,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2009 ძალადაკარგული 30.12.2011
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 30/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.714

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №44

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის №463 ბრძანებულებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულება ამ ბრძანების დანართის სახით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდი „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან არსებულ ურთიერთობებზე.

ნ. გვარამია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №127/ნ - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2518

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ქართულ-ინგლისური წარწერით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტებით.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის №68.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

1. სააგენტო საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად ხელს უწყობს:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაციას, მშენებლობას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგებას;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას;

გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს და უზრუნველყოს ამ გეგმის განხორციელება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში;

გ) უზრუნველყოს სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში – სათანადო მომსახურების შესყიდვა და განახორციელოს შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;

დ) კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით შექმნას საექსპერტო ჯგუფები;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ინფორმაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებიდან;

ვ) განახორციელოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგი და შეფასება;

ზ) განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ სამინისტროსათვის მოამზადოს წინადადებები და განახორციელოს პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

თ) შეასრულოს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ცალკეული დავალებები;

თ​1) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე განახორციელოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ​2) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;

თ​3) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

თ​4) შეიმუშაოს განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორები;

თ​5) უზრუნველყოს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

თ​6) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს სისტემის გამართულ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა ს;

ი) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილებები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.

    მუხლი 3. სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

1. სააგენტოს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სააგენტოს დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. სააგენტოს დირექტორ ს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. სააგენტოს დირექტორს ჰ ყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

5. სააგენტოს დირექტორი:

ა) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და მინისტრის მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურის განვითარების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესაბამისად უძღვება სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ინფრასტრუქტურის განვითარების ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

დ) წარმოადგენს სააგენტოს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ვ) განკარგავს სააგენტოს თანხებს სააგენტოს ბიუჯეტის შესაბამისად;

ზ) პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და რაციონალურ გამოყენებაზე;

თ) უზრუნველყოფს მინისტრის და/ან დონორი ორგანიზაციის მოთხოვნით ერთჯერადი ანგარიშებისა და სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;

ი) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

კ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

მ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სააგენტოს სტრუქტურას და საშტატო განრიგს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.

    მუხლი 4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე კანონმდებლობის შესაბამისად.

8. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №127/ნ - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2518

    მუხლი 5. სააგენტოს დაფინანსება, ანგარიშგება და ქონება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საქართველოსა და უცხოეთის არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებისგან, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროექტებიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან მიღებული შემოწირულობა, გრანტებით მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წყაროები.

2. სააგენტოს სახსრები და მიღებული შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.

3. სააგენტო საქართველოს კანონმდენლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

5. ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ““, №44, 30.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.714 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/81964-2/