1. აკრძალულია მაღალი წნევის ქვეშ მყოფი აირსადენების სამაგრი დეტალების დამატებითი მოჭერა.
2. აკრძალულია:
ა) ძრავის მუშაობის დროს აირბალონიანი მოწყობილობის რემონტი;
ბ) აირის გაჟონვისას ძრავის ჩართვა და მუშაობა;
გ) აირის გამოშვება შენობაში სხვა აირბალონიან სატრანსპორტო საშუალებების სადგომ ადგილებთან, აალების წყაროსთან ან ადამიანთა თავშეყრის ადგილთან სიახლოვეს;
დ) ბალონების ჯვარედინაზე განლაგებული შემვსები და გამშვები ვენტილების გახსნილ ან შუალედურ მდგომარეობაში დატოვება. აირის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ვენტილები ან სრულად გახსნილი ან სრულად დაკეტილი უნდა იყოს;
ე) ღია ცეცხლის ზონასთან ახლოს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება, აგრეთვე, განათების, შედუღების ან ჰერმეტულობის შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ღიაალიანი საშუალების მიტანა;
ვ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი ან აირსადენები ეხება პლატფორმის ძირს;
ზ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მაღალი წნევის მილების დეფორმაციას.
3. ჰერმეტულობის დარღვევის შემჩნევისთანავე უნდა დაიკეტოს ვენტილები ბალონზე (ბალონებზე), სრულად დაიხარჯოს სისტემიდან აირი, დაიკეტოს მაგისტრალური ვენტილი.
4. თუ აირის გაჟონვის ლიკვიდაცია შეერთებების დამატებითი მოჭერით ვერ ხერხდება, საჭიროა აირი ბალონიდან გაიშვას ატმოსფეროში აალების წყაროსა და ადამიანებისგან მოცილებულ უსაფრთხო ადგილას. აირის გამოშვებისას ძრავა აუცილებლად უნდა იყოს გამორთული, ხოლო აკუმულატორის ბატარეები გათიშული.
5. კატეგორიულად იკრძალება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია და დახურულ შენობებში შეყვანა აირის დაზიანებული აპარატურით.
6. ღამის სადგომზე ან ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას საჭიროა დაიკეტოს მაგისტრალური და ბალონების ვენტილები, სრულად დაიხარჯოს კვების სისტემაში დარჩენილი აირი (ძრავის გაჩერებამდე), გამოირთოს ძრავა და გაითიშოს აკუმულატორის ბატარეები (განმხოლოვდეს „მასა“). ხანგრძლივი დროის მანძილზე ღია ონკანებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია.
7. მცირე ხნით (არა უმეტეს 10 წუთისა) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას მაგისტრალური ონკანის დაკეტვა აუცილებელი არ არის.
8. თუ აირბალონიანი მოწყობილობა წესრიგშია, სადგომში შესვლა და სადგომიდან გამოსვლა შეიძლება როგორც აირით, ისე ბენზინით გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
9. ზამთარში (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომად არ გამოიყენება დახურული ფარეხი) ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში ძრავის წინასწარ გასაცხელებლად და აირსადენებში ყინულის საცობების მოსაშორებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ცხელი წყალი, ცხელი ჰაერი ან ორთქლი. ღია ალის გამოყენება ძრავის გასათბობად აკრძალულია.
10. იმის გამო, რომ აირი გარემომცველი ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს ამუშავების შემცირებული უნარით ხასიათდება, აირბალონიანი სატრანსპორტო საშუალების ჩართვა და ძრავის წინასწარი შეთბობა რეკომენდებულია განხორციელდეს ბენზინზე.
11. აკრძალულია ორი სახის საწვავის – აირისა და ბენზინის ნარევით ძრავის მუშაობა. გახურების შემდეგ ძრავა გადაყვანილ უნდა იქნეს აირზე.
12. ხანგრძლივი დგომის შემდეგ შეკუმშული ბუნებრივი აირით ძრავის ჩართვა რეკომენდებულია განხორციელდეს ახდილი კაპოტით.
13. ბალონიდან (ბალონებიდან) აირის გამოშვება უნდა მოხდეს მხოლოდ მყარსაფარიან საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე.
14. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დასაყენებლად განკუთვნილი აირბალონები შეღებილი უნდა იყოს წითლად. მათ უნდა ჰქონდეთ მარკირება პარამეტრების აღნიშვნით.
15. თითოეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლმქრობი და ქეჩა.
16. ონკანები თავისუფლად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს. მათი გაღებისას ან დაკეტვისას დამატებითი ბერკეტების გამოყენება აკრძალულია.
17. დაუშვებელია შლანგებისა და რეზინის მილების გადაღუნვა, გადაგრეხა, დაჭმუჭვნა ან გაზეთილი შლანგების გამოყენება.
18. წნევის კონტროლის, აირის მიწოდებისა და ხარჯვის, საწვავის ერთი სახეობიდან მეორეზე გადართვის კონტროლის სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს.
19. აირის საწვავით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვა ნებადართულია საავტომობილო გაზსავსებ საკომპრესორო ან მოძრავ სადგურებში „უსაფრთხოების წესები ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2003 წლის 19 ნოემბრის №37 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად