,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.06.2006 ძალადაკარგული 05.10.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№359
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 20/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №359

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით:

1. დამტკიცდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი 1).

2. დამტკიცდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება (დანართი 2).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 7 ოქტომბრის №654 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 მაისის ბრძანებულება №217 - სსმ  III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.614

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №752 - სსმ III, №131, 27.10.2009 წ., მუხ.1515

დანართი №1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა

გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ჯაოშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ვაჟა ბუაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

კობა გაბაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ჯემალ გაბეჩავა – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნირებათა დოქტორი

უჩა ზვიადაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი

გიორგი კერესელიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ინფორმაციისა და აღრიცხვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ედგარ მატარაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, დოქტორი

გიორგი მაღალაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ნოდარ ქაჯაია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მარგი წიაღისეულის საბადოების გეოლოგიის და ძიების კათედრის მიმართულების ხელმძღვანელი

დავით შარიქაძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ივანე შველიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ნოდარ ცერცვაძე – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ნანა ჯანჯღავა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის გეოლოგიის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 მაისის ბრძანებულება №217 - სსმ  III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.614

დანართი №2

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წაიღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია (შემდეგში – კომისია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული ორგანო.

2. კომისიის ამოცანაა ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლისათვის მოპოვებული გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება და მარაგების დამტკიცება.

3. კომისიის დასკვნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო ბალანსზე აყვანის ერთადერთი საფუძველია.

4. მარაგების დამტკიცება შეიძლება საბადოს გეოლოგიური შესწავლის ნებისმიერ სტადიაზე, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს სასარგებლო წიაღისეულის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, მოპოვების სამთო-ტექნიკური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა პირობები, ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, სამრეწველო ათვისებისათვის მზადყოფნა, ნედლეულის ეკონომიკური მნიშვნელობა, მისი მოპოვების რენტაბელობა და სხვა პირობები.

41. კომისია სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენიდან 3 თვეში.

5. დამუშავებაში მყოფი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგები ექვემდებარება კომისიაში ხელახალ დამტკიცებას საწყისი მარაგების 25-30 პროცენტით კლების ან მატების, ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა პარამეტრების არსებითი ცვლილებების შემთხვევაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №752 - სსმ III, №131, 27.10.2009 წ., მუხ.1515

    მუხლი 2

1. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

2. კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

თავი II

კომისიის ფუნქციები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა

    მუხლი 3

1. კომისიის ფუნქციებია:

ა) ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა საფუძველზე შედგენილ წიაღში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლისათვის საჭირო მუდმივი და დროებითი კონდიციებისა და ნავთობის, ბუნებრივი საწვავი აირისა და აირკონდენსატის ამოღების კოეფიციენტების დამტკიცება;

ბ) ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლის მასალების შემოწმება და მარაგების დამტკიცება;

გ) მიწისქვეშა სივრცეების შესახებ გეოლოგიური ინფორმაციის შემოწმება;

დ) სასარგებლო წიაღისეულის წინასწარ გამოთვლილი (საავტორო) მარაგების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში დამტკიცება;

ე) მინერალური ნედლეულის მუდმივი (საჭიროების შემთხვევაში – დროებითი) კონდიციების, ნავთობის, ბუნებრივი აირისა და აირკონდესანტის ამოღების კოეფიციენტების დასაბუთებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური გათვლების, წიაღში სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დათვლის მასალების ექსპერტიზის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, დაძიებული მარაგების დამტკიცება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების (ან მათი ნაწილის) სამრეწველო მნიშვნელობის და მათი ათვისებისათვის მზადყოფნის განსაზღვრა;

ვ) წინასწარი ძიების (შესაძლოა ძებნა-შეფასებითი) სამუშაოთა შედეგების საფუძველზე, წიაღით მოსარგებლეთა დაკვეთით სასარგებლო წიაღისეულის საბადოების მარაგების დათვლის მასალების განხილვა და აპრობირება, წიაღით მოსარგებლეთა მიერ წარმოდგენილი დეტალური ძიების მასალების წინასწარი განხილვა შემდგომ სამუშაოთა შესრულებაში მეთოდური დახმარების აღმოჩენის მიზნით;

