ბრძანება N 687

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.01.2023
№ დოკუმენტი 687
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 687

20.01.2023

შპს „----------“ (ს/ნ ---------)

(მის: ქ. -------------)

2023 წლის 11 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №3509/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32647 ბრძანებას შპს „----------„ (ს/ნ ----------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ 2021 წლის 22 მარტს კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამერიკული კომპანია ----------- სგან შეიძინა თვითმფრინავი ------------. შეთანხმებით გათვალისწინებულმა ნასყიდობის საფასურმა შეადგინა 870.711 აშშ დოლარი. შეძენის მომენტში თვითმაფრინავი არ წარმოადგენდა მზა პროდუქტს, მისი წარმოების პროცესი გაგრძელდა თითქმის 1 წლით და 2022 წლის 1 აპრილს გაფორმდა მხარეებს შორის თვითმფრინავის გადმოცემის აქტი. თუმცა, ამ დროისთვის კომპანია მოკლებული იყო თვითმფრინავის გადმოფრენის შესაძლებლობას საავიაციო სამართალში დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე.

თვითმფინავის გადმოსაფრენად 2022 წლის 4 აპრილს კომპანიის მიერ გაფორმდა ე.წ. ---------- ამერიკულ კომპანია ------------ თან. აღნიშნული ხელშეკრულებით კომპანიას მიეცა შესაძლებლობა თვითმფრინავი დროებით აღერიცხა გადმომყვანი კომპანიის ----------ის სახელზე. თავის მხრივ გადმომყვანი კომპანიის მიერ გამოყოფილ იქნა პილოტი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოყვანა. თვითმფრინავი, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთის მომენტში 2022 წლის 12 ივნისს იყო ------------ ის სახელზე. ---------- დან უშუალოდ შპს „----------“ საკუთრებაში გადაცემის აქტი კი გაფორმდა 2022 წლის 12 აგვისტოს. ამდენად, 2022 წლის ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში თვითმფრინავი იდგა ნეიტრალურ ზონაში და აღრიცხული იყო -----------ის სახელზე.

2022 წლის 26 აგვისტოს კომპანიის საკუთრებაში გადმოსული თვითმფრინავი დარეგისტრირებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში,რის დასადასტურებლადაც კომპანიას გადაეცა შესაბამისი მოწმობა.

ამავე პერიოდში კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაფორმების ეკონომიკური ზონაში განხორციელდა რამოდენიმე ვიზიტი დეკლარირების პროცედურების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენი თაობაზე. აღნიშნული ვიზიტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტების მოსაძიებლად კომპანიის მიერ 2022 წლის 15 და 16 სექტემბერს ოფიციალური წერილებით მიმართულ იქნა: ა) თბილისის საავიაციო უნივერსიტეტისთვის, რათა მათი მხრიდან მოეპოვებინა ცნობა --------- აეროპორტში დგომის შესახებ; ბ) შპს „----------“თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცეში შემოსვლის თარიღის დასადგენად, როგორც ეს მოთხოვნილ იქნა შემოსავლების სამსახურიდან ზემოთხსენებული ვიზიტების დროს მიღებული კონსულტაციებისას. ორივე წერილში დაფიქსირებულია, რომ კომპანიას აღნიშნული ინფორმაცია ესაჭიროება შემოსავლების სამსახურში წარსადგენად. აგრეთვე კომპანიის მიერ მოძიებულ იქნა თვითმფრინავის ტრასნპორტირების დოკუმენტიც.

2022 წლის ოქტომბრის თვეში, მას შემდეგ, რაც კომპანიის წარმომადგენელმა გაფორმების ეკონომიკური ზონაში წარადგინა ზემოხსენებული ყველა დოკუმენტი, დაწყებულ იქნა საბაჟო დეკლარაციის შევსების პროცედურა, რომელიც შეჩერდა და საქმე გადაეგზავნა საგამოძიებო სამსახურს. საჩივრის ავტორი განმარტებით, კომპანიისთვის უცნობი იყო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესახებ, სხვა შემთხვევაში, კომპანიას არანაირი მიზანი არ შეიძლებოდა ჰქონოდა აღნიშნული ქმედების ჩასადენად, რადგან მას ისედაც არ წარმოეშვებოდა იმპორტის გადასახდელები საჰაერო ხომალდის, როგორც საქონლის, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით. მომჩივანს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მართლზომიერი იქნებოდა გამოყენებულიყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

