,,საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.04.2008 ძალადაკარგული 30.03.2010
ნომერი
№22/2008
სარეგისტრაციო კოდი
020.090.000.15.008.011.757
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 18/04/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.15.008.011.757

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №22/2008

2008 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანის და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1​ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                      ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                            გ. მჭედლიძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 10 მაისის №28/2008- სსმIII, №71, 13.05.08წ., მუხ.778

 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 14 მაისის №32/2008- სსმIII, №73, 16.05.08წ., მუხ.794

 

დანართი

საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქცია

საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იხილავენ განცხადება/საჩივარს და კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    მუხლი 1. განცხადება/საჩივრის რეგისტრაცია

საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე.

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად კომისიებში განცხადება/საჩივარის მიღებაზე და სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია შესაბამისი კომისიის მდივანი, ხოლო ცესკოში, რეგლამენტის შესაბამისად – საქმისწარმოების დეპარტამენტი.

განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი (კოდი), ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა. სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონი. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი (კოდი). აღნიშნულ ცნობას განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერითა და ბეჭდით.

    მუხლი 2. გასაჩივრება

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მხოლოდ ამის შემდგომ – სასამართლოში.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ საარჩევნო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საარჩევნო კოდექსის 77​1 მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.

აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ საარჩევნო კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

    მუხლი 3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება

საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

 

 

 

 

 

სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო/ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.

    მუხლი 6. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე

განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე. კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

     განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის დრო და თარიღი;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს, ხოლო უფლებამოსილი ორგანიზაციის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში – ასევე მის წარმომადგენელს, უფლება აქვს ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აღნიშნული საჩივრების განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის ბათილობის საკითხის შესახებ.

განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილ უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე და მასში უნდა მიეთითოს:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) გვარი, სახელი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის (თუ არის) გვარი, სახელი და მისამართი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (თუ არის);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის მომდევნო დღის 18 საათამდე, ხოლო თუ შედეგების შეჯამება ამ დროისთვის დასრულებული არ იქნება – შემაჯამებელი ოქმის შედგენის მომდევნო დღის 18 საათამდე. განცხადება/საჩივარი ამავე ვადაში შეიძლება გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომიისას უშუალოდ განმცხადებლის მიერ.

ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ შედგენილი განცხადება/საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “ე” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “ე” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია განცხადება/საჩივარს არ განიხილავს, რის თაობაზეც გამოსცემს განკარგულებას.

განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის მიერ (ხარვეზის დაუდგენლად) არ განიხილება, თუ:

 1. განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

2. არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

3. განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მის მოადგილისა ან კომისიის მდივანისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.

4. თუ განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ არის გადაცემული ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის კენჭისყრის მომდევნო დღის 18 საათამდე, ხოლო თუ შედეგების შეჯამება ამ დროისთვის დასრულებული არ იქნება –შემაჯამებელი ოქმის შედგენის მომდევნო დღის 18 საათამდე“.

    მუხლი 7. ვიდეოთვალი

არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვიდეოდაკვირვების და ჩაწერის საშუალებები, ე.წ. ვიდეოთვალი. ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2008 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით. განცხადება/საჩივარი ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნაზე შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ განუხილველი დარჩება, თუ განცხადება/საჩივარი არ იქნება წარმდგენილი ზემოაღნიშნული წესით. განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში.

 

    მუხლი 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, მათი შედგენის წესი, ფორმა და სასამართლოში განსახილველად გადაგზავნა

     ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” შემდეგი მუხლების მოთხოვნათა დარღვევის გამო:

    

● 174​3 მუხლი – საარჩევნო კომისიაში მუშაობაში ჩარევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების დროს, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე;

● 174​4 მუხლი – საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალების და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე;

● 174​5 მუხლი – აგიტაციის გაწევა არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დღეს, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე;

● 174​6 მუხლი – წინასაარჩევნო აგიტაციის ან ხმის მიცემისთვის გამოყოფილ ადგილებში იარაღით მისვლა, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე;

● 174​8 მუხლი – წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობის მიღება. წინასაარჩევნო აგიტაციაში იმ თანამდებობის პირების მონაწილეობა, რომლებსაც ეს ეკრძალებათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით”, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას;

● 174​9 მუხლი – წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა, – გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე, ხოლო თანამდებობის პირთა – 800-დან 1200 ლარამდე, ან პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე;

● 174​10 მუხლი – საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში, რომლებიც აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500-დან 2000 ლარამდე;

● 174​11 მუხლი – არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200-დან 1500 ლარამდე;

● 174​12 მუხლი – პოლიტიკური რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მოთხოვნათა დარღვევით, – გამოიწვევს ტელეკომპანიების დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, რადიოკომპანიების დაჯარიმებას 700-დან 1000 ლარამდე და გაზეთების დაჯარიმებას 400-დან 500 ლარამდე. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს ტელეკომპანიების დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე, რადიოკომპანიების დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე და გაზეთების დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე;

● 174​13 მუხლი – საარჩევნო კამპანიის ფორნდში ან მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში კაონონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე. იგივე ქმედება ჩადენილი იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს მათ დაჯარიმებას დამალული თანხის ხუთმაგი ოდენობით;

174​14 მუხლი – საარჩევნო კამპანიის ფონდის, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირის დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე. იგივე ქმედება ჩადენილი იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას, გამოიწვევს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას.

ასევე საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ს 76-ე მუხლი –საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის, (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება: სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის ან მათ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ მათი იმავე პირობებით გამოყენების უფლება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ღონისძიებები ა) მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის კენჭისყრამდე წარდგენისას, ბ) იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში წარდგენისას;

● ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 76​1 მუხლი – საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პარტიის, (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაშიც იგულისხმება:

● ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

● ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა;

● გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებისას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი ღონისძიებები ა) მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის კენჭისყრამდე წარდგენისას, ბ) იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში წარდგენისას;

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლება აქვს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მისდამი დაქვემდებარებულ საარჩევნო კომისიებს (ცესკოს 2008 წლის 30 მარტის №152/2008 განკარგულება, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 239-ე მუხლის 24-ე პუნქტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საარჩევნო კანონით უფრო მაღალი კვორუმი არაა დადგენილი), მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

    მუხლი 10. საჯაროობა

საქართველოში არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი საჯაროა. საარჩევნო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

საარჩევნო კოდექსის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესასრულებლად საარჩევნო ადმინისტრაციებში მუდმივად მიმდინარეობს შემოსული განცხადებების/საჩივრების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და ანალიზი.

საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტრესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 11. საჩივრის განხილვის პირობები და წესი

საარჩევნო კომისიის სხდომაზე საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/სადამკვირვებლო ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტ.

თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ეცნობება ამ სუბიექტის საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.

თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის თაობაზე უნდა ეცნობოს პირადად მას.

მხარეები საჩივრის განხილვისას, საარჩევნო კოდექსით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, შეიძლება დაბარებულ იქნენ წერილობით, ასევე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით); ელექტრონული ფოსტით; დეპეშით; ფაქსით და სხვა ტექნიკური საშუალებით.

მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის რეგლამენტით დადგენილი წესით, მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა ) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

მხარეს, რომელიც შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.

მხარის მიერ საჩივრის განხილვის დროს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადის ათვლის საფუძველს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ადგილი, დაწესებულების დასახელება და მისამართი, სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 10 მაისის №28/2008- სსმIII, №71, 13.05.08წ., მუხ.778

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 14 მაისის №32/2008- სსმIII, №73, 16.05.08წ., მუხ.794

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ““, №22/2008, 16.04.2008, სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.15.008.011.757 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/77362-2/