ზ) კომისიაში შესათანხმებლად წარმოდგენილი ნავთობის, ბუნებრივი საწვავი აირისა და აირკონდენსატის საბადოების წინასწარ დათვლილი მარაგების ბაზაზე ამ საბადოების დამუშავების დაპროექტების შესაძლებლობისა და მათი დამუშავების დაწყების შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება;

თ) წიაღისეულის საბადოების მარაგების კლასიფიკაციების, კლასიფიკაციების გამოყენების, მინერალური ნედლეულის მუდმივი კონდიციების და წიაღში სასარგებლო წიაღისეულის დათვლილი მარაგების დამადასტურებელი მასალების შინაარსის, გაფორმებისა და კომისიაში წარდგენის ინსტრუქციების შემუშავება და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით კომისიას უფლება აქვს:

ა) მოიწვიოს ექსპერტები განსახილველად წარმოდგენილი მასალების ექსპერტიზის მოწყობაში მონაწილეობის მისაღებად;

ბ) მოითხოვოს წიაღით მოსარგებლეებისაგან ყველა გეოლოგიური (მათ შორის, საველე გეოლოგიური დოკუმენტაცია) და ის მასალები, რომლებიც საჭიროა მინერალური ნედლეულის კონდიციების, ნავთობის, ბუნებრივი საწვავი აირისა და აირკონდენსატის ამოღების კოეფიციენტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და სასარგებლო წაღისეულის მარაგების წიაღში გამოთვლის შედეგების შესამოწმებლად.

3. კომისია პასუხს აგებს მინერალური ნედლეულის მუდმივი (დროებითი) კონდიციების, ნავთობის, ბუნებრივი საწვავი აირისა და აირკოდენსატის ამოღების კოეფიციენტების სარწმუნოობის, სასარგებლო წიაღისეულის დამტკიცებული მარაგების დასაშვები ცდომილების ფარგლებში უტყუარობის, განხილული გეოლოგიური ანგარიშების ხარისხის, მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებთან მის მიერ გატარებული ტექნიკური პოლიტიკის შესაბამისობის, კომისიისათვის დაკისრებული ფუნქციების დროული და სწორი განხორციელების გამო.

თავი III

კომისიის მართვა და საქმიანობის ზოგადი წესი

    მუხლი 4

1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე.

3. კომისიის თავმჯდომარე:

ა) პასუხს აგებს კომისიისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის;

ბ) საგანგებო რწმუნებების გარეშე მოქმედებს კომისიის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

გ) ამტკიცებს ექსპერტთა შემადგენლობას.

4. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ის ექსპერტები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ შედიან.

5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე.

    მუხლი 5

1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.

2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ.

3. მორიგი სხდომის მოწყობის თარიღს და დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით.

5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6. დასაშვებია სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების და სხვა საკითხების განხილვა კომისიის გამსვლელ სხდომაზე.

7. მარაგების დამტკიცებისათვის კომისიას წარედგინება:

ა) საბადოს განლაგების პირობები;

ბ) შესწავლის შედეგები;

გ) სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგების ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი მონაცემები;

დ) საბადოს ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები, მისი კონდიციები;

ე) ცნობები სამრეწველო ათვისებისათვის წიაღისეულის ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

8. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმებით. ოქმის ასლები 2 კვირაში ეგზავნებათ წიაღით მოსარგებლეებს (ორი ეგზემპლარი) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „სივრცული ინფორმაციის ცენტრს“.

9. სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიური შესწავლისა და მოპოვების მიზნით გადაცემისას წიაღით მოსარგებლემ, ლიცენზიის თანახმად, შეიძლება დაიწყოს მოპოვებითი სამუშაოები კომისიაში მასალების წინასწარი განხილვის ოქმის საფუძველზე.

10. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძიების, მარაგების წიაღში დათვლისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოების სამრეწველო შეფასების მეთოდიკის სრულყოფის, აგრეთვე მარაგების კლასიფიკაციებისა და მინერალური ნედლეულის კონდიციების, ნავთობის, ბუნებრივი საწვავი აირისა და აირკონდენსატის ამოღების კოეფიციენტების დასაბუთების ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებათა მეთოდური მითითებების შემუშავებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადების მიზნით კომისიასთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო.

11. სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო იქმნება მეცნიერებისა და სათანადო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან.

12. სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

თავი IV

ლიკვიდაცია, დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

    მუხლი 6

1. კომისიის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ““, №359, 19.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98116-2/