„მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2009 ბოლო ცვლილება 01.07.2011
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.22.027.013.970
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 158, 29/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.013.970

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №234

2009 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მოვალეთა რეესტრის წარმოების თანდართული წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება  №83-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.601

დანართი

 

მოვალეთა რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1. მოვალეთა რეესტრი

1. მოვალეთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება – სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა.

2. რეესტრში რეგისტრაცია არ ათავისუფლებს პირს ფულადი გადახდევინების აღსრულებისაგან და მასზე აღსრულების დასრულებამდე ვრცელდება კანონით დადგენილი უფლებრივი შეზღუდვები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება  №83-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.601

    მუხლი 2. რეესტრის წარმოების მიზანი

რეესტრის წარმოების მიზანია იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ეფექტურობის ხარისხის გაზრდა, კანონით დადგენილ ფარგლებში აღსრულების პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისას შესაძლო რისკების შემცირების ხელშეწყობა და პოტენციურ პარტნიორთა საიმედოობის დამატებითი გარანტიების შექმნა.

    მუხლი 3. რეესტრის წარმოება

1. რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).

2. რეესტრის მონაცემები საჯაროა და აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და ხელმისაწვდომობას კანონით განსაზღვრული დაწესებულებებისა და სხვა პირებისათვის.

3. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია, კანონით განსაზღვრული საფუძვლებით, ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლების მიერ. რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლების მიერ („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 19​4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას, შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსთან შეთანხმებით). კერძო აღმასრულებლები, მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე უშუალოდ ახორციელებენ მოვალის მონაცემების რეესტრში რეგისტრაციას და რეესტრიდან პირის ამორიცხვას.

4. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს და მასში მონაცემების რეგისტრაციაზე ზედამხედველობას ახორციელებს (პასუხისმგებელია) აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. რეესტრის წარმოებაზე, მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით, პასუხისმგებელია აგრეთვე კერძო აღმასრულებელი.

5. რეესტრის წარმოება ერთიანია, დაუშვებელია აღმასრულებელთა მიერ ინდივიდუალური რეესტრების წარმოება.

6. რეესტრში არასწორი მონაცემების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელია ასეთი მონაცემების მარეგისტრირებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი. კერძო აღმასრულებლის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე პასუხისმგებელია კერძო აღმასრულებელი. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ან უკვე რეგისტრირებული მონაცემები ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმებას.

7. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

8. რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაცია/რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხორციელდება კანონით დადგენილი საფუძვლების წარმოშობისას, იმავე სამუშაო დღეს.

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 194 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობისას, რეესტრიდან პირის ამორიცხვის შესახებ თანხმობის მისაღებად, ვალდებულია იმავე სამუშაო დღეს მიმართოს შესაბამისი სააღსრულებო ბიუროს უფროსს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება  №83-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.601

    მუხლი 4. რეესტრის რეკვიზიტები

1. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები მოვალის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) რეგისტრაციის რიგითი ნომერი და თარიღი;

ბ) მოვალის სრული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;

გ) სააღსრულებო წარმოების სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი;

დ) რეესტრში მოვალის შესახებ მონაცემების რეგისტრაციის ან რეესტრიდან პირის ამორიცხვის საფუძველი; მონაცემების მარეგისტრირებელი პირი – აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, მისი რეკვიზიტები; კერძო აღმასრულებელი, მისი რეკვიზიტები;

ე) (ამოღებულია);

ვ) მოვალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ერთი და იმავე მოვალის მიმართ რამდენიმე დამოუკიდებელი ფულადი მოთხოვნის (რამდენიმე სააღსრულებო წარმოების) აღსრულებისას, პირი კანონით დადგენილი პირობებით და ამ წესის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 7 აპრილის ბრძანება  №83-სსმ III, №36, 07.04.2010წ; მუხ.601

    მუხლი 5. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის გაცემა

1. ცნობისა და ამონაწერის მიღებით დაინტერესებული პირებისათვის, საამისოდ უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ რეესტრის მონაცემების საფუძველზე ამონაწერების და შესაბამისი ცნობების გაცემას განცხადების წარდგენიდან დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

2. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად აუცილებელი განცხადების, ასევე გასაცემი ამონაწერის ფორმებს ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. რეესტრიდან ამონაწერი და შესაბამისი ცნობა გაიცემა კანონით დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდისა (აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეტანა) და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

4. ამონაწერი მზადდება რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის რეესტრში არსებულ ძალაში მყოფ მონაცემებს. ცნობა მზადდება რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და მოთხოვნის შესაბამისად ასახავს მისი მომზადების მომენტისთვის რეესტრში არსებულ მონაცემებს.

5. რეესტრიდან ამონაწერისა და შესაბამისი ცნობის მისაღებად დაწესებული საფასურის განაკვეთია თითოეულისთვის 10 ლარი. საფასური არის კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით).

6. რეესტრიდან ამონაწერი და ცნობა წარმოადგენს მართვის ავტომატური სისტემით შექმნილ დოკუმენტს და გაიცემა მართვის ავტომატური სისტემის საშუალებით. ამონაწერი და ცნობა დამატებით (ბეჭდითა და ხელმოწერით) დამოწმებას არ საჭიროებს.

7. დაინტერესებული პირის განცხადება რეესტრიდან ამონაწერისა და შესაბამისი ცნობის მიღების თაობაზე უნდა შეიცავდეს:

ა) დაინტერესებული პირის შემდეგ რეკვიზიტებს: დასახელება, პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები;

ბ) იმ პირის შემდეგ რეკვიზიტებს, რომელზეც მოთხოვნილია ამონაწერი ან ცნობა: ზუსტი დასახელება, პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი, ხოლო ცნობის შემთხვევაში – ასევე დაინტერესებული პირისათვის ცნობილი სხვა ინფორმაცია;

გ) ცნობის მიღების შემთხვევაში – მოთხოვნას რეესტრში პირზე არსებული მონაცემების მიღების ან მონაცემების არარსებობის დადასტურების შესახებ.

8. რეესტრიდან ამონაწერის ან შესაბამისი ცნობის მიღების შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოებში – სააღსრულებო ბიუროებში ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდის მეშვეობით (www.nbe.gov.ge).

    მუხლი 6. რეესტრის მონაცემების დაცვა და შენახვა

1. რეესტრის მონაცემები ელექტრონული მატარებლების სახით ექვემდებარება მუდმივ შენახვას.

2. რეესტრის მონაცემების დაცვას, შენახვას და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მოვალეთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“, №234, 28.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.013.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87976-1/