საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2009 ბოლო ცვლილება 21.01.2026
ნომერი
№790
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.013.850
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 30/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (20)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.850

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №790

2009 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულება“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის №344 ბრძანება;

ბ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის №343 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება  №954-სსმ III, №160, 31.12.2009წ; მუხ.2025

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №65-სსმ III, №14, 05.02.2010წ; მუხ.171

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის ბრძანება  №829-სსმ III, №146, 10.11.2010წ; მუხ.2081

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №368, ვებგვერდი, 30.06.2011წ.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №635 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №360 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №380 - ვებგვერდი, 05.09.2012წ.

9. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 იანვრ ის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2014წ.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სამარათლებრივი აქტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საგადასახადო კანონმდებლობით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

4. სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას.

5. სამსახური წარმართავს თავის საქმიანობას კანონიერების, პიროვნების ღირსების, პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით, მას არა აქვს უფლება გაამჟღავნოს მოქალაქის პირადი ცხოვრების, მისი პატივისა და პირადი ღირსების შემლახავი ინფორმაცია, აგრეთვე კანონმდებლობით დაცული სხვა ინფორმაცია. ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაცია, ან წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის 2.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2014წ.

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები

სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოების და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა დადგენილი წესით;

დ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;

ე) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი შემდგომი გამოყენების მიზნით;

ზ) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;

ი) საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელის შემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური დაკისრებული მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით.

2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

გ) შიდა ინსპექტირების სამმართველო;

დ) საგამოძიებო დეპარტამენტი;

ე) სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ზ) სპეციალური დანიშნულების რაზმი.

3. სამსახურის სტრუქტურული ერთეული შეიძლება შედგებოდეს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – მთავარი სამმართველოსგან/სამმართველოსგან/განყოფილებისგან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 4. ადმინისტრაცია

1. ადმინისტაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კანცელარია;

ბ) კადრების სამმართველო;

გ) სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

2. კანცელარიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს სამსახურში საქმის წარმოებას,განახორციელოს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო აღრიცხვა-დამუშავება, განახორციელოს მათ შესრულებასა და მოძრაობაზე კონტროლი, სამსახურის უფროსს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საკონტროლო დავალებათა შესრულების შესახებ;

ბ) უზრუნველყოს არქივის წარმოება;

გ) უზრუნველყოს სამსახურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ორგანიზება.

3. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს სამსახურის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, სამსახურის პირადი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად სამსახურის უფროსისათვის წინადადებების მომზადება და დაკომპლექტებული შემადგენლობის თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამსახურის საჯარო თანამდებობებზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

გ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

დ) შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის ბრძანებების რეესტრის წარმოება;

ვ) სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება.

4. სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება;

ბ) განიხილოს სამსახურში შემოსული განცხადებები და საჩივრები;

გ) წარმოადგინოს სამსახურის ინტერესები საქართველოს საერთო სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში (გარდა სისხლის სამართლის საქმეებისა);

დ) უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მიმოწერის ორგანიზება.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;

ბ) საინფორმაციო-საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია;

გ) სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნა-ადმინისტრირება;

დ) სამსახურის ცენტრალური და რეგიონალური ოფისების ინტერნეტით და სამსახურის მონაცემთა ბაზებთან კავშირით უზრუნველყოფა;

ე) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.

5​1. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სამსახურის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.

6. ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სამსახურის შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №635 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №380 - ვებგვერდი, 05.09.2012წ.

     მუხლი 4​1. ეკონომიკური დეპარტამენტი

1. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველო;

ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

2. ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვა და ორგანიზება.

3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ტენდერის გამოცხადების ორგანიზების ხელშეწყობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადების ორგანიზება და დადებული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 4 ​2 .შიდა ინსპექტირების სამმართველო

შიდა ინსპექტირების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სამსახურის სისტემაში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის, დისციპლინური ნორმების და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;

ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და სათანადო რეაგირება;

გ) დაქვემდებარებულ საქმეებზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გამოძიების წარმოება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

დ) სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;

ე) სამსახურის სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა-რეაგირება;

ვ) სამსახურის უფროსის სპეციალურ დავალებათა შესრულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 5. საგამოძიებო დეპარტამენტის ამოცანები

1. საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

გ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;

დ) მოსამართლისა და პროკურორის წერილობითი დავალებების, მითითებების შესრულება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში მათთვის დახმარების გაწევა;

ე) დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

ვ) საგადასახადო სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციათა შემუშავება ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ბიუჯეტში გადასახადების სრულად და დროულად მობილიზაციის კუთხით;

ზ) საფინანსო-საბიჯეტო და ფულად-საკრედიტო ურთიერთობათა სფეროში კანონმდებლობის დარღვევის ხელის შემწყობი მიზეზების გამოვლენა, პირობების შესწავლა-ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

2. საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო;

ბ) საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო;

ბ​1) სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველო;

ბ​2) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;

გ) ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოები:

გ.ა) თბილისის მთავარი სამმართველო;

გ.ბ) ქვემო ქართლის სამმართველო;

გ.გ) კახეთის სამმართველო;

გ.დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო;

გ.ე) შიდა ქართლის სამმართველო;

გ.ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;

გ.ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო;

გ.თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;

გ.ი) აჭარის და გურიის სამმართველო.

3. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერტიულ-საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: აწარმოოს ქვეყნის მასშტაბით რთული, მრავალეპიზოდიანი, აგრეთვე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. განახორციელოს ქვეყნის მასშტაბით სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროში დანაშაულის გამოვლენა და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება.

4. საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ- საგამოძიებო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: საბაჟო სფეროში დანაშაულის გამოვლენა- აღკვეთის, მისი თავიდან აცილების მიზნით ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება- განხორციელება, შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოება. ამ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; დანაშაულის სახეების, ხერხების, მეთოდების განსაზღვრა და სათანადო ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების ორგანიზება; საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიულ ოპერატიულ- საგამოძიებო ორგანოებში საბაჟო სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.

4​1. სტატისტიკური აღრიცხვისა და ანალიტიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: სამსახურის სისტემაში დანაშაულობათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია, სტატისტიკური ანალიზი; სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია და მათი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისათვის მიწოდება; საგამოძიებო დეპარტამენტის ქვედანაყოფებიდან დადგენილი წესით გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი კონტროლის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, თავის კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანოების შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.

4​2. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო არის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო და მისი ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აღრიცხვა, სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი, სამსახურის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.

5. საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების (თბილისის მთავარი სამმართველო; ქვემო ქართლის სამმართველო; კახეთის სამმართველო; მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; შიდა ქართლის სამმართველო; სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო; სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; აჭარის და გურიის სამმართველო) ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევების გამოვლენა _ აღკვეთა; დანაშაულის შესახებ განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, რეგისტრაცია და რეაგირება; საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშულთა გახსნა, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება; დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე კანონით დადგენილი წესით რეაგირება; სამოქმედო ტერიტორიაზე მოსამართლისა და პროკურორის წერილობით დავალების, მითითებების შესრულება, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა.

6. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიებად განისაზღვროს:

ა) თბილისის მთავარი სამმართველო – ქ. თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ბ) ქვემო ქართლის სამმართველო – ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

გ) კახეთის სამმართველო – თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

დ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო – ქ. მცხეთის, დუშეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ე) შიდა ქართლის სამმართველო – გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ვ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო – ქ. ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ზ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველო – ქ. ქუთაისი, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

ი) აჭარის და გურიის სამმართველო – ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.

7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს ახორციელებს სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, შესაბამისად, დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის ბრძანება  №829-სსმ III, №146, 10.11.2010წ; მუხ.2081

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №635 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს ბრძანება № 360 - ვებგვერდი, 30.08.2012წ.

    მუხლი 6. სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტი

სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებებით რევიზიის, ინვენტარიზაციის, შემოწმების და ფინანსურ სფეროში სპეციალური გამოკვლევების ჩატარება, გამოძიებისათვის დასკვნების (დოკუმენტების) წარდგენა, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სათანადო ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება.

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის ბრძანება №368, ვებგვერდი, 30.06.2011წ.

    მუხლი 7. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი არის ოპერატიულ-სამძებრო ორგანო, რომლის ძირითადი ამოცანაა: ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური საშუალებების და სპეციალიზირებული ქვედანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.

    მუხლი 8. სპეციალური დანიშნულების რაზმი

1. სპეციალური დანიშნულების რაზმის ძირითადი ამოცანაა: ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის და სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთისას, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას და სხვა ამოცანების განხორციელებისას დახმარების აღმოჩენა. სამსახურის შენობ- ნაგებობების, დანაშულის ადგილების, მტკიცებულ ე ბებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან.

2. სპეციალური დანიშნულების რაზმის ამოცანაა აგრეთვე: სამსახურის მიერ დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა აღრიცხვა და ბადრაგირება, სამსახურზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, განგაშის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა სამსახურის შენობიდან ევაკუაციის ორგანიზება.

