„საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.09.2009 ძალადაკარგული 29.12.2011
ნომერი
№725
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.22.022.013.517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 04/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.517

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №725

2009 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52​1 მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესი.”

 2.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 სექტემბრის ბრძანება  №815-სსმ III, №118, 30.09.2009წ; მუხ.1365

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება  №35/ნ-სსმ III, №53, 11.05.2010წ; მუხ.816

 

 

საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესი

    მუხლი 1. წესის მიზანი

1. ამ წესის მიზანია საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობა და სტუდენტთა მობილობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ ისწავლონ დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.

    მუხლი 2. დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის დაწესებული მოთხოვნები

1. დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, ამ წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, ამ წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;

გ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

3. აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ განცხადებით მომართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოში ბოლო ჩამოსვლიდან 2 წლის განმავლობაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრანტობის კანდიდატებზე.

4. განცხადებით მიმართვა ხდება ამ წესზე თანდართული ფორმის შესაბამისად, რომელიც აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს/სტუდენტს შეუძლია მიიღოს სამინისტროში.

5. აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს/სტუდენტს უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე მიმართოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

6. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ყველა გვერდის ასლი;

ბ) უცხო ქვეყანაში ბოლო 2 წლის ან მეტი წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ბ.ა. უცხო ქვეყანაში რეგისტრაციის დოკუმენტი;

ბ.ბ. საკონსულო აღრიცხვის დოკუმენტი;

ბ.გ. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ადასტურებს პირის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს.

გ) უცხო ქვეყნაში სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/უცხო ქვეყანაში მიღებული შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესახებ;

დ) აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და ფაკულტეტის/სპეციალობის მითითებით).

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის განცხადებას, ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7​1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა მაგისტრანტობის კანდიდატებმა ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა უნდა წარმოადგინონ:

ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვის შედეგად მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ჩარიცხვას.

8. მოქალქეობის არმქონე პირის განცხადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცნობაში ასახული უნდა იყოს გავლილი საგნების ნუსხა საათებისა და მიღებული შეფასებების მითითებით;

10.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ასლი ან ცნობა (გარდა “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენციის მონაწილე ქვეყნებიდან წარმოდგენილი დოკუმენტის ასლისა ან ცნობისა) ლეგალიზებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის წევრი ქვეყნებიდან _ აპოსტილით დამოწმებული.

11. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 სექტემბრის ბრძანება  №815-სსმ III, №118, 30.09.2009წ; მუხ.1365

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 მაისის ბრძანება  №35/ნ-სსმ III, №53, 11.05.2010წ; მუხ.816

    მუხლი 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განსახილველად მომზადება

1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-6-მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს შესაბამისი სამსახური და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 თვისა.

1​1 . თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისია, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

2. სამინისტროს შესაბამისი სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან გამოითხოვს ცნობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა/გადმოკვეთის შესახებ საქართველოში ჩამოსვლამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა განცხადებების საფუძველზე სამინისტროს შესაბამისი სამსახური ამზადებს დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების რეესტრს (შემდგომში – რეესტრი), სადაც შეიტანება შესაბამისი მონაცემები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 სექტემბრის ბრძანება  №815-სსმ III, №118, 30.09.2009წ; მუხ.1365

 

    მუხლი 4. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა/სტუდენტთა დოკუმენტების შემსწავლელი კომისია” (შემდეგში – კომისია), რომელიც შედგება 7 წევრისაგან.

2. კომისია იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისიის სხდომების შედეგად იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის დასრულებიდან 3 დღის ვადაში და მას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 სექტემბრის ბრძანება  №815-სსმ III, №118, 30.09.2009წ; მუხ.1365

 

    მუხლი 5. დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. ამოღებულია.

2. ამოღებულია.

3. ამოღებულია.

4. კომისია, ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამინისტროში შემოტანილ განცხადებას იხილავს განცხადების შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.

5. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადა მოიცავს პერიოდს სტუდენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის საქართველოში ბოლო ჩამოსვლის დღემდე.

6. საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის შემთხვევაში, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უცხო ქვეყანაში ცხოვრების ვადის დადგენის მიზნებისათვის ითვლება, რომ სტუდენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი ცხოვრობდა უცხო ქვეყნაში. საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარემოებებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ცნობის შინაარსის გათვალისწინებით იკვლევს კომისია.

7. ამოღებულია.

8. ამოღებულია.

9. კომისია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით განცხადების განხილვიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას. მინისტრი კომისიის მიერ რეკომენდაციის წადგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიუტუნიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დაწესებულებაში სწავლის თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის დაწესებულებას, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აისახება რეესტრში.

10.დაწესებულების ხელმძღვანელი მინისტრის აქტის ოფიციალური გაცნობიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პირის დაწესებულებაში ჩარიცხვის თაობაზე. დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 სექტემბრის ბრძანება  №815-სსმ III, №118, 30.09.2009წ; მუხ.1365

 

    მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1. კომისია იქმნება ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში.

2. კომისია უფლებამოსილია, სამინისტროში შემოტანილი განცხადებების განხილვისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, იხელმძღვანელოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით, ასევე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე.

3. ამოღებულია.

4. განცხადების განხილვა ხდება ამ ბრძანების მე-3_მე-5 მუხლებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 სექტემბრის ბრძანება  №815-სსმ III, №118, 30.09.2009წ; მუხ.1365

 

დანართი

საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების მინისტრს

_______________________________ მოქალაქის

 (მიუთითეთ ქვეყანა)

 

 მოქალაქეობის არმქონე პირის

(გახაზეთ მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში)

 

იურიდიული მისამართი: __________________________________

ფაქტობრივი მისამართი: ___________________________________

ტელ.: ____________________

მობ.: _____________________

ელ-ფოსტა (E-mail): ____________________

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ, განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ერთიანი ეროვნული გამოცდების

 საერთო სამაგისტრო გამოცდების

 (გახაზეთ სასურველი)

გავლის გარეშე _________________________________________________________

 (მიუთითეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება)

_______________________________________________________________________

 (მიუთითეთ ფაკულტეტი ან სპეციალობა)

 

სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე

 

 

დანართი: ფურცელი

 

საკონტაქტო პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

იურიდიული მისამართი: ___________________________

ფაქტობრივი მისამართი: ___________________________

ტელ.: ____________________

მობ.: _____________________

ელ-ფოსტა (E-mail): ____________________

განმცხადებლის ხელმოწერა: ____________________

თარიღი: ____________________

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“, №725, 04.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.517 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/85924-2/