„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.04.2006 ბოლო ცვლილება 29.05.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
340.120.000.10.003.000.471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 02/05/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2006 წლის 29 აპრილი

 ქ. თბილისი

„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დამტკიცდეს „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ.

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ

დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი

1. ბიოლოგიური პესტიციდი – მცენარეული ექსტრაქტი, აქტიური შტამი ან მიკრობული სინთეზის პროდუქცია მიკრობიოლოგიური პრეპარატული ფორმით, რომელიც სპეციფიკურია მავნე ორგანიზმებისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო ფაუნასა და ფლორაზე, უვნებელია ადამიანისა და სხვა თბილსისხლიანებისათვის.

2. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება – აქტიური შტამის მიღება (გამრავლება) ან მიკრობული სინთეზით პროდუქციის მიღება. მიკრობიოლოგიური საშუალების პრეპარატული ფორმის დამზადება და დაფასოება.

  მუხლი 3. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ბიოლოგიური პესტიციდის წარმოების ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ.

თავი II. ლიცენზიის გაცემის წესი

    მუხლი 4. ლიცენზიის გაცემის წესი

ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 5. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. განცხადება განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) მონაცემები საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ;

ბ) მონაცემები საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღის შესახებ;

გ) საქმიანობისათვის საჭირო ნაგებობის სქემა;

დ) ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა (საწარმოს რეგლამენტი);

ე) ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მისაღები პროდუქციის ჩამონათვალი;

ვ) იმ ღონისძიებათა დეტალური აღწერა, რომლებიც დაგეგმილია გარემოსა და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად;

ზ) მოსალოდნელი წარმოების მოცულობა და სახეობა;

თ) საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ნარჩენების სახეები, რაოდენობა, მათი განთავსების შესაძლო ადგილები, ნარჩენების შესამცირებლად და გადა-სამუშავებლად დაგეგმილი ღონისძიებები;

ი) ტექნოგენური ავარიების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილი უსაფრთხოების ზომები;

კ) ბიოლოგიური პესტიციდის სარეგისტრაციო მოწმობა.

3. სააგენტო სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის პროცესში ჩააბამს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ.

    მუხლი 6. ლიცენზიის გაცემისათვის უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის უარის თქმის საფუძველი და მათ გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 7. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.

     მუხლი 8. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ.

    მუხლი 9. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული დებულებები.

    მუხლი 10. ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

ლიცენზიის ამოქმედება დ მოქმედების ვადა განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით.

    მუხლი 11. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი და ლიცენზიის გაუქმება

1. დებულებით განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

2. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლისა და ლიცენზიის გაუქმება განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №156-ვებგვერდი, 05.04. 2011წ.

თავი III. დასკვნითი ნაწილი

    მუხლი 12. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №89, 29.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.10.003.000.471 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9904-1/