საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.11.2007 ძალადაკარგული 11.05.2010
ნომერი
№1242
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.033.011.169
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 169, 29/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.169

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №1242

2007 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 აპრილის №247 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის ბრძანება №150- სსმ III, №26, 20.02.2008წ., მუხ.285

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის ბრძანება №293- სსმ III, №48, 31.03.2008წ., მუხ.540

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №724- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1351

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექციის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გენერალური ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

2. ინსპექცია ექვემდებარება მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

3. დაუშვებელია სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში.

4. ინსპექცია საქმიანობას წარმართავს კანონიერების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.

5. ინსპექციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი და საბიუჯეტო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

6. ინსპექციის ბიუჯეტი სამინისტროს ბიუჯეტში გამოიყოფა ცალკე მუხლად.

7. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №16.

    მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

    მუხლი 3. ინსპექციის ამოცანები

ინსპექციის ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მუშაობის ეფექტიანობის შემოწმება, მათ მიერ დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასა და კანონიერების დაცვაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა;

ბ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება ან/და დისციპლინური დევნის წარმოება;

გ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, მონიტორინგის პროცესში მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

დ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დაცვაზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ე) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის მონიტორინგი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლა;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სხვა წერილობითი დავალებების შესრულება;

ზ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და გაზრდა მათ საქმიანობაში არსებული რისკ-ფაქტორების ანალიზის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების გზით;

თ) საბაჟო და საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მუდმივი მონიტორინგის განხორციელება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №724- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.135

თავი II

ინსპექციის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 4. ინსპექციის უფლებამოსილება 

1. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით ინსპექციას უფლება აქვს:

ა) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, ან/და დისციპლინური დევნის წარმოება;

ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანოებისგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან, სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური დევნის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტები ან ინფორმაცია;

გ) გამოიძახოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილ შესწავლას;

დ) მოიწვიოს სამინისტროს სისტემის ორგანოთა საჯარო მოსამსახურეები ან/და სხვა სპეციალისტები სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის პროცესში. მოიწვიოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები ან სხვა ექსპერტები საექსპერტო დასკვნის მიღების ან კონსულტაციის მიზნით;

ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების მიხედვით, მინისტრთან ან შესაბამის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელთან დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ (სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით);

ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ზ) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები შემოწმების შედეგად გამოვლენილი მდგომარეობის გამოსწორების ან/და გაუმჯობესების შესახებ;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ბაზა;

ი) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, შეისწავლოს მოპოვებული მასალები და ინფორმაცია და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები;

 კ) გასცეს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საქმიანობის სრულყოფისათვის;

ლ) განახორციელოს მონიტორინგი მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;

მ) შეისწავლოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მხრიდან მოსალოდნელ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზები;

ნ) სათანადო რეკომენდაციების მომზადების გზით ხელი შეუწყოს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის სტიმულირებას;

ო) განიხილოს წერილობითი მოსაზრებები სამინისტროს ფუნქციონირების და მის საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი ხარვეზებისა და რისკების შესახებ;

პ) დანერგოს შიდა აუდიტის პოლიტიკის სტანდარტები და პროცედურები INTOSAI-ს (აუდიტის უმაღლესი ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია), IFAC-ს (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია) და სხვა სათანადო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად;

ჟ) შეისწავლოს სამინისტროს სისტემის ორგანოთა ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობა, ეკონომიურობა და ეფექტურობა, და უზრუნველყოს შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება (ოპერაციული აუდიტი);

ჟ​1) ონლაინ რეჟიმში კოორდინაცია გაუწიოს და განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი საბაჟო და საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე;

 ჟ​2) საბაჟო და საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ანალიზი გაუკეთოს მონიტორინგის შედეგებს.

რ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები შეზღუდვის გარეშე დაიშვებიან სამინისტროს სისტემის ორგანოების (სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და მათი ტერიტორიული ორგანოები) განლაგების ადგილებში მოსამსახურის მოწმობის წარდგენისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №724- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1351

    მუხლი 5. ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლები

1. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს ინსპექციის უფროსის განკარგულება. განკარგულება გამოიცემა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მინისტრის შესაბამისი ბრძანებისა ან/და წერილობითი დავალების საფუძველზე;

ბ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიღებისას;

გ) მოქალაქეთა წერილობითი საჩივრის ან განცხადებების მიღებისას;

დ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მოხსენებითი ბარათების მიღებისას;

ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან შეტყობინებების და მასალების მიღებისას.

