 13. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება
1. საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას აღმოჩენილი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშნვის შეჩერების საფუძველია, თუ:
ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;
ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;
გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;
დ) (ამოღებულია - 22.05.2015, №01-15/ნ);
ე) შეიცვალა ოჯახის შემადგენლობა:
ე.ა. ოჯახს დაემატა სრულწლოვანი წევრი;
ე.ბ. ოჯახში ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან გასულია 2 წელზე მეტი;
ვ) ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე;
ზ) ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი აჩერებს საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურას და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს ოჯახის განმეორებით შეფასებას.
3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჩერდება შეჩერების საფუძვლის შესწავლის/დაზუსტების პერიოდით.
4. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შემთხვევაში, საარსებო შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების შემდეგ გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით.
5. საარსებო შემწეობის დანიშვნის შეჩერების საფუძვლის გადამოწმების შემდეგ, თუ ოჯახს აქვს სოციალური დახმარების მიღების უფლება, საარსებო შემწეობა ინიშნება ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.


    მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა
1. საარსებო შემწეობა/„ბავშვის კვების ბარათი“ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ღატაკი ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის სახელზე გახსნილ ანგარიშზე/ბარათზე თანხის ჩარიცხვით.
2. საარსებო შემწეობის/“ბავშვის კვების ბარათის“ გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.


     მუხლი 15. საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება და აღდგენა
1. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის:
ა) ოჯახის წევრის მიერ საარსებო შემწეობის სხვა სოციალურ გასაცემელთან (დევნილთა შემწეობა) ერთად ჩარიცხვა;
ბ) სახელმწიფო საზღვრის ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით კვეთა;
გ) ოჯახის ხელოვნურად გაყოფა/გაერთიანება;
დ) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;
ე) შეიცვალა ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული წევრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:
ე.ა) ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ოჯახის ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელი);
ე.ბ) ოჯახის წევრი გარდაიცვალა 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ.
ვ) ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე;
ზ) შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და  ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში – „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას  შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;
თ) ოჯახის სხვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება;
ი) გარდა იმ შემთხვევაში, როცა 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრ(ებ)ს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 1 იანვრის და შემდგომ პერიოდში მოწოდებული მონაცემების მიხედვით უფიქსირდებათ ხელფასი  (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით), რომლის ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და  „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას  შორის სხვაობა აღემატება 175 ლარს.
2. საარსებო შემწეობა შეიძლება შეჩერდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ან ახლად აღმოჩენილი გარემოება საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივ საკითხზე, ან როდესაც ოჯახი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომხდარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან დემოგრაფიული ცვლილების გამო.
2​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა/შეფასება ან/და „ოჯახის დეკლარაციაში“ მონაცემების კორექტირება არ ხორციელდება, ხოლო თუ ოჯახმა შემოსავლის დაკარგვის ან გაჩენის შესახებ შესაბამისი განცხადებით მიმართა სააგენტოს, განხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა/შეფასება ან/და „ოჯახის დეკლარაციაში“ მონაცემების კორექტირება.
3. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება დასაბუთებული ინფორმაციის ან ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების თვიდან, ხოლო თუ დახმარება უკვე გაცემულია, მომდევნო თვიდან.
4. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.
5. შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემა აღდგება შეჩერების თვიდან, გადამოწმების შედეგად ოჯახის შემადგენლობაში არსებული წევრების რაოდენობისა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად.
6. 16 წლამდე ასაკის ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი შეჩერებული საარსებო შემწეობის/„ბავშვის კვების ბარათის“ გაცემა აღდგება ახალი სარეიტინგო ქულის შესაბამისად შეჩერების პერიოდის გათვალისწინებით 16 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.


    მუხლი 16. საარსებო შემწეობის გაცემის შეწყვეტა
1. საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია:
ა) ოჯახის განცხადება;
ბ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
გ) თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას“;
დ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება.
2. საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან.
3. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების  თვე;
გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.


    მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება
1. დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატური გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის - ოჯახში ვიზიტის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში;
ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში, როცა ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი;
გ) ორი და მეტწევრიანი ოჯახის წევრის 2018 წლის 1 ივნისის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახის წევრის დამატებისას (ბავშვის დაბადება, შვილად აყვანა), საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატურად გადაანგარიშება ხდება, ახალი მეთოდოლოგიით მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახი შეფასებულია (შესწავლილია) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში და სარეიტინგო ქულა ნაკლებია 57001-ზე, ოჯახის წევრის დამატებისას (ბავშვის დაბადება, შვილად აყვანა), საარსებო შემწეობის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაანგარიშებული ოდენობით საარსებო შემწეობა გაიცემა:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პირობებით;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოსათვის მომართვის მომდევნო თვიდან;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წევრის გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან.
4. საარსებო შემწეობა დანიშნული ოდენობით შესაძლებელია აგრეთვე გადაანგარიშებულ იქნეს, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გათვალისწინებულია განსახვავებული ოდენობის საარსებო შემწეობის გაცემა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ივნისის ბრძანება №01-38/ნ - ვებგვერდი, 18.06.2012წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 15 აპრილის ბრძანება №01-24/ნ - ვებგვერდი, 15.04.2014წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01–15/ნ - ვებგვერდი, 25.05.2015წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.


    მუხლი 18. (ამოღებულია)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01– 15/ნ - ვებგვერდი, 25 .05.2015წ.

მუხლი 18​1. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი
თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ, შემდეგი წესების დაცვით:
ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ჩაერიცხა რომელიმე წევრისთვის გათვალისწინებული ზედმეტი თანხა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის ან სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაქვითოს გარდაცვლილი ან გასული წევრისთვის ზედმეტად გადარიცხული თანხა ოჯახის მიერ მისაღები საარსებო შემწეობის თანხიდან, გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან,  სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის მომდევნო  თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის  განთავსების მომდევნო თვიდან, ხოლო შემოსავლების გაზრდა/გაჩენის შემთხვევაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის თვის მომდევნო თვიდან, ყოველთვიურად, ოჯახის საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით;
ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის ან სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება განხორციელდება გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან, სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის შემთხვევაში, საზღვრის კვეთიდან მესამე თვის  მომდევნო თვიდან (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ), სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის/ბრალდებულის განთავსების მომდევნო თვიდან, ოჯახის წევრისთვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით,  ხოლო ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის ბრძანება №01– 15/ნ - ვებგვერდი, 25 .05.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №01- 40/ნ - ვებგვერდი, 16.09.2015წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-35/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 3 ივნისის ბრძანება №01-54/ნ - ვებგვერდი, 04.06.2020წ.


    თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 იანვრის ბრძანება №01-8/ნ - ვებგვერდი, 04.02.2019წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ", №225/ნ, 22.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.009.135 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/66100-13/