საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2004 ძალადაკარგული 30.11.2011
ნომერი
№351/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.010.010.22.035.006.943
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 29/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.006.943

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №351/ნ

2004 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

      1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის ბრძანება №102/ნ - სსმ III, №47, 20.04.2005 წ., მუხ.485

      2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 22 იანვრი ს ბრძანება №17/ნ - სსმ III, №8, 23.01.2007 წ., მუხ.76

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) შექმნილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილების საფუძველზე.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, რომელიც ხელმძღვანელობს და საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. დეპარტამენტს აქვს გერბიანი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საკუთარი დასახელებით. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 28.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანებია:

ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სახელმწიფო თუ ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება, მათი აღსრულების ორგანიზაცია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფის სისტემატური კონტროლი;

ბ) ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციის და კადრების მომზადება-გადამზადების სახელმწიფო მიზნობრივი, აგრეთვე ომის ვეტერანთა კონტინგენტთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების შედგენა-განხორციელება, სოციალური დაცვის პროგნოზების განსაზღვრა;

გ) ვეტერანთა სოციალური გარანტიების დაცვის მიზნით, სახელმწიფო სოციალური და კერძო, ნებაყოფლობითი, ასევე სავალდებულო დაზღვევის განვითარების, სადაზღვევო კომპანიების ქსელის ფორმირებისათვის ხელშეწყობა;

დ) ვეტერანთა დასაქმების და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ე) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი ერთიანი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა;

ვ) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის განმტკიცება და გაფორმება;

ზ) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ხანდაზმულ ომის მონაწილე მარტოხელა ვეტერანთა საპატრონაჟო და მოხუცთა თავშესაფრის ორგანიზება, საბრძოლო და დიდების ძეგლების, მემორიალური კომპლექსების პასპორტიზაცია და მოვლა-პატრონობა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა (ყოფილ სამხედრო ტყვეთა) საფლავების მოძიება და აღრიცხვა;

თ) ომის ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცება და მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება;

ი) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის გამომწვევი მიზეზების დროულად გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;

კ) დეპარტამენტის ფუნქციების რეალიზაციისათვის საჭირო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ლ) ვეტერანთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიების დაცვის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადება და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

მ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საკუთარი ბეჭდვითი ორგანოს ქონა;

ნ) ქვეყნის წინაშე დამსახურებისა და ვეტერანული მოძრაობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ო) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის განხორციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულებების მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია შემდეგ სპეციალიზირებულ არასამხედრო შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად:

ო.ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ-არასამხედრო შრომით ფორმირებებში, სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ, კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში;

ო.ბ) მოხუცების, ინვალიდების, უპატრონოდ დარჩენილ და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების, მოვლა-პატრონობის სამსახურში;

ო.გ) სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის, მოსავლის აღების დროს სეზონურ სამუშაოზე და სხვა არასამხედრო ხასიათის სამუშაოზე;

ო.დ) საქართველოს სამხედრო ძალების სამშენებლო-სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში შესაბამის სამოქალაქო თანამდებობაზე;

პ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიება, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგანიზაციასთან და დაწესებულებებთან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე პირადად გაწვეულს, მის გამწვევ ორგანოს და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას, მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

ს) მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მონიტორინგის ჩატარება;

ტ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხის ყოველწლიურად შემუშავება, დაინტერესებული უწყებებიდან წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად.

უ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანიზება;

ფ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების და მოქალაქეთა საჩივრების განხილვა;

ქ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის გავრცელება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფუნქციონირების შესახებ;

ღ) პერიოდულად დეპარტამენტის თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინება და, შესაბამისად, უცხოელი სპეციალისტების მიღება.

      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 22 იანვრის ბრძანება №17/ნ - სსმ III, №8, 23.01.2007 წ., მუხ.76

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წარმოადგენს დეპარტამენტს და ანიჭებს წარმომადგენლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოხელეებისა;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს, გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს, ქმნის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განაგებს დეპარტამენტის ქონებასა და სახსრებს;

ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.   

3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

4. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებებსა და განკარგულებებს.

      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 22 იანვრის ბრძანება №17/ნ - სსმ III, №8, 23.01.2007 წ., მუხ.76

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) აპარატი;

ბ) (ამოღებულია);

გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო;

დ) იურიდიული სამმართველო;

ე) სააღრიცხვო-საინფორმაციო სამმართველო;

ვ) სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამმართველო.

2. აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების საინფორმაციო, ტექნიკურ და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დეპარტამენტის საკადრო საკითხების უზრუნველყოფა, კონტროლის განხორციელება ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფაზე, სოციალური დაცვის სფეროში პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია;

ბ) ამ დებულების მე-2 მუხლის „ო-ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.

3. (ამოღებულია).

4. საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის საბიუჯეტო ანგარიშებიდან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება, მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, საბუღალტრო ბალანსების შედგენა და მათი მიღება დაქვემდებარებული სამსახურებიდან;

ბ) სარეკომენდაციო წინადადებებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება ბიუჯეტის ფორმირებისა და მისი შესრულების სრულყოფისათვის;

გ) ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი ხარჯვისადმი კონტროლის განხორციელება;

დ) ბიუჯეტის (ნაზარდი ჯამით) ყოველკვარტალური შემოსავლების ფორმირების, მათი ხარჯვის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე სათანადო წინადადებების შემუშავება;

ე) საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებულ დავალებებზე შესაბამისი რეაგირება.

5. იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანთა სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესრულების ანალიზი;

ბ) სასამართლო ორგანოებთან და აღმასრულებელ ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებზე მეთოდური და სამართლებრივი დახმარების გაწევა;

დ) ვეტერანებისათვის განმარტების მიცემა და კონსულტაციების გაწევა ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის დეპარტამენტის კომპეტენციაში;

ე) განცხადებების, საჩივრების და წინადადებების განხილვა.

6. სააღრიცხვო-საინფორმაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების წევრების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, შეღავთების განსახორციელებლად დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის დამზადება-გაცემის უზრუნველყოფა, საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობის ორგანიზება და განხორციელება.

6​1. სამეურნეო-ტექნიკური და საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა;

ბ) დეპარტამენტის სამეურნეო და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის შენობაში სანიტარიული ნორმების დაცვის, გათბობის, განათებისა და წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისა და აპარატის დაქვემდებარებული ავტომანქანების გამართული მუშაობის ორგანიზება;

დ) ვეტერანებთან, ომებში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან შეხვედრების ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

ე) სასაწყობო მეურნეობის მუშაობის წარმართვა;

ვ) ინტერნეტში დეპარტამენტის ვებგვერდის გახსნა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) საზღვარგარეთის ვეტერანულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

7. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ქ. თბილისის სამმართველო;

ბ) აჭარა - გურიის სამმართველო;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;

დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილება;

ე) სამცხე-ჯავახეთის განყოფილება;

ვ) ქვემო ქართლის განყოფილება;

ზ) შიდა ქართლის განყოფილება;

თ) მცხეთა-მთიანეთის განყოფილება;

ი) იმერეთის განყოფილება;

კ) კახეთის განყოფილება;

ლ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის განყოფილება.

8. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს სამსახურს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

9. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

    საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის ბრძანება №102/ნ - სსმ III, №47, 20.04.2005 წ., მუხ.485

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 22 იანვრის ბრძანება №17/ნ - სსმ III, №8, 23.01.2007წ., მუხ.76

    მუხლი 5. ეკონომიკური ურთიერთობანი

დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

    მუხლი 6. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №351/ნ, 21.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.006.943 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74878-2/