ბრძანება N 9512

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.04.2024
№ დოკუმენტი 9512
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9512

24 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2, 16 თებერვლის და 19 აპრილის სხდომებზე (ოქმები №10, №16 და №43) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №20615/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №81953/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №EL211400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქონელი ინახებოდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) კუთვნილ სხვა საბაჟო კონტროლის ზონის (საბაჟო საწყობის ----------) მიმდებარე ტერიტორიაზე (შემოწმების აქტი №----------). განმარტებისთვის ეს მიმდებარე ტერიტორია და საბაჟო საწყობი არის ერთი შენობა, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი და კონტროლდება სათვალთვალო კამერების მეშვეობით. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით მიაჩნია, რომ შპს „----------“-ს არ მოუხდენია ამ საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

მომჩივანმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოზე მიუთითა, რომ სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, „დანაკლისის არსებობა თავისთავად ყოველთვის არ იწვევს საბაჟო საწყობის პასუხისმგებლობას“, არამედ, „პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი დანაკლისი, რომელიც საწყობის ბრალით არის გამოწვეული. დანაკლისი უნდა უკავშირდებოდეს უკანონო განკარგვას, რაც მოითხოვს დადასტურების აქტის შედგენას.“ მომჩივნის მითითებით არ არსებობს შესაბამისი დადასტურების აქტი და ამგვარი აქტი კომპანიას არ გადასცემია.

ასევე მიუთითა, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, რაც მისი მითითებით, ცალსახად მეტყველებს, რომ შპს „----------“-ს არ მოუხდენია საქონლის განკარგვა, ხოლო სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენები მონაცემების სიზუსტეზე პასუხს აგებს დეკლარანტი“ და არა საბაჟო საწყობი. როგორც დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს. დანაკლისის დადგენა კი უნდა მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთის მფლობელის დოკუმენტაციასთან და საწყობის მონაცემებთან შედარების გზით, რაც საჩივრის ავტორის მითითებით ასევე არ მომხდარა და არ არის მითითებული სამართალდარღვევის ოქმში. ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი დრო, ადგილი, ვითარება“.

აღნიშნულზე მითითებით მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53- ე მუხლის მე-5 ნაწილის და 96-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №---------- (რეგ. №----------) და 20 დეკემბრის №---------- (რეგ. №----------) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ----------ში მდებარე, შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი საბაჟო საწყობების ----------; ----------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

აღნიშნული ბრძანებების ფარგლებში, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს 31 ივლისი 2023 N 18694 კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.

საბაჟო საწყობის შემოწმების პროცესში (შემოწმების აქტი №----------) შპს „----------“ და საბაჟო საწყობის წარმომადგენლების თანდასწრებით, გამოვლინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი საქონელი (დროებით შენახვის დეკლარაცია №----------), რომელიც განთავსებული უნდა ყოფილიყო საბაჟო საწყობში (----------), ფიზიკურად აღმოჩნდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი სხვა საბაჟო საწყობის (----------) მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 29 ივნისის №---------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დროებით შენახვის დეკლარაციით (№----------) გაცხადებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 158130.16 აშშ დოლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შპს „----------“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 31 მაისს შედგენილ იქნა №EL211400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 104707.89 ლარის (უკანონოდ განკარგულ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

შპს „----------“-ის დირექტორი ---------- და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (----------; ----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №1/3659-32; №092141221007) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „----------“ (ს/ნ ----------).

მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს „----------“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2021 წლის 16 დეკემბერს №---------- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო №---------- საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.

შემოწმების პროცესში ასევე გამოვლინდა, საბაჟო საწყობის შესასვლელ-გასასვლელში, საქონლის დათვალიერების და გადატვირთვის-გადმოტვირთვის ადგილებში განთავსებული ვიდეო კამერებით განხორციელებულ ჩანაწერების წყვეტა, ამასთან ერთად, ზემოაღნიშნული განაჩენით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა საბაჟო კონტროლის ზონიდან არასაბაჟო კონტროლის ზონაში (რომელიც არ კონტროლდებოდა სათვალთვალო ვიდეო კამერებით) საქონლის გატანა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით. გამომდინარე აქედან, მომჩივნის განცხადება, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი იმყოფებოდა საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ არსებულ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება სათვალთვალო კამერებით, არ გამორიცხავს შპს „----------“-ს მხრიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტს. უფრო მეტიც, აღნიშნულით დასტურდება, რომ საბაჟო საწყობის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვას.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18694 ბრძანებით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №81953/1/2023 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №20615/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტზე და მხარეთა არგუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18694 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილია:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი აზუსტებს:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ დროებით შენახული საქონელი უნდა დასაწყობდეს მხოლოდ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ შენახვის სხვა ადგილზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იმ საბაჟო საწყობის ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ან მასთან შეთანხმებული შენახვის სხვა ადგილის მფლობელი, სადაც დასაწყობებულია დროებით შენახული საქონელი, ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს, რომ დროებით შენახული საქონელი უკანონოდ არ იქნეს გატანილი საბაჟო ზედამხედველობიდან;

ბ) შეასრულოს დროებით შენახული საქონლის შენახვასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის შემოწმების პროცესში (შემოწმების აქტი №----------) შპს „----------“ და საბაჟო საწყობის წარმომადგენლების თანდასწრებით, გამოვლინდა, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი საქონელი (დროებით შენახვის დეკლარაცია №----------), რომელიც განთავსებული უნდა ყოფილიყო საბაჟო საწყობში (----------), ფიზიკურად აღმოჩნდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი სხვა საბაჟო საწყობის (----------) მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ, რასაც არც მომჩივანი უარყოფს. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს, ამასთან არ არსებობს დადასტურების აქტი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 18 მაისს შედგა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობისთვის (----------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი №----------, რომლითაც დასტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და მეორეს მხრივ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ---------- (პ/ნ ----------) მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი.

ამდენად, საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია, არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის მიმართ არ განხორციელებულა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 31 მაისის №EL211400 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო საწყობის შემოწმების პროცესში კომპანიისა და საბაჟო საწყობის წარმომადგენლების თანდასწრებით, გამოვლინდა, რომ კომპანიის კუთვნილი საქონელი, რომელიც განთავსებული უნდა ყოფილიყო საბაჟო საწყობში, ფიზიკურად აღმოჩნდა მომჩივანის კუთვნილი სხვა საბაჟო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ, რასაც არც მომჩივანი უარყოფს. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია. მომჩივნის არგუმენტზე, რომ დანაკლისის წარმოშობის მტკიცების ტვირთის, ისე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელი წინაპირობის - ბრალის არსებობა, წარმოადგენს საბაჟო ორგანოს მტკიცების ტვირთს, ამასთან არ არსებობს დადასტურების აქტი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 18 მაისს შედგა მომჩივანის საბაჟო საწყობისთვის სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და მეორეს მხრივ მომჩივანის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172.