„ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2007 ბოლო ცვლილება 28.11.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
390.130.000.10.003.000.662
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 13/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2007 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,   დამტკიცდეს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის დადგენილება №146-სსმ III, №103, 19.07.2007წ; მუხ.1119

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №283-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1990

3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

4. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №200-სსმ III, №143, 30.09.2008წ; მუხ.1415

5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №172-სსმ III, №115, 22.09.2009წ; მუხ.1316

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე

    მუხლი 1. დებულების მიზანი

დებულება განსაზღვრავს ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის“ (CITES) დანართებში შეტანილი ველურად მზარდი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – ლიცენზიის გამცემი ორგანო).

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა, თუ სოჭის გირჩის, თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისათვის.

2. არასაექსპორტო მიზნით სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

3. ექსპორტისათვის სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვება არ საჭიროებს სარგებლობის ლიცენზიას იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი პირის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული სოჭის გირჩის საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 5 კგ-ს, ხოლო თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების საექსპორტო რაოდენობა – 50 ერთეულს.

4. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

5. აუქციონი ცხადდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელშიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით სამინისტრო რთავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ან სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან.

7. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე სულ გვიან ერთ თვეში.

8. აუქციონის გამართვამდე ლიცენზიის გამცემი ორგანო:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე ყოველწლიურად ადგენს თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტას;

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე ადგენს სოჭის გირჩის მოპოვების დასაშვებ მოცულობას.

8​1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე სოჭის გირჩიდან სოჭის თესლის გამოსავლიანობას ყოველწლიურად ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.

9. ლიცენზიის გამცემმა ორგანომ, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით (მხოლოდ მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო – სამეცნიერო ორგანო.

11. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი ორგანო.

13. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩის, თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების სარგებლობის ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს ლიცენზიის გამცემი ორგანო.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №283-სსმ III, №180, 20.12.2007წ; მუხ.1990

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

    მუხლი 4. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა

1. სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი სამინისტროს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. განაცხადს თან უნდა დაერთოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.

    მუხლი 5. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები

1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ლიცენზიის ყვე-ლა მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებს ვალდებულებას შეასრულოს ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

2. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს სამინისტრო.

3. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვმდებარება.

4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ბე. ბეს ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდისა და უკან დაბრუნების წესს ადგენს მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

    მუხლი 6. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

ლიცენზიის გამცემი არ გასცემს ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

    მუხლი 7. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

    მუხლი 8. ლიცენზიის მოქმედების ვადა

ლიცენზია გაიცემა არა უმეტეს 20 წლის ვადით.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 18 ივლისის დადგენილება №146-სსმ III, №103, 19.07.2007წ; მუხ.1119

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

    მუხლი 8 ​1 . სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი

ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

 

    მუხლი 9. სოჭის გირჩის ექსპორტი

კომერციული მიზნით სოჭის გირჩის ან სოჭის თესლის ექსპორტისას ექსპორტიორი ვალდებულია იქონიოს თავის სახელზე გაცემული ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტს ახორციელებს არალიცენზიანტი, ის ვალდებულია იქონიოს ლიცენზიანტთან გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის“ ასლი.

    მუხლი 9 ​1 . ლიცენზიის გაუქმება

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე სასამართლოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №200-სსმ III, №143, 30.09.2008წ; მუხ.1415

    მუხლი 9 ​2 . ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება

სამინისტრო ლიცენზიის გაცემის, გაუქმებისა ან/და მასში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სალიცენზიო მოწმობის ასლები.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 მარტის დადგენილება №66-სსმ III, №41, 19.03.2008წ; მუხ.481

    მუხლი 10. გარდამავალი დებულება

1. სოჭის გირჩის ექსპორტისათვის „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს მიენიჭოს უფლება 2008 წლის სეზონისათვის სოჭის გირჩის მოპოვება განახორციელოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული კვოტის ფარგლებში.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ჩატარებული კვლევის შედეგად სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის სეზონისათვის საქართველოს მთელ ტერიტორაზე არსებული სოჭის გირჩის კვოტის შესახებ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიატი რესურსით სარგებლობის დაწყებამდე ვალდებულია სამინისტროს მიერ განსაზღვრული კვოტით გათვალისწინებული თითოეული ტონა სოჭის გირჩისათვის (გარდა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული რესურსისა) სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს თანხა სოჭის გირჩისათვის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის ორმაგი ოდენობით.

4. ლიცენზიის მფლობელის მიერ ჩატარებული კვლევის მასალებით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიანტისთვის 2009 წლისათვის სოჭის გირჩის მოსაპოვებელ კვოტას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს ლიცენზიის გამცემი ორგანო.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №200-სსმ III, №143, 30.09.2008წ; მუხ.1415

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 21 სექტემბრის დადგენილება №172-სსმ III, №115, 22.09.2009წ; მუხ.1316

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“, №21, 06.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 390.130.000.10.003.000.662 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8158-5/