2. ინსპექციაში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზის“ სისტემა. ამ გზით შემოსულ შეტყობინებებზე ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს შესაბამის რეაგირებას. სამინისტროს სისტემის ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „ცხელი ხაზის“ სისტემის არსებობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება მოქალაქეთა და იურიდიული პირების წარმომადგენლების მომსახურების ადგილებში სათანადო ინფორმაციის გამოქვეყნებით.

    მუხლი 6. სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური დევნის წარმოების წესი

1. სამსახურებრივი შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების ან/და ინსპექციის უფროსის განკარგულების საფუძველზე.

2. ინსპექციის უფროსის განკარგულებაში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ჯგუფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პერსონალური შემადგენლობა ჯგუფის ხელმძღვანელის მითითებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი ორგანოს (ან მისი სტრუქტურული ერთეულის) სახელწოდება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი.

3. შემოწმების განკარგულების პროექტს თანდართულ შემოწმების პროგრამასთან ერთად შეიმუშავებს და ინსპექციის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის დასმული საკითხის გადაწყვეტა.

4. მიზანშეწონილობიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება ჩატარდეს შესამოწმებელ ობიექტზე შემოწმების ჯგუფის მივლინებით ან ინსპექციაში სათანადო საბუთების გამოთხოვითა და ახსნა-განმარტებისათვის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების მოწვევით, ან ორივე მეთოდის გამოყენებით.

5. შემოწმების დაწყებისას ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი ორგანოს ან/და მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს წარუდგენს შესაბამის განკარგულებას და შემოწმების პროგრამას (აღნიშნული არ ვრცელდება რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველოს მიერ განხორციელებული შემოწმების ჩატარებისას).

6. შემოწმების პროგრამის ფარგლებში მასალების წარმოდგენასთან, ახსნა-განმარტებასთან და შესაბამისი ფაქტების დაფიქსირებასთან დაკავშირებით ჯგუფის ხელმძღვანელის კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებისთვის და საჯარო მოსამსახურეებისთვის.

7. შემოწმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 სამუშაო დღეს. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ინსპექციის უფროსის განკარგულებით (მინისტრის ბრძანების არსებობის შემთხვევაში მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და ინსპექციის უფროსის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის გზით), შესამოწმებელი პერიოდის ხანგრძლივობისა და შემოწმების საგნის სირთულის გათვალისწინებით.

8. ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით შემოწმების შედეგები შეიძლება განხილულ იქნეს სხდომაზე, რომელზეც შეიძლება მოწვეულ იქნენ ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეები (აღნიშნულ შემთხვევაში დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ შემოწმების ჯგუფის წევრები და მოწვეული პირები). ამ პუნქტის შესაბამისად, სხდომაზე დაფიქსირებული შენიშვნების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილვის შემდეგ დგება შემოწმების დასკვნა.

9. შემოწმების შესახებ შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც დეტალურად აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი; რისკ-ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაზე; არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები; კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის, რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე). დასკვნას თან უნდა დაერთოს შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია.

10. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი. მასში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები.

11. ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი ინსპექციის უფროსს წარუდგენს კურატორი ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ ვიზირებულ მოხსენებით ბარათს და დასკვნას შემდგომი რეაგირების ღონისძიებათა თაობაზე.

12. დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესამოწმებელი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

    მუხლი 7. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის შედეგების რეალიზაციის წესი

1. ინსპექცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის ორგანოებს და საჯარო მოსამსახურეებს მიმართავს დასკვნით, კანონმდებლობის დამრღვევი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა შეფარდებისა და აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის თაობაზე.

2. სამინისტროს სისტემის ორგანოებმა და საჯარო მოსამსახურეებმა დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა აცნობონ ინსპექციას დასკვნის განხილვის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.

