„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.05.2007 ძალადაკარგული 13.08.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.10.003.000.737
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 11/05/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2007 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №222 - სსმ III, №151, 11.12.2009წ., მუხ.1783

დებულება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან ჩარიცხვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.

    მუხლი 3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ საკითხის აღძვრა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს:

ა) სახელმწიფო ორგანოს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;

გ) ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვით ან/და ჩარიცხვით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №222 - სსმ III, №151, 11.12.2009წ., მუხ.1783

    მუხლი 4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ სამინისტროსათვის წარსადგენი დოკუმენტაცია

1. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

განცხადებას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის საჭიროების ან/და აუცილებლობის დასაბუთება მათი შემდგომი გამოყენების მიზნის მითითებით;

 ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებუ-ლი ასლები;

გ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან სახელმწიფო ტყის ფონდში ჩასარიცხი ფართობის დაზუსტებული და უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

2. თუ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვას მოითხოვს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენების მიზნით კერძო საკუთრებაში შესაძენად, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი ბიზნესპროექტი.

3. სამინისტროში წარდგენილი მასალები კომისიის სხდომისათვის საკითხის მომზადების მიზნით გადაეცემა სამინისტროს შესაბამის დარგობრივ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც განიხილავს მათ და დასმული საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობის თაობაზე დასკვნის მოსამზადებლად წარუდგენს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან სახელმწიფო ტყის ფონდში ჩასარიცხი ფართობის მართვისათვის უფლებამოსილ ორგანოს.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან სახელმწიფო ტყის ფონდში ჩასარიცხი ფართობის მართვისათვის უფლებამოსილი ორგანო შეისწავლის დასმულ საკითხს და მოამზადებს დასკვნას მისი გადაწყვეტის მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის თაობაზე. დასკვნაში უნდა მიეთითოს ამოსარიცხი ან ჩასარიცხი ფართობის ადგილმდებარეობა, რომელსაც სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობის ამორიცხვის შემთხვევაში, უნდა დაერთოს ფართობის ადგილმდებარეობის გეგმა (აბრისი) ტყეთმოწყობის მასალების მიხედვით.

5. სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, მასალებს, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოსარიცხი ან/და ჩასარიცხი ფართობების მართვისათვის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის დასკვნასთან ერთად, შესათანხმებლად წარუდგენს:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №222 - სსმ III, №151, 11.12.2009წ., მუხ.1783

    მუხლი 5. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. სამინისტრო მომზადებულ მასალებს წარადგენს კომისიის სხდომაზე. კომისია განიხილავს ამ მასალებს, რომლის საფუძველზეც იღებს შესაბამის რეკომენდაციას.

2. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

3. საქართველოს მთავრობა განიხილავს წარდგენილ მასალებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული ფართობები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცემა კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხული ფართობები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილება №222 - სსმ III, №151, 11.12.2009წ., მუხ.1783

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №96, 10.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.10.003.000.737 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8416-1/