3. რაზმის თანამშრომლის ან თანამშრომელთა ჯგუფის მიერ დაცვის ობიექტის განსაზღვრის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.

4. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, დავალების შესრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება რაზმის უფროსის მიერ სამსახურის უფროსთან სიტყვიერი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება წერილობით უნდა გაფორმდეს სამი დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის ობიექტია ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირები ან სხვა საქმისათვის საჭირო დაცვის ობიექტი, სამსახურის უფროსის მიერ კეთდება წარდგინება ხანგრძლივი მივლინების (არა უმეტესი 6 თვისა) თაობაზე. შესაძლებელია მივლინების შემდგომი გაგრძელება.

6. დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ბადრაგირებაზე, ასევე რაზმის თანამშრომლების დახმარებაზე გადაწყვეტილება მიიღება სამსახურის შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსის წარდგინებით.

7. რაზმის თანამშრომელი, დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, მისი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, უფლებამოსილია ისარგებლოს პირბადით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №65-სსმ III, №14, 05.02.2010წ; მუხ.171

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №635 - ვებგვერდი, 29.12.2011წ.

    მუხლი 9. (ამოღებულია )

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

    მუხლი 11. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქრთველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, პასუხისმგებელია სამსახურზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის;

ბ) თავისი კომპეტეციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების და ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ​1) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;

გ​2) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ​1) ანაწილებს მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს, კომპეტენციის ფარგლებში იყენებს  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ე) პასუხისმგებელია სამსახურის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;

ვ) სამსახურის დებულების პროექტს, სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას, ასევე მათში სათანადო ცვლილებების პროექტებს, დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს;

ვ​1) ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს;

ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;

თ) სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა სამსახურის თანამშრომლებისათვის;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის თანამშრომლებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე სამსახურის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;

კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;

ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამსახურში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.

4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

5. სამსახურის უფროსის მოადგილეს და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

6. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს (დეპარტამენტი, მთავარი სამმართველო, სამმართველო) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:

ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;

ბ) სწავლობენ და აანალიზებენ ხაზობრივად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის მდგომარეობას, მასთან ბრძოლის შედეგებს, სახავენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ამ მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

გ) ადგენენ ორგანოს სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ ორგანოს მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს ორგანოს მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;

დ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერების და პირადი შემადგენლობის დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;

ე) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;

ვ) ორგანიზებას უწევენ მოქალაქეთა განცხადებების და საჩივრების დროულ და ხარისხიან შესრულებას;

ზ) პირადად გააჩნიათ ოპერატიული წყაროები და მონაწილეობენ განსაკუთრებულ საქმეებთან დაკავშირებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში. აძლევენ მითითებებს და რეკომენდაციებს ორგანოს პირად შემადგენლობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში;

თ) კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავენ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევს ადებენ ადმინისტრაციულ სახდელს.

ი) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებლებს, აკონტროლებენ მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

კ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევენ იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე;

მ) მონაწილეობენ სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;

ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობენ სხვა უფლებამოსილებებით.

7. ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

8. ამ პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს (დეპარტამენტი, მთავარი სამმართველო, სამმართველო) უფროსები და მათი მოადგილეები, კერძოდ:

ა) ხელმძღვანელობენ ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მუშაობას და პასუხს აგებენ მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ადგენენ ორგანოს სამუშაო და სპეციალურ გეგმებს, აწესებენ კონტროლს მათ შესრულებაზე, აჯამებენ ორგანოს მიერ გაწეულ მუშაობას, შეიმუშავებენ და წარუდგენენ სამსახურის ხელმძღვანელობას წინადადებებს ორგანოს მუშაობის შემდგომი სრულყოფის თაობაზე;

გ) უზრუნველყოფენ პირადი შემადგენლობის საქმიანობაში კანონიერების და პირადი შემადგენლობის დისციპლინის დაცვას, დახმარებას უწევენ მათ, რათა სისტემატურად აიმაღლონ პროფესიული მომზადების დონე; აფასებენ მათ მიერ გაწეულ მუშაობას და სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენენ წინადადებებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების გამოყენების შესახებ;

დ) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ მიმოწერას მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესაბამისად;

ე) ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

10. სპეციალური დანიშნულების რაზმის და სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებებს განუსაზღვრავს სამსახურის უფროსი. უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება  №954-სსმ III, №160, 31.12.2009წ; მუხ.2025

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 თებერვლის ბრძანება  №65-სსმ III, №14, 05.02.2010წ; მუხ.171

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის ბრძანება №107, ვებგვერდი, 28.02.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 13 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 15.01.2014წ.

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №790, 30.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.850 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87634-9/