3. სამინისტროს სისტემის ორგანოებმა და საჯარო მოსამსახურეებმა დასკვნის განხილვამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე უნდა აცნობონ ინსპექციას დასკვნის განხილვის თარიღი და დრო, ხოლო ინსპექციის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დასკვნის განხილვის პროცედურაში.

    მუხლი 8. ინსპექციის ანგარიშვალდებულება

ინსპექცია ვალდებულია მინისტრს წარუდგინოს წერილობითი ანგარიში მიმდინარე წლის გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ კალენდარული წლის ბოლო თვეს.

თავი III

გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა

    მუხლი 9. გენერალური ინსპექციის უფროსი

1. ინსპექციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

2. ინსპექციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას;

ბ) ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს;

გ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წლის შედეგების მიხედვით, წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ინსპექციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) მოქმედებს ინსპექციის სახელით და რწმუნების გარეშე წარმოადგენს ინსპექციას სხვა პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას ინსპექციის მოსამსახურეს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;

ზ) წინადადებით შედის მინისტრთან სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა ინსპექციის ამოცანების შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებას ან/და განკარგულებას;

ლ) მინისტრს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტში შესატანად წარუდგენს წინადადებებს ინსპექციის ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურისა და საერთო მოცულობის შესახებ;

მ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსპექციის სტრუქტურას;

ნ) ამტკიცებს ინსპექციის საშტატო ნუსხას;

ო) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და ინსპექციის სამმართველოს უფროსების კანდიდატურებს;

პ)კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;

რ) კვარტალში ერთხელ ამზადებს მოხსენებებს მინისტრის წინაშე სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ს) დაკისრებული უფლება-მოვალეობების ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტები ან/და ექსპერტები;

ტ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, ინსპექციის უფროსის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებისა და საჯარო მოსამსახურეებისათვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 თებერვლის ბრძანება №150- სსმ III, №26, 20.02.2008წ., მუხ.285

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

    მუხლი 10. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე

1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციამოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;

ბ) ეცნობა სამმართველოების მიერ წარმოდგენილ დასკვნას და მოხსენებით ბარათს, საჭიროების შემთხვევაში, თავის წინადადებებს წარუდგენს ინსპექციის უფროსს;

გ) უზრუნელყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და ინსპექციის სხვადასხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას.

2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით.

4. ინსპექციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

    მუხლი 11. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს უფროსი:

ა) გეგმავს, ორგანიზაციას უკეთებს და ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას, პასუხს აგებს სამმართველოს საქმიანობაზე;

ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

გ) ამზადებს და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი სამსახურებრივი შემოწმების შესახებ;

დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და განკარგულებებს;

ე) თვალყურს ადევნებს სამმართველოს თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ვ) შემმოწმებელ და შესამოწმებელ პირებთან ერთად ატარებს შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას;

ზ) ეცნობა სამმართველოს პასუხისმგებელი მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას შემოწმების შესახებ, აკეთებს ვიზირებას და ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილ დასკვნასა და მოხსენებით ბარათს წარუდგენს ინსპექციის უფროსს;

თ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ი) აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას. კვირაში ერთხელ ინსპექციის უფროსს მოახსენებს სამსახურებრივი შემოწმების, დისციპლინური დევნისა და სხვა დავალებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ;

კ) ყოველთვიურად, ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

2. სამმართველოს უფროსის სხვა დამატებით უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი.

3. შემოწმების პერიოდში, სამმართველოს უფროსის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად შესამოწმებელი სტრუქტურული ერთეულის (სტრუქტურული ქვედანაყოფის) ხელმძღვანელისათვის და მისი გასაჩივრება შეიძლება ინსპექციის უფროსთან.

თავი IV

ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ფუნქციები

    მუხლი 12. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. ინსპექციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო;

ბ) რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველო;

გ) სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველო;

დ) საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) ვიდეომონიტორინგის სამმართველო.

