„შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.08.2007 ძალადაკარგული 23.07.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
280.070.040.10.003.000.822
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 124, 03/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. 2007 წლის 1 სექტემბრიდან განისაზღვროს შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული მინიმალური სახელმწიფო პენსიის დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 5 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 2 ლარი;

ბ) 5-დან 15 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 4 ლარი;

გ) 15-დან 25 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 7 ლარი;

დ) 25 და მეტი საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 10 ლარი.

1​1. იძულებით გადაადგილებული პირისათვის – დევნილისათვის, რომელიც დოკუმენტურად ვერ ადასტურებს შრომით სტაჟს, 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ასაკის გამო დანიშნული მინიმალური სახელმწიფო პენსიის დანამატი ამავე პერიოდიდან განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) დევნილი მამაკაცებისათვის:

ა.ა) 65-დან 67 წლამდე – 2 ლარი;

ა.ბ) 67-დან 69 წლამდე – 4 ლარი;

ა.გ) 69-დან 71 წლამდე – 7 ლარი;

ა.დ) 71 წლიდან ზევით – 10 ლარი;

ბ) დევნილი ქალებისათვის:

ბ.ა) 60-დან 62 წლამდე – 2 ლარი;

ბ.ბ) 62-დან 64 წლამდე – 4 ლარი;

ბ.გ) 64-დან 66 წლამდე – 7 ლარი;

ბ.დ) 66 წლიდან ზევით – 10 ლარი.

1​2. ამ მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის დანამატი გადაანგარიშდება და გაიცემა (ანაზღაურდება) ავტომატურად, შესაბამისი ასაკის შესრულების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

1​3. იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, რომელიც მოიპოვებს შრომითი სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს, უფლება აქვს, მათ საფუძველზე მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანამატის დანიშვნა ან გადაანგარიშება და სხვაობის ანაზღაურება 4​1 და 4​2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

1​4. იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, მიუხედავად შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის არსებობისა, უფლება აქვს აირჩიოს ამ მუხლის პირველი ან 1​1 პუნქტებით გათვალისწინებული დანამატი.

1​5. 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სახის/კატეგორიის პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიაზე გადასვლის შემთხვევაში, „1​1“ პუნქტით გათვალისწინებული დანამატი დაენიშნება და აუნაზღაურდება სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული წლოვანების მიხედვით, განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

2. შრომითი სტაჟის დასადასტურებლად მიიღება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს კომპეტენტური ორგანო და იგი მოიცავს საჭირო ინფორმაციას პირის შრომითი საქმიანობის პერიოდის შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუძლებელია მათი მიღება ან აღდგენა, შრომითი სტაჟის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ.

4. ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი წესების მიხედვით ადრე დადასტურებული და გამოთვლილი შრომითი სტაჟი დაედოს საფუძვლად ასაკის გამო მინიმალური ოდენობით დანიშნული პენსიის დანამატის გაანგარიშებას.

4​1. პირისათვის, რომელსაც ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსია დანიშნული აქვს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტო ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გაცემას (ანაზღაურებას) უზრუნველყოფს 2007 წლის 1 სექტემბრიდან.

4​2. 2007 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ასაკის გამო მინიმალური პენსიის პირველადი დანიშვნის ან სხვა სახის/კატეგორიის პენსიიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის პენსიაზე გადასვლის შემთხვევაში ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნა და გაცემა (ანაზღაურება) ხორციელდება სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

4​3. განცხადების წარდგენა არ ესაჭიროებათ 4​1 პუნქტით გათვალისწინებულ იმ პენსიონერებს, რომელთაც შრომითი სტაჟი გამოთვლილი და დადასტურებული აქვთ ადრე მოქმედი წესების მიხედვით.

4​4. შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დამატებითი (დოკუმენტ(ებ)ის არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით წარდგენის შემთხვევაში პენსიაზე დანამატის გადაანგარიშება (გაცემა) ხორციელდება 4​1 პუნქტით გათვალისწინებული პენსიონერებისათვის 2007 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო 4​2 პუნქტით განსაზღვრული პენსიონერებისათვის – ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4​5. 2008 წლის 1 იანვრიდან ასაკის გამო მინიმალური ოდენობის სახელმწიფო პენსიის მიმღებს ან მის მაძიებელს დანამატი დაენიშნება (გადაუანგარიშდება) და აუნაზღაურდება შესაბამისად, დანამატის გადაანგარიშების ან დანამატის დანიშვნის შესახებ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4​6. ამ მუხლის 4​1, 4​2 და 4​4 პუნქტებით გათვალისწინებული დანამატის გაცემის (ანაზღაურების) ვადები ვრცელდება იმ შრომით სტაჟზე, რომელიც წარმოქმნილია 2007 წლის 1 სექტემბრამდე ან, შესაბამისად, ასაკის გამო მინიმალური პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შეტანამდე. აღნიშნული ვადების შემდგომ წარმოქმნილი შრომითი სტაჟის საფუძველზე დანამატის გაცემა (ანაზღაურება) წარმოებს შესაბამისი განცხადებისა და სტაჟის დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

4​7. საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის შეჩერება, განახლება და შეწყვეტა ავტომატურად იწვევს შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიაზე დანამატის შეჩერებას, განახლებას და შეწყვეტას. ამავდროულად, დანამატის შეჩერების დამატებითი საფუძველია ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სანდოობის შესწავლა-შემოწმება. შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სანდოობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში ეს გარემოება ხდება დანამატის მიღების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.

5. მოქალაქე/პენსიონერი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სანდო დოკუმენტების მოძიება და პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის.

6. შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტების გამცემი ორანოები პასუხს აგებენ მათ მიერ გაცემული და დადასტურებული დოკუმენტების სისწორისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სახელმწიფო პენსიის დანამატების ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგეტო ამ დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოსათვის დახმარების აღმოჩენა პენსიონერთა შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში.

9. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება (მათ შორის, ქ. თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები პენსიონერებისათვის) განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებიდან. ამასთან, 2007 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 52- ე მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №223 - სსმ III, №142, 12.10.2007 წ., მუხ.1571

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №242 - სსმ III, №159, 12.11.2007 წ., მუხ.1753

    მუხლი 1​1

ეს დადგენილება ვრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველია მხოლოდ კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა (კატეგორიის, სტატუსის ან სხვა დამატებითი საფუძვლის გარეშე).

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №57 - სსმ III, №39, 13.03.2008 წ., მუხ.434

    მუხლი 2

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის მომზადება და მიღება.

    მუხლი 3

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს ეთხოვოთ აღმოუჩინონ დახმარება მოქალაქეებს შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში, ხოლო სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს – შესაბამისი ინფორმაციების გადამოწმებაში.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №223 - სსმ III, №142, 12.10.2007 წ., მუხ.1571

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №242 - სსმ III, №159, 12.11.2007 წ., მუხ.1753

3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის დადგენილება №57 - სსმ III, №39, 13.03.2008 წ., მუხ.434

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“, №181, 29.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 280.070.040.10.003.000.822 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7630-3/