საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.03.2007 ძალადაკარგული 31.03.2010
ნომერი
№172
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.010.051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 05/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (9)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.22.033.010.051

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №172

2007 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულება.

2. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 24 ნოემბრის №758 ბრძანება   

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 5 მარტს.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №65-სსმIII, №11, 24.01.2008წ.; მუხ.147

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის ბრძანება №146-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.281

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე საგადასახადო კონტროლს.

3. ინსპექცია წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს. მისი საქმიანობის კოორდინაციას და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ცენტრალური აპარატის მეშვეობით.

4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით.

5. ინსპექციის სრული დასახელებაა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.

6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

    მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან

ინსპექცია დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

    მუხლი 4. მინდობილი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა

ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების და მინდობილი უფლებამოსილების გადაცემა სხვა თანამშრომლებისათვის.

    მუხლი 5. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები

1. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 2.5 მლნ ლარს);

ბ) აქციზის გადამხდელთათვის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 1.0 მლნ ლარს).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

3. ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა:

ა) ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან და დასაბრუნებელ გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;

ბ) ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) ინსპექციის საგადასახადო აღრიცხვიდან გადასახადის გადამხდელთა მოხსნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც წლის შედეგებით გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ან როცა მათი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლითა და ანალიზით დადგინდა, რომ ნამდვილად არ არსებობს პერსპექტივაში ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

თავი II

ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 6. ინსპექციის ამოცანები

1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებათა რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერის გაცემა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) ჩატარება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებითი გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე.

2. ინსპექცია განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსულ წერილებსა და განცხადებებს.

თავი III

ინსპექციის სტრუქტურა და თანამდებობის პირები

    მუხლი 7. ინსპექციის სტრუქტურა

1. ინსპექციის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;

ბ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველო;

გ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;

დ) იურიდიულ საკითხთა სამმართველო;

ე) ადმინისტრაცია (აპარატი);

ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.

3. ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

4. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინსპექციის უფროსის წარდგინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის ბრძანება №65-სსმIII, №11, 24.01.2008წ.; მუხ.147

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის ბრძანება №146-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.281

    მუხლი 8. ინსპექციის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები

1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი.

2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.

3. ინსპექციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს ინსპექციას და პასუხისმგებელია კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) თავის კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სახელმწიფოს სახელით;

გ) თვალყურს ადევნებს ინსპექციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ინსპექციის მომსახურების საქმიანობისა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ანაწილებს ინსპექციის მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინარულ ზემოქმედებას;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეაქვს წინადადებები ინსპექციის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინარული ან წახალისების ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) პასუხისმგებელია ინსპექციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მიზნობრივ ხარჯვაზე და გამოყენებაზე;

ზ) შემოსავლების სამსახურის უფროსს წარუდგენს ინსპექციის დებულების, სტრუქტურის, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგში, ასევე სათანადო ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტებს;

თ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ინსპექციის თანამშრომლებისათვის;

კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ძალადაკარგულად ცნობს მოადგილის, ინსპექციის სტრუქტურული ერთეულების თანამდებობის პირების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს;

მ) თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ქმნის ინსპექციის სათათბირო ორგანოს – საბჭოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას, პერსონალურ შემადგენლობას;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.

5.  ინსპექციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:

ა) ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;

ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

თავი IV

ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 9. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო

1. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა;

ბ) გადამხდელთა მომსახურება;

გ) საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღება;

დ) დადგენილი წესით გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარებების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;

ე) საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგების ფორმების შეტანა კომპიუტერში დასამუშავებლად;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა;

ზ) კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათში ცვლილებების შეტანის ჩათვლით;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშ-ფაქტურების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფა;

ი) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;

კ) დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების ვიზუალური შემოწმება მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;

ლ) წინადადებების მომზადება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ;

ნ) წინადადებების მომზადება გადამხდელთან ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ;

ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია და რეესტრიდან ამონაწერების გაცემა.

2. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მოვალეობაა:

ა) გაუწიოს კონსულტაცია გადამხდელებს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, განუმარტოს გადამხდელებს გადასახადების გამოანგარიშების, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსების წესი და წარდგენის ვადები;

ბ) მიაწოდოს გადამხდელებს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

გ) მოახდინოს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია;

დ) უზრუნველყოს გადამხდელები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და გაუწიოს შესაბამისი მომსახურება დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;

ე) მიიღოს გადამხდელთა დეკლარაციები და გაანგარიშებები, გადაამოწმოს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) აწარმოოს გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყოს ინფრომაციის შეკრება და არქივისათვის გადაცემა;

ზ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები, მიიღოს გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველოდან ინფორმაციები გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;

თ) დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული ქონების გადასახადის შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა (გაგზავნა) გადამხდელებისათვის;

ი) დადგენილი წესით მიიღოს ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციები გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოს მათი კომპიუტერებში შეტანა და დამუშავება;

კ) ყოველდღიურად მიიღოს სახაზინო დაწესებულებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანა;

ლ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ოპერატიულად გადასცეს ინფორმაცია ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადების სახეების ჭრილში გადასახადების იძულებით გადახდევინების მიზნით;

მ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოოს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადის სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოოს საურავების დარიცხვა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერების, ჩათვლებში გამოყენებული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და ამ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურში ანგარიშების წარდგენა;

ო) ამოღებულია;

პ) დაიცვას კომპიუტერული სისტემები გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს გადამხელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების სხვა გადასახადის ანგარიშში გადატანის ან მათი დაბრუნებისათვის დოკუმენტაციის მომზადება;

რ) უზრუნველყოს დეკლარაციების წარმოუდგენლობის ფაქტების გამოვლენა და რეაგირებისათვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის წარდგენა;

ს) სანდო ინფორმაციების დამუშავების შედეგად სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;

ტ) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით სავარაუდო დარიცხვის შესახებ წინადადებების მომზადება, გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე მასალების მომზადება და რეაგირებისათვის სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა;

უ) ამოღებულია;

ფ) ამოღებულია;

ქ) აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახოს გადამხდელი და დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით მოითხვოს დამატებითი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები;

ღ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება;

ყ) განიხილოს გადამხდელების განცხადებები საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ან გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ;

შ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართლადაღვევაზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოსთვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

    მუხლი 10. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველო

1. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს ამოცანაა გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების, აგრეთვე მათი ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების შემოწმება კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით.

2. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო ვალდებულია:

ა) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიოს გადამხდელები;

ბ) შეადგინოს წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად სრულად ან შერჩევით შეამოწმოს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

დ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;

ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად უფლება აქვს გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა. საგადასახადო შემოწმებისას შეამოწმოს საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მდგომარეობა;

ვ) გააფორმოს საგადასახადო შემოწმების აქტი;

ზ) მოამზადოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების და საურავების დარიცხვის შესახებ;

თ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი დადგენილ ვადებში გადასცეს იურიდიულ საკითხთა  სამმართველოს;

ი) წარუდგინოს შემოსავლების სამსხურს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.

    მუხლი 11. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო

1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) მიმდინარე ზედამხედველობა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე;

ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებების გადასახდევინებლად საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონიძიებათა განხორციელება;

გ) ურჩ გადამხდელთა გამოვლენა.

2. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მოვალეობაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მდგარი გადამხდელების მიმართ:

ა) ამოღებულია;

ბ) განახორციელოს შემოსავლების დაკვირვების ტექნიკური საშუალებების დაყენება და კონტროლი;

გ) უზრუნველყოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია;

დ) დააწესოს კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;

ე) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღოს ზომები დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;

ვ) საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყონ ვადაგაცილებული დავალიანებების ამოღება;

ზ) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;

თ) გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, აღნიშნულის საფუძველზე შეადგინოს ოქმები და დადგენილი წესით მოამზადოს დასკვნები ინსპექციის უფროსზე გადასაცემად. მონაწილეობა მიიღოს გადამხდელთა მიმართ ჩატარებულ კონტროლის ღონისძიებებში;

ი) განახორციელოს ვადაგადაცილებული დავალინებების მქონე გადამხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმებები;

კ) მოამზადოს ანგარიშგებები სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და უზრუნველყოს მათი დადგენილ ვადაში წარდგენა შემოსავლების სამსახურში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევაზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა  სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;

ნ) გამოავლინოს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტები;

ო) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით მოახდინოს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსოების დალუქვა, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენება და მისი კონტროლი. დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს ლუქის ახსნა, მათი ხელახალი დალუქვა და შეადგინოს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმის აქტები. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში მოახდინოს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა;

პ) შეადგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშები;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

    მუხლი 12. იურიდიულ საკითხთა სამმართველო

1. იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ინსპექციის იურიდიული მომსახურება;

ბ) სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა.

2. იურიდიულ საკითხთა  სამმართველო ვალდებულია:

ა) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები სასამართლოში წარსადგენად;

ბ) გადასახადების იძულებით გადახდევინების მიზნით გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოსთან ერთად მოამზადოს მასალები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გადასახადის იძულებითი გადახდევინების ღონისძიებებში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;

დ) ინსპექციის თანამშრომლებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაციები, გააცნოს ახალი ნორმატიული აქტები და ცვლილებები კანონმდებლობაში;

ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას;

ვ) შემოწმების აქტების საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ;

ზ) უზრუნველყოს კანონიერების დაცვა და მიიღოს ზომები მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

თ) კანონით დადგენილი წესით დაიცვას ინსპექციისა და მისი მუშაკების კანონიერი უფლებები და ინტერესები სასამართლოში და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;

ი) ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებულ ოქმებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები ინსპექციის ხელმძღვანელობასთან წარსადგენად და/ან  სასამართლოში გადასაგზავნად;

კ) წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.

    მუხლი 13. ადმინისტრაცია (აპარატი)

ინსპექციის აპარატი:

ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმისწარმოებას – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;

დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდეციების მოძრაობაზე;

ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებასა და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;

ზ) აწარმოებს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;

თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) ახორციელებს კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;

კ) წარადგენს ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.

    მუხლი 13​1. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო

საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანაა:

ა) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საინფორმაციო საძიებო სისტემების დანერგვა-ექსპლუატაცია;

ბ) ინსპექციის ამოცანების შერულების უზრუნველყოფისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება-სისტემატიზაცია, ანალიზი და დამუშავებული ფორმების ინსპექციის დანაყოფებისათვის მიწოდება;

გ) გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის-ფაქტორების განსაზღვრა, საბაჟო მონაცემების დამუშავება მათი შედარება საგდასახადო მონაცემებთან;

 დ) დღგ-ს შეგროვების მდგომარეობის ანალიზი, აქტივების წარმოშობის ანალიზი, ამ გადასახადებში ნარჩენების დაგროვების ანალიზი, ასევე დღგ-ის და სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მოძრაობის ანალიზი, დღგ-ის ბრუნვების (მათ შორის გათავისუფლებული და ნულოვანი ბრუნვების) ანალიზი;

ე) გადამხდელთა ანალიტიკური ბარათების შემუშავება, საქმიანობის მიხედვით გადამხდელთა საქმიანობის ანალიზი და რისკის-ფაქტორების განსაზღვრა, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვების და შემოსული გადასახადების ანალიზი;

ვ) ინსპექციის უფროსის დავალებების შესაბამისად, სხვა ანალიტიკური ინფორმაციის შემუშავება;

ზ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 ივლისის ბრძანება №781-სსმIII, №94, 02.07.2007წ.; მუხ.1004

    მუხლი 14. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა

ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №172, 02.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.051 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/69538-3/