2. ინსპექციის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას წარმართავს ბუღალტერი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება ინსპექციის უფროსს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №724- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1351

    მუხლი 13. შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო

შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროსა და მისი სისტემის ორგანოების ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობისას სამინისტროსა და მის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ან/და მის პროცესში ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

გ) სამინისტროს და მისი სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;

დ) სამსახურებრივი შემოწმებისას სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დისციპლინური დევნის წარმოება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და დასკვნაში ასახვა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის ბრძანება №293- სსმ III, №48, 31.03.2008წ., მუხ.540

    მუხლი 13​I. რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველო

1. რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველო:

ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, შეისწავლის მოპოვებულ მასალებსა და ინფორმაციას და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;

 ბ) იძლევა რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემის ორგანოთა საქმიანობის სრულყოფისათვის;

გ) ახორციელებს მონიტორინგს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი მსვლელობის თაობაზე;

დ) ადგენს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მხრიდან მოსალოდნელ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევ და ხელშემწყობ მიზეზებს;

ე) სათანადო რეკომენდაციების მომზადების გზით ხელს უწყობს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის სტიმულირებას;

ვ) განიხილავს წერილობით მოსაზრებებს სამინისტროს ფუნქციონირების და მის საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ;

ზ) დანერგავს შიდა აუდიტის პოლიტიკის სტანდარტებსა და პროცედურებს INTOSAI-ს (აუდიტის უმაღლესი ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია), IFAC-ს (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია) და სხვა სათანადო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად;

თ) შეისწავლის სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობას, ეკონომიურობას და ეფექტურობას და უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას (ოპერაციული აუდიტი);

ი) ქმნის თავისივე სამოქმედო პროცედურების სქემას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შეიძლება იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 5 მარტის ბრძანება №223- სსმ III, №34, 05.03.2008წ., მუხ.371

    მუხლი 14. სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველო სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთათვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის, მათი მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის პრევენციის, გამოვლენისა და გადაცდომაში მხილებული საჯარო მოსამსახურეების მიმართ (გარდა მე-13 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომებისა) დისციპლინური ზომების გატარების მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური დევნის წარმოება;

ბ) შემოწმებების პროცესში მოპოვებული მასალების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა გამომწვევი მიზეზების ანალიზისა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

გ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების განხორციელების მიზნით შესაბამის რეკომენდაციების მომზადება;

დ) ინსპექციის უფროსის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მიცემული სხვა დავალებების განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა.

    მუხლი 15. საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ბ) ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციების და დოკუმენტების აღრიცხვა და ჩატარებული შემოწმებების რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

გ) ინსპექციის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზება, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენა, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

დ) ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება, მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ფუნქციონირების, მისი გაუმჯობესებისა და სრულყოფის უზრუნველყოფა. სამეურნეო საქმიანობის წარმართვისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვასა და რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობა;

ვ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ ცნობების აღრიცხვა და სისტემატიზაცია.

    მუხლი 15​1. ვიდეომონიტორინგის სამმართველო

ვიდეომონიტორინგის სამმართველო:

ა) ონლაინ რეჟიმში კოორდინაციას უწევს და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საბაჟო და საგადასახადო მომსახურების მიმდინარე საქმიანობაზე;

ბ) ანალიზს უკეთებს მონიტორინგის შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას რიგების აღმოფხვრის, საბაჟო და საგადასახადო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

გ) შემდგომში მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის ინფორმირებას დარღვევების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №724- სსმ III, №137, 16.09.2008წ., მუხ.1351

    მუხლი 16. ბუღალტრის უფლება-მოვალეობები

ბუღალტერი პასუხისმგებელია ინსპექციის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტაციის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით წარმოებაზე. აღნიშნული უფლებამოვალეობის შესრულების მიზნით ბუღალტერი უზრუნველყოფს:

ა) ინსპექციის საფინანსო-საბუღალტრო საქმის წარმართვას, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოებას და ანალიზს;

ბ) სახაზინო სამსახურთან (დეპარტამენტთან) ურთიერთობას და საბიუჯეტო სახსრების მოძრაობისა და დაფინანსების ოპერატიულ აღრიცხვას.

თავი V

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 17. ინსპექციის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ინსპექციის დებულების ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“, №1242, 28.11.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.011.169 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74482-4/