აღნიშნულზე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით, ითხოვს 2022 წლის 23 დეკემბრის №32647 ბრძანებისა და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 12 ოქტომბრის №----------/21-10-20 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი, ქალაქ -------- აეროპორტ --------- ტერიტორიაზე განთავსებული საჰაერო ხომალდი „-----------“-ის (საქარხნო ნომერი ----------, საბაჟო ღირებულება 934 540 აშშ დოლარი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით გამოირკვა, რომ აღნიშნულმა საჰაერო ხომალდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2022 წლის 12 ივნისს (შპს „-----------“ წერილი №----------, 19/09/2022), საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ დადგენილი ზოგადი დეკლარირების, დეკლარირებისა და საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სავალდებულო საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე.

იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის, ზოგადი დეკლარირების, დეკლარირებისა და გაფორმებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის (საჰაერო ხომალდის) ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს (საჰაერო ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღისათვის (12.06.2022) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის (2.9622) გათვალისწინებით შეადგინა 2 768 294.388 ლარი), საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის რეგ.:№21-10/----------, 04/11/2022).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2022 წლის 6 დეკემბრის №----------/15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ დაწყებულა გამოძიება.

ვინაიდან გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2022 წლის 23 დეკემბერს გამოცემულ იქნა №32647 ბრძანება, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 2 768 294,388 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაცია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 213-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად მიიჩნევა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს

№257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) პირველი მუხლის პირველი პუნქტით დაზუსტებულია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით.

ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის168-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის, ზოგადი დეკლარირების, დეკლარირებისა და გაფორმებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, ვინაიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად შემოტანილია საჰაერო ხომალდი. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ადმინისტრაციული აქტი მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2022 წლის 23 დეკემბრის №32647 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 23 დეკემბრის №32647 ბრძანებით დაკისრებული სანქციისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ 2021 წლის 22 მარტს კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამერიკული კომპანიისგან შეიძინა თვითმფრინავი. შეთანხმებით გათვალისწინებულმა ნასყიდობის საფასურმა შეადგინა 870.711 აშშ დოლარი. შეძენის მომენტში თვითმაფრინავი არ წარმოადგენდა მზა პროდუქტს, მისი წარმოების პროცესი გაგრძელდა თითქმის 1 წლით და 2022 წლის 1 აპრილს გაფორმდა მხარეებს შორის თვითმფრინავის გადმოცემის აქტი. თუმცა, ამ დროისთვის კომპანია მოკლებული იყო თვითმფრინავის გადმოფრენის შესაძლებლობას საავიაციო სამართალში დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე მითითებით, ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2022 წლის 12 ოქტომბრის განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი, საჰაერო ხომალდის (საბაჟო ღირებულება 934 540 აშშ დოლარი) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით გამოირკვა, რომ აღნიშნულმა საჰაერო ხომალდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2022 წლის 12 ივნისს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ დადგენილი ზოგადი დეკლარირების, დეკლარირებისა და საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სავალდებულო საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე.

იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის, ზოგადი დეკლარირების, დეკლარირებისა და გაფორმებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის (საჰაერო ხომალდის) ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს (საჰაერო ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღისათვის (12.06.2022) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსის (2.9622) გათვალისწინებით შეადგინა 2 768 294.388 ლარი), საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2022 წლის 6 დეკემბრის წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ საბაჟო ორგანოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ დაწყებულა გამოძიება.

ვინაიდან გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2022 წლის 23 დეკემბერს გამოცემულ იქნა №32647 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის − 2 768 294,388 ლარის ოდენობით.

მომჩივნის მიერ დარღვეულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენის, ზოგადი დეკლარირების, დეკლარირებისა და გაფორმებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, ვინაიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად შემოტანილია საჰაერო ხომალდი. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (168-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ადმინისტრაციული აქტი მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს 2022 წლის 23 დეკემბრის №32647 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1)